logo-herba

antiD-header

კარლ გუსტავ იუნგი. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები. პირველი ლექცია

კარლ გუსტავ იუნგი. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები

ÜBER GRUNDLAGEN DER ANALYTISCHENJung, C. G.: Studien zur analytischen Psychologie.

Zürich, Rascher Verlag, 1955.

ლექცია პირველი

თავმჯდომარე, დოქტ. ჰ. კრიხტონ-მილერი:

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო!

ნება მიბოძეთ, ყველა თქვენგანის სახელით გულთბილად მივესალმო ბატონ პროფესორ იუნგს. გამოგიტყდებით, დიდ ბედნიერებას მანიჭებს ამის უფლება. ბატონო პროფესორო, ეს რამდენიმე თვეა, თქვენი ვიზიტის სასიხარულო მოლოდინით ვიყავით აღვსილნი. უთუოდ, მრავალი ჩვენგანი ამ სემინარებზე შემეცნებითი სიახლეების შექმნას იმედოვნებს. ვფიქრობ, უმეტესობა ჩვენგანს იმედი აქვს, რომ საკუთარი თავის შესახებ მიიღებს ახალ ინფორმაციას. მრავალი აქ დამსწრისათვის თქვენ წარმოადგენთ ადამიანს, რომელმაც თანამედროვე ფსიქოლოგია იხსნა სხვა სულიერი მეცნიერებებისგან სახიფათოდ გამიჯვნის საფრთხისაგან. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თქვენი სულიერი გამბედაობითა და ჰორიზონტის სიფართოვით – თვისებებით, რომლებმაც თქვენ შესაძლებლობა მოგცათ დაგეკავშირებინათ ფსიქოლოგია და ფილოსოფია, თუმცა ზოგ-ზოგებს ეს მოსაწონად არ მიაჩნიათ. თქვენ განაახლეთ ფსიქოლოგიურ აზროვნებაში ღირებულებათა საზრისის, ადამიანის თავისუფლების პრობლემა, თვალი აგვიხილეთ ბევრ რამეზე, რითაც ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეთ მრავალ ჩვენგანს; და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ადამიანის სამშვინველის კვლევა თქვენთვის არ წყდება იქ, სადაც ბუნებისმეტყველების შესაძლებლობები ამოწურულია. ამ და რიგ სხვა მიზეზთა გამო, რომლებიც პირადი ხასიათისაა თითოეული ჩვენგანისათვის, მადლობას გიცხადებთ და დაძაბული ინტერესით ველით თქვენთან შეხვედრებს.

კ.გ. იუნგი:

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური არ არის ჩემი მშობლიური ენა, რის გამოც გთხოვთ შემწყნარებლობა გამოიჩინოთ ჩემი გაუმართავი მეტყველებისა და შეცდომების მიმართ.

როგორც იცით, ჩემი ამოცანაა ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხის მოკლე მიმოხილვა. ამასთან, რაკი ჩემს პრინციპებსა და თავალსაზრისს წამოვწევ წინა პლანზე, ნუ იფიქრებთ, რომ მე არ ვაფასებ მკვლევართა მიერ ამ სფეროს შესწავლაში შეტანილი დიდი წვლილის მნიშვნელობას. საკუთარ დამსახურებას როდი ვაზვიადებ; უბრალოდ, ვგულისხმობ, რომ ფროიდისა და ადლერის ღვაწლის შესახებ თავადაც ჩინებულად მოგეხსენებათ.

ახლა შევუდგეთ საქმეს. უწინარეს ყოვლისა, ორიოდ სიტყვით გაგაცნობთ პროგრამას. ჩვენ ყურადებას შევაჩერებთ ორ ძირითად სფეროზე: ჯერ ერთი, არაცნობიერის სტრუქტურასა და შინაარსებზე და, მეორე, მეთოდებზე, რომელთაც მივმართავ ხოლმე არაცნობიერი ფსიქიკური პროცესიდან გამოვლენილ შინაარსთა კვლევისას. მეორე სფერო, თავის მხრივ, სამ ნაწილად იყოფა: 1. ასოციაციის ექსპერიმენტი; 2. სიზმრის ანალიზი; 3. აქტიური წარმოსახვა.

რასაკვირველია, ჩემთვის სრულიად შეუძლებელია ახლა ყოველივე ის გადმოგცეთ, რაც შეიძლება ითქვას ისეთი რთული თემების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ჩვენი დროის კოლექტიური ცნობიერებისათვის დამახასიათებელი ფილოსოფიური, რელიგიური, ეთიკური და სოციალური, ანდა კოლექტიურ არაცნობიერში მიმდინარე პროცესებისა და მათ ნათელსაყოფად საჭირო კვლევების შესახებ შედარებითი მითოლოგიისა და ისტორიის სფეროში. რაც უნდა განყენებული გვეჩვენებოდეს ეს თემები, ისინი მაინც ინდივიდთა შინაგანი მდგომარეობის წარმოქმნის, რეგულაციისა და დარღვევის უძლიერეს ფაქტორებს წარმოადგენენ, და სწორედ ისინი განაპირობებენ დივერგენციებს ფსიქოლოგიურ თეორიათა სფეროში. თუმცა მე ექიმი ვარ და, ამიტომ, უმთავრესად ფსიქოპათოლოგიაა ჩემი საქმიანობის სფერო, დარწმუნებული ვარ, რომ ფსიქოლოგიის სწორედ ეს დარგი საბოლოო ჯამში მოგებას ნახავს, თუკი ნორმალური მშვინვიერი ცხოვრების შესახებ გაიღრმავებს და გაიფართოვებს ცოდნას. ექიმს, მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ავადმყოფები ნორმალური პროცესების დარღვევებია და არა entia per se,* მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიით. Similia similibus curantur** ძველი მედიცინის ყურადსაღები ჭეშმარიტებაა და, ისევე როგორც ყველა ჭეშმარიტება, ისიც შეიძლება უდიდეს უაზრობად იქცეს. ასე რომ, სამედიცინო ფსიქოლოგია ფრთხილად უნდა იყოს, თვითონ არ დაავადდეს. ცალმხრივობა და ჰორიზონტის შეზღუდვა ხომ ნევროზის საყოველთაოდ ცნობილი მახასიათებელია.

რა ვქნა, რაზეც უნდა გესაუბროთ, – ტყუილია, დასრულებით ვერაფერს დავასრულებ. სამწუხაროდ, ვერ შევძლებ შევეხო მრავალ ახალ თეორიას, ვინაიდან ბუნებით უფრო ვეტანები, ვიდრე მათ შესახებ სპაკულაციას, თუმცაღა, ვაღიარებ, რომ ეს უკანასკნელი სასიამოვნო ინტელექტუალური გასართობია.

ყოველი ახალი შემთხვევა ჩემთვის თითქმის ახალი თეორიაა, და იქნება ჩემი თვალსაზრისი არც ისე უვარგისი აღმოჩნდეს, თუ კაცი დაუფიქრდება, რა ახალგაზრდაა ჯერ კიდევ თანამედროვე ფსიქოლოგია. მე რომ მკითხოთ, ის ჯერ აკვანს არ ასცილებია. ასე რომ, ზოგადი თეორიების ხანა დღესდღეობით ნამდვილად არ მომწიფებულა. ხანდახან ისიც მეჩვენება, რომ ფსიქოლოგიას ჯერაც ვერ გაუცნობიერებია ვერც თავისი ამოცანის გიგანტური მასშტაბები და ვერც თავისი ობიექტის – ფსიქიკის შემაცბუნებლად და დამთრგუნველად რთული ბუნება. ეტყობა, ეს აზრი ჯერ კიდევ მძიმედ შემოდის ჩვენს ცნობიერებაში და წესიერად ვერც კი წარმოგვიდგენია, თუ რას ნიშნავს ის, რომ სამშვინველი, ერთის მხრივ, მეცნიერული კვლევისა და დაკვირვების ობიექტია და, ამავე დროს, მეორე მხრივ, მისი სუბიექტიცაა, ე.ი. საშუალება, რომლითაც ეს დაკვირვება იწარმოება. ამ საშიში მოჯადოებული წრის გაცნობიერებამ უკიდურეს წინდახედულებას მიმაჩვია და შეხედულებათა ჭეშმარიტობის ფარდობითობის აღიარებამდე მიმიყვანა, ეს კი გაუგებრობას იწვევს ხოლმე.

არ მინდა ჩემი თხრობა კრიტიკული შენიშვნებით გადავტვირთო, – ეს მხოლოდ ხელს თუ შეგვიშლის. მე, უბრალოდ, წინასწარ ბოდიშს ვიხდი ერთი შეხედვით ზედმეტი გართულებებისთვის. თეორიები მე ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე ფაქტები. ამრიგად, გთხოვთ გახსოვდეთ: ჩემს განკარგულებაში არსებული მცირე დროის განმავლობაში არ შემიძლია გადმოგცეთ მთელი ის მასალა, რომელსაც ჩემი დასკვნები ეფუძნება, – უპირველეს ყოვლისა, აქ ვგულისხმობ სიზმრის ანალიზის ვრცელ განშტოებებსა და არაცნობიერ პროცესთა კვლევის შედარებით მეთოდს. აქ მე თქვენი გამგებიანობისა და მხარდაჭერის იმედი მაქვს; თუმცა, ცხადია, პირველ რიგში ჩემზეა დამოკიდებული ამ საკითხების შეძლებისდაგვარად მარტივად გადმოცემა.

