დეპრესია სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვანაირად გამოვლინდება, თუმცა აქვს საერთო ნიშნები და სიმპტომებიც. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- უმწეობისა და უიმედობის განცდა. დამახასიათებელია გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნება, როცა ადამიანს ეჩვენება, რომ უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება.
- ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა. ძველი გატაცებები და ხალხთან ურთიერთობა კარგავს აზრსა და ხალისს. ადამიანი ვერ ახერხებს სიამოვნების მიღებას, მას არაფერი ანიჭებს სიხარულს.
- მადისა და წონის ცვლილებები. მადის დაქვეითების ან გაძლიერების გამო დეპრესიის ფონზე შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს წონა: მოიკლოს ან მოიმატოს 5%-ით და უფრო მეტად 1 თვის განმავლობაში.
- ძილის დარღვევები. უძილობა, განსაკუთრებით — დილაადრიან გაღვიძება ან მეტისმეტი ძილიანობა, ე.წ. ჰიპერსომნია.
- აზროვნების, მეტყველებისა და მოძრაობების შენელება. პიროვნება ისე ცოცხლად და აქტიურად ვეღარ აზროვნებს, როგორც ადრე. ასეთი ცვლილებები მის მეტყველებასა და მოძრაობაშიც შეინიშნება. შესაძლოა, უფრო ხმადაბლაც დაიწყოს ლაპარაკი.
- დანაშაულისა და უვარგისობის განცდა. ასეთ დროს პაციენტი განუწყვეტლივ იხსენებს საკუთარ წარუმატებლობას, გამუდმებით იდანაშაულებს თავს იმაში, რომ ცხოვრება ისე არ აეწყო, როგორც სურდა.
- გაღიზიანებადობა და სიბრაზე. ზოგჯერ დეპრესიას თან ახლავს მოუსვენრობა, აღელვება, გაშმაგება. ამტანობა დაქვეითებულია. პაციენტი ყოველ წვრილმანზე ფეთქდება.
- ენერგიის დაკარგვა. ხშირია ქრონიკული დაღლილობა, სხეული თითქოს დამძიმებულია, უმნიშვნელო საქმიანობაც კი ძალზე დამქანცველია და დიდ დროს მოითხოვს.
- მაღალი რისკის აქტივობა. საკუთარი პრობლემების დასავიწყებლად ზოგიერთი მიმართავს ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, აზარტულ თამაშებს, ექსტრემალურ სპორტს, გაუფრთხილებლად მართავს მანქანას და სხვა.
- კონცენტრირების უნარის დაქვეითება. ყურადღების, გადაწყვეტილების მიღების, ფაქტების დამახსოვრების უნარის შესუსტება.
- აუხსნელი ტკივილები. დეპრესიისთვის დამახასიათებელია ისეთი ფიზიკური ჩივილები, როგორიც არის თავის, ზურგის ან მუცლის ტკივილი და სხვა, რასაც ორგანული საფუძველი არ გააჩნია
. - ფიქრები სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე. უმწეობისა და უიმედობის განცდის დროს ადამიანმა ერთადერთი გამოსავალი შესაძლოა სიკვდილსა და თვითმკვლელობაში დაინახოს, ამიტომ თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარი სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე საუბრობს, ყურადღებით მოეკიდეთ — თვითმკვლელობაზე საუბარი შესაძლოა დახმარების სათხოვნელად თავგანწირული ყვირილი იყოს.