logo-herba

antiD-header

კარლ გუსტავ იუნგი. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები. მეორე ლექცია.

მეორე ლექცია

თავმჯდომარე, დოქტ. ჯ.ა. ჰედფილდი:

 ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ბატონი პროფესორი იუნგი უკვე წარადგინეს თქვენს წინაშე და, უნდა ითქვას, არც ქება-დიდება დაუშურებიათ; მაგრამ, ვფიქრობ, ყველა ვინც გუშინ საღამოს გვესწრებოდა, დამეთანხმება, რომ ეს ხოტბა გადაჭარბებული სულაც არაა. დოქტ. იუნგმა გუშინ ადამიანის ფსიქიკის ფუნქციების შესახებ ისაუბრა, სახელდობრ, გრძნობის, აზროვნების, ინტუიციისა და შეგრძნების შესახებ, და მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას ყოველი ამ ფუნქციათაგანი – წინააღმდეგ იმისა, რაც მან მოგვახსენა – მშვენივრად აქვს დიფერენცირებული. ის კი არა, ვიგრძენი, თითქოს ამ ფუნქციათა კავშირში ავტორის იუმორის გრძნობა გამოსჭვივის. რაიმე წარმოდგენის ჭეშმარიტებაში ისე ვერაფერი დამარწმუნებს, როგორც ავტორის უნარი, იუმორისტულადაც მიუდგეს მას, რაც გუშინ სარამოს დოქტ. იუნგმა გამოავლინა. რაიმეს მიმართ ,,პირუტყვული სერიოზულობა” ძალიან ხშირად იმაზე მიუთითებს, რომ მოსაუბრეს თვითონაც ეჭვი ეპარება სათქმელის ჭეშმარიტებაში.

 კ.გ. იუნგი:

 ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, გუშინ ჩვენ ცნობიერების ფუნქციები მიმოვიხილეთ. დღეს მინდა ბოლომდე მივიყვანო ფსიქიკის სტრუქტურის პრობლემის განხილვა. ადამიანის ფსიქიკის შესახებ მსჯელობა სრული არ იქნებოდა, არაცნობიერი პროცესების არსებობა რომ მხედველობიდან გამოგვრჩენოდა. ნება მიბოძეთ მოკლედ შეგახსენოთ, რაზეც გუშინ საღამოს ვსაუბრობდით.

 არაცნობიერ პროცესებს უშუალოდ ვერ მივუდგებით, – მათზე ხელი არ მიგვიწვდება. მათი უშუალო აღქმა შეუძლებელია, ისინი მხოლოდ თავიანთ შედეგებში ვლინდებიან და, ამ შედეგთა სპეციფიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ მათ მიღმა უნდა იყოს რაღაც, საიდანაც ისინი სათავეს იღებენ. ამ ბნელ სფეროს ჩვენ არაცნობიერ ფსიქიკას ვუწოდებთ.

 ცნობიერების ექტოფსიქიკური შინაარსები, პირველ რიგში, გარემოს ზეგავლენებით, ფიზიკურშეგრძნებითი აღქმების მონაცემების საზრდოობენ. მაგრამ არსებობს ისეთი შინაარსებიც, რომლებიც სხვა წყაროებიდან იღებენ  დასაბამს, როგორიცაა, მაგალითად, მეხსიერება და განსჯის უნარი. ესენი ენდოფსიქიკურ სფეროს განეკუთვნებიან. ცნობიერების შინაარსების, მესამე წყარო კი ფსიქიკის ბნელი სამყაროა, არაცნობიერი. აქ ჩვენ ენდოფსიქიკური ფუნქციების თავისებურებებს ვაწყდებით, ე.ი. იმ ფუნქციებისა, რომლებიც ნებელობის კონტროლს არ ექვემდებარებიან. ისინი იმ მედიუმს წარმოადგენენ, რომლის მეშვეობითაც არაცნობიერი შინაარსები ცნობიერების ზედაპირს აღწევენ.

 ასე რომ, არაცნობიერ პროცესებს პირდაპირ ვერ დავაკვირდებით. მათი ის პროდუქტები კი, რომელნიც ცნობიერების ზღურბლს გადალახავენ, ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. პირველი კატეგორია იმ მასალას მოიცავს, რომელნიც შეიცნობა როგორც უეჭველად პიროვნული წარმოშობისა; ეს შინაარსებია პიროვნული მონაპოვრები ანდა ინსტინქტურ მოვლენათა პროდუქტები, რომლებიც მთლიანი პიროვნების საკუთრებაა. შემდგომ, აქვე შედის დავიწყებული თუ განდევნილი, ასევე შემოქმედებითი შინაარსები. ყოველივე ამაში განსაკუთრებული და საოცარი არაფერია. ზოგს შეიძლება ესენი გაცნობიერებული ჰქონდეს, სხვებთან კი არაცნობიერშია ჩაძირული. ზოგმა ისეთი რამ იცის, რაც სხვებისათვის უცნობია. შინაარსთა ამ კატეგორიას მე ქვეცნობიერ ფსიქიკას ანუ პიროვნულ არაცნობიერს ვუწოდებ, რადგანაც, ის, რამდენადაც შეგვიძლია განვსაჯოთ, მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული ელემენტებისაგან, რომლებიც მთლიანობაში ადამიანის პიროვნებას (Persoenlicheit) ქმნიან.

 შემდგომ, არსებობს აშკარად გაურკვეველი წარმომავლობის შინაარსები, ყოველ შემთხვევაში, ისეთი წარმოშობისა, პიროვნულ მონაპოვრად რომ ვერ ჩაითვლება. ამ შინაარსებს ერთი თვალშისაცემი თავისებურება აქვთ – მითოლოგიური ხასიათისანი არიან. მათ შემყურეს ისეთი შთაბეჭდილება გვიქმნება, თითქოს ისინი ცალკეული პიროვნების კი არა, არამედ უფრო მთელი კაცობრიობის კუთვნილებას წარმოადგენდნენ. როდესაც პირველად წავაწყდი ამგვარ შინაარსებს, გუნებაში ვიფიქრე, მემკვიდრეობითობას ხომ არ ეფუძნებიან-მეთქი, და აზრად მომივიდა, რომ მათი ახსნა ნაციონალური ან რასობრივი მემკვიდრეობით იქნებოდა შესაძლებელი. ამ საკითხის ნათელსაყოფად ამერიკაში გავემგზავრე, წმინდა სისხლის ზანგთა სიზმრები შევისწავლე და დავადგინე, რომ ეს ხატებები არც ე.წ. სისხლით, ანდა რასობრივ მემკვიდრეობასთანაა რამე კავშირში და არც ცალკეულ ადამიანთა პიროვნული მონაპოვარია. ისინი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, და ამიტომ კოლექტიური ბუნებისანი არიან.

 ამ ძირითად კოლექტიურ ნიმუშებს მე არქეტიპები1 ვუწოდე, ავგუსტინისეული გამოთქმის მიხედვით. არქეტიპი წარმოადგენს typos-ს (გამოკვეთილ რასმე), არქაული ხასიათის მკაცრად შემოსაზღვრულ სტრუქტურას, რომელიც როგორც ფორმით, ისე მნიშვნელობით მითოლოგიური მოტივების შემცველია. წმინდა სახით მითოლოგიური მოტივები ზღაპრებში, მითებში, ლეგენდებსა და ფოლკლორში გვხვდება. ყველაზე ცნობილ მოტივთაგან შეგვიძლია დავასახელოთ: გმირი, მხსნელი, დრაკონი (რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია მის მძლეველ გმირთან), გველეშაპი ანდა დევი, რომელიც გმირს ნთქავს.2 გმირისა და დრაკონის სახეცვლილი ვარიანტია კატაბაზისი, ჯოჯოხეთში ჩასვლა, ნეკია.* (ალბათ გეხსომებათ ,,ოდისეა”-დან ის ადგილი, როცა ოდისევსი ad inferos** ჩადის, რათა ტირეზია, ნათელმხილველი, გამოჰკითხოს. ნეკიას ეს მოტივი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება ანტიკურ სამყაროში და ფაქტიურად მთელ მსოფლიოში. ის არაცნობიერი ფსიქიკის ღრმა ფენებში ცნობიერების ინტროვერსიის ფსიქოლოგიურ მოვლენას გამოხატავს. ამ ფენებიდან უპიროვნო, მითოლოგიური ხასიათის შინაარსები ამოდიან, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არქეტიპები, და ამიტომაც ვუწოდებ მე მათ უპიროვნო ანუ კოლექტიურ არაცნობიერს.

 ცხადია, აქ კოლექტიური არაცნობიერის ამ ცალკე პრობლემის მხოლოდ კონტურებს თუ მოვხაზავთ, ისიც – გაკვრით. მაგრამ მოგიყვანთ მაგალითს კოლექტიური არაცნობიერის სიმბოლიკისა და მასთან ჩემი მიდგომის თავისებურებათა შესახებ, რათა შეძლოთ მისი განსხვავება პიროვნული არაცნობიერისაგან. ამერიკაში რომ მივდიოდი ზანგების არაცნობიერის საკვლევად, თავში ეს კითხვა მიტრიალებდა: ძირითადი კოლექტიური ნიმუშები რასობრივი მემკვიდრეობაა თუ ,,წარმოსახვის აპრიორული კატეგორიები”-მეთქი, როგორც მათ ორმა ფრანგმა, იუბერმა და მოსმა,3 ჩემი გამოკვლევებისაგან დამოუკიდებლად უწოდა. და აი, იქ ერთი ზანგი მიყვება სიზმარს, რომელშიც ბორბალზე გაკრული კაცი ფიგურირებს.4 მთელ სიზმარს არ მოგიყვებით – არაა ამჟამად ამის აუცილებლობა.

1 შდრ., C.G.JUNG, ,,Wurzeln des Bewusstseins”-ში, გვ. 4 და შემდგ. (თხზ. ტ. 9/1) ,,Die Archetypen des kollektiven Unbewussen”.

2 C.G. JUNG, Symbole der Wandlung (თხზ.ტ. 5 ინდექსი).

*ბერძ. – 1. მსხვერპლი, რო,ელსაც მიცვალებულთა სულებს სწირავდნენ, რათა ქვესკნელიდან გამოეძახებინათ ისინი; 2. ჰომეროსის ,,ოდისეას” ერთ-ერთი თავის სახელწოდება: ,,მიცვალებულებულებზე მისნობა”.