ფსიქოლოგია, უწინარეს ყოვლისა, არის მეცნიერება ცნობიერების შესახებ. შემდგომ, იგი არის მეცნიერება იმის პროდუქტთა შესახებ, რასაც ჩვენ არაცნობიერ მშვინვიერ ცხოვრებას ვუწოდებთ. უშუალოდ არაცნობიერის კვლევა ჩვენ არ ძალგვიძს სწორედ იმიტომ, რომ ის არაცნობიერია და ამის გამო ჩვენ მასთან მისადგომი არ გაგვაჩნია. ჩვენ მხოლოდ ცნობიერ მოცემულობებს შეგვიძლია ჩავეჭიდოთ, რომელთა შესახებაც ვვარაუდობთ, რომ მათ ფესვები იმ სფეროში უნდა ჰქონდეთ გადგმული, ჩვენ რომ არაცნობიერს ვუწოდებთ, – ,,ბნელ წარმოდგენათა” სფეროში, რომელნიც, ფილოსოფოსის კანტის ანთროპოლოგიის 1 მიხედვით, სამყაროს ნახევარს შეადგენენ. რაც არ უნდა ვთქვათ არაცნობიერის შესახებ, ყველაფერს ხომ ცნობიერი სული გამოთქვამს. არაცნობიერი მშვინვიერი ცხოვრება აბსოლუტურად უცნობი ბუნებისაა. მაგრამ ის გამოხატულებას პოულობს ცნობიერებასა და ცნობიერების წანამძღვრებში, – ეს არის და ეს, ამაზე შორს ვერ მივდივართ, და ყოველთვის მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ესაა ჩვენი განსჯის უკანასკნელი კრიტერიუმი.

ცნობიერება უცნაური რამაა. ის წყვეტილი ფენომენია. ადამიანის ცხოვრების მეხუთედი თუ მესამედი ან, იქნებ, ნახევარიც კი სანახევროდ არაცნობიერ მდგომარეობაში მიმდინარეობს. ჩვენი ბავშვობის პირველი ხანა არაცნობიერად გადის, ყოველ ღამით არაცნობიერში ვიძირებით, და მხოლოდ განსაზღვრულ შუალედებში სიფხიზლესა და ძილს შორის ვფლობთ მეტ-ნაკლებად ნათელ ცნობიერებას. კაცმა რომ თქვას, ისიც საკითხავია, რამდენად ნათელია ეს ცნობიერება. ასე, მაგალითად, ათი წლის ბავშვი თითქოსდა უკვე ცნობიერად მოქმედებს, მაგრამ ადვილი საჩვენებელია, რომ აქ რაღაც უცნაურ ცნობიერებასთან გვაქვს საქმე, კერძოდ, ეტყობა, ცნობიერებასთან, ოღონდ ყოველგვარი ,,მე”-ცნობიერის გარეშე. რამდენი ბავშვი ვიცი, რომ თერთმეტი, თორმეტი, თოთხმეტი წლის ასაკში, ან უფრო გვიანაც კი, უეცრად განიცდიან: ,,მე ვარ”. ცხოვრებაში პირველად გრძნობენ ისინი, რომ თვითონ განიცდიან, რომ შეუძლიათ ჩაიხედონ წარსულში, რომელიც შეიცავს მოგონებებს ნივთების, მაგრამ არა მათი საკუთარი თავის შესახებ.

უნდა ვაღიაროთ, რომ როცა ვამბობთ: ,,მე”, არ გაგვაჩნია აბსოლუტური კრიტერიუმი, ყოველგვარი ვიცით ამ ,,მე”-ს შესახებ თუ არა. შესაძლებელია, ჩვენი ცოდნა ,,მე”-ს შესახებ ჯერ ისევ ფრაგმენტულია, და შემდგომში შეიძლება ადამიანებმა გაცილებით მეტი რამ იცოდნენ ამის შესახებ, თუ რას ნიშნვს ,,მე” ადამიანისთვის, ვიდრე ჩვენ ვუწყით დღესდღეისობით. მართლაც, ჩვენ ხომ წარმოდგენაც არა გვაქვს, თუ რა შედეგებს მოიტანს კიდევ ეს პროცესი.

ცნობიერება წააგავს ზედაპირს ან აპკს, გადაჭიმულს იმ ვრცელ არაცნობიერ სფეროზე, რომლის ტევადობა ჩვენთვის უცნობია. რამდენადაც ჩვენ არაფერი ვიცით არაცნობიერის შესახებ, ამდენად არც მისი სამფლობელოს შემოფარგვლა ძალგვიძს. რაც არ ვიცით, რა არის, იმაზე რა უნდა ვთქვათ. როდესაც ვამბობთ: ,,არაცნობიერი”, ხშირად გვგონია, რომ ამით რაღაც კონკრეტულს გამოვხატავთ, სინამდვილეში კი, უბრალოდ, იმას გამოვთქვამთ, რომ არ ვიცით, რა არის არაცნობიერი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ არაპირდაპირი საბუთები მოგვეპოვება იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ ცნობიერების ზღურბლს ქვემოთ არსებობს ფსიქიკური სფერო; აგრეთვე რამდენიმე მეცნიერულად გამძლე არგუმენტებიც გაგვაჩნია. შინაარსებიდან, რომლებიც არაცნობიერს ამოაქვს, ზოგი რამ შეგვიძლია დავასკვნათ მისი არსის შესახებ. მაგრამ დასკვნების გამოტანისას საქმეს მეტისმეტად ანთროპომორფულად არ უნდა მივუდგეთ, რადგან სავსებით შესაძლებელია, ნივთები სინამდვილეში სულ სხვაგვარი იყოს, ვიდრე მათ ჩვენი ცნობიერება ხედავს.

ასე, მაგალითად, თუ კონკრეტულ სინამდვილეს შევადარებთ იმას, რასაც მისგან ჩვენი ცნობიერება ქმნის, ნაირგვარ შინაგან ხატებებს წავაწყდებით, რომლებიც ,,ობიექტურად” სრულიადაც არ არსებობენ. ასე, მაგალითად, ვხედავთ ფერებს და გვესმის ტონები, მაშინ როცა სინამდვილეში მხოლოდ რხევები არსებობს. ჩვენ გვესაჭიროება ლაბორატორიები ურთულესი აპარატურით, რათა შევძლოთ წარმოდგენა შევიქმნათ იმის შესახებ, თუ როგორია სამყარო ჩვენი შეგრძნების* ორგანოებისა და ფსიქიკისაგან დამოუკიდებლად, და ვფიქრობ, არაცნობიერის საქმეც ასეა – არ გვაწყენდა ლაბორატორია, სადაც ობიექტურ მეთოდთა გამოყენებით დავადგენთ, თუ რას წარმოადგენენ სინამდვილეში ნივთები არაცნობიერ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, ყველაფერს, რასაც ამ ლექციებზე არაცნობიერის შესახებ ვიტყვი, ამ თვალით უნდა შეხედოთ. ყოველთვის საქმე გვაქვს ,,თითქოს”-თან, და გთხოვთ, ეს მუდამ იქონიოთ მხედველობაში.

გარდა ამისა, ცნობიერება ერთგვარად შეზღუდულია. ყოველ მოცემულ მომენტში ის მხოლოდ მცირეოდენ თანადროულ შინაარსებს იტევს. ყველაფერი დანარჩენი ამ მომენტში არაცნობიერია. ამიტომ ცნობიერი სამყაროს უწყვეტი ერთიანობის წარმოდგენა, საყოველთაო ურთიერთკავშირის აღქმა და გაგება ასეთ ცნობიერ ,,ნაწყვეტ-ნაწყვეტ ასახვათა” თანმიმდევრობის საფუძველზე გვეძლევა. ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანობის ხილვა, – ამისათვის ჩვენი ცნობიერება მეტისმეტად შეზღუდულია. ჩვენ საჭიროებისამებრ ვხედავთ მხოლოდ იმას, რასაც პროჟექტორი მოცემულ მომენტში ანათებს. სამყაროს თითქოს ვიწრო ჭუჭრუტანიდან ვაკვირდებით, საიდანაც მისი მხოლოდ პატარა მონაკვეთი ჩანს. დანარჩენი ყველაფერი წყვდიადშია შთანთქმული და ჩვენი აღქმისათვის მიუწვდომელია. არაცნობიერის სამფლობელო თვალუწვდენელია და უწყვეტი, მაშინ როცა ცნობიერის სამეფო მარად ცვალებად, წამიერ წვდომათა შემოფარგლულ ველს წააგავს.

ცნობიერება ფართოდ ეყრდნობა აღქმასა და გარე სამყაროში ორიენტაციას. ის, ალბათ, ტვინშია ლოკალიზებული, რომელიც ექტოდერმული წარმოშობისაა და ჩვენს უშორეს წინაპართა ჟამს, ალბათ, კანის ფიზიკურშეგრძნებით ორგანოს წარმოადგენდა. ცნობიერების ასეთი ლოკალიზაცია ტვინში, საფიქრებელია, მისი უპირატესად შეგრძნებითი* (ფიზიკურშეგრძნებითი**) და მაორიენტირებელი ასპექტის საფუძველია. შემთხვევითი არაა, რომ ადრეული მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნის ინგლისელი და ფრანგი ფსიქოლოგები ცდილობდნენ, ცნობიერება შეგრძნებებიდან გამოეყვანათ, – თითქოს ის მხოლოდ მათგან შედგებოდა. ეს გამოხატულია ცნობილ გამონათქვამში: ,,Nihil est in intellectu non fuerit in sensu”. თანამდროვე ფსიქოლოგიაში, სამწუხაროდ, არსებობს ამგვარი წარმოდგენები. ასე, ფროიდს თუმცა ცნობიერება შეგრძნებებიდან არ გამოჰყავს, მაგრამ არაცნობიერი კი გამოჰყავს ცნობერებიდან. ეს იმავე რაციონალისტური მიდგომის გამოძახილია.

მე კი ყველაფერი პირიქით წარმომიდგება. ჩემის აზრით, სავსებით აშკარაა, რომ საწყისი არაცნობიერია, და ცნობიერება არაცნობიერი მდგომარეობიდან ვითარდება. ადრეულ ბავშვობას ჩვენ არაცნობიერად ვატარებთ; უმნიშვნელოვანესი ინსტინქტური ფუნქციები არაცნობიერად ხორციელდება, ცნობიერება კი შემდეგღა წარმოიშობა არაცნობიერიდან.

