logo-herba

antiD-header

დიმიტრი უზნაძე - განწყობის ფსიქოლოგია

განწყობის ფსიქოლოგია

განწყობა

1. მიზანშეწონილობის პრობლემა: მექანიციზმი და ვიტალიზმი

ორგანიზმი როგორც მთლიანი მოქმედობს. იგი როგორც მთლიანი უპასუხებს გარემოს ზემოქმედებას; და ამის შესაძლებლობას მას, როგორც ზემოდ დავინახეთ, მისი საოცარი ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურება აძლევს . მაგრამ ამ მთლიან მოქმედებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ რომ იგი მიზანშეწონილად წარიმართებოდა, ესე იგი, თუ რომ იგი ორგანიზმს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და გარემოსთან საზოგადოდ უკეთ შეგუვბის შესაძლებლობას მისცემდა.

ჩვენ ვიცით, რომ ცოცხალ ორგანიზმს სწორედ ასეთი მიზანშეწონილი მოქმედების უნარი ახასიათებს. უამისოდ იგი დაიდუპებოდა, უამისოდ სიცოცხლე საზოგადოდ შეუძლებელი იქნებოდა, უამისოდ მის მოქმედებას არავითარი აზრი არ ექნებოდა.
uznadze - gancyobis fsiqologiaდა აი იბადება საკითხი. როგორ არის ეს მიზანშეწონილი მოქმედება შესაძლებელი? როგორ ახერხებს ორგანიზმი მას? ამ ძველადძველ საკითხზე ორი განსხვავებული პასუხი იყო დღემდე ბურჟუაზიულ მეცნიერებაში გავრცელებული. მექანისტური და ვიტალისტური. თანახმად მექანისტური შეხედულებისა, ორგანიზმის მოქმედებას წმინდა მექანიკური კანონზომიერება განსაზღვრავს: ორგანიზმი ნამდვილი მანქანაა, რომლის მუშაობაც გარედან მომდინარე ზეგავლენაზვა დამოკიდებული.
თავისი უკიდურესი გამოხატულება მექანიციზმმა დეკარტის ცნობილ შეხედულებაში ჰპოვა, რომლის მიხედვითაც ცხოველი ნამდვილ მანქანას, ავტომატს წარმოადგენს, და მისი ქცევის მიზანშეწონილობა მისი აქტიური ჩარევის გარეშე ისახება. თანამედროვე ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში მექანიციზმს განსაკუთრებით ე. წ. რეფლექსოლოგია და ბიჰევიორიზმი იცავენ. მათი რწმენით, ცხოველისა და ადამიანის ქცევის გასაგებად, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ფიზიკურქიმიკური კანონზომიერების შესწავლაა საკმარისი, იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმის ქცევაც ბუნების მოვლენაა, იგი არაფერს სპეციფიკურს არ შეიცავს და, როგორც ყველაფერი ბუნებაში, ფიზიკურ-ქიმიკურ პროცესებზე უნდა იქნეს დაყვანილი.
ვიტალისტური შეხედულება სულ სხვა პოზიციაზე დგას. მისი აზრით, ცხოველის მოქმედების მიზანშეწონილების ფიზიკო-ქიმიკურად ახსნა დამარწმუნებელი არაა. ორგანიზმი, როგორც სიცოცხლის მატარებელი, არსებითად განსხვავდება არაორგანული ნივთიერებისგან, და ამიტომ მის მოქმედებას სრულიად თავისებური ფაქტორი განსაზღვრავს: ორგანიზმის ქცევის მიწანშეწონილება ფიზიკო-ქიმიკური პროცესების ნიადაგზე როდი აიგება; იგი სპეციფიკური ფაქტორიდან გამომდინარეობს, რომელსაც ყოველი ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს. ეს ფაქტორი წმინდა არამატერიალურ არსს ან ძალას წარმოადგენს. ზოგი მას ენტელექიას უწოდებს. ზოგი ფსიქოიდს, ზოგი სასიცოცხლო ენერგიას. იგი დამოუკიდებლად მოქმედობს ორგანიზმზე და შიგნიდან წარმართავს მას ამა თუ იმ მიმართულებით, იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება ორგანიზმს ამჟამად. ასე ჩნდება მიზანშეწონილი ქცევა. ეს უკანასკნელი, მაშასადამე, ახსნას არ მოითხოვს. ცოცხალ ორგანიზმს იმთავითვე აქვს თანდართული საგანგებო ძალა, რომელიც მას მიზანშეწონილი მოქმედების უნარს ანიჭებს. ასეთია ვიტალისტური თვალსაზრისი.
თავისთავად იგულისხმება. არცერთი ეს თვალსაზრისი არაა მისაღები. მექანიციზმი ცოცხალი ორგანიზმის სპეციფიკურობას უარყოფს. მაშასადამე, სიცოცხლვ მისთვის განვიოარების ახალ საფეხურს არ წარმოადგენს: იგი კვლავ არაორგანული ნივთიერების კანონზომიერებათა ფარგლებში რჩება. ვიტალიზმი მეორე უკიდურესობაში ვარდება. იგი ორგანულსა და არაორგანულს შორის გარდუვალ უფსკრულს თხრის, მათ შორის აბსოლუტურ განსხვავებას სჭვრეტს, რამდენადაც იმას, რაც სპეციფიკურია ორგანიზმისთვის, არამატერიალურად აცხადებს.
ეს საკითხი მხოლოდ მატერიალისტური დიალექტიკის ნიადაგზე შეიძლება გადაწყდეს: ორგანულსა და არაორგანულს შორის უფსკრული არ არსებობს: რამდენადაც ორგანულიც მატერიის მოძრაობის ერთერთ ფორმას წარმოადგენს, ისიც არაორგანულის მსგავსად, მატერიალურის კანონზომიერებას ემორჩილება. მაშასადამე, ყველაფერი, რაც მასში ხდება, გარკვეული ფიზიკურ-ქიმიკური მიზეზით უნდა იქნეს ახსნილი: ორგანული, ცოცხალი, ისე როგორც არაორგანულიც, მიზეზ-შედეგთა უწყვეტ ჯაჭვშია ჩართული; და იმისთვის, რომ მასში რაიმე მოვლენის გაგება მოახერხო, უთუოდ მისი მიზეზი უნდა გამონახო. ერთი სიტყვით, ყველაფერი მიზეზით არის განსაზღვრული. ვიტალიზმის ძირითადი შეცდომა ისაა, რომ ორგანიზმში იგი ძალის არსებობას გულისხმობს, რომლის მოქმედებსაც მიზეზი კი არა, მიზანი განსაზღვრავს: თუ ორგანიზმისთვის, მაგალითად, ესა და ეს მოძრაობაა ხელსაყრელი, საჭირო, ერთი სიტყვით, მიზანშეწონილი, ეს ძალა სწორედ ამ მოძრაობას წარმოაქმნევინებს მას. მაგრამ არც ისაა სწორი, რასაც მექანიციზმი უჭერს მხარს. მართალია, ორგანულიც მატერიის მოძრაობის ერთერთი ფორმაა, და მისი არაორგანულისგან სრული მოწყვეტა არ შეიძლება. მაგრამ იგი ცოცხალი მატერიაა და, როგორც უფრო მაღალი ფორმა მატერიის განვითარებისა, მისი ორგანიზაციის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. როგორც ასეთი, იგი ახალ რომელობით თავისებურებას შეიცავს და, მაშასადამე, მთლიანად არაორგანულის კანონზომიერებაზე ვერ დაიყვანება: იგი ახალ, სპეციფიკურ კანონზომიერებას, ბიოლოგიურ კანონზომიერებას გულისხმობს, რომლის გარეშეც ორგანიზმის მოქმედების გაგება სრულიად შეუძლებელი იქნებოდა.

2. მიზანშეწონილების პრობლემა: განწყობა

როგორ უნდა გავიგოთ ორგანიზმის ეს სპეციფიკური თავისებურება? ენგელსი ამბობს, რომ `მიზანშეწონილი მოქმედება ჩანასახში ყველგან არსებობს, სადაც კი პროტოპლაზმა არის, სადაც ცოცხალი ცილა არსებობს და რეაგირობს, ესე იგი, თუნდ სულ მარტივ მოძრაობას იძლევა, როგორც შედეგს გარედან მომდინარე გარკვეული გაღიზიანებისას. ასეთ რეაქციას იქაც კი აქვს ადგილი, სადაც ჯერ კიდევ არავითარი უჯრედი არ არსებობს, მით უმეტეს, ნერვული უჯრედი~-ო.
მაშ, ნათელია, რომ ყოველი ცოცხალი არსისთვის, ყოველი მეტად თუ ნაკლებად რთული ორგანიზმისთვის ძირითადში მიზანშეწონილი ქცევაა დამახასიათებელი. იგი არის ის სპეციფიკური თავისებურება, რომელიც ორგანული მატერიის რომელობითს მონაპოვარს წარმოადგენს და არაორგანულისთვის სრულიად უცხოა. ჩვენი პრობლემა, მაშასადამე, იმაში მდგომარეობს, რომ გავარკვიოთ, თუ როგორაა შესაძლებელი, რომ ორგანიზმის, როგორც მატერიის ერთ-ერთი ფორმის, ქცევა უდაოდ მიზეზობრივად იყოს განსაზღვრული, მაგრამ იმავე დროს მიზანშეწონილობითაც ხასიათდებოდეს.
ვნახოთ ჯერ, საიდანაა, რომ ცოცხალი არსების ქცევა მიზანშეწონილი ხასიათისაა. უდაოა, რომ ქცევის ეს ნიშანი ცოცხალი ორგანიზმის რომელიღაც განსაკუთრებით სპეციფიკური თავისებურებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მაშასადამე, პირველ რიგში გამოსარკვევია, თუ რა უნდა ჩაითვალოს ამ სპეციფიკურ თავისებურებად, ისეთ თავისებურებად, რომ მის გარეშე ცოცხალი ორგანიზმის არსებობაც კი შეუძლებელი იყოს.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ცოცხალი ორგანიზმის ძირითადი განსაკუთრებით ნიშანდობლივი თავისებურება, რომლითაც იგი მკვეთრად განსხვავდება არაორგანული სხეულისგან, ეს ისაა, რომ იგი გარემოსთან ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლის განუწყვეტელ ურთიერთობაში იმყოფება. როგორც ყველამ იცის, გარეშე ამ ურთიერთობისა, სიცოცხლე სრულიად შეუძლებელი იქნებოდა. `სიცოცხლე ცილოვან ნივთიერებათა არსებობის ფორმაა, რომლის არსებითს მომენტსაც გარემო ბუნებასთან ნივთიერებათა მუდმივი გაცვლა-გამოცვლა შეადგენს და რომელიც ამ გაცვლაგამოცვლის შეწყვეტასთან ერთად ისპობა~-ო, ამბობს ენგელსი. რასაკვირველია, ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლის შესახებ არაორგანულ სინამდვილეშიც შეიძლება ლაპარაკი, იმიტომ რომ ქიმიკური პროცესების არსებობა ყველგან დასტურდება. მაგრამ აქ სულ სხვაგვარ გაცვლაგამოცვლასთან გვაქვს საქმე. `არაორგანულ სხეულთა შემთხვევაში ნივთიერებათა გაცვლაგამოცვლა არღვევს მათ, ხოლო ორგანულ სხეულთა შემთხვევაში იგი მათი არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენსო~, გვეუბნება ენგელსი. ამიტომ ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლა, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმისთვისაა დამახასიათებელი.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ცოცხალი არსების სპეციფიკურ თავისებურებას, განვითარების რა საფეხურზეც უნდა იდგეს იგი, ყველგან ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლა შეადგენს. სხვანაირად ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალ ორგანიზმს ის გარემოება ახასიათებს, რომ იგი ყოველთვის რაიმე მოთხოვნილების მატარებელია, რომ მას ყოველთვის რაიმე მოთხოვნილება, პირველ რიგში, ნივთიერი მოთხოვნილება აქვს. არაორგანული სხეულის შესახებ ამის თქმა, რასაკვირველია, არ შეიძლება. ნივთიერების გაცვლა-გამოცვლა მას არ ესაჭიროება, მოთხოვნილება მას არა აქვს.
ამრიგად. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ცოცხალ ორგანიზეს ორი თავისებურება აქვს, რომლის მსგავსსაც არაორგანულ სინამდვილეში ვერაფერს ვხვდებით. ერთი _ მიზანშეწონილი ქცევა და მეორე _ მოთხოვნილება. ძნელი შესამჩნვვი არაა, რომ მათ შორის უეჭველი კავშირი არსებობს. მიზანშეწონილ ქცევას მოთხოვნილების ფაქტი უდევს საფუძვლად. თუ ცოცხალი ორგანიზმი ქცევის აქტს მიმართავს, ამას მხოლოდ იმიტომ შვება, რომ სხვანაირად მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლებელია.
მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებებს მხოლოდ გარებუნება შეიცავს. მაშასადამე, ცოცხალი არსება იძულებული ხდება, ბუნებასთან სათანადო ურთიერთობა დაამყაროს, ესე იგი, გარკვეულ ქცევის აქტებს მიმართოს. მაშასადამე, უდაოა, რომ ქცევა საზოგადოდ მოთხოვნილების ნიადაგზეა აღმოცენებული, რომ იგი მოთხოვნილების პროდუქტს წარმოადგენს.
მაგრამ რატომაა, რომ ეს ქცევა მიზანშეწონილია? როგორ ახერხებს ორგანიზმი, რომ სწორედ მიზანშეწონილ ქცევას მიმართავს? უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საკითხიც მოთხოვნილების ცნებასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს.
სანამ სხეული მოკლებულია მოთხოვნილებას, მასსა და დანარჩენ სინამდვილეს შორის სრულიად ინდიფერენტული დამოკიდებულება არსებობს. რა იმოქმედებს და რამდენად იმოქმედებს ამ სხეულზე, ეს სულერთია. იგი თავიდან ბოლომდე პასიურად განიცდის ამ ზემოქმედებას. მაგრამ რა წამს სხეულს მოთხოვნილება უჩნდება, იმ მომენტიდან სინამდვილესა და მას შორის ინდიფერენტული ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება: ამიერიდან ცოცხალი ორგანიზმი იმიტომ ამყარებს სინამდვილესთან ურთიერთობას, რომ მას მოთხოვნილება აქვს, რომლის დაკმაყოფილებაც ამ ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია. ამიერიდან, რასაკვირველია, სულერთი აღარაა მისთვის, თუ რა იმოქმედებს და როგორ იმოქმედებს ამ სინამდვილიდან მასზე.
ამიერიდან იგი გარემოსთან, როგორც არა ინდიფერენტულ რაღაცასთან, არამედ როგორც თავისი მოთხოვნილების სიტუაციასთან, აწესებს კავშირს.
მაშასადამე, თუ აქამდე სხეულსა და გარემოს მოვლენათა შორის მხოლოდ შემთხვევითი დამოკიდებულება არსებობდა, ამიერიდან ცოცხალი ორგანიზმისა და გარემოს ურთიერთობა მოთხოვნილების ნიადაგზე ყალიბდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ყველაფერი კი არ მოქმედობს გარესინამდვილეში ცოცხალ არსებაზე, არამედ მხოლოდ ის, რაც მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავს, ესე იგი, რაც ყოველს მოცემულ მომენტში აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაციას წარმოადგენს.
ამნაირად, ნათელი ხდება, რომ მოთხოვნილების მატარებელს ცოცხალ ორგანიზმზე გარემოს ცალ-ცალკე მოვლენები კი არ აწარმოებენ ზემოქმედებას, არამედ ამ მოვლენების მთელი სისტემა, რამდენადაც ისინი აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავენ, ესე იგი, რამდენადაც ისინი მის სიტუაციას წარმოადგენენ.
მაგრამ მოთხოვნილების ფაქტი არა მარტო ამას ხდის გასაგებად, ესე იგი, იმ გარემოებას, რომ ცოცხალ ორგანიზმზე გარემო, როგორც მოვლენათა შემთხვევითი თავყრილობა კი არა, როგორც განსაზღვრული სიტუაცია, როგორც გარკვეული მთლიანი სისტემა, ახდენს ზეგავლენას.
მოთხოვნილების ფაქტი მეორე მნიშვნელოვან გარემოებასაც უდევს საფუძვლად, სახელდობრ შემდეგს: არაორგანული სხეული ყოველთვის მხოლოდ ობიექტს წარმოადგენს სხვა ობიექტთა გვერდით _ მას არაფერი აქვს ისეთი, რომ მისს სწორედ ასეთს და არა ისეთ დამოკიდებულებას მოითხოვდეს სხვა ობიექტებთან _ მას არაფერი აქვს ისეთი, რომ მას რაიმე ქცევას ავალებდეს. მაგრამ რა წამს სხეულს მოთხოვნილება უჩნდება, მდგომარეობა მაშინვე იცვლება: გარესინამდვილე ეხლა მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებად, მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაციად იქცევა. მაშასადამე, ორგანული სხეული, იმისდა მიხედვით, თუ რა მოთხოვნილება აქვს მას, იძულებული ხდება, ამა თუ იმ გარკვეული ხასიათის ურთიერთობა დაამყაროს გარესინამდვილესთან _ იგი იძულებული ხდება, გარკვეული ქცევის აქტებს მიმართოს.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ მოთხოვნილების ფაქტის ნიადაგზე ცოცხალი ორგანიზმი ინდივიდად ქცევის სუბიექტად, იქცევა, ხოლო მასზე მოქმედი გარე სინამდვილე მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაციად.
რას ნიშვავს ეს? უწინარეს ყოვლისა, ნათელი ხდება, რომ გარესინამდვილე ცოცხალ არსებაზე როგორც ინდივიდზე, როგორც მოთხოვნილების სუბიექტზე ახდენს ზემოქმედებას _ ესე იგი, ცოცხალი არსების არა რომელიმე ნაწილობრივ მომენტზე, მის რომელსამე ძალაზე ან ფუნქციაზე, არამედ მასზე, როგორც მთლიანზე, როგორც ინდივიდზე, როგორც მოთხოვნილების სუბიექტზე.
მაშასადამე, ნათელი ხდება ისიც, რომ გარესინამდვილის ზემოქმედების ეფექტი პირველ რიგში ცოცხალ არსებაში, როგორც მოთხოვნილების სუბიექტში, როგორც ინდივიდში, იჩენს თავს, და მაშასადამე, მხოლოდ მთლიანობითი ხასიათის შეიძლება იყოს. უკეთ რომ ვთქვათ, ეს ეფექტი მოთხოვნილების სუბიექტში რაიმე ნაწილობრივი ცვლილების სახით კი არ უნდა იჩენდეს სადმე თავს, არამედ თვითონ ინდივიდის ცვლილებას, თვითონ ინდივიდის მოდიფიკაციას უნდა წარმოადგენდეს.
მაგრამ როგორია შინაარსებულად ეს მთლიანობითი ეფექტი, ეს ინდივიდის, როგორც მოთხოვნილების სუბიექტის გადასხვაფერება ან გადახალისება? გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენთვის ამ საკითხის გადაჭრას აქვს, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი საკითხის გადაწყვეტა მთლიანად მასზეა დამოკიდებული.
გარესინამდვილე ცოცხალ არსებაზე, როგორც ინდივიდზე, მაშასადამე, როგორც მთელზე მოქმედობს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იგი ამ შემთხვევაში, როგორც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაცია მოქმედობს მასზე, როგორც სისტემა, რომელიც ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავს. მაშასადამე, იმ ეფექტში, რომელსაც იგი სუბიექტში იწვევს, გარესინამდვილე შეიძლება მხოლოდ როგორც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაცია _ და არა როგორც შემთხვევითი და ინდიფერენტული გარემო _ იყოს ასახული. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ეფექტი თვითონ სუბიექტის მოდიფიკაციას, თვითონ სუბიექტის გადახალისებას, მის გადასტრუქტურებას წარმოადგენს, და არა რაიმე ნაწილობრივ ცვლილებას, რომელიც ცოცხალი არსების რომელსამე კერძო მხარეს ეხება. ეს კი, ცხადია, შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ გარესინამდვილესთან ურთიერთობის პროცესში, ქცევის სუბიექტი, რომელიც ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ესწრაფვის, ამ უკანასკნელის სიტუაციის შესატყვისად იცვლება. მაშასადამე, იგი, როგორც მთელი, როგორც ქცევის სუბიექტი უკვე მანამდე, სანამ მოქმედებას დაიწყებდეს, თავისი მოთხოვნილების სიტუაციის შესატყვის მოდიფიკაციას განიცდის, და ამიტომ მისი მომავალი მოქმედება მოცემული სიტუაციის შესატყვისად მოდიფიცირებული არსების მოქმედებას წარმოადგენს. მაშასადამე, როგორ იმოქმედებს მოცემულ სიტუაციაში ესა თუ ის ცოცხალი არსება, ეს განსაზღვრულ ფარგლებში, უკვე მანამ არის გარკვეული, სანამ მოქმედება დაიწყებოდეს: ეს უკანასკნელი მოცემულია იმ მოდიფიკაციის სახით, რომელსაც სუბიექტი გარემოს ზემოქმედების შედეგად განიცდის. მაგრამ თუ იგი მანამდეა მოცემული, სანამ დაიწყებოდეს, ცხადია, იგი მხოლოდ როგორც წინასწარი მიდრეკილება, როგორც გარკვეული მოქმედების ტენდენციაა მოცემული.
მაშასადამე, ქცევას წინ უსწრებს სუბიექტის მდგომარეობა, რომელშიც, როგორც ობიექტური სიტუაციის ასახვაში, ამ ქცევის საერთო ხასიათი, მისი ძირითადი რაგვარობა მისი ობიექტური ვითარების შესატყვისობა წინასწარაა განსაზღვრული.
რა უნდა ვუწოდოთ ამ სპეციფიკურ მდგომარეობას? ფსიქოლოგიაში კარგა ხანია ერთი ფაქტია შენიშნული, რომელიც განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში `განწყობის~ სახელწოდებით აღინიშნება ხოლმე. ამ ფაქტის ერთერთ ნიმუშად შემდეგი შეიძლება ჩაითვალოს. როდესაც ადამიანი, ვთქვათ, პურის შესახებ რუსს ესაუბრება, მას ენაზე თავისთავად რუსული სიტყვა ადგება. ხოლო როდესაც იგი, მაგალითად, გერმანელთან დაიწყებს საუბარს, მაშინ მას შესაფერი გერმანული სიტყვა (Bროტ) აგონდება.
რატომ? რა უდევს ამ გარმოებას საფუძვლად? პასუხი ასეთია. რუსთან საუბრის დროს ადამიანი რუსულად სალაპარაკოდ არის განწყობილი, ხოლო გერმანელთა საუბრის დროს _ გერმანულად სალაპარაკოდ. მაშასადამე, რა სიტყვა მოგადგება ენაზე ყოველს კერძო შემთხვევაში, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ენაზე ლაპარაკის განწყობა გაქვს.
ჩვენ დავრწმუნდით, რომ სანამ ცოცხალი არსება საზოგადოდ რაიმე მნიშვნელოვან ქცევას ჩაიდენდეს, იგი უკვე მანამდეა ისე მოდიფიცირებული, რომ მან სწორედ ეს ქცევა უნდა ჩაიდინოს. _ სხვანაირად ასეც შეიძლებოდა გვეთქვა: სანამ ცოცხალი არსება რაიმე ქცევას მიმართავდეს, მას უკვე მანამდე აქვს ეს ქცევა განწყობის სახით მოცემული.
მაშასადამე, იმ სპეციფიკურ მდგომარეობას, რომელიც სუბიექტში მოთხოვნილების დაკმაყოფილების ობიექტური სიტუაციის ზეგავლენის შედეგად ჩნდება, განწყობა შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს ტერმინი განსაკუთრებით იმიტომაა შესაფერისი, რომ ერთის მხრივ, იგი იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ საქმე არა რომელსამე გარკვეულს შინაარსეულ ცვლილებას ეხება, რომელიც სუბიექტში ჩნდება, არამედ სუბიექტს, როგორც მთელს; მეორის მხრივ _ იმ გარემოებაზე, რომ სუბიექტის ეს სპეციფიკური მდგომარეობა მას გარკვეულ ქცევისკენ მოუწოდებს _ მაშასადამე, ეს ქცევა უკვე წინასწარაა მასში განსაზღვრული, და, დასასრულ, _ იმ გარმოებაზეც, რომ ეს სპეციფიკური მდგომარეობა დინამიკური სახის მოვლენაა, რომელმაც თავისი გამოვლენა სუბიექტის გარკვეულ აქტივობაში უნდა პოვოს.
ამრიგად, ცოცხალი არსებისა და გარემოს ურთიერთობა, რამდენადაც ამ უკანასკნელს მოთხოვნილების დაკმაყოფილების იმპულსი უდევს საფუძვლად, საბოლოოდ ასე უნდა წარმოვიდგინოთ: მოთხოვნილების დაკმაყოფილების იმპულსით ამოქმედებულს ცოცხალ არსებაზე გარემოსიტუაცია იწყებს ზემოქმედებას და მასში სიტუაციის შესაფერის გარკვეულს მთლიან ცვლილებას, გარკვეულ განწყობას იწვევს. ამიერიდან ასე შეცვლილს, გარკვეული განწყობის მქონე სუბიექტს, რასაკვირველია, მხოლოდ თავისი განწყობის შესაფერისი პროცესებისა და აქტების წარმოება შეუძლია. ამისდა მიხედვით, მისი ქცევა, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, ყოველ მონაცემ მომენტში მისი ამა თუ იმ განწყობის რეალიზაციად უნდა ჩაითვალოს.
მაშასადამე, ცოცხალი არსების ქცევას გარემო განსაზღვრავს მაგრამ ეს განსაზღვრა მექანიკური ხასიათის როდია: გარემო თვითონ ქცევას აქტებზე კი არ მოქმედობს უშუალოდ, იგი პირდაპირ კი არ იწვევს მას. არა, იგი სუბიექტზე მოქმედობს, მას სცვლის მთელი სიტუაციის შესაფერისად, მასში გარკვეული ქცევის განწყობას იწვევს. თვითონ ქცევის აქტებს კი უშუალოდ ამიერიდან ამ გარკვეული განწყობის მქონე სუბიექტი განსაზღვრავს. იგი იმ აქტებს და პროცესებს, ერთი სიტყვით, იმ ქცევას მიმართავს, რომლის განწყობაც მას სიტუაციის ზემოქმედების შედეგად აქვს შემუშავებული.
ამის შემდეგ ძნელი არ არის იმ ძირითადი საკითხის გადაჭრაც, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის ქცევის მიზანშეწონილობის ფაქტს ეხება და რომლის გამოც მექანისტური და ვიტალისტური შეხედულებები ეგოდენ მკვეთრად უპირისპირდებიან ურთიერთს. მექანიციზმისა და ვიტალიზმის ფორმულა გარემოსა და სუბიექტს შორის ურთიერთ-დამოკიდებულების შესახებ შეიძლება, როგორც ორწევრიანი ფორმულა, დახასიათდეს. მართლაცდა, მექანიციზმიცა და ვიტალიზმიც ამ ურთიერთობაში მხოლოდ ორ-ორ წევრს გულისხმობს. მექანიციზმის მიხედვით, გარემო პირდაპირ იწვევს ორგანიზმში ამა თუ იმ ქცევას. მაშასადამე, მისი ფორმულის სქემა ასეთი იქნება: გარემოქცევა.
ვიტალიზმის რწმენით, ორგანიზმი მიზანდამსახველ ძალას, ენტელექიას თუ ფსიქოიდს შეიცავს, და ქცევას სწორედ ეს ძალა განსაზღვრავს. მისი ფორმულის სქემაც ორწევრიანია.

ფსიქოიდი-ქცევა.

ჩვენ დავრწმუნდით, რომ ურთიერთობა გარემოსა და ცოცხალ არსებას შორის სხვაგვარად უნდა იქნეს წარმოდგენილი. წინააღმდეგ მექანიციზმისა და ვიტალიზმისა, ეს ურთიერთობა სამწევრიანია. ჩვენის სქემა ასეთია: გარემო _ სუბიექტი (განწყობა) _ ქცევა.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ქცევას საბოლოოდ აქაც გარემო განსაზღვრავს; მაგრამ ეს სუბიექტის შუალობით ხდება, რომელშიც იგივე გარემო სიტუაციის შესატყვის განწყობას იწვევს, და ეს უკანასკნელი ქცევას, როგორც თავის რეალიზაციას, წარმოშობს. ქცევა განწყობით არის უშუალოდ განსაზღვრული: იგი არის მისი აღმოცენების უშუალო მიზეზი. მაგრამ განწყობა ხომ იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი უკვე წინასწარაა გარკვეული ქცევისთვის მომართული. მაშ, როგორ მოიქცევა იგი ამა თუ იმ სიტუაციაში, ეს უკვე წინასწარაა მის განწყობაში მოცემული. ის, რაც უნდა მოხდეს მომავალში, ესე იგი, როგორ უნდა მოიქცეს გარკვეულ პირობებში ცოცხალი არსება, ეს უკვე მანამდეა სუბიექტის განწყობაში მოცემელი, სანამ ქცევა დაიწყებოდეს. მაშასადამე, განწყობა არა მარტო როგორც ნამდვილი მიზეზი მოქმედობს ქცევაზე, არამედ ამავე დროს თითქოს მიზნის მსგავსადაც: როგორც მიზანში წინასწარაა მოცემული ის, რაც შემდეგში უნდა მოხდეს, სწორედ ასეა განწყობაშიც.
მაგრამ განწყობის სახით ჩვენ ხომ სიტუაციის სუბიექტში ასახვასთან გვაქვს საქმე. მაშასადამე, თუ ქცევას განწყობა განსაზღვრავს, თუ ქცევა განწყობის შესატყვისად წარიმართება, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სიტუაციის შესაფერისად, მაშასადამე, მიზანშეწონილად მიმდინარეობს: ცოცხალი არსების ქცევას მიზანშეწონილი ხასიათი აქვს.
ასე წყდება ქცევის მიზანშეწონილობის საკითხის როგორც ვხედავთ, იგი მთლიანად მიზეზობრივ რკალშია ჩართული: მიზეზ-შედეგის ჯაჭვი აქ არსად არ წყდება _ არ არსებობს არავითარი გარეშე ძალა (ენტელექია, თუ ფსიქოიდი), რომელიც სინამდვი ლის მიმდინარეობის პროცესში ერეოდეს და მას ნებისმიერ მიმდინარეობას აძლევდეს. მიუხედავად ამისა, ცოცხალი არსების ქცევას მაინც მიზანშეწონილება ახასიათებს.

3. განწყობა და ადამიანი

აქამდე ჩვენ საზოგადოდ ცოცხალი არსების განწყობაზე გვქონდა საუბარი. მაგრამ ფსიქოლოგიას ხომ პირველ რიგში სპეციალურად ადამიანი აინტერესებს. ამიტომ ბუნებრივად იბადება საკითხი: რა არის სპეციფიკური ადამიანისთვის? რა ცვლილება იჩენს თავს განვითარების პროცესში ისეთი, რომ ადამიანისა და ცხოველის ქცევის განსხვავებულობის ფაქტს გასაგებად ხდიდეს? ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ შევჩერდებით. აქ კი საკმარისი იქნება, თუ რომ მას პრინციპული მხრივ მაინც შევეხებით.
ისე როგორც ცხოველის ქცევას, ბოლოს და ბოლოს, ადამიანის ქცევასაც მოთხოვნილება უდევს საფუძვლად. ეს უდაო ფაქტია, რომელიც ყოველთვის მხედველობაში უნდა ვიქონიოთ. `ადამიანებიო, _ ამბობს ენგელსი, _ მიეჩვიენ, თავის მოქმედების ახსნისას თავისი აზროვნებიდან გამოდიოდნენ, და არა თავისი მოთხოვნილებიდან; და ასე გაჩნდა დროთა მსვლელობაში ის იდეალისტური მსოფლმხედველობა, რომელიც ანტიკური ქვეყნების დაცემის ეპოქიდან დაწყებული ადამიანის გონებას ფლობდა~(ენგელსი, ბუნების დიალექტიკა, გვ. 68).
`იმისთვის რომ~ ისტორია შექმნან, `ადამიანთ უწინარეს ყოვლისა სიცოცხლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდესთ. მაგრამ სიცოცხლისთვის პირველ რიგში საჭმელ-სასმელია საჭირო, ბინა, ტანსაცმელი და ზოგი რამ კიდევ სხვა. მაშასადამე, პირველი ისტორიული საქმე _ ეს ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ საშუალებათა წარმოებაა-ო~, ამბობს მარქსი.
ამრიგად, სრულიად უდაოა, რომ ადამიანის ქცევასაც მოთხოვნილება უდევს საფუძვლად, და ამ თვალსაზრისით ცხოველსა და ადამიანს შორის განსხვავება მართლაც არაფერია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნამდვილად განსხვავება მათ შორის მაინც დიდია. საქმე ისაა, რომ ცხოველის მოთხოვნილებათა ბუნება და წრე ერთხელ და სამუდამოდ არის განსაზღვრული. მათ ცოცხალი ორგანიზმის ბიოლოგიური თავისებურებები უდევს საფუძვლად. სულ სხვა სურათს წარმოადგენს ადამიანის მოთხოვნილება. ადამიანი ისტორიული არსებაა და მისი მოთხოვნილება სოციალურ ურთიერთობათა განვითარების ნიადაგზე განუწყვეტელი ქმნადობის პროცესში იმყოფება, ამის შედეგი ისაა, რომ არა მარტო ძველი მოთხოვნილებები იცვლება, არამედ განუწყვეტლივ ახალახალი მოთხოვნილებებიც ჩნდება, მოთხოვნილებები, რომლის მსგავსსაც კი ვერაფერს ვნახავთ ცხოველთა სამკვიდროში: ადამიანი შეუდარებლად უფრო მრავალფეროვანის და მრავალმხრივი მოთხოვნილების პატრონია, ვიდრე ცხოველი.
ამ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ქცევის თავისებურებათა ნათელსაყოფად. რა წამს ცოცხალ არსებას მრავალფეროვანი მოთხოვნილება უჩნდება, რომელიც მისი ისტორიული განვითარების მიმდინარეობაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, მისი ურთიერთობა გარემოსთან საფუძვლიანად იცვლება. მართლაცდა, ცხოველს ყოველს მოცემულ მომენტში ერთი გაბატონებული მოთხოვნილება აქვს, და არ არსებობს იმავე დროს სხვა რაიმე მოთხოვნილება, რომ მას წინააღმდეგობას უწევდეს. ამიტომ მისი ურთიერთობა სინამდვილესთან ამ ერთი მოთხოვნილების ნიადაგზე წესრიგდება, მის ქცევას ამ ერთი მოთხოვნილების დაკმაყოფილების იმპულსი უდევს საფუძვლად. ამიტომ გასაგებია, რომ ცხოველს აქტიური მოთხოვნილების სიტუაციაში სრულიად გარკვეული მოქმედების განწყობა უჩნდება, რომელსაც არაფერი უშლის ხელს მაშინვე შესაფერი ქცევის სახით გაიშალოს.
მაგრამ ვთქვათ, ცოცხალ არსებას მრავალფეროვანი და მრავალგვარი მოთხოვნილება აქვს. შესაძლებელია და სრულიად ბუნებრივი, რომ ეს მოთხოვნილებები ზოგიერთ შემთხვევაში საფუძვლიანად ეწინააღმდეგებოდნენ ურთიერთს, და ერთის დაკმაყოფილება მეორის საზიანოდ იყოს მიმართული. მაგალითად, ჩვეულებრივი ბიოლოგიური მოთხოვნილებების გვერდით ადამიანს მორალური ან ესთეტიკური მოთხოვნილებებიც აქვს. ხშირია შემთხვევა, რომ ეს მოთხოვნილებები ურთიერთს ეწინააღმდეგებიან. მაგალითად, შესაძლოა, რომელიმე აქტუალური ბიოლოგიური მოთხოვნილების იმპულსი ისეთი ქცევისკენ გვიზიდავდეს, რომელიც ჩვენს მორალურ მოთხოვნილებებს ეწინააღმდეგება _ ვთქვათ, მშიერი ადვილად დაიკმაყოფილებდა თავის მოთხოვნილებას, რომ მას ნება მიეცა თავისი თავისთვის, თავისი ამხანაგის ულუფა ქურდულად ან ძალით მიეთვისებია.
მაგრამ ვთქვათ, რომ ეს ქცევა სრულიად არ ეთანხმება მის მორალურ მოთხოვნილებას. რა არის ასეთი მდგომარეობის შედეგი? რასაკვირველია, ის, რომ მშიერი სხვისი ულუფის მითვისების იმპულსს არ ემორჩილება და, ამრიგად, მონაცემ სიტუაციაში თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ცდაზე ხელს იღებს. სხვანაირად. შიმშილისა და მონაცემი სიტუაციის, ესე იგი, სხვისი ულუფის მითვისების შესაძლებლობის ნიადაგზე სუბიექტს გარკვეული ქცევის _ სხვისი ულუფის მითვისების _ განწყობა უჩნდება. მაგრამ სანამ ეს უკანასკნელი ქცევაში გადავიდოდეს, მისი მეორე მოთხოვნილება _ მორალური მოთხოვნილება _ იღვიძებს, და აღნიშნული განწყობის ქცევაში რეალიზაციას აფერხებს. მაშასადამე, სუბიექტი სხვისი ულუფის მითვისების განწყობის აღმოცენებასთანავე როდი მიმართავს სათანადო ქცევას _ მისი განწყობა უშუალოდ როდი გადადის ქცევაში. არა! სუბიექტის განწყობა სხვა სახით პოულობს თავის რეალიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ მან სუბიექტის სათანადო ქცევაში პოვოს გამოვლენა, მასში გარკვეული ქცევის აქტები გამოიწვიოს, იგი მის ცნობიერებაში იკვლევს გზას და თავის რეალიზაციას იქ პოულობს _ ნაცვლად იმისა, რომ სუბიექტმა სხვისი ულუფის მითვისების რეალურ აქტებს მიმართოს, იგი ჯერჯერობით მხოლოდ იმით კმაყოფილდება, რომ ამ აქტების განხორცივლების სურათს წარმოიდგენს: სხვისი ულუფის მითვისების განწყობა თვითონ ქცევაში კი არა, ამ ქცევის წარმოსახვაში, რეალური ქცევის ფსიქიკურ ეკვივალენტში პოულობს რეალიზაციას.
თავისთავად იგულისხმება: სუბიექტს რომ წარმოსახვის შესაძლებლობა არ ჰქონოდა, იგი რომ მოკლებული ყოფილიყო ცნობიერებას, მისი განწყობა მყის ქცევის სახით უნდა გამოვლენილიყო, და ყოველი მისი აქტუალური მოთხოვნილების იმპულსს მაშინვე სათანაოო ქცევა უნდა გამოეწვია.
მოთხოვნილებათა გართულებისა და განვითარების შედეგად ადამიანს საკმაოდ განვითარებული ცნობიერება უმუშავდება; და ეს შესაძლებლობა აძლევს მას აქტუალური მოთხოვნილების სიტუაციის ზეგავლენით აღმოცენებულ განწყობას, რეალური ქცევის ნაცვლად, წარმოსახული ქცევის სახით მისცეს გამოვლენა და ამნაირად აქტუალური განწყობის მონობისგან თავი გაითავისუფლოს.
მაგრამ თუ ეს ასეა, რაღა წარმართავს მაშინ სუბიექტის ქცევას- მართალია, აქტუალური სიტუაციის ნიადაგზე აღმოცენებულ განწყობას იგი აღარ ემორჩილება, მაგრამ მას ხომ ამ განწყობის შესატყვისი ქცევის სურათი უჩნდება ცნობიერებაში! და ეს სურათი ამ ქცევის გაცნობიერებას წარმოადგენს; იგი უჩვენებს სუბიექტს, თუ რამდენად მისაღებია მისთვის ამ ქცევის რეალური განხორციელება. ამის მიხედვით, ესე იგი, შესაძლო ქცევის ღირებულების გაცნობიერების მიხედვით. სუბიექტს მისი შესრულების თუ შეუსრულებლობის განწყობა უჩნდება, და ასე ხდება, რომ სუბიექტი გარკვეული ქცევის აქტს მიმართავს.
ამრიგად, ადამიანის სპეციფიკურ თავისებურებას, რითაც იგი მკვეთრად განსხვავდება ცხოველისგან, ის გარემოება შეადგენს, რომ წამყვან როლს მის ცხოვრებაში ცნობიერება ასრულებს. იგი აქტუალური სიტუაციის ნიადაგზე აღმოცენებულ განწყობას არ ემორჩილება, როგორც ამას ცხოველის შემთხვევაში აქვს ადგილი. იგი წინასწარ აცნობიერებს თავის ქცევას და ამა თუ იმ აქტს მხოლოდ იმის მიხედვით მიმართავს, თუ რას მიიღებს ამ გაცნობიერების შედეგად _ მოკლედ: ცხოველის განწყობას აქტუალური იმპულსის სიტუაცია ქმნის, ხოლო ადამიანის განწყობას, რომელიც მის ქცევას უდევს საფუძვლად, გაცნობიერებული წარმოსახული სიტუაცია.

4. განწყობის ცნება ბურჟუაზიულ ფსიქოლოგიაში

განწყობის ცნება სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება თანამედროვე ფსიქოლოგიაში. განსაკუთრებით დიდ როლს მას გერმანელი ფსიქოლოგი მარბე მიაწერს, რომლის მიხედვითაც ადამიანის მთელი ქცევა, მისი ფსიქიკის მთელი მუშაობა განწყობის ფუნქციას წარმოადგენს. ეს დებულება ძირითადში სწორია. ოღონდ იმ შემთხვევაში მხოლოდ, თუ განწყობის ცნება მართვბულად იქნება გაგებული. მაგრამ ბურჟუაზიული ფსიქოლოგების და კერძოდ მარბეს განწყობის ცნება სრულიად არაა დამაკმაყოფილებელი. მარბესთვის განწყობა სუბიექტის მთლიანს ფსიქოფიზიკურ მდგომარეობას წარმოადგენს, რომელიც ან თანდაყოლილია და ან პირადი ცხოვრების მიმდინარეობაში ამა თუ იმ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე განცდების ე.წ. `კრიტიკული გამოცდილების~. ზეგავლენითაა პირობადებული. და, აი, როდესაც ადამიანზე რაიმე ობიექტური ვითარება მოქმედობს, ეს უკანასკნელი მასში უკვე მზამზარეულ განწყობას ხვდება, რომელიც მის განცდას განსაზღვრავს.
განწყობა წმინდა სუბიექტური მდგომარეობაა და, როგორც ასეთი, რასაკვირველია, წმინდა სუბიექტურ ფაქტორად უნდა იქნეს ნაგულისხმევი. იმას, რაც განწყობას შეაქვს განცდაში, მაგალითად, აღქმაში თუ აზროვნებაში, მხოლოდ სუბიექტური საფუძველი აქვს: იგი ობიექტური ვითარების ასახვას კი არ უწყობს, არამედ უშლის ხელს. ამიტომ გასაგებია, რომ, ჩვეულებრივ, განწყობის მოქმედების გასათვალისწინებლად მცდარი აღქმების ე. წ. ილუზიების ფაქტს იმოწმებენ ხოლმე.
განწყობის ასეთი სუბიექტური გაგება არც მართებულია და არც ხელსაყრელი. მართალია, განწყობა სუბიექტის მდგომარეობაა, მაგრამ იგი სრულიად თავისებური სუბიექტური მდგომარეობაა. იგი ყოველთვის ობიექტური ვითარების ზემოქმედების შედეგად ჩნდება და ისეთ მდგომარეობას წარმოადგენს, რომელშიც თვითონ მისი გამომწვევი ობიექტური ვითარებაა ასახული. განწყობა, მაშასადამე, წმინდა სუბიექტური მდგომარეობა კი არაა, იგი ობიექტური ვითარების სუბიექტში გადატანაა, იგი, ასე ვთქვათ, სუბიექტში გადასული ობიექტური ვითარებაა. ამიტომ გასაგებია, რომ განწყობა პირველ რიგში სინამდვილის მცდარ განცდას ან ილუზიას კი არ უდევს საფუძვლად, არამედ ობიექტურის სწორი განცდის შესაძლებლობას იძლევა.
იმისთვის, რომ ეს ნათლად გვქონდეს წარმოდგენილი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ განწყობა პირველადად სუბიექტის მზამზარეული მდგომარეობა კი არაა, რომელიც მას სხვა პირობებში შეუმუშავდა და ამიერიდან, ყოველი ახალი ვითარების განცდისას, მარად თან ახლავს და განსაზღვრავს მას. არა! ყოველი ახალი სიტუაცია, რომელიც გარკვეული მოთხოვნილების მქონე სუბიექტზე მოქმედობს, პირველ რიგში მას შესატყვის განწყობას უქმნის, და დანარჩენი, რაც ამიერიდან ამ სუბიექტში მოხდება _ მისი განცდები, თუ ქცევა _ ამ განწყობის ნიადაგზე იქნება აღმოცენებული. პირველადად, სუბიექტი მზამზარეული განწყობით როდი უდგება სინამდვილეს და მისდა შესატყვისად გარდაქმნის მას. არა, განწყობა მას თვითონ ამ სინამდვილის ზემოქმედების პერიოდში უჩნდება და მისდა შესატყვისი განცდისა და ქცევის შესაძლებლობას აძლევს.
განწყობას ასეთ პირველად ფაქტად ბურჟუაზიული ფსიქოლოგებიდან არავინ სთვლის, და ამიტომაა რომ მათთვის განწყობის მეორე არსებითი მხარე დაფარული რჩება, სახელდობრ ის, რომ განწყობა ცოცხალი არსების ობიექტური ვითარების შესატყვის მოდიფიკაციას, მასში, როგორც მთელში, ობიექტური ვითარების ასახვას, წარმოადგენს. განწყობის ცნებისთვის კი განსაკუთრებით სწორედ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, და ამის გარეშე ამ ცნებას არავითარი პრინციპული ღირებულება არ ექნებოდა ფსიქოლოგიაში.

5. განწყობის სუბიექტური ფაქტორი

განწყობის აღმოცენებისთვის არა მარტო ობიექტური ვითარებაა საჭირო, არამედ თავისთავად იგულისხმება, სუბიექტიც, რომელზეც ეს ობიექტური ვითარება მოქმედობს. ამისდა მიხედვით, უეჭველია. განწყობა ორ ფაქტორს გულისხმობს, ობიექტურს და სუბიექტურს. საჭიროა შევჩერდეთ ამ ორივე ფაქტორის განხილვაზე!
სუბიექტური ფაქტორის გასათვალისწინებლად ძირითადი მნიშვნელობა მოთხოვნილების ცნებას აქვს. ყოველი ცოცხალი არსება _ მაშასადამე, ადამიანიც _ უთუოდ რაიმე მოთხოვნილების ნიადაგზე ამყარებს ურთიერთობას გარემოსთან, და ამ ურთიერთობის მთელი აზრი ისაა, რომ მან სუბიექტს ქვემდებარე მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა უნდა მისცეს. ამიტომ გასაგებია, რომ მოთხოვნილების რაგვარობას ყოველთვის გადამწყვეტი გავლენა აქვს ქცევაზე. თვითონ გარემო თავისთავად არასდროს არავითარი მოქმედების სტიმულს არ აძლევს სუბიექტს, თუ რომ ეს უკანასკნელი სრულიად მოკლებულია მოთხოვნილებას, რომლის დაკმაყოფილებაც ამ გარემოს პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. გარემო ჩვენი მოქმედების ასეთ თუ ისეთ სიტუაციად მხოლოდ იმის მიხედვით იქცევა, თუ რა მოთხოვნილება გვაქვს, როდესაც მასთან ურთიერთობას ვამყარებთ.
აქედან ცხადია, რომ გარეშე ამა თუ იმ გარკვეული მოთხოვნილების მონაწილეობისა, მარტო გარემოს ზემოქმედების პირობებში, ადამიანს არასდროს არავითარი ქცევის განწყობა არ გაუჩნდებოდა. ჩვენ ქვემოთ დავინახავთ, რომ იმისთვის, რომ რაიმე გარკვეულ ქცევის განწყობა გაჩნდეს, სრულიად აუცილებელია ჩვენზე გარკვეული ობიექტური გარემო მოქმედებდეს _ ამ პირობების გარეშე განწყობა ვერასდროს თავის გარკვეულ, თავის კონკრეტულ სახეს ვერ მიიღებდა. მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ განწყობის რაგვარობის გარკვეულობაზე მოთხოვნილებასაც გადამწყვეტი გავლენა აქვს.
უბრალო მაგალითიც საკმარისი იქნება, რათა ეს დებულება სრულიად ნათელი გახდეს. ვთქვათ, ბუხარში ცეცხლია დანთებული და ოთახში შევდივართ. თუ გვცივა (ესე იგი, სითბოს მოთხოვნილება გვაქვს) ეს სიტუაცია _ ბუხარი, ცეცხლი ჩვენზე ისე იმოქმედებს, რომ ჩვენში ბუხართან ახლო დაჯდომისა და შეიძლება ცეცხლის შემატების განწყობას გამოიწვევს. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საწინააღმდეგო მოთხოვნილება გვიჩნდება _ ვთქვათ, დაგვცხა და სიგრილე მოგვინდა _ იგივე სიტუაცია სრულიად საწინააღმდეგო მოქმედების განწყობას აღძრავს, სახელდობრ, ბუხრიდან მოშორებისა და შეიძლება ცეცხლის ჩაქრობისასაც.
ამრიგად, უდაოა, რომ განწყობა სუბიექტურ ფაქტორსაც გულისხმობს და რომ ასეთ ფაქტორად უთუოდ მოთხოვნილება უნდა ჩაითვალოს _ ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით.

6. განწყობის ობიექტური ფაქტორი

როდესაც ცოცხალი არსება რაიმე მოთხოვნილებას განიცდის, იგი მის დასაკმაყოფილებლად გარემოს მიმართავს; და საგულისხმოა, რომ აქ მხოლოდ ის სიტუაცია იწვევს მის ძალებს სამოქმედოდ, რომელიც ქვემდებარე მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავს. თუ რომ ასეთი სიტუაცია არსად ჩანს, ცოცხალი არსების აქტივობის ტენდენცია კვლავ ინაქტურ მდგომარეობაში განაგრძობს არსებობას: ხოლო თუ ასეთი სიტუაცია გაჩნდა, მაშინ ეს უკანასკნელი ერთბაშად აქტუალური ხდება: იგი სუბიექტს გარკვეული მიმართულებით სამოქმედოდ იზიდავს.
რა ხდება აქ? რატომაა რომ სუბიექტი ერთბაშად აქტივობას იწყებს? უეჭველია, ერთის მხრივ, ჩვენ აქ საქმე გვაქვს გარემოსთან, რომელიც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავს, ხოლო მეორეს მხრივ, სუბიექტთან, რომელიც სწორედ ამ გარემოს შესატყვის მოთხოვნილებას გრძნობს. მოკლედ: ხდება მოთხოვნილებისა და მისი შესატყვისი ობიექტური სიტუაციის შეხვედრა. შედეგი ისაა, რომ სუბიექტს სრულიად გარკვეული აქტივობის, სრულიად გარკვეული ქცევის განწყობა უჩნდება, იმ აქტივობისა, რომელიც სწორედ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზანს ემსახურება.
მაშასადამე, განწყობის აღმოსაცენებლად მოთხოვნილების შესატყვისი ობიექტური სიტუაციაა აუცილებელი, და სწორედ ეს უკანასკნელია, რომ განწყობის ობიექტურ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს.
ამრიგად, განწყობას არც მარტო მოთხოვნილების მდგომარეობა ქმნის თავისთავად და არც მარტო ობიექტური სიტუაცია. იმისთვის, რომ განწყობა გაჩნდეს, მოთხოვნილება თავისი დაკმაყოფილების პირობების შვმცვლვლს ობიექტურ სიტუაციას უნდა შეხვდეს.
კურტ ლევინმა ერთი უეჭველი ფაქტი აღნიშნა, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: როდესაც ადამიანს რაიმე მოთხოვნილება უჩნდება, ამ მოთხოვნილების შესატყვისი საგნები და მოვლენები მის მიმართ განსაკუთრებული ძალით აღიჭურვებიან; ისინი მას განსაზღვრული მიმართულებით მოქმედებას აძალებენ, გარკვეული ქცევისკენ იწვევენ: პური მშიერს ჭამისკენ მოუწოდებს, ლოგინი დაღლილს წამოსაწოლად იზიდავს. მაგრამ საგანთა ეს იძულებითი, ეს გამოწვევითი ძალა მყის ისპობა, რაწამს შესაფერი მოთხოვნილება კმაყოფილდება. _ ლევინის ეს სწორი დაკვირვება, რომელიც ყოველ წუთს შეგვიძლია შევამოწმოთ და დავადასტუროთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება გასაგები, თუ ლევინის მიერ ნაგულისხმევს უშუალობის თეორიაზე ხელს ავიღებთ და მხედველობაში განწყობის ცნებას ვიქონიებთ. როგორც ვიცით, მოთხოვნილების მატარებელ სუბიექტს, შესატყვის საგნებთან თუ მოვლენებთან, შესატყვის სიტუაციასთან შეხვედრის შემთხვევაში, სრულიად გარკვეული მოქმედების განწყობა უჩნდება; და ეს განწყობაა, რომ თავის ფსიქოლოგიურ გამოხატულებას ლევინის მიერ აღწერილ ფაქტში პოულობს: პური მშიერში დაუფლებისა და შეჭმის განწყობას იწვევს და ამიტომაა, რომ იგი ერთგვარი მიმზიდველობის ძალის მქონედ განიცდება.

7. განწყობის ცნების მცთარი გამოყენება

განწყობის ცნების მცთარი გამოყენების ნიმუშად განვიხილოთ ერთი განსაკუთრებით ცნობილი დაკვირვება, რომელშიც, ჩვეულებრივ, განწყობის მოქმედებას გულისხმობენ, და ვნახოთ, რამდენად მართებულია აქ განწყობის შესახებ ლაპარაკი.
ერთი ფსიქოლოგი, რადოსლავლევიჩი, შემდეგ საინტერესო დაკვირვებას მოგვითხრობს: ერთერთს თავის ცდისპირს მან ისე ამეორებინა დასამახსოვოებელი მასალა, რომ თურმე ამან არც კი იცოდა, რომ ეს მასალა უნდა დაემახსოვრებინა. 46 განმეორების შემდეგ ექსპერიმენტატორმა ჰკითხა ცდისპირს, შეუძლია თუ არა მას ამ მასალის ზეპირად განმეორება. `როგორ? განა ზეპირად უნდა დამესწავლაო!~ იკითხა გაკვირვებით ცდისპირმა; და ამის შემდეგ ექვსიოდე განმეორებაც კი საკმარისი აღმოჩნდა და ცდისპირმა უკვე მთელი მასალა ზეპირად იცოდა. პირველ შემთხვევაში, განმეორების მიუხედავად, ცდისპირს თითქმის არაფერი ახსოვდა; ხოლო მეორე შემთხვევაში ექვსი განმეორებაც საკმარისი აღმოჩნდა, რათა მას მთელი მასალა ზეპირად დაესწავლა.
როგორ უნდა აიხსნას ეს საკვირველი ფაქტი? გავრცელებული პასუხი ასეთია: პირველ შემთხვევაში ცდისპირს დამახსოვრების განწყობა არ ჰქონია; მეორეში მას ეს განწყობა ჰქონდა. და დამახსოვრების არსებითს პირობად სწორედ ეს უნდა ჩაითვალოსო. ამრიგად აქ იგულისხმება, რომ დამახსოვრების განზრახვა და დამახსოვრების განწყობა ერთიდაიგივეა.
მაგრამ ამ დაკვირვების უფრო სწორი ანალიზი ალბად ასეთი იქნებოდა: როცა ცდისპირს გააგებინეს, რომ მას ზეპირად უნდა დაესწავლა მასალა. უეჭველია, ამას პირველ რიგში დამახსოვრების განწყობა კი არა, დამახსოვრების მოთხოვნილება უნდა გამოეწვია მასში: მან მიწოდებული მასალა ზეპირად არ იცოდა, და მას ამ `დანაკლისის~ შევსების ტენდენცია უნდა გაღვძებოდა. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ უდაოა, რომ აქ განწყობასთან კი არა, ჯერ მხოლოდ ამ უკანასკნელის სუბიექტურ ფაქტორთან _ მოთხოვნილებასთან _ გვაქვს საქმე. როდესაც ეხლა დამახსოვრების მოთხოვნილების მქონე სუბიექტის წინაშე დასამახსოვრებელი მასალა ჩნდება, ეს უკანასკნელი, როგორც ობიექტური ფაქტორი, სპეციფიკურ ცვლილებას _ გარკვეულ განწყობას _ იწვევს მასში, და მიწოდებული მასალის ადვილი დამახსოვრება ამის ნიადაგზე ხდება.
მაშასადამე, შეცთომაა, როდესაც ფიქრობენ, თითქოს დამახსოვრების განზრახვა დამახსოვრების განწყობას წარმოადგენდეს. იგი მხოლოდ ერთერთი ფაქტორია, რომელსაც მეორეც უნდა დაემატოს, რათა სუბიექტს მართლა ნამდვილი განწყობა გაუჩნდეს.
ამიტომ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ საზოგადოდ არაა სწორი, როდესაც განწყობაზე ლაპარაკობენ იქ, სადაც საქმე მხოლოდ მოთხოვნილებას თან გვაქვს _ როგორიც უნდა იყოს ეს მოთხოვნილება, სულერთია ბიოლოგიური, თუ სოციალური.

ფიქსირებული განწყობა

1. ფიქსირებული განწყობის ცნება

იმის მიხედვით, რაც ზემოდ განწყობის შესახებ იყო ნათქვამი. უეჭველი ხდება, რომ ამ ცნებას ძირითადი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიაში. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის, თუ სხვა ცოცხალი არსების, გარემოსთან ურთიერთობის პროცესში პირველ რიგში განწყობა ისახება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობაში სუბიექტი ყველაზე ადრე როგორც მთლიანი იცვლება. და რომ ეს ცვლილება ობიექტური სიტუაციის შესატყვისია. რაც შეეხება ეხლა მის განცდებსა და მოქმედებას, ყველაფერი ეს _ როგორც ამგვარად შეცვლილი, ამგვარად განწყობილი სუბიექტის განცდა და მოქმედება _ შეიძლება მხოლოდ მეორადი, უშუალოდ ამ განწყობის ფონზე აღმოცენებული მოვლენები იყოს.
გასაგებია, რომ განწყობის მოქმედება ნორმალურ შემთხვევებში სრულიად არ გვხვდება თვალში: იგი საერთოდ შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რამდენადაც ცხოვრების ნორმალურს მიზანშეწონილ მსვლელობას უდევს საფუძვლად.
მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მდგომარეობა იცვლება, და განწყობა შეცთომებისა და მიზანშეუწონელი ქცევის წყაროდაც იქცევა. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, იგი ჩვენს საგანგებო ყურადღებას იპყრობს, და როდესაც ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში განწყობის შესახებ ლაპარაკობენ, უფრო ხშირად, თუ ყოველთვის არა, განწყობის მოქმედების სწორედ ამ შემთხვევებს გულისხმობენ. ეს, რასაკვირველია, სწორი არაა. აქ ჩვენ განწყობის მხოლოდ ერთერთს კერძო ფორმასთან გვაქვს საქმე, ფორმასთან, რომელიც, მართალია, დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ განწყობის მთელ ცნებას მაინც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჰფარავს. როგორია განწყობის ეს ფორმა?
ვთქვათ, გარკვეული სიტუაციის პირობებში გარკვეული განწყობა გამიჩნდა, და, ვთქვათ, ამ განწყობამ თავისი როლი შეასრულა _ ჩემს გარკვეულ ქცევას მიმართულება მისცა. რა ემართება ამის შემდეგ მას? იკარგება იგი სრულიად უგზოუკვლოდ, თითქოს არასდროს არ არსებულიყოს, თუ რაიმენაირად კვლავ განაგრძობს არსებობას და ჩვენს ქცევაზე კვლავ გავლენის მოხდენის უნარს ინარჩუნებს? თუ განწყობა სუბიექტის, როგორც მთელის, მოდიფიკაციას წარმოადგენს, მაშინ.
ცხადია, რომ, შეასრულებს თუ არა იგი თავის როლს, იმ წამსვე მეორე განწყობას უნდა უთმობდეს ადგილს. _ მაშასადამე, უნდა ქრებოდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი საბოლოოდ და სრულიად არარაობად უნდა იქცეოდეს. პირიქით, როდესაც სუბიექტი კვლავ იმავე სიტუაციაში ჩადგება, მაშინ მას გაცილებით უფრო ადვილად უნდა გაუჩნდეს სათანადო განწყობა, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი სრულიად ახალი სიტუაციის პირობებში იმყოფება და სრულიად ახალი განწყობა უნდა შექმნას. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ერთხელ მიღებული განწყობა არ იკარგება, რომ იგი სუბიექტს რჩება, როგორც ხელახალი აქტუალიზაციის მზაობა _ სათანადო პირობების განმეორების შემთხვევებში.
თავისთავად იგულისხმება, მზაობა ყოველთვის ერთნაირი არაა. იგი უთუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რაოდენად მტკიცე იყო ის განწყობა, რომელიც ამ მზაობის სახით შერჩა სუბიექტს. მაგრამ რაზეა თვით ეს სიმტკიცე დამოკიდებული? უდაოა: რაც უფრო ხშრად ვიწვევთ ერთსადაიმავე განწყობას, მით უფრო მტკიცე ხდება იგი და მით უფრო ძლიერი აქტუალიზაციის მზაობა უჩნდება მას: განწყობის სიმტკიცეს განმეორება განსაზღვრავს.
გარდა ამისა, არის შემთხვევები, რომ სუბიექტზე ესათუის მოვლენა, თუ სიტუაცია, განსაკუთრებით ძლიერ შთაბეჭდილებას სტოვებს ხოლმე. ასეთ შემთხვევებში სუბიექტს არაჩვეულებრივი მტკიცე განწყობა უჩნდება, განწყობა, რომელიც აქტუალიზაციის განსაკუთრებით ძლიერი მზაობით ხასიათდება. ეხლა საკმარისია, თუნდ მხოლოდ მსგავსმა მოვლენამ თუ სიტუაციამ იმოქმედოს სუბიექტზე, რომ მასში მყის ამავე განწყობამ იჩინოს თავი და სუბიექტის ქცევა თავი და შესატყვისად წარმართოს. მაშასადმე, ასეთ შემთხვევაში სუბიექტი სიტუაციის ადეკვატურ ასახვას ვერ ახერხებს. ნაცვლად შესატყვისი განწყობისა, იგი წინანდელი განწყობის ნიადაგზე აღიქვამს მოცემულ სიტუაციას და, ცხადია, ილუზიის მსხვერპლი ხდება.
ამრიგად, ხშირი განმეორების თუ დიდი პიროვნული წონის გამო რომელიმე გარკვეული განწყობა შეიძლება იმდენად ადვილად აგზნებადი. იმდენად ჩვეული გახდეს, რომ იგი არა შესატყვისი გამღიზიანებლის ზემოქმედების შემთხვევაშიც ადვილად აქტუალდებოდეს და ამით ადეკვატურ განწყობას გამოვლენის შესაძლებლობას ართმევდეს.
ასეთს განწყობას შეიძლება ფიქსირებული განწყობა ვუწოდოთ.

2. ფიქსირებული განწყობის ილუზიები

ფიქსირებული განწყობის შექმნა ძალიან ადვილია, რამდენადაც იგი განმეორების ზეგავლენითაც შეიძლება გაჩნდეს. ეს გარემოება შესაძლებლობას იძლევა განწყობის ამ ფორმის შესასწავლად ექსპერიმენტულ გზას მივმართოთ.
ცდისპირს ხელთ აძლევენ შესადარებლად მრავალგზის (10-15-ჯერ). ორს მოცულობით თვალსაჩინოდ განსხვავებულს, ხოლო სხვა მხრივ სრულიად ერთნაირ სხეულს: მარჯვენა ხელში პატარას, მარცხენაში დიდს. იმ შემთხვევაში, როდესაც ცდისპირი სერიოზულად ღებულობს მონაწილეობას ამ ცდაში, მას ჩვენი ინსტრუქციის ზეგავლენით ამოცანის შესრულების ერთგვარი მოთხოვნილება (განწყობის სუბიექტური ფაქტორი) უჩნდება. მიწოდებული სხეულები (ობიექტური ფაქტორი) ამ მოთხოვნილების მქონე სუბიექტზე ახდენენ ზეგავლენას და სპეციფიკურ ეფექტს (განწყობას) იწვევენ, რომლის ნიადაგზეც მათი მიმართების სწორი შეფასება ხდება. მაშასადამე, ყოველი მიწოდებისას ცდისპირს ერთგვარი განწყობა უჩნდება (`მარცხნივ დიდი, მარჯვნივ პატარა~). მრავალგზისი განმეორების შედეგად ეს განწყობა იმდენად ჩვეული ხდება, რომ ყოველი ცალკე ცდის შემთხვევაში იგი უკვე მანამ აქტუალდება, სანამ მიწოდებული ობიექტები რიგიანად ზეგავლენის მოხდენას მოასწრებდნენ. მივაწოდოთ ეხლა მას განსხვავებული მოცულობის კი არა, ტოლი მოცულობის მქონე სხეულები (კრიტიკული ცდა). რა მოხდება? თუ წინა ცდებში, გარკვეული განწყობის შექმნის მიზნით, მას ისეთი ობიექტები ეძლეოდა, რომ ისინი მაინცდამაინც დიდად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მაშინ ჩვეული განწყობა ძალაში დარჩება, და ტოლი ობიექტების შეფასება მის ნიადაგზე მოხდება: ც. პ-ს მარჯვენა ობიექტი უფრო პატარად მოეჩვენება, ვიდრე მარცხენა. მაგრამ თუ რომ საგანწყობო ცდებში მას თვალსაჩინოდ განსხვავებული მოცულობის ობიექტები ეძლეოდა ხელთ და ეხლა. კრიტიკულ ცდაში, ტოლ ობიექტებს მივაწოდებთ, ძველმა განწყობამ ობიექტური ფაქტორის ტლანქი შეუფერებლობის გამო, თავი ვეღარ უნდა იჩინოს და მის ნაცვლად ახალი უნდა გაჩნდეს. ცდები ამტკიცებენ, რომ ეს მართლაც ასე ხდება.
საინტერესოა, რომ ძველი განწყობის ადგილას ახალი განწყობა რომ ჩნდება, იგი ტოლი ობიექტების შესატყვისი კი არ არის, არამედ საგანწყობო ცდებში შექმნილი განწყობის (`მარცხნივ დიდი, მარჯვნივ პატარა~) საწინააღმდეგოა (`მარცხნივ პატარა, მარჯვნივ დიდი~): ცდისპირს ტოლი ბურთებიდან _ წინააღმდეგ შემუშავებული განწყობისა _ მარცხენა პატარად ეჩვენება და მარჯვენა დიდად.
ამრიგად, უდაოა, ორივე შემთხვევაში საგანწყობო ცდებში შემუშავებული და განმტკიცებული განწყობა თამაშობს როლს: ტოლი ობიექტების შეფასება მის ნიადაგზე ხდება და, ნაცვლად სწორი აღქმისა, ორივე შემთხვევაში მცთარი აღქმა, ე. წ. ილუზია ჩნდება.
მაგრამ ერთგვარი განსხვავება მაინც არის ამ ორ შემთხვევას შორის: პირველ შემთხვევაში (ესე იგი, როდესაც კრიტიკულ ცდაში მიწოდებული ობიექტების მიმართება დიდად არ განსხვავდება საგან წყობო ცდებში მიწოდებული მიმართებებისგან) ილუზია უფრო ხშირად განწყობის შესაბამისია (ასიმილაციური ილუზია), ხოლო მეორე შემთხვევაში, ესე იგი, საგანწყობო ცდებისა და კრიტიკული ცდის ობიექტების მიმართებათა ტლანქი განსხვავების შემთხვევაში, ილუზია, ჩვეულებრივ, ძველი განწყობის საწინააღმდეგოა (კონტრასტული ილუზია).
ამრიგად, ადვილად შეგვიძლია, სუბიექტს განწყობა ფიქსირებულად გადავუქციოთ და შედეგად ილუზიური აღქმა მივაღებინოთ.
ზემოდ ჩვენ მოცულობის ილუზიასთან გვქონდა საქმე. მაგრამ ეს ილუზია მოცულობის ხელით შეფასებას ეხებოდა (ჰაპტური მოცულობის ილუზია). მოცულობის შეფასება კი თვალითაც შეიძლება; და აი, თუ რომ ცდისპირს განმეორებით მივაწოდებთ თვალით (ოპტიკურად) შესადარებლად ორს სხვადასხვა მოცულობის წრეს, ან რომელიმე სხვა ფიგურას (საგანწყობო ცდები) და შემდეგ ერთბაშად ტოლ წრეებს მივცემთ (კრიტიკული ცდა), ამ შემთხვევაშიც სავსებით ისეთივე ილუზია გაჩნდება, როგორც ხელით შეფასების შემთხვევაში (მოცულობის ოპტიკური ილუზია).
ანალოგიური ილუზია _ ორი განსხვავებული სიმძიმის მიმართების შეფასების შემთხვევაში _ ჯერ კიდევ ფეხნერმა აღმოაჩინა(1861 წ). ასეთივე ილუზია შეიძლება გამოიწვიო წნევის სიძლიერის მიმართების შეფასებისასაც.
საგანწყობო ცდებში ც. პ. ღებულობს წყვილს წნევას, რომელთაგანაც პირველი თვალსაჩინოდ უფრო ძლიერია, ვიდრე მეორე, კრიტიკულ ცდაში კი წყვილს თანასწორ წნევას. ცდა გვიჩვენებს, რომ ც. პ. პირველ წნევას, როგორც უფრო სუსტს განიცდის, ვიდრე მეორეს (კონტრასტული ილუზია), ანდა, შესაბამის პირობებში, პირიქით (ასიმილაციური ილუზია).
ასეთსავე ილუზიას აქვს ადგილი მრავალ სხვა შემთხვევაშიც.

1) ბგერათა ინტენსიობის ილუზია

ცდისპირს ეძლევა განმეორებით წყვილწყვილად ბგერები: პირველი ძლიერი, მეორე სუსტი (საგანწყობო ცდები). კრიტიკულ ცდაში ამათ ადგილს ორი თანაბარი ინტენსიობის ბგერა იჭერს. ცდისპირისთვის, როგორც წესი, პირველი უფრო სუსტად მოისმის, ვიდრე მეორე, ანდა, შესატყვის პირობებში, პირიქით (ასიმილაციური ილუზია).

2) განათებათა მიმართების ილუზია

საგანწყობო ცდებში _ ორი სინათლით განსხვავებული არე, კრიტიკულში _ თანაბრად განათებული. შედეგი აქაც ილუზიაა: პირობებისდა მიხედვით _ კონტრასტულიცა და ასიმილაციურიც.

3) რაოდენობითი მიმართების ილუზია
საგანწყობო ცდებში ცდისპირს ეძლევა ორი დახშული ფიგურა: ერთში წერტილებია ბლომად ჩასმული, მეორეში _ ნაკლებ. კრიტიკულ ცდაში მათი რიცხვი თანასწორია, შედეგი აქაც ჩვეულებრივი ილუზიაა.
განწყობის ზოგადი ფსიქოლოგიისთვის განწყობის ილუზიათა მიმდინარეობის რაგვარობა, მისი ასეთი თუ ისეთი მიმართულება ძირითადად მათ საფუძვლად მდებარე განწყობის მოქმედებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. მაშასადამე, უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამ ილუზიების მიმდინარეობის დაკვირვება თვითონ განწყობის შესასწავლადაც გამოდგება. განწყობის ილუზიების ექსპერიმენტული გამოწვევა, მათი აღმოცენების, მიმდინარეობისა და ჩქარობის პირობების შექმნა და შეცვლა ადვილია. ეს გარემოება შესაძლებლობას გვიქმნის, განწყობის ილუზიათა საფუძვლის, ფიქსირებული განწყობის, ბუნებისა და მოქმედების შესახებ საკმაოდ ფართო ექსპერიმენტული მასალა დავაგროვოთ ამ მასალის მიხედვით, დღეს ფიქსირებული განწყობის ბუნებისა და მოქმედების შესახებ ზოგი რამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას.

1) განწყობა არ არის წმინდა ლოკალური ან პერიფერიული პროცესი. იგი არსებითად სუბიექტის, როგორც მთელის, მდგომარეობად უნდა ჩაითვალოს. მაშასადამე, არ უნდა იყოს სწორი ცალკე კუნთურის, თუ ცალკე სხვადასხვა სენსორული განწყობის შესახებ ლაპარაკი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. ამის ურყევ საბუთს შემდეგი ფაქტი წარმოადგენს: ცდისპირს, განწყობის შექმნის მიზნით, ხელთ ეძლევა შესადარებლად რამოდენიმეჯერ. ვთქვათ 15-ჯერ, ორი, მოცულობით განსხვავებული. ხოლო სხვა მხრივ სავსებით ერთნაირი ბურთი: მარჯვნივ პატარა, მარცხნივ დიდი. ამ ცდების შედეგად, როგორც ვიცით, მას ფიქსირებული განწყობა უნდა გაუჩნდეს. როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ, რომ მას მართლა გაუჩნდა განწყობა? მივაწოდოთ მას ხელში ტოლი ბურთები, და თუ აღმოჩნდება, რომ იგი ადეკვატური შეფასების ნაცვლად მცთარს იძლევა, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ფიქსირებული განწყობა შემუშავებულია. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ იმაში შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ ცდისპირს განწყობა იმ ორგანოში აქვს შემუშავებული, რომელზეც საგანწყობო ცდები წარმოებდა, სახელდობრ _ ხელში. მაგრამ ვნახოთ ეხლა, რა მოხდება, ცდისპირს რომ საგანწყობო ცდების შემდეგ ხელით კი არა, თვალით შევადარებინოთ ბურთები ერთმანეთთან.
სათანადო ცდები ამტკიცებენ, რომ ცდისპირს ამ შემთხვევაშიც ილუზია უჩნდება. მაშასადამე, უდაოა, რომ განწყობა მას გაჩენია არა მარტო იმ ორგანოში (ხელში), რომელიც საგანწყობო ცდებში ღებულობდა მონაწილეობას, არამედ იმ ორგანოშიც (თვალში), რომელსაც არაფერი არ ჰქონდა საერთო ამ ცდებთან.
მაგრამ შეიძლება ცდა შებრუნებულადაც დავაყენოთ, ესე იგი, საგანწყობო ცდები მხედველობის არეში ჩავატაროთ, ხოლო კრიტიკული _ აქტიური შეხების არეში (ჰაპტურში); შედეგი იგივე იქნება. განწყობა აღმოჩნდება განმტკიცებული არა მარტო საგანწყობო ცდების არეში, არამედ კრიტიკული ცდების არეშიც.
შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეთ და იგივე ცდები უფრო დაშორებულ ორგანოებზეც გადავიტანოთ. აქაც ხშირად შევხვდებით შემთხვევებს, რომ განწყობა არა მარტო საგანწყობო ცდების არეში, არამედ სულ სხვა არეებშიც იქნება აღმოცენებული. აქედან დასკვნა ნათელია: განწყობა არ ყოფილა წმინდა ადგილობრივი (ლოკალური) მოვლენა; იგი ცალკეული ორგანოს მდგომარეობა როდი ყოფილა, არამედ სუბიექტის, როგორც ასეთის, ესე იგი, როგორც მთელის. შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს ერთ ადგილას შექმნილი განწობა სხვა ადგილებზეც ვრცელდებოდეს, გენერალიზირებულობდეს ანუ, როგორც ფიზიოლოგები ამბობენ, ირადიირობდეს. ამისდა მიხედვით, ჩვენ შეგვეძლო ფიქსირებული განწყობის ეს მხარე ირადიულობის ან გენერალიზირებულობის სახელწოდებით აღგვენიშნა.

2) მაგრამ თუ განწყობა სუბიიქტის, როგორც მთელის, მდგომარეობაა. მაშინ საფიქრებელია, რომ იგი რაიმე გარკვეული, განცდადი, კერძოული ფსიქიკური შინაარსის სახით არ გვეძლევა, რომ იგი ცნობირებაში მოცემულობის გარეშე მოქმედებს, რომ ამ აზრით იგი არაფენომენალურ პროცესად შეიძლება ჩაითვალოს. როგორც ცნობილია, დრმა ჰიპნოტურ მდგომარეობაში სუბიექტი მთელ გარემოსთან როდი სწყვეტს კავშირს. ჰიპნოტიზორთან იგი კონტაქტს ინარჩუნებს, მასთან საკმაოდ რთულ ურთიერთობას განაგრძობს: ესმის მისი ლაპარაკი, ასრულებს მის დავალებებს (ამას რაპორტს უწოდებენ). მაგრამ როდესაც ჰიპნოტური ძილი გაივლის, როდესაც სუბიექტი გაიღვიძებს, აღმოჩნდება, რომ მას არცერთი თავისი ღრმა ჰიპნოტური ძილისდროინდელი განცდა არ ახსოვს, ყველაფერი ეს მას საფუძვლიანად დავიწყებული აქვს (ე. წ. პოსტჰიპნოტური ამნეზია, ეს გარემოება ძალიან ხელსაყრელ პირობას წარმოადგენს ჩვენი საკითხის ექსპერიმენტულად გადაჭრის მიზნისთვის. იგი შესაძლებლობას ქმნის საგანწყობო ცდები ჰიპნოტური ძილის მდგომარეობაში ჩავატაროთ და შემდეგ ვნახოთ, გაჰყვება თუ არა ჩვენს ცდისპირს ამ ცდების ნიადაგზე შექმნილი განწყობა სიფხიზლეშიც _ მიუხედავად სრული პოსტჰიპნოტური ამნეზიისა, ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ გაღვიძების შემდეგ საგანწყობო ცდების შესახებ მას სრულიად აღარაფერი ახსოვს.
ჰიპნოტური ძილის შეწყვეტის შემდეგ ჩატარებული კრიტიკული ცდების შედეგებმა ნათელი უნდა მოჰფინონ ამ საკითხს. ჰიპნოტური ძილის დროს ცდისპირს ხელში ეძლევა, განმეორებით, მოცულობის, მხრივ შესადარებლად, ორი ბურთი: მარცხნივ _ დიდი, მარჯვნივ _ პატარა. გაღვიძების შემდეგ მას ტოლ ბურთებს ვაძლევთ ხელთ შესადარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ცდისპირს სრულიად არაფერი ახსოვს საგანწყობო ცდების შესახებ, იგი ტოლ ბურთებს მაინც ვერ აფასებს სწორად: მას ჩვეულებრივი განწყობის ილუზია უჩნდება. აქედან, ცხადია, ძილის დროს შექმნილ განწყობას ოდნავადაც ვერ უშლის ხელს ის გარემოება, რომ ცდისპირის ცნობიერებაში საგანწყობო ცდების შესახებ სრულიად არაფერია დარჩენილი.
ამრიგად, დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ განწყობა ადამიანის ფსიქიკის მუშაობას როგორც ერთერთი განცდათაგანი როდი განსაზღვრავს, არამედ როგორც სუბიექტის მთლიანი მდგომარეობა, რომელიც, როგორც ასეთი, არც შეიძლება ცალკეული განცდების სიბრტყეში იქნეს მოთავსებული.

3) როდესაც ცდისპირს, ჩვენს ჩვეულებრიეს საგანწყობო ცდების შემდეგ, ტოლ ობიექტებს ვაძლევთ ურთიერთთან შესადარებლად, როგორც ვიცით, ამ უკანასკნელთა შეფასება წინასწარ შემუშავებული განწყობის ნიადაგზე ხდება, და ერთი მათგანი უფრო დიდად განიცდება, ვიდრე მეორე. მაგრამ ეს, ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როდესაც კრიტიკული ობიექტების ექსპოზიცია ხანმოკლეა, და ისინი, ასე ვთქვათ, არსებულ განწყობისადმი თავისი შეუფერებლობის გამოვლენას ვერ ასწრებენ. რომ გავახანგრძლივოთ მათი ექსპოზიციის დრო და ამით სუბიექტზე საკმარისად ხანგრძლივი ზემოქმედების საშუალება მივცეთ მათ, მაშინ მდგომარეობა შეიცვლება: კრიტიკული ობიექტები, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ცდისპირის თვალწინ ერთმანეთს გაუთანასწორდებიან. ის, რომელიც დიდი ჩანდა, შეიკუმშება, დაპატარავდება და მეორის ტოლი გახდება. ილუზია აღიკვეთება. მაშასადამე, განწყობა, ბოლოს და ბოლოს, ვერ უძლებს შეუფერებელი ობიექტური ვითარების ზემოქმედებას და იძულებული ხდება ამ უკანასკნელის შესატყვის განწყობას დაუთმოს ადგილი.
როგორ ხდება ეს? როგორ მიმდინარეობს შეუფერებელი ობიექტური ვითარების ზეგავლენით გამოწვეული განწყობის ლიკვიდაციის პროცესი? ამ საკითხის გადასაწყვეტად განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა შემდეგი ხერხი: ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკული ობიექტების მოქმედების გაძლიერების მიზნით მათი ექსპოზიციის დრო გავახანგრძლივოთ, შეიძლება იმავე ეფექტს კრიტიკული ობიექტების განმეორებითი მოწოდების გზითაც მივაღწიოთ. კრიტიკულ ცდებში ცდისპირს, ჩვეულებრივ, ილუზია უჩნდება: ერთერთი ობიექტი უფრო დიდი ეჩვენება, ვიდრე მეორე. მრავალგზის რომ განვიმეოროთ ეს ცდები, ბოლოს და ბოლოს როგორც პირველად სისტემატურად ეს ბ. ხაჭაპურიძის ცდებშია ნაჩვენები _ განწყობა, როგორც შეუფერებელი, დაირღვევა, და მის ნაცვლად ობიექტური ვითარების შესატყვისი განწყობა გაჩნდება: ილუზია აღიკვეთება, იგი ადეკვატურ შეფასებას დაუთმობს ადგილს. მაგრამ, როგორც მოსალოდნელიც იყო, ეს ერთბაშად როდი ხდება. სანამ განწყობა საბოლოოდ აღიკვეთებოდეს, მან უნდა განვლოს რეგრესული განვითარების გარკვეული პროცესი, რომელიც თეორიულად მაინც, ექვსს განსხვავებულ ფაზას შეიცავს:
ა) პირველ ფაზაში ფიქსირებული განწყობა თავისი უმტკიცესი სახითაა წარმოდგენილი. ეს იმაში იჩენს თავს, რომ კრიტიკული ცდების ერთი წყება ზედიზედ მხოლოდ კონტრასტულ ილუზიას იძლევა.
ბ) დგება მომენტი, როდესაც კრიტიკული ექსპოზიციების ობიექტური ვითარების, ესე იგი, ტოლობის განმეორებითი ზემოქმედების გამო, განწყობის პირველი შერყევა ხდება: იგი ერთგვარად სუსტდება და ცდისპირი, შედარებით ხშირი კონტრასტული ილუზიების გვერდით, აქაიქ ასიმილატურ ილუზიებსაც იძლევა. ეს განწყობის რეგრესული განვითარების მეორე ფაზად შეიძლება ჩაითვალოს.
გ) განწყობის შესუსტების პროცესი კიდევ უფრო წინ მიდის და შემდეგ საფეხურზე ასიმილატური და კონტრასტული ილუზიების რიცხვი ურთიერთს უახლოვდება: იწყება ნამდვილი რხევა ილუზიის ორივე ამ სახეს შორის.
დ) ფიქსირებული განწყობის დასუსტების შემდგომი საფეხური ასიმილატური ილუზიის შემთხვევათა გაბატონებაში იჩენს თავს: კონტრასტული ილუზია ეხლაც გვხვდება, მაგრამ გაცილებით უფრო იშვიათად, ვიდრე ასიმილატური.
ე) რასაკვირველია, განწყობის კიდევ უფრო მეტი დასუსტების შესახებ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც კონტრასტული ილუზიების შემთხვევები სრულიად აღარ გვხვდება, და ცდისპირი მხოლოდ ასიმილატურ ილუზიას იძლევა.
ვ) ამ მომენტამდე ფიქსირებული განწყობა ჯერ კიდევ განუწყვეტლივ აქტუალურ მდგომარეობაში იმყოფება; მართალია, იგი საგრძნობლად შესუსტებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არ იძლევა ობიექტური ვითარების ადეკვატური აღქმის შესაძლებლობას: ცდისპირი ჯერ კიდევ ერთხელაც ვერ ახერხებს ილუზიისგან თავის დაღწევას. რასაკვირველია, განწყობის შემდგომი დასუსტების ახალ ფაზასთან გვაქვს საქმე, როდესაც ეს მდგომარეობა იცვლება, და ცდისპირი კრიტიკულ ცდაში მიწოდებული ობიექტების ტოლობის დადასტურებას ხანდახან მაინც ახერხებს. მაგრამ ეს მისი უკანასკნელი ფაზაც არის: რაწამს იგი ზედიზედ რამოდენიმე გზის შესძლებს კრიტიკული ვითარების ადეკვატურ შეფასებას და ილუზიას მხოლოდ გამონაკლისის სახით თუ დაუთმობს ადგილს, ჩვენ უკვე ფიქსირებული განწყობის ლიკვიდაციის შესახებ შეგვეძლება ვილაპარაკოთ.
მაგრამ ყველა ამ ფაზის გამოკვეთილი არსებობა მხოლოდ თეორიულად შეიძლება დაშვებულ იქნეს. პრაქტიკულად, თუ განსაკუთრებით პათოლოგიური განწყობის მოქმედების შემთხვევებსაც მივიღებთ მხედველობაში, შეიძლება ჯერჯერობით მხოლოდ სამი ფაზა იქნეს საგანგებოდ გამოყოფილი:
ა) კონტრასტული ილუზიების ფაზა,
ბ) ასიმილატური ილუზიების მონაწილეობის ფაზა,
გ) ტოლობის მონაწილეობის ფაზა.
4) ფიქსირებული განწყობის ლიკვიდაციის შესახებ ამ შემთხვევაში მხოლოდ პირობითად შეიძლება ლაპარაკი. საქმე ისაა, რომ საკითხი აქ ისეთ მდგომარეობას ეხება, როდესაც ფიქსირებულ განწყობაზე შეუფერებელი (კრიტიკული) ობიექტური ვითარება განუწყვეტლივ ან განმეორებით მოქმედებს. ირკვევა, რომ ასეთ პირობებში მართლაც შეიძლება ფიქსირებული განწყობის ლიკვიდაციის შესახებ ვილაპარაკოთ: ბოლოსდაბოლოს, ობიექტური ვითარების სწორ შეფასებას განწყობა ხელს ვეღარ უშლის.
მაგრამ ნიშნავს განა ეს, რომ განწყობის მართლა საბოლოო ლიკვიდაციასთან გვაქვს საქმე? ნიშნავს განა ეს, რომ ფიქსირებული განწყობა კრიტიკული ცდების შეწყვეტის შემდეგაც არასოდეს ხელახლა არ წამოყოფს თავს? რასაკვირველია, არა! სათანადო ცდების შედეგები ამის უტყუარ საბუთს იძლევა. ვთქვათ, ერთ დღეს ცდისპირს საგანწყობო ცდების საკმარისი რაოდენობა მივეცით: შედეგად მას ფიქსირებული განწყობა უჩნდება. ჩვენ ვწყვეტთ ცდას და გარკვეული ხნის შემდეგ მას მხოლოდ კრიტიკულ ექსპოზიციებს ვაძლევთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საგანწყობო ცდების განუმეორებლად ხდება და, მიუხედავად იმისა, რომ წინა ცდებში იგი კრიტიკული ექსპოზიციის სწორი შეფასების მდგომარეობამდე, მაშასადამე, ფიქსირებული განწყობის აღკვეთამდე იქნა მიყვანილი, ცდისპირი მაინც ხელახლა იმავე ილუზიას იძლევა უეჭველია, განწყობა კვლავ განაგრძობს მოქმედებას; და საინტერესოა, რომ ზოგჯერ ეს საკმაოდ ხანგრძლივი დროის შემდეგაც კი ხდება. სრულიად უდაოა, ფიქსირებული განწყობა აქტივიაციის მზაობას საკმაოდ დიდი ხნით ინარჩუნებს.
მაგრამ როგორღა უნდა გავიგოთ მაშინ ის საკვირველი ფაქტი, რომ განწყობა ამ მზაობას მას შემდეგაც ხელუხლებლად იცავს, რაც იგი, კრიტიკული ცდების მრავალგზისი განმეორების გზით, თითქოს საბოლოოდ იქნა ლიკვიდირებული? როგორც ჩანს, საბოლოო ლიკვიდაციაზე ლაპარაკი აქ მართებული არ უნდა იყოს. ეტყობა, ხშირი ზედიზედ განახლების გამო, კრიტიკული ვითარების შესატყვისი განწყობა (ტოლობის განწყობა) იმდენად ძლიერი ხდება, რომ ამ პირობებში იგი ფიქსირებულ განწყობას ჩრდილავს და მას გამოვლენის შესაძლებლობას არ აძლევს; ხოლო თვითონ სუბიექტის ახალ ფიქსირებულ განწყობად ჯერ კიდევ ვერ იქცევა, რათა საგანწყობო ცდებში წარმოშობილი ძველი განწყობა საბოლოოდ განდევნოს და მისი ადგილი თვითონ დაიკავოს. ამიტომაც, საკმარისია, სუბიექტს კრიტიკული ექსპოზიციები მათი გამუდმებული განმეორების სიტუაციის გარეშე მიეცეს, რომ ფიქსირებულმა განწყობამ კვლავ იჩინოს თავი, და ტოლი ობიექტები არატოლად განაცდევინოს.
როგორც ვხედავთ, დროის ზემოქმედების მიმართ განწყობა საკმაო სტაბილობას ამჟღავნებს, გაცილებით მეტს, ვიდრე ერთიდაიმავე გამღიზიანებლის განმეორებითი ზემოქმედების მიმართ, როგორც ეს, მაგალითად, კრიტიკული ცდების განმეორებითი ზემოქმედების შემთხვევაში ხდება. ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ დროის მიმდინარეობაში სუბიექტზე მოქმედებენ ნაირნაირი გამღიზიანებლები, რომელთაც სრულიად არაფერი აქვთ საერთო მის ფიქსირებულ განწყობასთან, მაშინ როდესაც კრიტიკულ ცდებში სწორედ ისეთი გამღიზიანებლები მოქმედებენ, რომელნიც, მართალია, არსებული განწყობისთვის ადეკვატური არ არიან, მაგრამ მაინც იმდენად ახლო დგანან მასთან, რომ მათი შეფასება, ჩვეულებრივ, ამ განწყობის ნიადაგზე ხდება. საკვირველი არაა, რომ ამ პირობებში განწყობა დროის მიმართ სტაბილურია, მაგრამ კრიტიკული ექსპოზიციების განმეორების მიმართ არა.
ამრიგად. ჩვენ ვხედავთ, რომ ფიქსირებული განწყობა, რაკი გაჩნდება, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს აქტუალიზაციის უნარს; იგი, ასე ვთქვათ, ქრონიკულ მდგომარეობად, ერთგვარ დისპოზიციურ მდგომარეობად იქცევა. ჩვენ ვხედავთ აგრეთვე, რომ იგი ასეთად რჩება მას შემდეგაც, რაც იგი კრიტიკული ცდების განმეორების ზეგავლენით თითქოს საბოლოოდ ლიკვიდირებული ხდება.

5) როგორ ჩნდება ფიქსირებული განწყობა? ჩვენ თავიდანვე გვქონდა აღნიშნული, რომ იგი საგანწყობო ცდების, მაშასადამე, განმეორების შედეგად იჩენს თავს. განმეორება რომ მართლა ძირითადი მნიშვნელობის მომენტს წარმოადგენს ამ შემთხვევაში, ის უდაოა: ექსპერიმენტულად ცნობილია, რომ რაც უფრო დიდია საგანწყობო ცდების რიცხვი, ესე იგი, რაც უფრო ხშირად აწარმოებინებ ცდისპირს საგანწყობო ობიექტების შედარებას, ჩვეულებრივ, მით უფრო მტკიცე განწყობას შეუმუშავებ მას. ეს დაკვირვება იმდენად ხშირია, რომ თითქოს სრული საფუძველი გვეძლევა, განწყობის სიმტკიცე პირდაპირ განმეორების ფუნქციად გამოვაცხადოთ. მაგრამ უფრო ყურადღებითი დაკვირვება ამტკიცებს, რომ ეს დებულება მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში შეიძლება სწორად ჩაითვალოს. საქმე ისაა, რომ შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად არ ჰქონდეს ცდისპირს საგანწყობო ობიექტების შედარების ნამდვილი მოთხოვნილება, და ამ აქტს იგი მხოლოდ ზედაპირულად, მხოლოდ მექანიკურად აწარმოებდეს. რას მოგვჩემს ამ შემთხვევაში საგანწყობო ცდების განმეორება? უეჭველია, არაფერს. რაკი განწყობის სუბიექტური ფაქტორი სრულიად არ არის მოცემული, ცხადია, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ თითოეული ცალკე შედარების აქტი სათანადო განწყობის ნიადაგზე ხდებოდეს. მაშასადამე, საგანწყობო ცდების განმეორება მხოლოდ გარეგნულად წარმოადგენს განმეორებას: თვითონ განწყობის განმეორებასთან აქ საქმე არა გვაქვს და, მაშასადამე, ფიქსირებული განწყობის შექმნის შესახებ ლაპარაკი ამ შემთხვევაში სრულიად ზედმეტია. საიდან უნდა შეიქმნას იგი, როდესაც თვითონ პირველადი განწყობა, რომელიც ფიქსირებულად უნდა გადაიქცეს , ჯერ კიდევ არსად ჩანს.
აქედან ნათელია, რომ ფიქსირებული განწყობის შესაქმნელად შემდეგი პირობებია აუცილებელი: საგანწყობო ობიექტების შედარების ნამდვილი მოთხოვნილება, როგორც აუცილებელი პირობა პირველადი განწყობის აღმოსაცენებლად და განმეორება ამ შედარების აქტისა, როგორც ერთიდაიმავე განწყობის მრავალგზისი განახლებისა და განმტკიცების პირობა.
აქედან ნათლად ჩანს, რომ განმეორება მხოლოდ იმიტომ უნდა იყოს ფიქსირებული განწყობის ადმოსაცენებლად აუცილებელი, რომ იგი განწყობის განმტკიცებას უწყობს ხელს. წარმოვიდგინოთ ისეთი მდგომარეობა, რომ სუბიექტს იმთავითვე ძლიერი განწყობა უჩნდება. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის შესაძლებელია მოხდეს: საჭიროა ოღონდ განწყობის ფაქტორები _ სუბიექტური და ობიექტური _ ორივე განსაკუთრებული ძალით მოქმედებდეს. ამ შემთხვევაში, უდაოა, რომ განმეორება საჭირო აღარ იქნება: ძლიერი განწყობა უიმისოდაც ფიქსირებულად გადაიქცევა.
ამრიგად, ფიქსირებული განწყობა მარტო განმეორების შედეგად როდი ჩნდება. ადამიანს, უეჭველია, არა ერთი და ორი შემთხვევა აქვს ცხოვრებაში, რომ მასზე ესა თუ ის გარემოება განსაკუთრებით ძლიერ შთაბეჭდილებას სტოვებდეს. ასეთ შემთხვევებში მისი განწყობა იმთავითვე ფიქსირდება, და შემდგომი მისი ცხოვრების მიმდინარეობა ბევრის მხრივ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია მის ამგვარად ფიქსირებულ განწყობათა წრე.
განწყობის დიფერენციული ფსიქოლოგიისთვის ჩვენ ვიცით, რომ გარემო პირველ რიგში ადამიანის განწყობაზე ახდენს გავლენას; ვიცით, რომ მთელი მისი ქცევა და განცდა ამ განწყობის ნიადაგზე ღებულობს თავის გარკვეულ სახეს. მაგრამ, როგორც დავინახეთ, სუბიექტს ყოველთვის შეიძლება თავისი წარსულიდან ესა თუ ის განწყობა ჰქონდეს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გარემოსთან ურთიერთობის აქტში ჩაერიოს, ახალი შესატყვისი განწყობის აღმოჩენვბას დაასწროს, დაჩრდილოს იგი და ეს აქტი თვითონ წარმართოს.
უეჭველია, ამისდა მიხედვით, რომ ადამიანის წარსულს, მისი ფიქსირებული განწყობის წრეს და ძალას, სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მისი ქცევის გასაგებად. მეორის მხრივ, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს იმასაც, თუ როგორია ამა თუ იმ შემთხვევაში განწყობის მოქმედების, მისი, ასე ვთქვათ, მექანიზმის თავისებურება. ადამიანის ინდივიდუალობა არა მარტო მისი წარსულის ვითარებაზვა დამოკიდებული, არა მარტო იმაზე, თუ როგორია შინაარსეულად მისი ფიქსირებული განწყობა, არამედ იმაზეც, თუ როგორია ეს უკანასკნელი ფორმალურად.

1) აქ პირველ რიგში საყურადღებო იქნებოდა გამოგვერკვია, თუ რამდენად ადვილად უმუშავდება სუბიექტს ფიქსირებული განწყობა, რამდენად აგზნებადია იგი ამ მხრივ. უეჭველია, განწყობის აგზნებადობა ერთერთი მნიშვნელოვანი ფორმალური მომენტი იქნებოდა, რომელიც ადამიანთა განსხვავებულობას ბევრის მხრივ შუქს მოფენდა.
სათანადო ცდებიდან ირკვევა, რომ განწყობის აგზნებადობა მართლა სხვადასხვაგვარია. არიან ადამიანები, რომელთაც ორიოდე საგანწყობო ექსპოზიციის შედეგადაც ადვილად უფიქსირდებათ სათანადო განწყობა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ამისთვის 15-20 ექსპოზიციაც არ ჰყოფნით.
2) რა ემართება განწყობას კრიტიკული ექსპოზიციის ხანგრძლივი ზეგავლენის შედეგად? იგი უთუოდ ქრება და ადგილს უთმობს ადეკვატურს განწყობას, თუ ეს ყოველთვის ასე არ ხდება? ცდები ამტკიცებენ, რომ აქ ორ ურთიერთის მოპირდაპირე ტიპს აქვს ადგილი. ერთის მხრივ, ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როდესაც ერთხელ შემუშავებული განწყობა იმდენად უძრავი და ინერტულია, რომ იგი სრულიად არ უთმობს ადგილს ადეკვატურ განწყობას, რაგინდ მრავალგზისაც უნდა იმოქმედონ მასზე კრიტიკული ცდის ობიექტებმა. ამ შემთხვევაში სუბიექტი თავს ვერ აღწევს ილუზიას, იგი ვერ ახერხებს გზის გაკვლევას ობიექტური ვითარებისკენ. ასეთ უძრავსა და ურყევ განწყობას შეიძლბა სტატიკური ვუწოდოთ _ განწყობის იმ ტიპისგან განსასხვავებლად, რომელიც მოცემულ პირობებში ადრე თუ გვიან განზე დგება და ადეკვატურ განწყობას უთმობს ადგილს. თუ პირველი ტიპისთვის ისაა დამახასიათებელი, რომ იგი უსასრულო ილუზიის მსხვერპლად გვაქცევს, მეორე, რომელსაც შეიძლება დინამიკური ვუწოდოთ, ასეთ უძრაობას არ იჩენს და, ბოლოსდაბოლოს მაინც. ადეკვატური აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს.

3) სტატიკური იქნება განწყობა თუ დინამიკური, სულ ერთია, შესაძლოა იგი მეტნაკლები პლასტიკურობით ხასიათდებოდეს. როგორც სათანადო ცდებიდან ჩანს, არის შემთხვევები, რომ განწყობა, ცდების განმეორებითი ზემოქმედების გამო, თანდათანობით სუსტდება და, რამოდენიმე ფაზის განვლის შემდეგ, საბოლოოდ რომელსამე მათგანზე ჩერდება(სტატიკური განწყობა), ანდა ყველა ფაზის განვლის შემდეგ სრულიად აღიკვეთება (დინამიკური განწყობა). ამ ორივე შემთხვევაში ჩვენ პლასტიკურ განწყობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ სხვაგვარ შემთხვევებსაც აქვს ადგილი: განწყობა ან გამუდმებით ერთ რომელსამე ფაზაზე რჩება გაყინული, ანდა პირველად მოცემული ფაზიდან თანდათანობით კი არ გადადის დანარჩენებზე, არამედ ერთბაშად, ყოველი თანდათანობითი დასუსტების გარეშე, ისპობა. აქ ორივე შემთხვევაში განწყობის სიტლანქესთან გვაქვს საქმე.

4) ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ განწყობას გენერალიზაცია ან ირადიაცია ახასიათებს. რასკვირველია, შესაძლებელია სხვადასხვა შემთხვევაში ეს უკანასკნელი მეტნაკლები განფენილობით იყოს წარმოდგენილი. ეს გარემოება სრულიად არ ეწინაადმდვგება განწყობის მთლიანობით ბუნებას: განწყობა ყველგან სუბიექტის, როგორც მთელის, მდგომარეობაა მაშინაც, როდესაც იგი ფართოდაა მასში გავრცელებული, და მაშინაც, როდესაც იგი თითქოს მხოლოდ ზოგიერთ არეს ეხება. სათანადო ცდების შედეგად გამოირკვა, რომ საგანწყობო ცდების ნიადაგზე აღმოცენებული განწყობა შესაძლოა ძალიან ფართოდ იყოს გავრცელებული, მაგალითად, აქტიური შეხების სფეროში შექმნილი განწყობა მხედველობის არეშიც იყოს გავრცელებული. მაგრამ შესაძლოა ისიც, რომ იგი იმ ორგანოს საზღვრებს არ სცილდებოდეს, რომელიც საგანწყობო ცდებში იღებდა მონაწილეობას; მაგალითად, თუ საგანწყობო ცდებში მარტო ცალი თვალი ან ცალი ხელი ღებულობდა მონაწილეობას, შესაძლოა, განწყობის გავრცელებულობა მარტო ამ ცალი ხელით თუ ცალი თვალით განისაზღვროს.

5) არის შემთხვევები, რომ განწყობა სამუდამოდ თავისი მოქმედების ერთსადაიმავე ტიპს ინარჩუნებს: თუ, მაგალითად, იგი პლასტიკურია და დინამიკური, იგი ყოველთვის ასეთი რჩება, მიუხედავად იმისა, დღეს იქნება იგი სათანადო საგანწყობო ცდების შედეგად მიღებული, თუ ხვალ ამ შემთხვევაში ჩვენ კონსტანტური განწყობის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ. მაგრამ განწყობა ყოველთვის კონსტანტური როდია. არის ისეთი შემთხვევებიც, რომ განწყობა ცვალებადი (ვარიაბილური) ხდება: დღეს რომ იგი თავისი მოქმედების ერთ ტიპს გვიჩვენებს, ხვალ სულ სხვა სურათს გვაძლევს.

6) განწყობის ერთერთ ნიშანს სტაბილობა წარმოადგენს მაგრამ იგი ყოველთვის ერთნაირი როდია. არის შემთხვევები, რომ განწყობა, ან უცვლელის ან შეცვლილი სახით, დიდხანს სძლებს ხოლმე (კონსტანტურ-სტაბილური და ვარიაბილურ-სტაბილური), ანდა შედარებით მალე ისპობა _ ან ერთბაშად (კონსტანტურ-ლაბილური), ანდა ცვლილებების შემდეგ (ვარიაბილურლაბილური).

7) შენიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ორიოდე კრიტიკული ექსპოზიციაც ან ამ უკანასკნელის ოდნავ გახანგრძლივებაც საკმარისია, რომ სუბიექტმა მოწოდებული ობიექტების სწორი შეფასება მოგვცეს. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, რომ ამავე ეფექტის მიღება მხოლოდ საკმაოდ ხანგრძლივი კრიტიკული ექსპოზიციის, თუ კრიტიკულ ექსპოზიციათა მრავალგზისი განმეორების შემდეგ ხერხდება. უეჭველია, ეს იმიტომ უნდა ხდებოდეს, რომ განწყობას ყოველთვის ერთიდაიგივე სიმტკიცის დონე არ უნდა ახასიათებდეს, რომ უნდა არსებობდეს უფრო მტკიცე და ნაკლებ მტკიცე განწყობის შემთხვევები.

განწყობა პათოლოგიურ შემთხვევებში

1. განწყობა და პათოლოგია

თუ განწყობა მართლა ეგოდენ დიდ როლს თამაშობს ჩვენი ქცევის თუ განცდის მიმდინარეობაში, თუ მართლა ისაა, რომ პირველ რიგში იცვლება სინამდვილესთან ჩვენი ურთიერთობის შეცვლასთან ერთად და ჩვენი განცდის თუ ქცევის თავისებურებას განსაზღვრავს, მაშინ, ცხადია, რომ პათოლოგიურ შემთხვევებში განწყობის შესწავლას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საქმე ისაა, რომ აქ, პათოლოგიურ შემთხვევებში, ქცევის მკვეთრად გამოვლენილი გადახრის ან გამრუდების სხვადასხვა ფორმას ვხვდებით; და ეს გარემოება პირდაპირ გვაფიქრებინებს, რომ, თუ ჩვენი დებულება განწყობის მნიშვნელობის შესახებ სწორია, მაშინ აქ, ამ პათოლოგიურ შემთხვევებში, განწყობის მოქმედების უეჭველად ამდენადვე განსხვავებულ ფორმებთან უნდა გვქონდეს საქმე.
პათოლოგიურმა თავისებურებებმა განსაკუთრებით მკვეთრად სწორედ ფიქსირებული განწყობის მოქმედებაში უნდა იჩინონ თავი. იმიტომ რომ, როგორც ცნობილია. ავადმყოფური ფსიქიკისთვის განსაკუთრებით სხვადასხვაგვარი ფიქსაციის მოვლენებია დამახასიათებელი და მართლაც, სათანადო ცდების შედეგად საბოლოოდ გამორკვეულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ფიქსირებული განწყობის მოქმედება პათოლოგიურ შემთხვევებში საზოგადოდ საკმაოდ თავისებურია. და, გარდა ამისა, ირკვევა ისიც, რომ ეს მოქმედება სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში იმდენად სპეციფიკურია, რომ ამის მიხედვით ამ უკანასკნელთა საკმაოდ შორსმწვდომი დიფერენციაცია ხერხდება.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს შემდეგი: ზემოთ. როდესაც განწყობის პროცესის შესახებ გვქონდა საუბარი, ჩვენ დავრწმუნდით, რომ იგი, თეორიულად მაინც, ექვს განსხვავებულ საფეხურს ან ფაზას შეიცავს. მაგრამ პრაქტიკულად, ცალკეული ნორმალური ადამიანების შემთხვევაში, ეს ფაზები არასდროს სისრულით არ გვეძლევა: როგორც წესი, ისინი მჭიდროვდებიან და, ჩვეულებრივ, არსებითად სულ სამს თუ ოთხ ფაზაში ერთიანდებიან.
სულ სხვაა პათოლოგიური პირების შემთხვევაში; რასაკვირველია: ექვსივე ფაზის სრული გამოვლენის ფაქტთან არც აქ გვაქვს საქმე. მაგრამ აქ არც მათ იმგვარ შემჭიდროებას აქვს ადგილი, როგორსაც ნორმალური, ჯანმრთელი ადამიანების შემთხვევაში ვხვდებით.
უფრო დამახასიათებელი აქ შემდეგი გარემოება აღმოჩნდა: ამა თუ იმ დაავადების შემთხვევაში წინ იწევს განწყობის მოქმედების რომელიმე ერთი ან მეტი ცალკეული ფაზა, ხშირად ის, რომელიც ჯანსაღი ადამიანის შემთხვევაში იმდენად დაჩრდილულია, რომ მისი არსებობა მხოლოდ თეორიულად თუ შეიძლება იგულისხმო. საინტერესოა, რომ სხვადასხვა დაავადების დროს სწორედ სხვადასხვა ფაზა წამოიწევს ხოლმე პირველ პლანზე. როგორც ვხედავთ, ეს გარემოება იმ მხრივაცაა საინტერესო, რომ განწყობის რეგრესული განვითარების ის ფაზები, რომლის არსებობაც ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში მხოლოდ თეორიულად უნდა იქნეს მიღებული, აქ, პათოლოგიური ქცევის შემთხვევაში, ხელსახებ ფაქტად იქცევა.
მეორე გარემოება, რომელიც დამახასიათებელი აღმოჩნდა, ეს ისაა, რომ პათოლოგიური შემთხვევებისთვის განწყობის მოქმედების სწორედ ის სახეებია სპეციფიკური და, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი, რომელნიც ნორმალური ცდისპირების შემოწმების დროს მხოლოდ გამონაკლისის სახით თუ გვხვდებიან. სანიმუშოდ გავეცნოთ განწყობის მოქმედებას რამოდენიმე განსაკუთრებით ცნობილ დაავადებათა შემთხვევებში, სახელდობრ, ეპილეფსიის, შიზოფრენიისა და ისტერიის შემთხვევებში.

2. განწყობა შიზოფრენიის დროს
შიზოფრენიის შემთხვევების ანალიზმა თავიდანვე ნათელჰყო, რომ ფიქსირებული განწყობა აქ სრულიად სპეციფიკურს, ჯანმრთელისთვის უჩვეულო ფორმებს ღებულობს: 1) ჯერ ერთი, იგი განსაკუთრებით ადვილად აგზნებადი აღმოჩნდა. სულ ორიოდე საგანწყობო ცდა საკმარისია, რათა ავადმყოფს ისეთივე ჩამოყალიბებული ფიქსირებული განწყობა გაუჩნდეს, როგორც 15-20 საგანწყობო ექსპოზიციის შემდეგ ვღებულობთ ხოლმე. 2) შიზოფრენიის განწყობას არაჩვეულებრივ მტკიცე გენერალიზაცია ახასიათებს. ჰაპტურ არეში გამოწვეული განწყობა უკლებლივ ოპტიკურ სფეროზეც ვრცელდება და აქ ისეთსავე მკაფიო ილუზიებს იწვევს , როგორსაც თავისი აღმოცენების პირველადს არეში. 3) კიდევ უფრო დამახასიათებელია, შეიძლება ითქვას, სპეციფიკურია, ამ დაავადებისთვის განწყობის სიტლანქე და განსაკუთრებით სტატიკურობა: შიზოფრენიკი თავს ვერ აღწევს ერთხელ შექმნილ განწყობას. და საინტერესოა, რომ ეს სტატიკურობა მის განწყობას არა მარტო თავისი აღმოცენების პირველადს არეში აქვს, არამედ სხვაგანაც, სადაც კი იგი ვრცელდება.
ამისდა მიხედვით, შიზოფრენიკს რომ, მაგალითად, ორჯერ მისცე ხელთ შესადარებლად ორი სხვადასხვა მოცულობის ბურთი _ ერთიდაიმავე წესრიგით _ ეს საკმარისი აღმოჩნდება, რომ ჩვეულებრივს კრიტიკულ ცდებში მან ერთხელაც ვერ შესძლოს მიწოდებული ბურთების ტოლობის დადასტურება, რაგინდ ბევრჯერაც უნდა გაასინჯვინო მას ხელში ეს ტოლი ბურთები. ამრიგად, შიზოფრენიკი უსასრულო ილუზიის მსხვერპლად იქცევა. მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ ეს უსასრულო ილუზია მაშინაც ძალაში რჩება, როდესაც შიზოფრენიკს თვალით აჩვენებ ამავე ბურთებს: ეხლა ისინი არა მარტო ხელში ეჩვენება მას უტოლოდ, არამედ თვალითაც, მიუხედავად იმისა, რომ თვალი საგანწყობო ცდებში არავითარ მონაწილეობას არ ღებულობდა. როგორც ჩანს. ერთხელ შექმნილი ფიქსირებული განწყობა მთლიანად მოიცავს შიზოფრენიკის პიროვნებას და არ აძლევს მას შესაძლებლობას. ობიექტური ვითარებისკენ გზა გაიკვლიოს.
ამრიგად, შიზოფრენიის შემთხვევაში დაავადებულის ფიქსირებული განწყობა თვალსაჩინოდ განსხვავდება ნორმალურისგან: იგი ტლანქია, სტატიკური და ფართოდ ირადირებული, მიუხედავად ამისა. იგი ადვილად აგზნებადია და ამავე დროს უაღრესად კონსტანტური და სტაბილური. ერთი სიტყვით, შიზოფრენიკის განწყობა უეჭველად თავისებურია: მისი სტატიკურობა, ირადიულობა, კონსტანტობა და სტაბილობა შორს დგას ნორმალური ადამიანის განწყობის მოქმედების ტიპიური მიმდინარეობისგან.

3. განწყობა ეპილეფსიის დროს

ეპილეფსიის შემთხვევაში განწყობის მოქმედების კიდევ უფრო გამოკვეთილ თავისებურებასთან გვაქვს საქმე. ეპილეპტიკის განწყობაც აგზნებადია, ტლანქია და სტატიკური. ამ მხრივ თითქოს არავითარი განსხვავება არ ჩანს მასსა და შიზოფრენიკს შორის. მაგრამ შემდგომი დაკვირვება გვიჩვენებს, რომ განსხვავება მაინც დიდია და ამავე დროს ძალიან დამახასიათებელიც. საქმე ისაა. რომ ეპილეპტიკის განწყობის ირადიაცია უაღრესად შემოფარგლული აღმოჩნდა. იგი არა თუ ერთი სენსორული არიდან მეორეზე ვერ გადადის, იგი თვით ამ ერთს სენსორულ არესაც ვერ ფარავს. კერძოდ, ეპილეპტიკის რომ განმეორებით მისცე ხელთ შესადარებლად ორი სხვადასხვა მოცულობის ბურთი ერთიდაიმავე წესით და შემდეგ ტოლი ბურთები დაანახო და ერთმანეთს შეადარებინო, იგი მათ, შიზოფრენიკისგან განსხვავებით. იმწამსვე ტოლად შეაფასებს. როგორც ჩანს, აქტიური შეხების არეში შექმნილი განწყობა აქვე რჩება, იგი უფრო შორს არ ვრცელდება. კიდევ მეტი: შეუქმნათ მას ეხლა განწყობა ერთ ხელში. ხოლო ტოლი ბურთები მეორეში მივცეთ შესადარებლად. რა მოხდება? ილუზია არც ეხლა იჩენს თავს. დასკვნა ნათელია: ეპილეპტიკის განწყობა ლოკალურია. აღსანიშნავია, რომ იგი ისევე მტკიცედ კონსტანტური და სტაბილური აღმოჩნდა, როგორც შიზოფრენიკის ირადირებული განწყობა.
რასაკვირველია, ჩვენ შევხვდებით ე. წ. ეპილეპტიკთა შორის ისითებსაც, რომელთა განწყობაც სულ ასეთი არაა; მაგრამ ეს მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობაა, და გადახრა ამ შემთხვევაში არაა საკმარისი, ზემოაღნიშნული კანონზომიერების ფაქტიურობაში რომ ეჭვი შევიტანოთ, მით უმეტეს, რომ ამ გადახრას თავისი საფუძველი მოეპოვება, რასაც აქ ვერ შევეხებით.

4. განწყობა ისტერიის შემთხვევებში

თავისებური აღმოჩნდა განწყობის მოქმედება ისტერიის შემთხვევაშიც. ჯერ ერთი, შიზოფრენიისა და ეპილეფსიისგან განსხვავებით, ისტერია განწყობის მოქმედების ერთს გარკვეულ ტიპს არ იძლევა: ა) ერთხელ რომ ორიოდე საგანწყობო ექსპოზიციაც ქმნის საკმაოდ გამოკვვთილ განწყობას, მეორეხელ საგანწყობო ექსპოზიციათა დიდი რიცხვიც ვერ იძლევა ეფექტს, და ისტერიული კრიტიკულ ცდებში, ჩვეულებრივ, ადეკვატურ შეფასებას აძლევს ხოლმე ტოლ ობიექტებს, ბ) სხვა პირობებში ჩვენ შიზოფრენიკული განწყობის შემთხვევებსაც ვხვდებით და ეპილეფსიურისასაც. მაგრამ ეს უკანასკნელი ისე მკვეთრად ლოკალური მაინც არაა, როგორც ნამდვილი ეპილეფსიის შემთხვევებში: შესაძლოა, ისტერიულს ერთ სენსორულ არეში შექმნილი განწყობა მეორეზე არ უვრცელდებოდეს, მაგრამ თვითონ იმ სენსორულ არეში, რომელშიც საგანწყობო ცდები წარმოებდა, იგი დაუბრკოლებლივ ვრცელდება: ცალ ხელში შექმნილი განწყობა მეორე ხელზეც გადადის.
ერთი სიტყვით, არ ითქმის: ისტერიისთვის განწყობის მოქმედების ერთი რომელიმე სპეციფიკური ტიპი იყო დამახასიათებელი.
ამას სავსებით ეთანხმება ის შედეგებიც, რომელსაც ცალკე პირებზე კონსტანტობისა და სტაბილობის ცდების ჩატარება იძლევა: ისტერიულისთვის სწორედ განწყობის ვარიაბილობა და ლაბილობა აღმოჩნდა დამახასიათებელი; მისი განწყობა ადვილად იცვლება სხვადასხვა დროს და მალე სუსტდება და ქრება, თუ მას ყოველდღიურად ახალი საგანწყობო ექსპოზიციები არ ამაგრებს.

5. ჯანმრთელობის გაუმჯებესება და განწყობა

ჩვენთვის აქ საჭირო არაა სხვა პათოლოგიურ შემთხვევათა განხილვა. უეჭველია, რომ განწყობა მართლა არსებითი მნიშვნელობის ფაქტს წარმოადგენს. ამის უდაო საბუთს შიზოფრენიის, ეპილეფსიისა და ისტერიის შემთხვევებში განწყობის მოქმედების სპეციფიკური გადახრის ფაქტები იძლევიან.
მაგრამ ამავე პათოლოგიურ შემთხვევებში განწყობის თავისებურების კვლევის დროს ჩვენ წავაწყდით მეორე ფაქტსაც, რომელიც კიდევ უფრო დემონსტრაციულად ამტკიცებს ჩვენი დებულების სისწორეს. თუ პიროვნების ქცევის თავისებურება მისი განწყობის მოქმედების შესატყვის თავისებურებას გულისხმობს, მაშინ უდაოა, რომ ყველგან, სადაც პათოლოგიური პიროვნება გაჯანსაღების გზას დაადგება, სადაც მისი ქცევა ნორმალურთან დაახლოებას დაიწყებს, იქ სათანადო ცვლილება განწყობის მოქმედების სფეროშიც უნდა მოხდეს: იქ განწყობის მოქმედების ტიპი ნორმალურს უნდა დაუახლოვდეს. პათოლოგიური განწყობის ექსპერიმენტალური შესწავლის პროცესში სწორედ ამ ფაქტმა იჩინა თავი: ყველგან, სადაც ავადმყოფი გაუმჯობესების გზას ადგებოდა, განსა კუთრებით იქ, სადაც მართლა გაჯანსაღების შესახებ შეიძლებოდა ლაპარაკი, მაგრამ ხშირად იქაც, სადაც იგი დროებით მაინც კარგად გრძნობდა თავს, მისი განწყობის ტიპი თვალსაჩინოდ იცვლებოდა და გარკვევით იმას უახლოვდებოდა, რაც ამ სუბიექტისთვის, როგორც გარკვეული ხასიათის პატრონისთვის, ჯანმრთელობის დროს იყო ან უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი.
არსებობს მთელი რიგი ცდები, რომელთა შედეგებიც უდაოდ ხდის ამ დებულებას. საგულისხმოა, რომ ეს არა მარტო ერთი რომელიმე ავადმყოფობის შესახებ ითქმის, მაგალითად, არა მარტო ისტერიის, ან ეპილეფსიის შესახებ, არამედ შიზოფრენიის შესახებაც. ექ. ი. ბჟალავას ცდების მასალებიდან, რომელიც მან ქაფურით წარმატებით მკურნალობის შემდეგ ჩაატარა შიზოფრენიკებზე, ნათლად ჩანს, რომ განკურნების შემდეგ შიზოფრენიკიც განწყობის ნორმალურ ტიპს უბრუნდება.

დ. უზნაძე "განწყობის ფსიქოლოგია". გადმოწერე PDF ფაილი

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003