**ქვესკნელში (ლათ.).

3 H. HUBERT et m. MAUSS, Melanges d’histoire des religions, p. XXIX.

4 C.G. JUNG, Symbole der Wandlung (თხზ. ტ. 5).

მას, რაღა თქმა უნდა, პიროვნული მნიშვნელობაც ჰქონდა და უპიროვნო წარმოდგენების დაღიც აჩნდა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ამ უკანასკნელ მოტივს გამოვყოფ. ძალზე უმეცარი სამხრეთელი ზანგი გახლდათ; არც ინტელექტით გამოირჩეოდა და არც არაფერი. ზანგთა განთქმულ რელიგიურ ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, ჯვარზე გაკრული კაცი რომ დასიზმრებოდა, – კიდევ ჰო, მოულოდნელი არ იქნებოდა, ჯვარს პიროვნული გამოცდილების მონაპოვრად ჩათვლიდით, მაგრამ ბორბალზე გაკრულს თუ იხილავდა, ვინ იფიქრებდა! ეს ძალზე უჩვეულო ხატებაა. რა თქმა უნდა, ვერ დაგიმტკიცებთ, რომ ამ ზანგს შემთხვევით ასეთი სურათი არ ენახა ან რომ თავის დღეში მსგავსი არაფერი სმენოდა, და რომ ეს არ ჩაჰყვა ძილში. მაგრამ თუკი მას ამ წარმოდგენის ნიმუში არ გაჩნდა, მაშინ საქმე არქეტიპულ ხატებასთან გვქონია, – ბორბალზე გაკვრა ხომ მითოლოგიური მოტივია. ეს სწორედ ის, ძველთაძველი მზის ბორბალია,* და ჯვარცმა მზის ღმერთის გულის მოსალბობად შეწირული მსხვერპლი გახლდათ, ისევე როგორც ადრე მიწის ნაყოფიერების გასაზრდელად ადამიანებსა და ცხოველებს სწირავდნენ ხოლმე. მზის ბორბალი განსაკუთრებით არქაული და, იქნებ, საერთოდ უძველესი რელიგიური წარმოდგენაც კია. როდეზიული ქანდაკებების შესწავლისას მისმა კვალმა მეზოლითურ და პალეოლითურ ხანამდეც კი შეიძლება მიგვიყვანოს. მაგრამ ნამდვილი ბორბლები მხოლოდ ბრინჯაოს ხანაში არსებობდა; პალეოლითში ბორბალი ჯერ კიდევ არ იყო გამოგონებული. ჩანს, როდეზიული მზის ბორბალი იმავე ეპოქიდანაა წარმომდგარი, რომელსაც ცხოველთა ზოგი ძალზე ნატურალისტური გამოსახულება განეკუთვნება, როგორიცაა, მაგალითად, განთქმული ტკიპებიანი მარტორქა, დაკვირვებულობის შედევრი. ასე რომ, როდეზიული მზის არქეტიპული ხატებაა.5 მაგრამ ის არ არის ნატურალისტური ხასიათისა, რადგან ოთხ ან რვა სეგმენტადაა ხოლმე დაყოფილი (სურ. 3).

*როგორც ზემოთაა ნათქვამი, ეს მოტივი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. საქართველოშიც, კერძოდ, ხევსურეთში ნივთებისა და სიმხურველის ასტრალური ნიშანი, რომელიც საკუთარი ცენტრის გარშემო ტრიალს და ერთი მიმართულებით სვლას აღნიშნავს, სოლარულ სამყაროსთანაა დაკავშირებული და ბორჯღალად იწოდება (იხ. ი. სურგულაძე, ,,ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა”). (მთარგმ.).

5 შდრ. C.G.JUNG, Uber die Beziehungen der Analytischen Psychologie zum dichterischen Kunstwerk (თხზ. ტ. XV); Psychologie und Religion (თხზ. ტ. II, 1963 წ., § 100) და Bruder Klaus (იქვე, § 484). როდეზიული მზის ბორბლების შესახებ წერილობითი ძეგლები ხელთ არა გვაქვს, თუმცაღა ანგოლასა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილია კლდეში ამოკვეთილი ასეთი ფორმები; ,,ტკიპებიანი მარტორქა” წარმომავლობით ტრანსვაალიდანაა და პრეტორიის ერთ-ერთ მუზეუმშია მოთავსებული.

სურ. 3: მზის ბორბალი

დანაწევრებული წრის ხატება სიმბოლოა, რომელსაც კაცობრიობის მთელ ისტორიაში, ისევე როგორც თანამედროვე ადამიანთა სიზმრებშიც, ვაწყდებით. სრულიად შესაძლებელია, ნამდვილი ბორბლის გამოგონება ამ ხილვას ემყარებოდეს. მრავალი ჩვენი აღმოჩენა მითოლოგიურ ანტიციპაციებსა და უძველეს წარმოდგენებს ეფუძნება.  ასე, მაგალითად, ალქიმიის ხელოვნება თანამედროვე ქიმიის დედაა. ჩვენი ცნობიერი, მეცნიერული სული არაცნობიერში ყალიბდება.

 იმ ზანგის სიზმარში ბორბალზე გაკრული კაცი გამეორებაა ბეძნული მითოლოგიური მოტივისა იქსიონის შესახებ, რომელიც ღმერთთა და კაცთა შეურაცხყოფისათვის ზევსის მიერ მარად მბრუნავ ბორბალზე იქნა გაკრული. მითოლოგიური მოტივის ეს მაგალითი, უბრალოდ, იმისთვის მოგიყვანეთ, რომ კოლექტიური არაცნობიერის იდეა გადმომეცა. ერთი ცალკე აღებული მაგალითი, ცხადია, ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგრამ ისიც ხომ შეუძლებელია დავუშვათ, რომ იმ ზანგს ბერძნული მითოლოგია ჰქონოდა შესწავლილი, და ძალიან საეჭვოა, რომ მას ოდესმე ბერძნული მითოლოგიური ფიგურების გამოსახულება ენახა. თანაც, სხვათა შორის, იქსიონის გამოსახულებები საკმაოდ იშვიათია.

 შემეძლო ახლა საოცარი ერთმნიშვნელოვანი საბუთები მომეყვანა არაცნობიერში ასეთი მითოლოგიური ნიმუშების არსებობის თაობაზე. მაგრამ ამისათვის სულ ცოტა ორი კვირის განმავლობაში მაინც მომიწევდა ლექციების კითხვა. ჯერ სიზმრების და სიზმართა სერიების აზრი უნდა გადმომეცა და მერე მიმეთითებინა ყველა ისტორიულ პარალელსა და მათ მნიშვნელობაზე. ამ ხატებათა და წარმოდგენათა სიმბოლიკას ხომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში არ ასწავლიან, და სპეციალისტებსაც კი იშვიათად თუ გაეგებათ რამე ამის შესახებ. მე იძულებული ვიყავი წლების განმავლობაში მეკვლია ეს ხატებები და თავად მეძებნა მასალა, ასე რომ, რაც უნდა განათლებული იყოს ჩემი პუბლიკა, მაინც არ მოველი, ამგვარი ჩახლართული ამბები au courant* რომ იცოდეს. სიზმრის ანალიზის ტექნიკის ჯერი რომ მოვა, მაინც მომიხდება ამგვარ მითოლოგიურ მასალაზე შეჩერება, და მაშინ წარმოდგენა შეგექმნებათ იმის შესახებ, თუ როგორ ტარდება პრაქტიკად ეს მუშაობა – არაცნობიერის პროდუქტებისათვის პარალელთა მონახვა; ჯერჯერობით კი იძულებული ვარ იმის აღნიშვნით დავკმაყოფილდე, რომ არაცნობიერის ეს ფენა ძირითად მითოლოგიურ ნიმუშებს შეიცავს და ისეთ შინაარსებს წარმოშობს, რომელთაც ინდივიდუუმს ვერ მივაწევთ; ასე გასინჯეთ, ისინი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კიდევაც სიზმრის მნახველის პიროვნულ ფსიქოლოგიას. ასე, მაგალითად, ჩვენდა განსაცვიფრებლად, სრულიად გაუნათლებელ პიროვნებასთან შეიძლება ისეთ სიზმარს გადავეყაროთ, რომელიც მას მართლაც არ უნდა დასიზმრებოდა, რადგან ყოვლად საკვირველ რამეებს შეიცავს. ბავშვების სიზმრებმა კი ზოგჯერ შეიძლება ისეთი თავსატეხი გაგვიჩინოს, რომ მერე გონზე მოსასვლელად შვებულების აღება დაგვჭირდეს, – მათი სიმბოლოები იმდენად ღრმააზროვანია, რომ საშველს არ გვაძლევს კითხვა: კი მაგრამ, როგორ შეიძლება ბავშვს ასეთი რამ დასიზმრებოდა?

 სინამდვილეში კი ეს სულ ადვილი ასახსნელია. ჩვენს სულს, ისევე  როგორც ცხეულს, თავისი ისტორია აქვს. ამაზე გაკვირვება იგივეა, რომ, დავუშვათ, იმას გავეოცებინეთ, ადამიანს რომ ბრმანაწლავი აქვს. განა მან იცის, რომ ასეთი რამ უნდა გააჩნდეს? არა, უბრალოდ, თან დაჰყვა. მილიონობით ადამიანმა არ იცის, რომ თიმუსის ჯირკვალი აქვს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება, – მაინც ხომ აქვთ. მათ არ იციან, რომ თვიანთი ანატომიის გარკვეული ნაწილების მიხედევით ისინი თევზთა სახეობას განეკუთვნებიან, მაგრამ იციან თუ არა – ეს მაინც ასეა. ჩვენი არაცნობიერი, ისევე როგორც ჩვენი სხეული, წარსულის დანაშთთა და მოგონებათა სამყოფელია. არაცნობიერი კოლექტიური ფსიქიკის სტრუქტურის შესწავლა, ალბათ, ისეთივე აღმოჩენებს მოიტანდა, როგორსაც შედარებითი ანატომია. მისტიკური აქ არაფერია, მაგრამ რაკიღა კოლექტიურ არაცნობიერს ვახსენებ, მეცნიერებისა და პროგრესის მტრად ვარ გამოცხადებული. კოლექტიურ არაცნობიერს მისტიკასთან რა ხელი აქვს!

*წყალივით, ზეპირად (ფრანგ.).

ეს, უბრალოდ, მეცნიერების ახალი განშტოებაა. არაცნობიერი კოლექტიური პროცესების არსებობის აღიარება ნამდვილად მართებს საღ განსჯას, – მართალია, ბავშვს ცნობიერება დაბადებიდანვე თან არ დაჰყვება, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო მაინც არაა tabula rasa.* ბავშვი სავსებით განსაზღვრული ტვინით იბადება, და ინგლისელი ბავშვის ტვინი ისე კი არ იმუშავებს, როგორც ავსტრალიელი აბორიგენისა, არამედ ისე, როგროც თანამედროვე ინგლისელისა. ტვინი მზა სტრუქტურითვე ჩნდება, თანამედროვე ყაიდაზე მუშაობს, მაგრამ თავისი ისტორია გააჩნია. ის მილიონობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა, იმ ისტორიას ასახავს, რომლის ნაყოფიც თვითონაა, და იმაზე ბუნებრივი რაა, რომ ის, ისევე როგორც სხეული, თავის თავში ატარებდეს ამ განვითარების ნაკვალევს. ასე რომ, როდესაც ადამიანის შინაგანი სტრუქტურის წიაღში ვიჭრებით, რა გასაოცარი ისაა, რომ არქაული სულის ნაშთებს მივაგნოთ.