ეს პროცესი ძალთა უდიდეს დაძაბვას მოითხოვს. ცნობიერად ცხოვრება ძნელია, ქანცის გამომცლელია. ცნობიერების განვითარება თითქმის არაბუნებრივი ძალისხმევაა. ამაში პრიმიტივების მაგალითზეც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომელთაც სულ უმცირესი საბაბიც ყოფნით (ანდა ისიც არ სჭირდებათ) – და უეცრად ,,აქ აღარ არიან”. მათ შეუძლიათ საათობით ისხდნენ უსაქმოდ, და თუ შეეკითხებით: ,,რას ფიქრობ?” – განაწყენდებიან, რადგან მათ მიაჩნიათ: ,,მხოლოდ გიჟი ფიქრობს – მხოლოდ მას აქვს თავში ფიქრები. ჩვენ არ ვფიქრობთ”. და თუ ოდესმე ფიქრობენ, ისინი უფრო მუცლით სჩადიან ამას, ანდა გულით. ზანგთა ზოგიერთი ტომი დარწმუნებულია, რომ ფიქრები მუცელშია, რადგან ისინი მხოლოდ იმ ფიქრებს ამჩნევენ, რომლებიც ღვიძლის, კუჭის ან ნაწლავების ფუნქციას არღვევენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის მხოლოდ ემოციური ფიქრებია ცნობილი. ემოციებსა და აფექტებს ყოველთვის შესამჩნევი ფიზიოლოგიური ცვლილებები ახლავს. პუებლოს ტომის ინდიელები მარწმუნებდნენ, ყველა ამერიკელი შეშლილიაო. როცა მე, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა, მიზეზი ვკითხე, მიპასუხეს: ,,გაიძახიან, თავით ვფიქრობთო. ნორმალური ადამიანი თავით როდის ფიქრობს! ჩვენ გულით ვფიქრობთ”. ეს ხალხი ჯერ კიდევ ჰომერულ ხანაშია, – მაშინ ხომ დიაფრაგმა (Diaphragma, phren – სული, სამშვინველი) ფსიქიკური აქტივობის ადგილად იყო მიჩნეული. ეს ფსიქიკური ლოკალიზაციის ნაირსახეობაა. ჩვენებური წარმოდგენა ცნობიერების შესახებ აზროვნების მის აღმატებულება თავში ათვსებს; პუებლოს ტომის ინდიელები კი ცნობიერების არსებობას გრძნობის ინტენსივობის მიხედვით ასკვნიან. აბსტრაქტული აზროვნება მათთვის უცხო ხილია. რაკი პუებლოს ტომის ინდიელები მზის თაყვანისმცემლები არიან, მე მათ ავგუსტინესეული არგუმენტი მოვუყვანე: ღმერთი მზე კი არ არის, არამედ მზის შემქმნელი.3 მაგრამ ეს გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის, ვინაიდან მათ არ ძალუძთ გასცდნენ თავიანთ შეგრძნებებსა და გრძნობებს; ამიტომაცაა, რომ ცნობიერება და აზროვნება მათთვის გულშია ლოკალიზებული. ხოლო ჩვენთვის ეს ფსიქიკური აქტივობა არაფერს ნიშნავს. ჩვენი გაგებით, სიზმრებსა და ფანტაზიებს ადგილი აქვს ,,სადღაც დაბლა”; ამიტომაც ვლაპარაკობთ ,,ქვე-ცნობიერის”, ცნობიერის ქვემოთ არსებულ ნივთთა შესახებ.

ასეთი ლოკალიზაციები, ჩვენ რომ უცნაურად გვეჩვენება, დიდ როლს ასრულებს ე.წ. პრიმიტიულ ფსიქოლოგიაში, რომელიც, კაცმა რომ თქვას, ყველაფერია, გარდა პრიმიტიულისა. ტანტრა-იოგასა და ჰინდუს ფილოსოფიაში, მაგალითად, შეგვიძლია ფსიქიკურ შრეთა უაღრესად დახვეწილი სისტემა აღმოვაჩინოთ, დაწყებული ცნობიერების ლოკალიზაციით პერინეუმში და დამთავრებული ლოკალიზაციით თავში..4 ეს ,,ცენტრებია” ე.წ. ჩაკრები. მათ მარტო იოგას მოძღვრებაში როდი ვაწყდებით; მსგავსი წარმოდგენები გვხვდება ძველ გერმანულ ალქიმიურ ნაწარმოებებშიც, 5 რომელთა შესახებ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იოგას ცოდნის გარეშე არიან შექმნილი.

ცნობიერებისათვის არსებითია ის, რომ არაფერი შეიძლება ცნობიერი იყოს ,,მე”-ს გარეშე, ურომლისოდაც ცნობიერება წარმოუდგენელია. რაც ,,მე”-ს არ უკავშირდება, არც არის ცნობიერი. ამიტომ ცნობიერება შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც ფსიქიკურ ფაქტთა კავშირი ,,მე”-სთან. მაგრამ რას წარმოადგენს თვით ,,მე”? ,,მე” არის კომპლექსური მოცემულობა, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, სხეულის, ,,მუნყოფიერის” ზოგადი აღქმისაგან შედგება; აგრეთვე მის შემადგენლობაში შედის მეხსიერების შინაარსები; ჩვენ გვაქვს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ვიყავით, და ვფლობთ მოგონებათა გრძელ ჯჭვს. ეს ორი ფაქტორია დედაბოძი იმისა, რასაც ჩვენ ,,მე”-ს ვუწოდებთ. ამიტომ ,,მე”-ს შეგვიძლია ფსიქიკურ ფაქტთა კომპლექსი ვუწოდოთ. ამ კომპლექსს მიზიდულობის დიდი ძალა აქვს, როგორც, ვთქვათ, მაგნიტს. ის მიიზიდავს შინაარსებს არაცნობიერიდან, იმ ბნელი სფეროდან, რომლის შესახებაც არაფერია ჩვენთვის ცნობილი, აგრეთვე იზიდავს შთაბეჭდილებებს გარე სამყაროდან, და ყოველივე აქედან რაც ,,მე”-ს დაუკავშირდება, ის ცნობიერი გახდება, ხოლო რაც ასეთ კავშირს არ დაამყარებს – არ გაცნობიერდება.

ამრიგად, ჩემის აზრით, ,,მე” ერთგვარი კომპლექსია. რა თქმა უნდა, ,,მე” ჩვენი უახლოესი და უსაყვარლესი კომპლექსია, ყოველთვის ჩვენი ყურადღებისა და სურვილების ცენტრშია, და ცნობიერება მის გარეშე წარმოუდგენელია. თუ ,,მე” გაიხლიჩა, – ვთქვათ, შიზოფრენიის შემთხვევაში, – ღირებულებათა მიმართება სულ მთლად დარღვეული იქნება; ნების ძალით რაიმეს აღდგენაც შეუძლებელი ხდება, ვინაიდან ცენტრი გახლეჩილია და ზოგი – მეორესთან. ამიტომაცაა, რომ შიზოფრენიით დაავადებული ამ წუთში რომ ერთი პიროვნება, მეორე წუთში მეორეა ხოლმე.

ცნობიერების განკარგულებაშია რიგი ფუნქციებისა, რომლებიც მას ექტოფსიქიკური და ენდოფსიქიკური ფაქტების სფეროებზე ორიენტაციის საშუალებას აძლევენ. ექტოფსიქიკაში მე ვგულისხმობ კავშირის სიტემას ცნობიერების შინაარსებსა და გარემოდან მიღებულ შთაბეჭდილებებს შორის. ეს არის საორიენტაციო სისტემა გარე სამყაროს მოცემულობებთან ართიერთობისათვის, რომლებიც შეგრძნების ორგანოების მეშვეობით გვეძლევა. ენდოფსიქიკა კი კავშირის სისტემაა ცნობიერების შინაარსებსა და იმ პროცესებს შორის, რომელნიც, როგორც ვფიქრობთ, არაცნობიერში უნდა მიმდინარეობდნენ.

თავდაპირველად ჩვენ ექტოფსიქიკური ფუნქციების შესახებ ვისაუბრებთ. აქ, პირველ რიგში, შედის შეგრძნება,6 (die Empfindung) ჩვენი ფიზიკურშეგრძნებითი ფუნქცია. შეგრძნებაში მე იმას ვგულისხმობ, რასაც ფრანგები ,,la function du reel”-ს* უწოდებენ, ე.ი. ჩემს მიერ აღქმული გარეგანი ფაქტების ერთობლიობას, რომელნიც შეგრძნების ორგანოთა მეშვეობით მეძლევა. ფრანგული გამოთქმა ,,la function du reel”,** ვგონებ, ყველაზე უფრო ამომწურავია. შეგრძნება მეუბნება, რომ რაღაც არის; ის არ მეუბნება, თუ რა არის ეს, და არც სხვა რამეს მამცნობს ამ ,,რაღაცის” შესახებ; ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ რაღაცა არის.

შემდეგი ფუნქცია, რომელიც შეგვიძლია გამოვყოთ, არის აზროვნება (das Denken). ფილოსოფოსს რომ ჰკითხოთ, რა არის აზროვნებაო, ისეთ ჩახლართულ პასუხს მოგცემთ, კაცი თავს და ბოლოს ვერ გაუგებს. ამიტომ ნურასოდეს დაუსვამთ ასეთ კითხვას ფილოსოფოსს, – იგი ხომ ერთადერთია, ვინც იცის, თუ რა არის აზროვნება; სხვამ ყველამ იცის. თუკი ვინმეს ეტყვით, აბა ერთი დაფიქრდიო, ის მშვენივრად გაიგებს, რასაც გულისხმობთ. ფილოსოფოსი კი ვერასოდეს გაიგებს. თავის უმარტივეს ფორმაში აზროვნება მეუბნება, თუ რა არის რაღაცა. იგი ნივთებს სახელებს არქმევს და ცნებასაც იძლევა, – აზროვნება ხომ აღქმას დამატებული განსჯაა (გერმანული ფსიქოლოგია მსგავს შემთხვევაში აპერცეფციის შესახებ ლაპარაკობს).

მესამე ფუნქცია, რომლის გამოყოფაც შეიძლება და რომელსაც ყოველდღიურ მეტყველებაში შესაბამისი სიტყვა მოეპოვება, არის გრძნობა (das Fueblen) აი, აქ კი არეულია მონასტერი, და ხშირად ბრაზს ვგვრი ხალხს, როდესაც გრძნობის შესახებ ვლაპარაკობ, – რომ ჰკითხოთ, ასეთი აღმაშფოთებელი რამ კაცის ყურს ჯერ არ სმენია. გრძნობა გრძნობითი ტონის მეშვეობით ნივთთა ღირებულებას გვამცნობს. მაგალითად, გრძნობა მეუბნება, მისაღებია ან, თუ გნებავთ, სასიამოვნოა რაიმე თუ არა. ის მეუბნება, თუ რა არის ჩემთვის ღირებული. ამიტომ ყოველ აღქმას და ყოველ აპერცეფციას რაღაც გრძნობითი რეაქცია ახლავს. რაღაცნაირი გრძნობითი ტონი მაინც რომ ყოველთვის გვაქვს, ამის დამტკიცება ექსპერიმენტულადაც კი შეიძლება. ჩვენ ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით. რაც შეეხება ,,აღმაშფოთებელს” გრძნობის თაობაზე, ის იმაში მდგომარეობს, რომ გრძნობა, ისევე როგორც აზროვნება, რაციონალური ფუნქციაა. ყოველი მოაზროვნე ადამიანი სრულიად დარწმუნებულია, რომ გრძნობა რაციონალური ფუნქცია კი არაა, არამედ პირიქით, უკიდურესად ირაციონალურია. მაგრამ აბა კარგად დამიგდეთ ყური. ყველა სფეროში სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს. ის, ვინც აზროვნებაშია უზადო, ნამდვილად არ იქნება ასეთივე გრძნობაში, რადგან ეს ორი რამ შეუთავსებადია; ისინი ურთიერთგამომრიცხავნი არიან. ეს არ ნიშნავს, რომ თუ საღი მეცნიერული ან ფილოსოფიური აზროვნება გსურთ, ყველა გრძნობითი ღირებულება უნდა გამოთიშოთ; თუ გრძნობით ღირებულებებს თავიდან ვერ მოიცილებთ, მაშინ ალბათ უფრო თავისუფალი ნების შესახებ დაიწყებთ, ვიდრე მცენარის ბუგრთა კლასიფიკაციის შესახებ. რა თქმა უნდა, ეჭვიც არავის შეეპარება, რომ გრძნობის თვალსაზრისით, ეს ორი არსებითად განსხვავებული თემა ღირებულების მხრივაც განსხვავდება.

ღირებულებითი წარმოდგენები ინტელექტისათვის კრიტერიუმი არაა; მაგრამ ისინი არსებობენ, და შეფასება მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფუნქციაა. ღირებულებითი წარმოდგენები სამყაროს სრული ხატების მაინტეგრირებელი ნაწილებია. თუკი მათ გამოვრიცხავთ, დიდ სიძნელეთა წინაშე აღმოვჩნდებით. გრძნობა ბევრს იმიტომ ეჩვენება უკიდურესად ირაციონალურად, რომ როცა ხუშტური წამოგვივლის, რა გრძნობა აღარ გვეუფლება, და ყველა დარწმუნებულია, აქ, ამ ქვეყანაში კი – განსაკუთრებით, რომ ასეთი გრძნობები დაოკებულ უნდა იქნეს. ვაღიარებ, რომ ეს კარგი თვისებაა, და აღფრთოვანებული ვარ მის გამო ინგლისელებით; მაგრამ გრძნობები მაინც არსებობს, და მე ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც საუცხოოდ ძალუძთ მათი მოთოკვა, მაგრამ მაინც უდიდეს სიძნელეებს აწყდებიან მათ გამო.

მივადექით მეოთხე ფუნქციას. შეგრძნება გვეუბნება, რომ რაღაც არის. აზროვნება გვეუბნება, თუ რა არის ეს რაღაცა; გრძნობა გვეუბნება, თუ რა ღირებულება აქვს მათ ჩვენთვის. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი კატეგორია – დრო. ყველაფერს აქვს თავისი წარსული და მომავალი, – ყოველივე საიდანღაც მოდის, საითკენაც მიდის. ვინ იცის, საიდან მოდის, ან ვინ გაიგებს, საით მიემართება; მაგრამ, საბედნიეროდ, გაგვაჩნია წინათგრძნობა, ალღო, და ის გვეხმარება ამ საქმეში. ასე, მაგალითად, ხელოვნების ნაწარმოებებით ანდა ანტიკვარებით მოვაჭრე ,,სუნს იკრავს”, რომ ესა და ის ნივთი მე-18 საუკუნის ოციან წლებში რომელიღაც დიდი ოსტატის მიერ უნდა იყოს შექმნილი; იგი ,,გეშს იღებს”, რომ სარფიანი საქმე ელის. ანდა, ვთქვათ, ჯერ არის ცნობილი, თუ როგორ შეიცვლება აქციების კურსი, მაგრამ ,,საქმეს რაღაც ისეთი სუნი უდის”, რომ აიწევს. ამ მოვლენას ჩვენ ინტუიციას (die Intuition) ვუწოდებთ. ეს ერთგვარი წინასწარმეტყველური, აუხსნელი თვისებაა. მაგალითად, თქვენ არ იცით, რომ პაციენტს გულზე რაღაც ლოდი აწევს, მაგრამ თქვენ ,,გეჩვენებათ”, თქვენ ,,ისეთი გრძნობა”, როგორც იტყვიან ხოლმე, – საყოველდღეო მეტყველებას ხომ ჯერაც არ გააჩნია ამისათვის უფრო ნათლად გამოკვეთილი გამოთქმა. ცნება ,,ინტუიცია” სულ უფრო და უფრო მკვიდრდება ინგლისურში, და თქვენ მოხარული უნდა იყოთ, ვინაიდან სხვა ენებში ის არ არსებობს. გერმანელებს ჯერ შეგრძნება და გრძნობაც კი ვერ განუსხვავებიათ.

ფრანგულში საქმე სხვაგვარადაა: ფრანგულად შეუძლებელია თქვათ, რომ რაღაც ,,გრძნობა გაქვთ კუჭში”; ალბათ, ამ შემთხვევაში უფრო ,,შეგრძნებას” იხმარდით. ინგლისურშიც არსებობს განსხვავებული გამოთქმები შეგრძნებისა და გრძნობისათვის, მაგრამ გრძნობასა და ინტუიციას კი ურევენ ხოლმე ხშირად. ამიტომ განსხვავება, რომელიც მე აქ შემომაქვს, შეიძლება ხელოვნური გეჩვენოთ, მაგრამ პრაქტიკული მიზნებით ამ განსხვავების დაფუძნებას სამეცნიერო ენაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, თუ რას ვგულისხმობთ ამა თუ იმ გამოთქმაში, თორემ გამოვა, რომ გაუგებარ ენაზე ვლაპარაკობთ, რაც ფსიქოლოგიას სიკეთეს არასოდეს მოუტანს. როდესაც ვინმე საყოველდღეო მეტყველებაში ,,გრძნობას” ხმარობს, შეიძლება ის სულ სხვა რამეს გულისხმობდეს, ვიდრე მეორე, რომელიც აგრეთვე გრძნობის შესახებ ლაპარაკობს. რამდენი ფსიქოლოგია, გამოთქმა ,,გრძნობას” რომ ხმარობს და, როგორც წესი, განსაზღვრავს მას, როგორც დამახინჯებულ აზრს. ,,გრძნობა სხვა არაფერია, თუ არა დაუმთავრებელი აზრი”, – ეს ერთი ცნობილი ფსიქოლოგის განსაზღვრებაა. მაგრამ გრძნობა ხომ რაღაც თავისთავადია, რაღაც რეალური; ის ხომ ფუნქციაა; ამიტომაც არსებობს მისთვის ცნება. ინსტინქტით აღჭურვილი სული ყოველთვის გამოძებნის სიტყვებს მოვლენებისათვის, რომლებიც ნამდვილად არსებობენ. მხოლოდ ფსიქოლოგები იგონებენ სიტყვებს ისეთი მოვლენებისათვის, რომლებიც არ არსებობენ.

ჩვენს მიერ განსაზღვრული უკანასკნელი ფუნქცია, ინტუიცია, ერთი შეხედვით დიდი იდუმალებით მოცული რამ ჩანს და, მოგეხსენებათ, ჩემზე ამბობენ, მეტისმეტად იჭრება მისტიკაშიო. ასე რომ, ინებეთ ჩემი მისტიკის ერთი ნაწილი! ინტუცია არის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც მხედველობის ველში რეალურად მოცემულის ფარგლებს მიღმა ხედვა შეგვიძლია. ეს ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ ინტიუცია ახერხებს ამას, და ჩვენ მას ვეყრდნობით. ეს ისეთი ფუნქციაა, რომელსაც, როგორც წესი, არ ვიყენებთ, როცა აუღელვებლად ვატარებთ ცხოვრებას ოთხ კედელს შუა, არხეინად ვართ და ჩვეულ საქმიანობას ვეწევით. მაგრამ ბირჟაზე ან შუაგულ აფრიკაში ძალიანაც საჭირო რამაა ეს გურმანი. ასე, მაგალითად, წინასწარ ვერ გამოთვლი, გზის მომდევნო მოსახვევში ბუჩქნარში მარტორქას შეეჩეხები თუ ვეფხვს, მაგრამ არსებობს წინათგრძნობა, რომელმაც შეიძლება კაცი სიკვდილს გადაარჩინოს. ასე, დადგენილია, რომ ბუნებრივ პირობებში მცხოვრები ხალხი ფართოდ იყენებს ინტუიციას. იგივე ითქმის ადამიანებზე, რომელნიც უცნობ სფეროებში მიიკვლევენ გზას, – სხვადასხვა ჯურის პიონერების მიმართ. ინტიუციას ეყრდნობიან გამომგონებლები, მოსამართლეები. სადაც კი საქმე გვაქვს უცხო სიტუაციასთან, როცა საყოველთაოდ მიღებულ ღირებულებებსა და დადგენილ ნორმებს ვერ ჩავეჭიდებით, იქ ინტუიციის უნარ-შესაძლებლობებზე ვართ დამოკიდებული.

როგორც შემეძლო, აგიწერეთ ეს ფუნქცია, თუმცა, შესაძლოა, არც თუ ისე კარგად გამომივიდა. ჩემის აზრით, ინტუიცია ერთგვარი აღქმაა, რომელიც ფაქტიურად შეგრძნების ფიზიკურ ორგანოთა მეშვეობით. ამით დავკმაყოფილდები; მხოლოდ ერთ რამეს დავამატებდი: ,,მე არ ვიცი, ეს როგორ ხდება:. მე არ ვიცი, ეს რანაირად მოხდა, რომ ამა და ამ კაცმა ისეთი რამ იცის, რისი ცოდნაც მისთვის მართლაცდა შეუძლებელი იყო. მე არ ვიცი, მან ეს როგორ მოახერხა, მაგრამ ფაქტია, რომ იცის და შეუძლია ამ ცოდნის მიხედვით იმოქმედოს. მაგალითად, წინასწარმეტყველური სიზმრები, ტელეპათიური ფენომენები და სხვა მისთანანი ინტიუციის სფეროს განეკუთვნება. ინტუიციას მე ხშირად ვაწყდები და დარწმუნებული ვარ, რომ ის არსებობს. ამ მოვლენებს შეგვიძლია პრიმიტივებზეც დავაკვირდეთ. ყველგან შიძლება მათ გადავაწყდეთ, თუკი ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ აღქმებზე, ცნობიერების ზღურბლს ქვემოთ რომ მიმდინარეობენ, როგორიცაა, მაგალითად, შეგრძნებითი შთაბეჭდილებები, რომლებიც იმდენად სუსტია, რომ ჩვენი ცნობიერება მათ, უბრალოდ, ვერ აღიქვამს. ასე, ვთქვათ, კრიპტომნეზიის დროს შეიძლება რაღაც უეცრად ამოტივტივდეს ცნობიერებაში, ანდა შემთხვევით გაგონილმა სიტყვამ შეიძლება ფიქრთა ჯაჭვი აღძრას; აქ ყოველთვის რაღაც ისეთთან გვაქვს საქმე, რაც გამოჩენის მომენტამდე არაცნობიერი იყო, და ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, თითქოს ციდან ჩამოვარდნილიყოს. გერმანულად ამას Einfall-ს უწოდებენ, ე.ი. კაცს რომ უეცრად რაღაც ,,საიდანღაც” მოუვა თავში აზრად, თავში ,,დაჰკრავს”. ზოგჯერ ამას ზეშთაგონების იერი სდევს; მაგრამ სინამდვილეში ინტუიცია ძალიან ბუნებრივი ფუნქციაა, სრულიად ნორმალური, თანაც საჭირო, – ის ხომ გვშველის როცა რეალობის ნაკლებობის გამო აღქმა, აზროვნება თუ გრძნობა შეუძლებელი შეიქნება. მაგალითად, წარსული რეალური აღარაა; არც მომავალია ისე რეალური, ჩვენ რომ გვგონია. ამიტომ ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ ფუნქციისათვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვწვდეთ ისეთ ნივთებს, ჩვენს თვალსაწიერს რომ სცილდებიან. ექიმები, მაგალითად, ხშირად იმყოფებიან სრულიად უცნობი სიტუაციის პირისპირ, და იძულებული არიან ფართოდ დაეყრდნონ ინტიუციას. მრავალი კარგი დიაგნოზი დასმულა ამ ,,იდუმალებით მოცული ფუნქციიდან” გამომდინარე.

ფსიქოლოგიური ფუნქციები, როგორც წესი, ნებელობას ექვემდებარებიან; ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ ეს ასეა, ვინაიდან ჩვენ გვაფრთხობს ყველაფერი, რაც ავტონომიურია. ამრიგად, თუ ეს ასეა, მაშ შეგვძლებია მათი, ვთქვათ, გამორთვა, შერჩევა, დათრგუნვა, გაძლიერება, – მოკლედ, შესაძლებელია მათი მართვა ნების ძალით, ინტენციონალობით. მაგრამ მათ ხომ ჩვენი ნებართვის გარეშეც შეუძლიათ ფუნქციონირება, და აი, მაშინ ისინი ჩვენს მაგივრად აზროვნებენ და გრძნობენ. ის კი არა, ძალზე ხშირადაც კი ,,გვითავხედდებიან” ასე, ჩვენ კი მათთან ვერაფერს ვაწყობთ, წინ ვერ გადავუდგებით. ანდა, შეიძლება, ისინი არაცნობიერად მოქმედებდნენ, ისე, რომ წარმოდგენაც არ გვქონდეს მათი ფუნქციონირების შესახებ და, უეცრად თავს იჩენს, მაგალითად, შედეგი გრძნობითი პროცესისა, რომელიც თურმე არაცნობიერში ვითარდებოდა. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, გეტყვიან: ,,აა, გულმოსული ან ნაწყენი იქნებოდი და ამიტომ მიეცი ასეთი და ასეთი რეაქცია”. იქნებ სულაც არ გაგიცნობიერებიათ თქვენი გაბრაზება თუ წყენა, და მაინც, დიდი ალბათობაა იმისა, რომ სწორედ ასე იყო. ფსიქოლოგიურ ფუნქციებს, ისევე როგორც შეგრძნების ორგანოებს, თავ-თავიანთი სპეციფიკური ენერგია გააჩნიათ. თქვენ ძალა არ შეგწევთ გრძნობა, აზროვნება ან სხვა რომელიმე ფუნქცია უბრალოდ გამოთიშოთ. ვერავინ განაცხადებს: ,,მე არ მინდა ვფიქრო!” – სად გაექცევა ფიქრებს! ვერვინ იტყვის: ,,მე არ მინდა ვგრძნობდე!” – უგრძნობი ვინაა; ყველანი ვგრძნობთ, ვინაიდან თითოეულ ფუნქციაში დაუნჯებული სპეციფიკური ენერგია ეძებს და სხვა სახის ენერგიით არ ჩაინაცვლება.

რასაკვირველია, ანგარიშგასაწევია ისიც, თუ ვინ რას ამჯობინებს საერთოდ. ადამიანებს, რომელთაც ძლიერად განვითარებული აზროვნების უნარი აქვთ, უყვართ დაფიქრება და გარემოს აზროვნებითი ფუნქციის მეშვეობით ეგუებიან. ისინი კი, ვისაც გრძნობითი ფუნქცია აქვს კარგად განვითარებული, საზოგადოებაში ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში და ღირებულებით მიმართებათა დახვეწილობით გამოირჩევიან. ისინი გრძნობითი სიტუაციის შექმნის დიდოსტატები არიან, და მათი ცხოვრება ასეთ სიტუაციათა გარეშე წარმოუდგენელია. ანდა, ვისაც დაკვირვების ძლიერი უნარი აქვს, ძირითადად შეგრძნებით ფუნქციას იყენებს და ა.შ. ძირითადი ფუნქცია ყველას თავის სპეციფიკურ ფსიქოლოგიას ანიჭებს. მაგალითად, ის, ვინც უმთავრესად აზროვნებით ცხოვრობს, სხვაში არ აგერევათ, და ადვილი წარმოსადგენია, როგორ ფუნქციონირებს მისი გრძნობა. იქ, სადაც აზროვნებაა წამყვანი ფუნქცია, გრძნობა, შესაბამისად, არასრულფასოვანია. იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენი სამი ფუნქციის შესახებაც. ვფიქრობ, უმჯობესია ეს დიაგრამაზე განგიმარტოთ.

სურ.1: ფუნქციები

აქ გამოსახულია ე.წ. ფუნქციათა ჯვარედი (სურ.1). შუაში იმყოფება ,,მე”, რომლის განკარგულებაშია ენერგიის განსაზღვრული მარაგი, – ნების ძალა. აზროვნებით ტიპში ნების ეს ძალა აზროვნებაზე (ა) იქნება მიმართული. გრძნობა (გ) დაბლა უნდა გამოვსახოთ, რადგან ამ შიმთხვევაში ის არასრულფასოვანი ფუნქციაა, – ეს იმიტომ, რომ აზროვნებისას გრძნობა უნდა გამოითიშოს და გრძნობისას – აზროვნება. როდესაც ვაზროვნებთ, გრძნობა და გრძნობითი ღირებულებანი უნდა უკუვაგდოთ, რადგან ისინი ყველაზე მეტად უშლიან ხელს აზროვნებას. თავსი მხრივ, ადამიანები, რომელნიც გრძნობებით ცხოვრობენ, სიამოვნებით თიშავენ აზროვნებას და სწორადაც იქცევიან, – ეს ორი ფუნქცია ხომ ურთიერთგამომრიცხველია. ბევრს უთქვამს ჩემთვის, აზროვნება ისევე მაქვს დიფერენცირებული, როგორც გრძნობაო, მაგრამ მე ამას ვერ დავიჯერებ, რადგან შეუძლებელია, რომ ორივე ეს დაპირისპირებული ფუნქცია ერთნაირად და ერთნაირად მზაობაში გვქონდეს.

იგივე შეიძლება ითქვას შეგრძნებისა (შ) და ინტუიციის (ი) მიმართაც. როგორ დამოკიდებულებაში არიან ეს ფუნქციები ერთმანეთთან? თუ ობიექტურ ფაქტებს ვაკვირდებით, შეუძლებელია ამავე დროს ისიც განვჭვრიტოთ, თუ რა დგას ამ თვალსაჩინო მოცემულობის მიღმა. თუკი დავაკვირდებით ადამიანს, რომელიც უმთავრესად შეგრძნებით ფუნქციას იყენებს, დავადგენთ, რომ მისი თვალების ღერძებს კონვერგენციისა და ერთ წერტილში თავმოყრის ტენდენცია აქვთ; ხოლო ინტუიტურ ადამიანთა გამომეტყველებას ან თვალებს რომ დააკვირდეთ, ნახავთ, რომ მათი მზერა ნივთებს მხოლოდ ეხება, – ისინი იმდენად კი არ უყურებენ, რამდენადაც თვალს ავლებენ ნივთებს და მთლიანობაში გადმოაქვთ ყოველივე თავის თავში; აღქმულის მრავალფეროვნებიდან კი რომელიღაც მხარეს შუქი მოეფინება მათი მხედველობის ველის პერიფერიაში, და სწორედ ესაა წინათგრძნობა. ხშირად თვალების გამომეტყველების მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ, ინტუიტურია ვინმე თუ არა. ინტუიტურ დამიანს, ჩვეულებრივ, დეტალები არ აინტერესებს. ის მუდამ ცდილობს სიტუაცია მთლიანობაში აღიქვას, და შემდეგ ამ მთლიანობიდან ერთბაშად რაღაც წინა პლანზე წამოიწევს. შეგრძნებითი ტიპი კი ისე ხედავს ნივთებს, როგორიც ისინი არიან, ხოლო ინტუიცია არ გააჩნია, – ელემენტარულად იმიტომ, რომ ამ ორ განსხვავებულ რამეს ერთდროულად ფუნქციონირება არ შეუძლია. მეტისმეტად ძნელი იქნებოდა ეს, ვინაიდან ერთი ფუნქციის პრინციპი მეორის პრინციპს გამორიცხავს. ამიტომაა, რომ ისინი აქ ურთიერთდაპირისპირებულად გამოვსახე.

ამ მარტივი დიაგრამიდან ძალიან მნიშვნელოვანი დასვნა შეგიძლიათ გამოიტანოთ ადამიანის ცნობიერების სტრუქტურის შესახებ. მაგალითად, თუ აზროვნება ძლიერ დიფერენცირებულია, გრძნობა ნამდვილად არ იქნება დიფერენცირებული. რას ნიშნავს ეს? იმას, ხომ არ ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს გრძნობები არა აქვთ? სრულიადაც არა, პირიქით. მათ ისიც კი შეიძლება გითხრან, ძალზე ძლიერი გრძნობები მაქვს, მეტად ტემპერამენტიანი და ემოციური ვარო. ეს ადამიანები საკუთარ ემოციებს დაუტყვევებიათ, დაპატრონებიან და ხანდახან ისეთ დღეში აგდებენ – მტრისას! ასე, მაგალითად, ძალიან საინტერესოა პროფესორთა პირადი ცხოვრების შესწავლა. თუ გაინტერესებთ, როგორ იქცევა შინ ინტელექტუალი, ჰკითხეთ მის ცოლს. იცოცხლეთ, რასაც ის მოგიყვებათ!..

გრძნობით ტიპთან კი ყველაფერი პირიქითაა. თუ იგი ნორმალურად ვითარდება, აზროვნებას თავისუფალ გასაქანს თავის დღეში არ აღირსებს, მაგრამ ნევროზი თუ დაემართა, მაშინ კი დაურღვევენ ფიქრები ცხოვრების წყნარ მიმდინარეობას. აზროვნება ასეთ შემთხვევაში არამკითხე-მოამბესავით ერევა საქმეში, და ადამიანს ფიქრები საშველს აღარ აძლევენ. კი, ძალიან სასიამოვნო და სიმპათიური კაცია, მაგრამ უცნაური წარმოდგენები და შეხედულებები აქვს, მისი აზროვნება კი არასრულფასოვანია. გეგონება, აზროვნებას გამოუჭერია, რაღაც აზრებში გაჭედილა და ვეღარც აქეთ მიდის და ვეღარც აქეთო, – მას ხომ განსჯა არ ძალუძს. მისი აზრები ტლანქია და შეურყეველი. ინტელექტუალმა კი, თავის მხრივ, თუ დაიჩემა, ასე ვგრძნობ და რა ვქნაო, ვერავითარი არგუმენტით ვერ გადაარწმუნებ. სანამ ტყავს არ გააძრობენ ემოციები, მანამდე მათგან თავს ვერ დაიხსნის. არავითარი არგუმენტი არ გამოდგება მისი გრძნობის წინააღმდეგ; ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მასზე ნაკლოვანი კაცი არ იქნებოდა.

მსგავსადაა საქმე შეგრძნებით და ინტუიტურ ტიპებთან. ინტუიტური ტიპი ნივთთა რეალობისაგან თავს დათრგუნვილად გრძნობს; რეალობის თვალსაზრისით ის ,,ვერ ამართლებს”; მუდამდღე ახალი ცხოვრებისეული შესაძლებლობებისკენაა მიმართული. ეს ის კაცია, მიწას რომ ამუშავებს და მოსავალს შემოსვლას არ აცდის, რომ უკვე ახალი მინდვრისაკენ მიეშურება. უკან ხნულები მოუტოვებია, წინ სულ ახალ-ახალი იმედები უჩანს, ფაქტიურად კი ხელიდან არაფერი გამოსდის. შეგრძნებითი ტიპი – პირიქით, ნივთებს არ სცილდება, მოცემულ რეალობაში ცხოვრობს. მისთვის ჭეშმარიტი ისაა, რაც რეალურია. ინტუიტური ტიპისთვის კი რას ნიშნავს, რომ რაიმე რეალურად არსებობს? სწორედ რომ საპირისპიროს: ის კი არ უნდა არსებულიყო, რაღაც სხვა უნდა ყოფილიყო. შეგრძნებითი ტიპის წინაშე თუ მოცემული რეალობა არაა, – ოთხი კედელი მის გარშემო, – ის ავად გახდება. მაგრამ თუ ინტუიტურ ტიპს ოთხ კედელს შუა გამოვამწყვდევთ, რომლებშიც მან უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთ რამეზე იფიქრებს: როგორ დააღწიოს თავი იქაურობას. კონკრეტული სიტუაცია მისთვის საპყრობილეა, საიდანაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიქცეს, რათა ახალი შესაძლებლობების შესახვედრად გაემართოს.

ეს განსხვავებები პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში დიდ როლს ასრულებენ. მერწმუნეთ, მე ადამიანებს უჯრებში სულაც არ ვაწყობ და დაუფიქრებლად როდი ვიძახი: ,,ეს ინტუიტურია”, ანდა ,,ეს აზროვნებითი ტიპია”. ხშირად მეკითხებიან: ,,აი, ესა და ეს კაცი აზროვნებითი ტიპი არ არის?” ასეთ შემთხვევაში მივუგებ ხოლმე: ,,ამაზე ჯერ არ მიფიქრია”, და მართალიც ვარ. უაზრობაა ადამიანების კატეგორიებად დანაწილება და მათზე ეტიკეტების დაკვრა. მაგრამ როდესაც ჩვენს წინაშე ფართო მოცულობის ემპირიული მასალაა, საორიენტაციოდ საჭირო ხდება განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც მთლიანობის წვდომას აიოლებენ, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ხოლმე ემპირიული მასალის რამენაირად მოწესრიგება, მითუმეტეს, როცა საქმე დაავადებულ თუ გონებაარეულ ხალხთან მაქვს, ანდა როდესაც მათი თავისებურება თუ მდგომარეობა ვინმეს უნდა ავუხსნა. მაგალითად, როდესაც ცოლის საქციელი ქმარს უნდა განვუმარტო, ან პირიქით, დიდი დახმარება შეიძლება მაშინ გამიწიოს ასეთი ობიექტური კრიტერიუმებით სარგებლობამ. ეს რომ არა, იძულებული ვიქნებოდი წამდაუწუმ მემეორებინა: ,,თქვენმა ქმარმა თქვა…”, ,,თქვენმა ცოლმა თქვა…”.

არასრულფასოვან ფუნქციას, როგორც წესი, არა აქვს ცნობიერად დიფერენცირებული ფუნქციის თვისებები. ამ უკანასკნელის მართვა, პრინციპში, ნებელობას შეუძლია. ჭეშმარიტ აზროვნებით ტიპს შეუძლია თავისი აზროვნება ნებისმიერად წარმართოს, აზრები მორჩილებაში იყოლიოს. ის არაა თავისი აზრების მონა, სხვა რამეზეც შეუძლია იფიქროს. მას უფლება აქვს, თქვას: ,,მე სხვა რამის მოაზრებაც შემიძლია: მე შემიძლია ამის საწინააღმდეგო მოვიაზრო”. გრძნობით ტიპს კი ეს არ შეულია – იგი ხომ თავის ფიქრებს ვერსად გაექცევა. ფიქრები მას ატყვევებენ, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ის მონუსხულია ფიქრების მიერ. ისტორია მისთვის რაღაც მომაჯადოებელია, და ამიტომ შიშს უნერგავს. აზროვნებით ტიპს კი იმის ეშინია, გრძნობებმა არ წაართვან თავი, – მისი გრძნობა ხომ არქაული ხასიათისაა, და ის არქაული ადამიანის მდგომარეობაში იმყოფება: ის თავისი ემოციების უმწეო მსხვერპლია. ამიტომაცაა, რომ პრიმიტივი ასე ხაზგასმულად თავაზიანია: ფრთხილობს, მოყვასის გრძნობები არ შელახოს, – ხომ შეიძლება საქმე სახიფათოდ შეტრიალდეს. მრავალი ჩვენებური ადათ-წესი ასეთი არქაული თავაზიანობით შეიძლება იქნეს ახსნილი. ასე, მაგალითად, მიღებული არ არის, ვინმეს ხელს ართმევდე და მარცხენა ხელი ამ დროს ჯიბეში გედოს, ან ზურგს უკან გეჭიროს: ხომ უნდა აჩვენოთ, რომ ხელში იარაღი არა გაქვთ. აღმოსავლური მისალმება გაშლილი, ამობრუნებული ხელისგულებით ნიშნავს: ,,მე ხელთ არაფერი მაქვს”. კოტაუს* დროს კაცი მეორე ადამიანის ტერფებამდე ხრის, რათა დაანახოს, რომ სრულიად დაუცველია და მთელი გულით ენდობა მას.

* კოტაუ – მდაბალი სალამი ძველ ჩინურ ცერემონიალში (რედ.).

პრიმიტივებზე მშვენივრად შეისწავლება ქცევის მენერების სიმბოლიკა; ისიც გასაგები ხდება, თუ რატომ ეშინიათ მათ თანამოძმეებისა. ამგვარივე შიშს განვიცდით ჩვენც ჩვენი არასრულფასოვანი ფუნქციის წინაშე. რომ ნახოთ, როგორ ეშინია ტიპიურ ინტელექტუალს, ვინმე არ შეუყვარდეს, თავდაპირველად ყოვლად გაუგებრად გეჩვენებათ ასეთი შიში; მაგრამ მას, ეტყობა, საკმაო საფუძველი აქვს ეშჯინოდეს, რადგან სავსებით მოსალოდნელია, რომ ასეთ შემთხვევაში იგი ძალიან უჭკუოდ მოიქცეს. მას საკუთარი გრძნობები წამოაჩოქებენ, რადგანაც ისინი ქალის მხოლოდ არქაულ ანდა სახიფათო ტიპზე რეაგირებენ. აქედან აიხსნება ზოგი ინტელექტუალის ტენდენცია, ცოლი თავისზე დაბალი დონისა მოიყვნონ; ისინი შეიძლება უბრალო ქალებმა – სახლის გამქირავებელმა ანდა მზარეულმა გამოიჭირონ; ფაქტიურად ისინი საკუთარი არქაული გრძნობების მიერ დაგებულ ხაფანგში ებმებიან, რომელთაც ანგარიშს არ უწევენ. ამიტომ მათი შიში სავსებით გამართლებულია, – გრძნობებმა ხომ შეიძლება დაღუპონ ისინი. აზროვნებაში მათ ვინ რას დააკლებს, – აქ ძლიერნი და დამოუკიდებელნი არიან; მაგრამ გრძნობაში მათზე შეიძლება გავლენა მოახდინონ, მოერიონ, გააცურონ და მშრალზე დასვან. ეს მათ მშვენივრად მოეხსენებათ. ამიტომ ნურასოდეს ეცდებით ინტელექტუალი გრძნობაში აიყოლიოთ: ის მას რკინისებური მუშტით უკუადებს, რადგანაც იცის, რაოდენ სახიფათოა.

ეს კანონზომიერება ყველა ფუნქციაზე შეიძლება განვავრცოთ. არასრულფასოვანი ფუნქცია ჩვენში მუდამ არქაულ პიროვნულ ასპექტთანაა დაკავშირებული; არასრულფასოვან ფუნქციაში ჩვენ ყველანი პრიმიტივებს წარმოვადგენთ. დიფერენცირებულ ფუნქციაში ცივილიზებულნი ვართ და გაგვაჩნია რაღაც ისეთი, როგორიცაა თავისუფალი ნება; მაგრამ საქმე არასრულფასოვან ფუნქციაზე თუ მიდგა, არავითარ თავისუფალ ნებაზე აღარ შეიძლება ლაპარაკი. არასრულფასოვანი ფუნქცია ღია ჭრილობასავითაა – ანდა, სხვაგვარად, მეტისმეტი რომ არ გამოგვივიდეს, ღია კარივით – საიდანაც რაღა არ შეიძლება შემოიჭრას და მყუდროება დაგვირღვიოს.

ახლა მივადექით ცნობიერების ენდოფსიქიკურ ფუნქციებს. ფუნქციები, რომელთა შესახებაც აქამდე ვსაუბრობდით, არეგულირებენ და აადვილებენ ჩვენს ცნობიერ ორიენტირებას გარე სამყაროსთან ურთიერთობაში, მაგრამ უმაქნისი არიან იმ ნივთებთან მიმართებაში, რომელნიც, ასე ვთქვათ, ,,მე”-სთან შედარებით უფრო ღრმად იმყოფებიან. ,,მე” მხოლოდ ცნობიერების პატარა ნაფლეთია, რომელიც ბნელ ნივთთა ოკეანეზე დაცურავს. ბნელი ნივთები – ეს შინაგანი ნივთებია. ამ შინაგან მხარეზე ძევს ფსიქიკური შრე, რომელიც ,,მე”-ს ირგვლივ ცნობიერების ერთგვარ არშიას ქმნის. ამის ილუსტრაციას დიაგრამაზე გიჩვენებთ (სურ. 2).

სურ. 2: ,,მე”

ვთქვათ, AA ცნობიერების ზღურბლია. მაშინ D ცნობიერების ის ნაწილი იქნება, რომელიც ექტოფსიქიკურ სამყარო B-ს უკავშირდება, ე.ი. სამყაროს, რომელშიც ჩვენს მიერ განხილული ფუნქციებია გაბატონებული. მეორე მხარეს კი, რომელიც C-თია აღნიშნული, წყვდიადის სამეფოა. იქით თვით ,,მე”-ც კი რამდენადმე იბინდება; იქ ჩახედვა ჩვენ არ ძალგვიძს; რანი ვართ იქ – ჩვენთვისვე გამცანაა. ,,მე”-ს მხოლოდ D-ში ვიცნობთ, C-ში კი – არა. ამიტომაა, რომ დრო დროდადრო რაღაც ახალს აღმოვაჩენთ ხოლმე საკუთარი თავის შესახებ. თითქმის ყოველწლიურად რაღაც ახალი ამოტივტივდება, ისეთი, მანამდე რომ ვერც კი წარმოვიდგენდით. სულ გვგონია, აი, ახლა კი ვეღარაფრით გამაკვირვებს საკუთარი თავიო, მაგრამ არა – ჯერ სადა ხარ. აღმოვაჩენთ, რომ თურმე კიდევ რა აღარ ვყოფილვართ. ამასთან, რა საოცრება აღარ გადაგვხდება თავს. აქედან გამომდინარე, მუდამ არსებობს ჩვენი პიროვნების ისეთი ნაწილები, რომელნიც არაცნობიერში არიან, და ჯერ ისევ ქმნადობის პროცესში იმყოფებიან. ჩვენ დაუმთავრებელნი ვრთ; ვიზრდებით და ვიცვლებით; და მაინც, პიროვნება, რომელიც მომავალ წელს ვიქნებით, დღესვე არსებობს, ოღონდ დაჩრდილულია. ,,მე” ფილმზე მორგებული მოძრავი ჩარჩოსავითაა. მომავალი პიროვნება ჯერ არ ჩანს, მაგრამ ჩვენ მისკენ მიმავალ გზას ვადგავართ, და მომავალი არსება ერთბაშად აღმოჩნდება ჩვენი მხედველობის ველში. ეს შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, ,,მე”-ს ბნელ მხარეს განეკუთვნება. ჩვენ ვიცით, რანი ვართ და რანნი ვიყავით, მაგრამ რანი ვიქნებით, – გაურკვეველია.

ამრიგად, ამ ენდოფსიქიკურ მხარეზე პირველი ფუნქცია მეხსიერება გახლავთ. მეხსიერება ანუ რეპროდუქციის უნარი იმ ნივთებთან გვაკავშირებს, რომლებიც ცნობიერებიდან გამქრალან, – ცნობიერების ზღურბლს დაბლა ჩაძირულან, ანდა რომლებიც განზე გაუწევიათ და განუდევნიათ. რასაც ჩვენ მახსოვრობას ანდა გახსენებას ვუწოდებთ – ეს არაცნობიერად ქცეულ შინაარსთა რეპროდუცირების უნარია. აი, ეს უნარია პირველი ფუნქცია, რომელიც შეგვიძლია თამამად გამოვყოთ, როგორც დამაკავშირებელი რგოლი ცნობიერებასა და იმ შინაარსებს შორის, რომელნიც მოცემულ მომენტში ცნობიერების ველში არ იმყოფებიან.

მეორე ენდოფსიქიკური ფუნქცია რთული პრობლემის წინაშე გვაყენებს. აქ ჩვენ წყვდიადში ვინთქმებით და ფეხქვეშ ნიადაგში გვეცლება. საქმე ეხება ცნობიერ ფუნქციათა სუბიექტურ კომპონენტებს. იმედი მაქვს, შევძლებ სათქმელის ნათლად გადმოცემას. ვთქვათ, გაიცანით ადამიანი, რომელიც ადრე არასოდეს გინახავთ. ბუნებრივია, რაღაც აზრი შეგექმნებათ მის შესახებ. ყოველთვის როდი გენდომებათ, მაშინვე გაუზიაროთ, თუ რას ფიქრობთ მასზე, – იქნებ თქვენ ისეთ რამეს ფიქრობთ, რაც სულაც არაა მართალი, რაც შეეფერება. ამრიგად, საქმე გვაქვს აშკარად სუბიექტურ რეაქციებთან. ასეთი რეაქციები საგნებისა და სიტუაციების მიმართაც იჩენენ თავს. ცნობიერების ფუნქციის ჩართვას – რა ობიექტზეც უნდა იყოს ის მიმართული – ყოველთვის თან ახლავს სუბიექტური რეაქციები, რომელთა არსებობაშიც საკუთარი თავის წინაშე გამოტყდომა დიდად არასოდეს გვეპიტნავება, და რომელნიც მცდარია, ან არაზუსტი. უსიამოდ განვიცდით ხოლმე, ამ მოვლენათა მიმდინარეობას რომ ვამჩნევთ ჩვენში, და აბა, ვის ეხალისება აღიაროს, რომ მათ ემორჩილება. ყველას ურჩევნია ჩრდილში დატოვოს ისინი, რადგანაც მაშინ უფრო გაუადვილდება ჩათვალოს, რომ თვითონ სრულიად უმწიკვლოა, ძალზე სანდომიანი, პატიოსანი, წესიერი, სიკეთით აღსავსე და ა.შ., – აბა, ვისთვისაა უცხო ასეთი შეხედულებები. სინამდვილეში კი ასეთები არა ვართ. აუარებელი სუბიექტური რეაქცია გვაქვს, მაგრამ მათი აღიარება მაინცდამაინც არაფრად გვეჭაშნიკება. ამ რეაქციებს მე სუბიექტურ კომპონენტებს ვუწოდებ. ისინი ჩვენი შინაგანი მხარისადმი დამოკიდებულების ძალზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. აქ ყველაფერი განსაკუთრებით მტკივნეულია. ამიტომაა ასე ასიამოვნო ,,მე”-ს ამ ბნელ სამეფოსთან საქმის დაჭერა. საკუთარი დაჩრდილული მხარის, საკუთარი ნაკლოვანების წინაშე გვიყვარს თვალის დახუჭვა; ამიტომაცაა, რომ ჩვენს ცივილიზებულ საზოგადოებაში ბევრს თავისი ჩრდილი (Schatten) საერთოდ დაუკარგავს, თავიდან მოუშორებია, და მხოლოდ ორგანზომილებიანად დარჩენილა. მესამე განზომილება, და შესაბამისად, როგორც წესი, სხეულიც, მათ დაკარგული აქვთ. სხეული ძალზე საეჭვო მეგობარია – ისეთ რაღაცეებს გამოავლენს ხოლმე, რაც ჩვენს მოწონებას სულაც არ იმსახურებს; უამრავი რამაა ისეთი, სხეულს რომ ეხება, რის შესახებაც ლაპარაკი არ შეგვიძლია. ხშირ შემთხვევაში სხეული ჩვენი ,,მე”-ს ამ ჩრდილის განხორციელებას წარმოადგენს. ზოგჯერ ის ,,სამარცხვინო ლაქაა”, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, ყველა სიამოვნებით მოიშორებდა თავიდან. ახლა ცხადი უნდა იყოს, თუ რას ვგულისხმობ სუბიექტურ კომპონენტებში. საზოგადოდ ისინი წარმოადგენენ გარკვეულ ყაიდაზე რეაგირების ტენდენციას და უმრავლეს შემთხვევაში ამ ტენდენციას არც თუ ისე დადებითი ელფერი დაჰკრავს.

მაგრამ აქ არსებობს გამონაკლისი; ეს ეხება ადამიანებს, რომელთაც, ჩვენგან განსხვავებით, არ მიაჩნიათ: რასაკვირველია, პოზიტიურ მხარეზე ვცხოვრობ და ყოველთვის სწორად ვიქცევიო. ეს ის ხალხია, ჩვენ რომ ხელმარცხიანებს ვეძახით; ისინი სულ მუდამ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე განგაშსა და ალიაქოთს იწვევენ, რადგან თვიანთი საკუთარი ჩრდილის ცხოვრებით ცხოვრობენ; იმას სჩადიან, რაც თვითონვე გასაკიცხად მიაჩნიათ. ეს ის ადამიანებია, რომელთაც აგვიანდებათ კონცერტზე თუ მოხსენებაზე, და ვინაიდან მეტად მორიდებულნი არიან და უნდათ, ხელი არავის შეუშალონ, სადღაც უკან მიიძურწებიან; ჰოდა, ამ დროს სკამს წამოედებიან და ისეთ საშინელ ბრახაბრუხს ატეხენ, რომ მთელი პუბლიკა თავს მათკენ მიაბრუნებს. აი, რა ხალხია ხელმარცხიანები.

ახლა მივადექით მესამე ენდოფსიქიკურ კომპონენტს, – ფუნქციას-მეთქი, ვერ ვიტყვი: მეხსიერებას როცა ეხება საქმე, კიდევ შეიძლება ,,ფუნქცია” ვთქვათ, მაგრამ ისიც მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში ემორჩილება ნებელობასა და ცნობიერ კონტროლს; ხშირად ის ძალზე თავნებაა, – გაოგნებული ცხენივით, დაურვების საშუალებას რომ არ იძლევა, – გვეურჩება, უარს ამბობს თავის სამსახურზე და ხშირად ცუდ დღეში გვაგდებს. ყოველივე ამას კიდევ მეტად ვხვდებით სუბიექტურ კომპონენტთა და რეაქციათა განხილვისას. აი, აქ კი მართლა ცუდადაა ჩვენი საქმე – აქ ბობოქრობენ ემოციები და აფექტები. მათ ერთმნიშვნელოვნად აღარ შეიძლება ფუნქციები ვუწოდებთ, ისინი ხდომილობებს წარმოადგენენ, რადგან ემოცია, როგორც იტყვიან ხოლმე, ,,თან გვითრევს”, არას გვეკითხება; ჩვენს ღრმად პატივცემულ ,,მე”-ს განზე სწევენ, და რაღაც სხვა იღებს სადავეს ხელში. ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე: ,,თავი დაკარგა”, ან ,,ეშმა დაეუფლა”, ანდა: ,,რა შეუჯდა?” ეს იმიტომ, რომ კაცი გიჟივით იქცევა. პრიმიტივი თავის დღეში არ იტყვის, ისე გავბრაზდი, ყოველგვარ საზღვარს გადავაჭარბეო, – იტყვის, ჩემში რაღაც სული შემოიჭრა და თავით ფეხებემდე გარდამქმნაო. აი, ასეთი რამაა ემოცია. მართლაცდა ჭკუიდან ვიშლებით, ჩვენს თავს აღარ ვეკუთვნით, ,,მე”-ს კონტროლი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს თავისივე შინაგანი ძალები იმონებენ, ისე, რომ ამის საწინააღმდეგოდ მას არაფერი შეუძლია ოღონოს. შეუძლია მხოლოდ მუშტები შეკრას და კბილები აღრჭიალოს, რამდენიც უნდა, – ემოციასთან მაინც არაფერი გაუვა.

მეოთხე მნიშვნელოვანი ენდოფსიქიკური ფაქტორია, მე რომ შეჭრას (Einbruch) ვუწოდებ. როდესაც მასთან გვაქვს საქმე, იქ ბნელეთს, არაცნობიერს ძალაუფლება მთლიანად ხელში ჩაუგდია და ამიტომ შეუძლია ცნობიერებაში შეჭრა. ასეთ შემთხვევაში ცნობიერების კონტროლი მინიმუმამდეა დასული. ამ მომენტს ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელი არაა პათოლოგიური ვუწოდოთ, ანდა, თუ მაინცდამაინც, შეგვიძლია ასე ვუწოდოთ, ოღონდ ამ სიტყვის ადრინდელი მნიშვნელობით, როცა პათოლოგია განისაზღვრებოდა როგორც მეცნიერება გრძნობა-განცდათა შესახებ. ამ აზრით შეგვიძლია ასეთ სიტუაციას პათოლოგიური დავარქვათ: მაგრამ რომ ჩავუკვირდეთ, კაცმა რომ თქვას, ეს მხოლოდ არა-ჩვეულებრივი სიტუაციაა და მეტი არაფერი, რომლის დროსაც ადამიანი არაცნობიერის მიერაა შეპყრობილი და წინასწარ ვერავინ იტყვის, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. კაცმა შეიძლება თავი დაჰკარგოს, მაგრამ მაინც მეტად თუ ნაკლებად ნორმალური იყოს. არავითარი საფუძველი არა გვაქვს, არანორმალური ვუწოდოთ ისეთ რაღაცეებს, რომელთაც მშვენივრად იცნობდნენ ჩვენი წინაპრები, – პრიმიტივებთან ხომ ეს სავსებით ნორმალურ მოვლენადაა შერაცხილი. ამის შესახებ ისინი იტყვიან, ამა და ამ კაცს ეშმაკი, ანდა ქაჯი ჩაუსახლდაო, ან: სამშვინველმა მიატოვაო, – თავისმა ერთ-ერთმა შემადგენელმა სამშვინველმა, რომელნიც მათ ზოგჯერ ექვსამდე გააჩნიათ. სამშვინველმა თუ მიატოვა, უეცრად შეიცვლება გუნება; ის საკუთარ თავს კარგავს, საკუთარი თავის დანაკლისს განიცდის. ამ მოვლენაზე დაკვირვება ხშირად შეიძლება ნევროტულ პაციენტებთან. უეცრად მათ ენერგია ეცლებათ, თავს კარგავენ და რაღაც უცნაურ ზეგავლენაში ექცევიან. ეს ფენომენები ჯერ კიდევ არაა პათოლოგიური; ისინი ადამიანური ბუნების გამოვლენის ნორმალური ფორმებია; მაგრამ ძალიან თუ გახშირდა, მაშინ უფლება გვაქვს ნევროზის შესახებ ვილაპარაკოთ. ამრიგად, ასეთმა მოვლენებმა შეიძლება ნევროზამდეც მიგვიყვანოს, ისე, კი, უბრალოდ, ნორმალურ ადამიანთა უჩვეულო მდგომარეობებია და სხვა არაფერი. ემოციები თუ გვერევა, ეს პათოლოგიური კი არაა, არამედ, უბრალოდ, არასასურველია. რა საჭიროა რაიმე არასასურველის აღსანიშნავად ისეთი სიტყვის შემოტანა, როგორიცაა ,,პათოლოგიური”. არასასურველი რამდენი რამაა ამ ქვეყანაზე, მაგრამ პათოლოგიური კი არა; მაგალითად, გადასახადების ამკრეფი.

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით