დეპრესიის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი. მკურნალობის ძირითადი მიმართულებებია მედიკამენტური თერაპია და ფსიქოთერაპია. ორივე მეთოდი ეფექტურია, ხოლო მათი კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში შედეგი საუკეთესოა.
ანტიდეპრესიული პრეპარატი ბევრია. მათ რამდენიმე ჯგუფად ყოფენ. მოკლედ მიმოვიხილავთ ზოგიერთ მათგანს. სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები. მრავალი ექიმი სწორედ ამ ანტიდეპრესანტებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ისინი სხვებთან შედარებით უსაფრთხოა და გვერდითი მოვლენებიც უფრო ნაკლებად აქვს გამოხატული. ეს პრეპარატები მრავალგვარი დასახელებით გამოდის, თუმცა მათი მოქმედი ნივთიერება სულ რამდენიმეა. ესენია: ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ციტალოპრამი და ესციტალოპრამი. მკურნალობის დროს აღმოცენებული გვერდითი მოვლენები დროებითია, ისინი მხოლოდ მკურნალობის დასაწყისში იჩენს თავს და მერე თანდათანობით გაივლის. მათ მიეკუთვნება საჭმლის მონელების დარღვევა, აღგზნებულობა, თავის ტკივილი, უძილობა და სხვა. დეპრესიის მექანიზმებს შორის განიხილება თავის ტვინში სეროტონინის უკმარისობის მექანიზმიც. ამ ჯგუფის პრეპარატები ზრდის თავის ტვინში სეროტონინის კონცენტრაციას, რაც განწყობილების ამაღლებას უზრუნველყოფს. სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები. ზემოხსენებული ჯგუფისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ სეროტონინის კონცენტრაციაზე ახდენს გავლენას, ეს პრეპარატები მოქმედებს ორ სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერზე: სეროტონინსა და ნორეპინეფრინზე (ნორადრენალინზე). მათ მიეკუთვნება ვენლაფაქსინი. ამ ჯგუფის პრეპარატების უსაფრთხოების პროფილი და გვერდითი მოვლენები სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებისას ჰგავს.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. ეს ჯგუფი გაცილებით ძველია, ვიდრე პირველი ორი, თუმცა ეფექტურობით ახალ ანტიდეპრესიულ პრეპარატებს არ ჩამოუვარდება. მათ რიცხვს მიეკუთვნება ამიტრიპტილინი, იმიპრამინი, კლომიპრამინი და სხვა. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს მრავალი გვერდითი მოვლენა აქვს, რასაც ზოგჯერ პაციენტი ვერ ეგუება. ამიტომ არის, რომ ხშირად ექიმები დეპრესიის მკურნალობას ამ ჯგუფის პრეპარატებით არ იწყებენ. მათ უმთავრესად მაშინ იყენებენ, როცა ზემომოხსენებული ჯგუფის პრეპარატები უეფექტო აღმოჩნდება. ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გვერდითი მოვლენებია არტერიული წნევის დაქვეითება, პირის სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა, ყაბზობა, შარდის შეკავება, გულის ფრიალი, გაბრუება და სხვა. ხანდაზმულებს შესაძლოა განუვითარდეთ მეხსიერების დარღვევა და ჰალუცინაციებიც კი. ცნობილია ასევე, რომ ტრიციკლური ანტიდეპრესანტები წონის მატებას იწვევს.
ანტიდეპრესიულ პრეპარატებთან ერთად ექიმმა შეიძლება გამოიყენოს სხვა ჯგუფის მედიკამენტებიც – მასტიმულირებელი, სედაციური, ანტიფსიქოზური... ყოველი ადამიანი ინდივიდია, რის გამოც ამა თუ იმ პაციენტისთვის სწორი მკურნალობის შერჩევას შესაძლოა განსაზღვრული დრო და ძალისხმევა დასჭირდეს. აღსანიშნავია ასევე, რომ ანტიდეპრესიული პრეპარატების მოქმედების შედეგი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ (3-დან 8 კვირამდე) ხდება თვალსაჩინო. ამდენად, მკურნალობის შეწყვეტა ექიმის მიერ მითითებულ ვადაზე ადრე არასასურველია. გვერდითი მოვლენების აღმოცენების შემთხვევაში ნუ შეწყვეტთ მკურნალობას, დაუკავშირდით ექიმს და აცნობეთ მას ამ გვერდითი მოვლენების შესახებ. შესაძლოა, პრეპარატის შეწყვეტა სულაც არ იყოს საჭირო და გვერდითი მოვლენების შესამცირებლად დოზის კორექციაც საკმარისი აღმოჩნდეს. გახსოვდეთ ისიც, რომ ანტიდეპრესიული პრეპარატი ერთბაშად არ უნდა მოიხსნას. ამ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მოხსნის სინდრომი. ანტიდეპრესიული პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს და მიღება ამგვარად შეწყდეს.
იწვევს თუ არა ანტიდეპრესიული პრეპარატები შეჩვევას? ტრანკვილიზატორები (დიაზეპამი, ფენაზეპამი, ბრომაზეპამი, ალპრაზოლამი) ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში მართლაც იწვევს შეჩვევას, რის შემდეგაც პრეპარატის მოხსნა ძალიან ძნელია. როგორც ჩანს, მოსახლეობაში ეს ცოდნა განზოგადდა ანტიდეპრესიულ პრეპარატებზეც და პაციენტების გარკვეული ნაწილი მიჩვევის შიშით ანტიდეპრესანტების მიღებაზე უარს ამბობს. ტრანკვილიზატორები და ანტიდეპრესანტები სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებია. ანტიდეპრესიული ჯგუფის პრეპარატების მოხსნის სინდრომი გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ტრანკვილიზატორებისა, ხოლო დოზების თანდათანობითი შემცირების შემთხვევაში საფრთხე უმეტესად არც კი არსებობს. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ტრანკვილიზატორებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ მოკლე ხნით შეიძლება იქნეს გამოყენებული, ანტიდეპრესიული პრეპარატების გამოყენება დიდი ხნის განმავლობაშიც შეიძლება.
იწვევს თუ არა ანტიდეპრესიული პრეპარატები სუიციდური ფიქრების პროვოცირებას? ეს საფრთხე მართლაც არსებობს, უმთავრესად – მოზარდებში, რომელთა შორისაც სუიციდური ფიქრები ყოველგვარი მკურნალობის გარეშეც ყველაზე მეტად არის გავრცელებული (იხ. თავი “მოზარდების დეპრესია”). გარდა პაციენტის ასაკისა, საფრთხის ზომა დამოკიდებულია დეპრესიის სიმძიმეზეც. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეპრესიების შემთხვევაში ანტიდეპრესიული მკურნალობის ფონზე სუიციდური ფიქრები, ჩვეულებრივ, არ აღმოცენება. ცნობილია ასევე, რომ ეს გვერდითი მოვლენა მკურნალობის დასაწყისში იჩენს თავს, ხოლო მოგვიანებით უკუვითარდება. ამდენად, თუ ახალგაზრდა პაციენტს აქვს მძიმე დეპრესია, მკურნალობის დასაწყისში მისმა ახლობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რა გავლენას ახდენს მასზე მკურნალობა, ხომ არ შეინიშნება უკურეაქცია და მდგომარეობის გაუარესება: გაღიზიანებადობა, აგზნებულობა, უძილობა. თუ მკურნალობის დასაწყისში ასეთი სიმპტომები შეამჩნიეთ, დროულად დაუკავშირდით ექიმს. ამ რჩევების წაკითხვის შემდეგ ხელს ნუ ჩაიქნევთ და ნუ იფიქრებთ, რომ ანტიდეპრესიულ პრეპარატებთან შეჭიდება მეტისმეტად რთული ყოფილა. ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს რეკომენდაციები იმისთვის მოგეცათ, რომ გაითვალისწინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ექიმის ყოველი მითითება და გახსოვდეთ, რომ დამოუკიდებლად, თქვენი ინიციატივით, მკურნალობაში ცვლილებები არ უნდა შეიტანოთ.