 კოლექტიური არაცნობიერის წარმოდგენა მართლაც მარტივია. ასე რომ არ ყოფილიყო, სასწაულზე იქნებოდა ახლა ლაპარაკი, მე კი აქ ზღაპრებს როდი ვყვები. მე მხოლოდ გამოცდილებას ვეყრდნობი. თქვენთვის რომ ეს გამოცდილება გამეზიარებინა, თქვენც ზუსტად იმავე დასკვნებს გამოიტანდით არქაული მოტივების შესახებ. მე როგორღაც შემთხვევით გამოვკარი ხელი მითოლოგიას და ამ სფეროში, შეიძლება, თქვენზე მეტი წიგნი მქონდეს წაკითხული. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჯერ კიდევ კლინიკაში ვმუშაობდი, ერთ შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტს შევხვდი, რომელსაც უცნაური ხილვა ჰქონდა, და მიყვებოდა; გინდა თუ არა, შენც უნდა დაგანახოო, – ჩამაცივდა, მაგრამ მე ვერაფერს ვხედავდი. ვიფიქრე, ეს კაცი გიჟია, მე – ნორმალური, და მისი ეს ხილვაა თუ რაღაცა, რაში უნდა მენაღვლებოდეს-მეთქი. მაგრამ მაინც მოსვენება დამეკარგა, საგონებელში ჩავვარდი, რას უნდა ნიშნავდეს-მეთქი, არ მაწყნარებდა. და აი, გამოხდა ხანი და წავაწყდი წიგნს, სადაც გერმანელ სწავლულ ა.დიტერიხს 6 რაღაც მაგიური პაპირუსის ნაწილები ჰქონდა გამოქვეყნებული.

*სუფთა დაფა (ლათ.). ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ ლოკი ცნობიერებას ადამიანის მიერ რაიმე გამოცდილების მიღებამდე tabula rasa-ს უწოდებდა. ლოკამდე ამ გამოთქმას ხმარობდნენ არისტოტელე, ალბერტ დიდი და სხვ. (მთარგმ.).

6 .DIETERICH, Eine Mithrasliturgie, 1910.

მე დიდი ინტერესით შევუდექი მის შესწავლას, და მე-7 გვერდზე სიტყვასიტყვით არ აღმოვაჩინე ჩემი პაციენტის ხილვა?! ელდა მეცა. აი, თავსატეხი: რანაირად გაუჩნდა იმ კაცს ხილვა? საქმე ერთ ხატებას კი არ ეხებოდა, არამედ ხატებას მთელ წყებას სიტყვიერი დამთხვევითურთ. აღარ მინდა დეტალებს შევყვე, რადგან ეს ძალზე შორს წაგვიყვანს. ისე, კი, ძალიან საინტერესო შემთხვევაა, – სხვათა შორის, გამოქვეყნებულიც მაქვს.7

  ამ საოცარმა პარალელმა მეტად ამაფორიაქა. თქვენ, ალბათ, არ გექნებათ წაკითხული სწავლულ პროფესორ დიტერიხის წიგნი. რომ წაგეკითხათ და თქვენი თვალით გენახათ ასეთი შემთხვევები, თქვენც მიხვიდოდით კოლექტიური არაცნობიერის წარმოდგენამდე.

 უღრმესი ფენა, რომელზედაც არაცნობიერის კვლევისას ხელი მიგვიწვდება, ისაა, სადაც ადამიანი ცალკეული, შეზღუდული არსება კი აღარაა, არამედ განივრცობა და კაცობრიობის არსს ერწყმის – ცნობიერებით კი არა, არამედ თავისი არაცნობიერით, ე.ი. იმით, რაც ჩვენთვის ყვალასათვის საერთოა. ისევე, როგორც ყველას, პრინციპში, ერთნაირი სხეული გვაქვს – ორი თვალი, ორი ყური, ერთი გული და ა.შ., მცირედი ინდივიდუალური განსხვავებებით, შინაგანადაც სწორედ ასეთივე პრინციპულ იგივეობას აქვს ადგილი. კოლექტიურ სფეროში ცალკეულ, ინდივიდუალურ არსებებს აღარ წარმოვადგენთ; ყველანი ერთი ვართ. ამის გაგება კიდევ უფრო უკეთ შეიძლება, თუ პრიმიტივთა ფსიქოლოგიას მოვიშველიებთ. პრიმიტიული მსოფლმხედველობის უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი ნიშანია ინდივიდთაშორისი განურჩევლობა, სუბიექტისა და ობიექტის ერთიანობა, participation mystique,* როგორც მას ლევი-ბრიული უწოდებს.8

პრიმიტიულ მსოფლმხედველობაში აისახება ადამიანის სულის საფუძვლად მდებარე სტრუქტურა, ე.ი. ის ფსიქოლოგიური შრე, როელსაც ჩვენთვის კოლექტიური არაცნობიერი წარმოადგენს, – საძირკველი, რომელიც ყველა ადამიანში ერთი და იგივეა. ვინაიდან ეს ძირეული სტრუქტურა ყოველ ჩვენგანში მოქმედებს, ამიტომ შეუძლებელია ამ სფეროში ერთმანეთისაგან განვსხვავდებოდეთ. ვინ უწყის, შენს თავს ხდება აქ რამე თუ ჩემს თვს. ყოველგვარი ცნობიერების საყრდენ ამ კოლექტიურ სფეროში ყველა ჩვენგანის ცხოვრება ერთად ისეთ მთლიანობას შეადგენს, რომლის დანაწევრებაც შეუძლებელია.

7 C.G.JUNG, Symbole der Wandlung (თხზ. ტ. 5); Die Archetypen des kollektiven Unbewunten (თხზ. ტ. 9/I); Die Dynamik des Unbewubten (თხზ. ტ. 8, 1967, პარაგრ. 227 და 318 და შემდგ.).

*მისტიკური პარტიციპაცია (ფრანგ.).

8 L.LEVY-BRUHL, Die geistige Welt der primitive, 1959 წ.

კაცი რომ დაუფიქრდეს, თუ რაზე მეტყველებს პარტიციპაციის ფაქტი, – რომ არსებითად ჩვენ ყველანი ყველასთან და ყველაფერთან იდენტურნი ვართ, – განსაცვიფრებელ თეორიულ დასკვნებამდე შეიძლება მივიდეს. მაგრამ ზედმეტად შორს ნუღარ შევტოპავთ, თორემ ვაი ჩვენი ბრალი! თუმცა, ზოგიერთი ამ დასკვნათაგან უფრო დაწვრილებით რომ განგვეხილა, არ გვაწყენდა, – ვინძლო შუქი მოჰფენოდა ზოგ საოცრებას, რაც ადამიანებს გადახდებათ ხოლმე.

 ნება მიბოძეთ თავი მოვუყარო ყოველთვის, რაც ითქვა. აი, დიაგრამა მაქვს წამოღებული (სურ. 4). ცოტა რთული კი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში სულ მარტივია.

სურ. 4: სულიერ-მშვინვიერ სფეროს დიაგრამა

 

 წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი სულიერ-მშვინვიერი სამყარო განათებული ბირთვია. ზედაპირი, საიდანაც სინათლე აირეკლება, ის ფუნქციაა, რომლის მეშვეობითაც ძირითადად ხორციელდება შეგუება. ისეთი ადამიანის შემთხვევაში, რომელიც უმთვრესად აზროვნების საშუალებით ახდენს შეგუებას, უპირველეს ყოვლისა, მოაზროვნე ადამიანის სურათი წარმოგვიდგება თავალწინ. ის ყველაფერს აზროვნებით აღჭურვილი უდგება, და სწორედ აზროვნებაა ის, რითაც მას თავი მოაქვს და რისი იმედიც აქვს, რომ სხვების წინაშე არ შეარცხვენს. ანალოგიურად, იგივე შეიძლება ითქვას, როცა რომელიმე სხვა ფუნქციაა წამყვანი.9

 დიაგრამაზე პერიფერიულ ფუნქციად შეგრძნებაა წარმოდგენილი. ის გარე სამყაროს ობიექტთა შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. მეორე წრეში, აზროვნებაში, ადამიანი ითვისებს იმას, რაც მას შეგრძნებებმა გადასცეს; აქ ნივთების სახელდება და დახასიათება ხდება. შემდეგ გრძნობის ჯერი მოდის; გრძნობითი ღირებულება თან ახლავს ყოველგვარ ჭვრეტას; და ბოლოს, წარმოიშობა ხოლმე ერთგვარი ცოდნა იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა რაღაც, საით მიემართება და რა შეუძლია მოიმოქმედოს. ეს ინტუიცია, რომლის მეოხებითაც ადამიანი საკუთარი თვალსაწიერის მიღმა ხედავს. ეს ოთხი ფუნქცია შეადგენს ექტოფსიქიკურ სისტემას.

 დიაგრამის შემდეგი ნაწილი გამოსახავს ცნოიბიერ ,,მე”-კომპლექსს, რომელსაც ეს ფუნქციები უკავშირდება. ენდოფსიქიკურ სისტემაში, პირველ რიგში, გამოვყოფთ მეხსიერებას, ნებელობისადმი დაქვემდებარებულ ფუნქციას. ის ,,მე”-კომპლექსის ზედამხედველობის ქვეშაა. შენდეგ მოდის ფუნქციათა სუბიექტური კომპონენტები. თუმცა ნებელობა მათთან ბევრს ვერაფერს გახდება, მაგრამ გარკვეულ ფარგლებში მაინც შეუძლია მათი ჩახშობა, გამოთიშვა თუ გაძლიერება. ამ კომპონენტთა მეთველყურეობა ისე იოლი აღარაა, როგორც მეხსიერებისა, თუმცა, მოგეხსენებათ, არც თვით მეხსიერებაა მთლად ,,წმინდა წყლისა”. შემდეგ აფექტებსა და შეჭრებს მივადგებით, რომელთა დამორჩილება მხოლოდ იძულებითი ხერხებით თუ შეიძლება. ერთადერთი – შეგვიძლია არ გამოამჟღავნო, თორემ მეტს ვერაფერს უზამ. მუშტები უნდა შეკრა, რომ არ აფეთქდე, რადგან ეს ძალები, ადვილი შესაძლებელია, ,,მე”-კომპლექსზე უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ.

9 ტიპებისა და ფუნქციების ზოგადი დახასიათებისათვის შდრ. C.G.JUNG, Psychologische Typen (თხზ. ტ. 6, 1967, თ. 10).

 რასაკვირველია, ფსიქიკური სისტემა ასეთი დიაგრამის მეშვეობით სრულად არ გამოიხატება. ეს სურათი უფრო შეფასების სკალაა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ კლებულობს თანდათანობით ენერგია ანუ ინტენსივობა ,,მე”-კომპლექსისა (რომელსაც ნებელობა წარმომადგენლობს), რამდენადაც იმ ბნელ რეგიონს ვუახლოვდებით, მთელ ამ სტრუქტურას ქვაკუთხედად რომ დასდებია – არაცნობიერს. აქ, პირველ რიგში, ვარჩევთ პიროვნულ არაცნობიერს. ფსიქიკის ეს ნაწილი ყოველივე იმას შეიცავს, რაც იგივე წარმატებით ცნობიერიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგეხსენებათ, არაცნობიერს ბევრ რამეს ვუწოდებთ, მაგრამ ეს მხოლოდ შედარებით. ამ სფეროში არაფერია ისეთი, რაც აუცილებლად ყველასათვის არაცნობიერი უნდა იყოს. არსებობს ხალხი, რომლისთვისაც თითქმის ყველაფერი ცნობიერია, რისი გაცნობიერებაც კი შესაძლებელია საერთოდ ადამიანისთვის. რასაკვირველია, ჩვენს ცივილიზაციაში არაჩვეულებრივად ბევრი რამაა არაცნობიერი, მაგრამ სხვა ხალხს ეწვევით, ვთქვათ, ინდოეთს ანდა ჩინეთს, დაადგენთ, რომ იქაურებისათვის ისეთი რაღაცეებია ცნობიერი, რომელთა გამოსაქექად ჩვენი ფსიქოანალიტიკოსები თვეობით წვალობენ ხოლმე. მერე კიდევ, ბუნებრივ პირობებში მცხოვრებმა უბრალო ადამიანებმა რაღაც სასწაულით შეიძლება ისეთი რაღაცეების ცოდნა გამოამჟღავნონ, ქალაქელს რომ არც დაესიზმრება, და თუ დაესიზმრა, ისიც – ანალიზის გავლენით. ეს ჯერ კიდევ სკოლაში დავადგინე. ყრმობის წლები სოფელში მაქვს გატარებული, გლეხებსა და პირუტყვთა შორის, და მე აუარებელი ისეთი რამ ვიცოდი, სხვა ბიჭები აზრზე რომ არ იყვნენ და ბედნიერება მქონდა ყალბი წარმოდგენებისაგან თავისუფალი ვყოფილიყავი. ნევროტულ თუ ნორმალურ ადამიანთა სიზმრების, სიმპტომებისა და ფანტაზიების ანალიზისას არაცნობიერში ვიჭრებით და შესაძლებლობა გვეძლევა ეს ხელოვნური ზღუდე გადავლახოთ. პიროვნული არაცნობიერი მეტად ფარდობითი რამაა. მისმა სფერომ შეიძლება რედუქცია განიცადოს და ბოლოს და ბოლოს ისე შემცირდეს, ნულს მიუახლოვდეს. სულაც არაა წარმოუდგენელი, ვინმემ თავისი ცნობიერება იმდენად განავითაროს, რომ შეეძლოს თქმა: Nihil humanum a me alienum puto.10

 დაბოლოს, მივაღწიეთ უკანასკნელ ბირთვს, რომელსაც საერთოდ ვერ გავაცნობიერებთ, – არქეტიპთა საუფლოს. ის, რასაც, ალბათ, ეს სფერო მოიცავს, ხატებათა (Bild) ფორმით იჩენს თავს, რომელთა გაგება მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, თუკი ისტორიულ პარალელებს მოვუძებნით მათ.

10 შდრ. Terenz, Heauton Timorumenos I, 1.25: ,,Homo sum; humani nil a me alienum puto” (ადამიანი ვარ; არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის).

ზოგი ამ ამოტივტივებულ მასალათაგანი ისტორიულად თუ არ ვცანით და პარალელები თუ ვერ დავინახეთ, ამ შინაარსთა ცნობიერებასთან შეკავშირება შეუძლებელი იქნება, ისე რომ, პროეცირებული დარჩებიან. კოლექტიური არაცნობიერის შინაარსები ნებელობის მიერ ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, თითქოს ჩვენთვის უცხო იყოს ასეთი რამ, – სხვაზე ვამჩნევთ, საკუთარ თავზე – ვერა. როცა კოლექტიური არაცნობიერის შინაარსები აქტიურდება, სხვებში რაღაც-რაღაცეებს შევნიშნავთ ხოლმე; მაგალითად, დარწმუნებული ვართ, რომ ბოროტი აბისინიელი თავს ესხმიან იტალიას. მაგრამ ხომ გახსოვთ ანატოლ ფრანსის ცნობილი მოთხრობა: ორი გლეხი დიდი ხნის განმავლობაში სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყო გადაკიდებული. ვიღაც დაინტერესდა შუღლის მიზეზით და ერთს ჰკითხა, კი მაგრამ, რატომ გძულს შენი მეზობელი, აგრე რას ერჩიო. მან კი მიუგო: ,,Mais il est de l’ autre cote de la reviere!” * სწორედ ასევე მტრობენ ერთიმეორეს საფრანგეთი და გერმანია. ჩვენ, შვეიცარიელებს, საბედნიეროდ, მსოფლიო ომის დროს** შესაძლებლობა გვქონდა გაზეთები გვეკითხა და ამ საკვირველ მექანიზმს დავკვირვებოდით, კაცს დიდ ქვემეხად რომ წარმოუდგებოდა, რომლიდანაც რაინის ერთი ნაპირიდან ისროდნენ, და მეორე ნაპირიდანაც ზუსტად იგივეს იმეორებდნენ. ამასთან, ცხადზე უცხადესი ხდებოდა, რომ ეს ადამიანები მეზობლებში ამჩნევდნენ ყველაფერ იმას, რასაც საკუთარ მაგალითზე ვერა და ვერ ხედავდნენ.

