განწყობილების ცვალებადობა ყველასთვის ნაცნობი მოვლენაა. მოწყენილობაც ასევე ნორმალური რეაქცია ამა თუ იმ ცხოვრებისეული გამოწვევის, სირთულისა თუ იმედგაცრუების საპასუხოდ. ბევრი ასეთ განცდებს დეპრესიას არქმევს, თუმცა სინამდვილეში ასეთი ყოველდღიური, ხანმოკლე და თვითკომპენსირებადი მდგომარეობა დეპრესია არ არის.
აღსანიშნავია, რომ დეპრესიაში მყოფი ზოგიერთი ადამიანი მოწყენილობას საერთოდ არ უჩივის — მათ უსიცოცხლობა, სიცარიელე, აპათია აწუხებთ. მამაკაცები და მოზარდები კი დეპრესიის დროს სევდიანობის ნაცვლად შეიძლება ბრაზმა, აგრესიამ და მოუსვენრობამ შეიპყროს.
როგორი სიმპტომებითაც არ უნდა გამოვლინდეს დეპრესია, იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში გავრცელებული მოწყენილობისგან განსხვავებული მდგომარეობაა, რომელიც ცვლის პიროვნების შრომის, სწავლის, სიამოვნების განცდის უნარს, მადას, ძილს. დეპრესიის დროს ხშირია უმწეობისა და უსარგებლობის განცდა. უფრო მეტიც — დეპრესია თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდესი რისკფაქტორია.
ბევრს მიაჩნია, რომ დეპრესია მხოლოდ სუსტი ადამიანების ხვედრია, ამიტომაც ცდილობს დამალოს იგი, არავის გაუმხილოს და დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობას ადამიანი თვითონვე მოერევა. სინამდვილეში დეპრესია ქრონიკული დაავადებაა, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და სხვა. ის შეიძლება დაემართოს ნებისმიერი სქესის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანს. მას კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება.