logo-herba

antiD-header

კარლ გუსტავ იუნგი - ბიოგრაფია

Carl Gustav Jung

კარლ გუსტავ იუნგი – Carl Gustav Jung (1875 – 1961)

კარლ გუსტავ იუნგი – დაიბადა 1875 წლის 26 ივლისს კესვილში (თურგუს კანტონი, შვეიცარია) ღარიბი პროტესტანტი მღვდლის ოჯახში. იუნგი იხსენებდა, რომ მამა თუმცა ღა იცავდა ყველა წეს-ჩვეულებას, როგორც ეს კეთილსინდისიერ მღვდელს შეეფერება, მაგრამ ამის და მიუხედავად შინაგანად არ იყო დარწმუნებული ღმერთის არსებობაში. იუნგის დედა ემოციურად გაუწონასწორებელი ქალი იყო. შემდგომში იუნგი მას როგორც სულიერად ავადმყოფს დაახასიატებს. საერთოდ საინტერსეოა, რომ იუნგის სანათესაოში მრავლად მოიპოვებოდა ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანები, მაგალითად მისი ბიძაშვილი ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მედიუმი იყო. იუნგმა მისი შემთხვევა თავის დისერტაციაშიც კი გამოიყენა. თავად იუნგსაც ქონდა გარკვეული პრობლემები. ის იხსენებდა, რომ ჰქონდა ხოლმე შეგრძნება ტითქოს მასში ორი ადამიანი ცხოვრობს, რაც მის პიროვნების გახლეჩაზე მიუთითებდა, თუმცაღა მნიშვნელოვან პათოლოგიაში არ გადაზრდილა. ბავშვობიდანვე გულ ჩათხრობილ იუნგს არასოდეს ჰყოლია მეგობრები, გარესამყაროს ძნელად ეგუებოდა და საკუთარი აზრების სამყაროში ცხოვრობდა.იგი თავად იყო კლასიკური მაგალითი იმ ტიპისა, რასაც მოგვიანებით `ინტროვერტი~ უწოდა.

ბაზელის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ იუნგი ფსიქიატრიით, კერძოდ კი ფსიქოანალიზით დაინტერესდა. 1890 წელს, ციურიხის კლინიკაში მუშაობისას, იუნგი ფროიდის იდეების მიმდევარი და მისი თეორიის პროპაგანდისტი გახდა. იგი იყენებდა ფროიდის მიერ შემოღრებულ თავისუფალ ასოციაციათა ტექნიკას. ფროიდს და იუნგს ხანგრძლივი მიმოწერა ჰქონდათ, სადაც ორივენი დიდ აღტაცებას და პატივისცემას გამოხატავდნენ ერთმანეთისადმი. საბოლოოდ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს. მათი პირველი შეხვედრა 13 საათს გრძელდებოდა. ფროიდი იუნგს როგორც საკუთარ მემკვიდრეს აღიქვამდა. იუნგი 1914 წლამდე იყო ფსიქოანალიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ იგი აღიარებდა ფროიდის ავტორიტეტს და თავის მასწავლებლადაც თვლიდა, მაინც ბევრ საკითხში არ ეთანხნმებოდა და 1913 წელს გაწყვიტა ურთიერთობა მასთან, მიატოვა უნივერსიტეტი და დაიწყო კვლევა და მოგზაურობა.

თავად იუნგი ფროიდს აღიქვამდა, როგორც ტრაგიკულსა და ამავე დროს დიად პიროვნებას. იუნგი განხეთქილების მიზეზად მიიჩნევდა თავის ნამუშევარს "ლიბიდოს სახეცვლილებები და სიმბოლოები". იუმგის აზრით, ფროიდი ზედმეტ ყურადღება აქცევს თავის თეორიაში სექსუალურობას და გადაწყვიტა ლიბიდოს ცნება უფრო გაეფართოებინა. იუნგისეული გაგებით ლიბიდო არის არა მხოლოდ სექსუალური არამედ საერთოდ სასიცოცხლო ფსიქიური ენერგია. იქ, სადაც ფროიდი ხედავდა მხოლოდ სექსუალურ მოტივებსა და ძალადობისადმი ლტოლვას, იუნგი აღმოაჩენდა ქალური და მამაკაცური საწყისის შერწყმას, აგრეთვე ინდივიდუალური და კოლექტიური ფაქტორების გადაჯაჭვას.

იუნგის მიხედვით, ადამიანის ფსიქიკა არაცნობიერი და ცნობიერი პროცესების ერთობლიობაა, რომლის ელემენტებს შორის მუდმივად ხდება ენერგიის გაცვლა. პიროვნების სტრუქტურა წარმოდგენილია:

  • ეგო-ცნობიერების ცენტრი, პასუხს აგებს იდენტობაზე
  • პირადი არაცნობიერი-განდევნილი და დავიწყებული განცდები
  • კოლექტიური ქვეცნობიერი-წინაპრებისა და ადამიანამდე არსებული ცხოველისგან მემკვიდრეობით მიღებული გამოცდილება

ძველად ადამიანები სიზმარს, ჰალუცინაციას ღვთის მადლად მიიჩნევდნენ, რადგან ამ დროს პირდაპირ კონტაქტში შევდივართ კოლექტიურ არაცნობიერთან. იუნგი თვლიდა, რომ ადამიანის მიერ განცდილი ფსიქიკური გამოცდილება უკვალოდ კი არ ქრება, არამედ რჩება და ვლინდება არქეტიპის სახით, რომლითაც მოტივირებულია ადამიანის ქცევა. არქეტიპები კოლექტიურ არაცნობიერში არსებული აზროვნების უნივერსალური ფორმები, ერთგვარი მითიური სახეებია, რომლებიც საერთოა მთელი კაცობრიობისთვის. ეს არც ჩვენი მოგონილი სახელებია და არც ფილოსოფიური ცნებები. ეს სიცოცხლის ნაწილებია, ხატები, რომლებიც გადაჯაჭვულია ემოციებთან და ცოცხალ ადამიანებთან.

პერსონა არის ადამიანის ნიღაბი სოციალურ ურთიერთობებში. ანიმა და ანიმუსი – ადამიანში არსებული საპირისპირო სქესის არქეტიპია. ჩრდილი – ცხოველური ინსტიქტები. თვითობა – ადამიანის ცხოვრების აზრი.

ამ ცნებათა სისტემად გაერთიანების საქმეში იუნგს დაეხმარა საკუთარი კვლევები კულტურისა და რელიგიის ისტორიაში, ასევე მისი უმდიდრესი ფსიქო-თერაპიული პრაქტიკა.

იუნგმა შემოიღო ეკვივალენტობის და ენტროპიის პრინციპი. ეკვივალენტობის პრინციპის მიხედვით, თუ რომელიმე ფასეულობა სუსტდება ან იკარგება, ფსიქიკური ენერგიის რაოდენობა არ იკარგება, იგი აღსდგება სხვა ფასეულობასთან ერთად. ენტროპიის პრინციპის მიხედვით, ფსიქიკაში ენერგიის განაწილება მიისწრაფის ბალანსისკენ, თანასწორობისკენ.

იუნგის მიხედვით არსებობს აზროვნების ორი ტიპი _ ლოგიკური და ინტუიციური. ლოგიკური აზროვნებისთვის დამახასიათებელია მიმართება გარე სამყაროსთან. იგი განსჯითა და გააზრებით მიმდინარეობს, რაც დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას საჭიროებს. პირველ რიგში მასთან დაკავშირებულია მეცნიერება, ტექნიკა, ინდუსტრია, რაც რეალობის კონტროლის იარაღია. მხატვრული შემოქმედებისთვის, მითოლოგიისა და რელიგიისთვის კი აუცილებელია ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივი წარმოსახვის უნარი. ასეთი აზროვნება არახელსაყრელია გარე სამყაროსთან შეგუებისთვის, რადგან იგი სცილდება რეალობას და გადადის ფანტაზიისა და ოცნების სამყაროში.

იუნგმა ისეთი ტერმინები შემოიღო, როგორიცაა "ინტროვერტი" და "ექსტრავერტი".

ექსტრავერტებს ახასიათებს გახსნილობა გარე სამყაროსთან, ხოლო ინტროვერტებს პირიქით _ კონცენტრირება საკუთარ თავზე. ეს უკანასკნელნი არ არიან დამოკიდებულნი ობიექტზე. ექსტრავერტები და ინტროვერტები _ მხოლოდ ადამიანთა ორი ტიპია. ისინი ხშირად გვხვდებიან. მათი აღმოჩენა საკმაოდ იოლია. თუმცა იუნგის მიერ შემოღებული ტერმინები ფსიქოლოგიური ტიპების აღწერისათვის არ არის დოგმატური. მაგალითად, მაჰათმა განდი იყო ასკეტი (ინტროვერტი), ამავე დროს პოლიტიკოსიც (ექსტრავერტი). სიცოცხლის ბოლო ათწლეულების განმავლობაში იუნგის განკარგულებაში იყო უნიკალური დარბაზი ღია ცის ქვეშ ლაგო მაჟორის მახლობლად, სადაც ყოველ წლიურად თავს იყრიდნენ მეცნიერები მთელი მსოფლიოდან მრავალფეროვანი მოხსენებებითა და დისკუსიების გასამართავად, რომლებიც ეხმიანებოდა იუნგის მოსაზრებებს. სიცოცხლის ბოლო წლებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი შრომები პირველად სწორედ ამ შეკრებებზე წარმოადგინა სამეცნიერო საზოგადოების წინაშე.

აღსანიშნავია ასევე იუნგის პარანორმალური თვისებებისადმი მიდრეკილება. მაგალითად, მას ღამით გამოაღვიძა თავის ტკივილმა, როგორც გაირკვა დილით დაახლოებით იმავე დროს მისმა ერთერთმა პაციენტმა მოიკლა თავი ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში გასროლით. ასევე იუნგისა და ფროიდის პირველი შეხვედრისას, ორივე ფსიქოლოგმა მკაფიოდ გაიგონა რაღაც ძლიერი ხმა, რომელიც წიგნების კარადის მხრიდან მოისმოდა. იუნგმა გამოთქვა აზრი, რომ ეს ორი ანალიტიკოსის შეხვედრის შედეგად წარმოქმნილი ენერგია იყო და რომ ის განმეორდებოდა და მართლაც ხმა განმეორდა. შესაძლოა ეს ყოველივე დამთხვევა იყო, მაგრამ იუნგი თვლიდა, რომ ეს იყო კოლექტიური არაცნობიერის გამოხატულება და ასეთ მოვლენებს სინქრონია დაარქვა. ასევე აღსანიშნავია, რომ იუნგის სიკვდილის ღამეს რამდენიმე მისმა მოწაფემ ერთი და იგივე კოშმარული სიზმარი ნახა.

იუნგი გარდაიცვალა 1961 წლის 6 ივნისს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ.

წყარო: ბურუსი

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით