დეპრესიას ერთი კონკრეტული და უნივერსალური მიზეზი არ გააჩნია. მის აღმოცენებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს. ფიქრობენ, რომ დეპრესიის დროს ადამიანის ტვინში განსაზღვვრული ცვლილებები ხდება. მაგალითად, იცვლება ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების) კონცენტრაცია. გასათვალისწინებელია ჰორმონული ცვლილებებიც: ჰიპოთირეოზი, მენოპაუზა და სხვა. განსაზღვრულ მნიშვნელობას ანიჭებენ ასევე მემკვიდრეობით ფაქტორს, ვინაიდან დეპრესია უფრო მეტად ისეთ ადამიანებს შორის გვხვდება, რომელთა ოჯახის წევრებიც იმავე დაავადებით იტანჯებიან. დეპრესიის განვითარება მოსალოდნელია მაშინაც, თუ პოტენციური პაციენტის ბიოლოგიურ ნათესავს სუიციდის მცდელობა ჰქონია. მეცნიერები ცდილობენ იპოვონ გენი, რომელსაც შესაძლოა მიუძღოდეს ბრალი დეპრესიის განვითარებაში. ბუნებრივია, დეპრესიის აღმოცენებას ხელს უწყობს ძლიერი ცხოვრებისეული სტრესიც: საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ფინანსური პრობლემები, უკურნებელი დაავადების დიაგნოზი და სხვა. ბავშვობაში გადატანილი ფსიქოლოგიური სტრესი (ძალადობა, მშობლის დაკარგვა) პერმანენტულ ცვლილებებს იწვევს თავის ტვინში, რაც მომავალში პირს დეპრესიისადმი განაწყობს.
ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ასევე მეგობრების სიმცირე, ურთიერთობების სიღარიბე. გასათვალისწინებელია პიროვნების ისეთი ხასიათობრივი თავისებურებებიც, როგორიც არის დაბალი თვითშეფასება, სხვაზე დამოკიდებულება, თვითკრიტიკულობა, პესიმიზმი და სხვა. დეპრესიის გამო ზოგიერთი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიმართავს. ხდება პირიქითაც — ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო ხშირად აღმოცენდება დეპრესია. დაბოლოს, ზოგიერთი პრეპარატი (არტერიული წნევის დამწევი, საძილე საშუალებები და სხვა) შესაძლოა ხელს უწყობდეს დეპრესიის განვითარებას.
დაავადებამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა უმთავრესად 20 წელს გადაცილებულებს ემართებათ. ქალები მამაკაცებზე ორჯერ ხშირად ავადმყოფობენ, თუმცა ნაწილობრივ ეს შესაძლოა იმიტომაც ჩანდეს ასე, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით ადვილად გამოხატავენ გრძნობებს და ხშირად მიმართავენ ექიმს დახმარებისთვის.
— დეპრესია უბრალო უგუნებობა არ არის, ის ქრონიკული და მორეციდივე (განმეორებადი) დაავადებაა, საიდანაც გამოსავალი ექიმის დახმარებით უნდა ეძებოთ.