 უზოგადესად შეიძლება ითქვას, რომ ამას კოლექტიურ სიგიჟემდე მივყავართ, სულიერ-მშვინვიერ ეპიდემიამდე, რომელმაც შეიძლება რევოლუცია, ომი, ანდა რაღაც ამდაგვარი გამოიწვიოს, თუკი მოზრდილ სოციალურ ჯგუფებში იჩინა თავი კოლექტიური არაცნობიერის ვითარებამ. ასეთი მოძრაობები წუთში მოედება მთელ ქვეყანას, თითქმის მოძალადეობრივად გადამდებია ისინი, – კოლექტიური არაცნობიერი თუ გააქტიურდა, კაცი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის. ის არა მარტო მონაწილეობს ამ მოძრაობაში, არამედ თავად არის ეს მოძრაობა. გერმანიაში რომ იცხოვროთ ანდა თუნდაც მცირე ხანი რომ დაჰყოთ იქ, როგორც წესი, წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა ფუჭად ჩაგივლით, – ძვალსა და რბილში გაგიჯდებათ იქაური ამბები.

*,,ის ხომ მდინარის გაღმა მხარეზე ცხოვრობს!” (ფრანგ.).

**იგულისხმება პირველი მსოფლიო ომი (მთარგმ.).

რაც არ უნდა იყოს, მაინც კაცი ხარ და, სადაც არ უნდა ცხოვრობდე, თვითდამკვიდრებას მხოლოდ ომით შეიძლება მიაღწიო, რომ ცნობიერება შეზღუდო და რაც შიძლება გამოცარიელდე, მშვინვიერად გამოიფიტო. მაგრამ ამ გზით სამშვინველს დაკარგავ, – რაღა დარჩება შენგან: ცნობიერების პატარა მარცვალი, ცხოვრების ზღვარზე რომ ტივტივებს და მასში არავითარ მონაწილეობას არ იღებს. ხოლო თუ იმადვე გინდა დარჩე, რაც ხარ, მაშინ კოლექტიურ ატმოსფეროს  ვერსად გაექცევი. შეუძლებელია აფრიკაში ან რომელიმე სხვა მსგავს მხარეში იცხოვრო და ეს მხარე ძვალსა და რბილში არ გაგიჯდეს. ყვითელკანიანებთან თუ ცხოვრობ, კანქვეშ გაყვითლდები, – ეს არ აგცდება, რადგანაც სადღაც მაინც შენც ისეთი ხარ, როგორიც ზანგია თუ ჩინელი, ანდა ვინც უნდა იყოს, ვისთან ერთადაც ცხოვრობ; არაცნობიერის მიხედვით სხვა რასების წარმომადგენლებისაგან არ განსხვავდები; იგივე არქეტიპები გაქვს, რაც მათ, ისევე როგორც თვალები, გული, ღვიძლი და სხვ. გაქვს იგივენაირი. მერედა რა, რომ მათი კანი შავია. თუმცა, გარკვეული მნნიშვნელობა ამასაც აქვს – ერთი ისტორიული ფენა მათ ალბათ ჩვენზე უფრო ნაკლები ექნებათ. თუ ერები ერთმანეთისაგან სულიერი შრეებით განსხვავდებიან, ეს მათი განვითარების ისტორიას შეესატყვისება.

 ვინც ჩემსავით შეისწავლის რასებსა და ხალხებს, ბევრს რასმე ძალზე საინტერესოს შეიძლება გადააწყდეს. მაგალითად, ჩრდილო ამერიკელებს თუ შევისწავლით, შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ამერიკელი თავის თავში ინდიელს ატარებს, – ის ხომ დაპყრობილ მიწაზე ცხოვრობს. ინდიელი (მთელი თავისი დღე და მოსწრება ერთი მათგანისთვისაც რომ არ მოეკრას თვალი) და ზანგი (მიუხედავად იმისა, რომ მას დევნიან და ტრამვაი თეთრებისთვისაა განკუთვნილი) ამერიკელს სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი, და იგრძნობა, რომ ის ნაწილობრივ ფერადკანიან ნაციას განეკუთვნება.11 ასეთი რაღაცეები სრულიად არაცნობიერად ხდება, და ამაზე ლაპარაკი მხოლოდ ძალზე თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებთან შეიძლება. ეს ისევე ძნელია, როგორც ის, გერმანელს ან ფრანგს რომ ესაუბრო იმაზე, თუ რატომ ექიშპებიან ასე ერთმანეთს.

11 C.G.JUNG, Zivilisation im Übergang (თხზ. ტ. 10).

 ამ ცოტა ხნის წინ პარიზში შესანიშნავი საღამო გავატარე. ძალზე განათლებულ ხალხთან ვიყავი მიწვეული; საამოდ ვბაასობდით. მათ მკითხეს ჩემი აზრი ეროვნულ განსხვავებათა შესახებ. ერთი კი ვიფიქრე, ამის ახსნა-მეთქი, და ასე მივუგე: რაც თქვენში დიდად ფასობს, ესაა la claret latine, la claret de l’ esprit latin,* და ეს იმიტომ, რომ თქვენი აზროვნება არასრულფასოვანია; ლათინური ქვეყნის მოაზროვნე გერმანელთან შედარებით მოიკოჭლებს-მეთქი. მათ ყური ცქვიტეს, მე კი განვაგრძე: ,,სამაგიეროდ, თქვენს გრძნობას ბადალი არ მოეპოვება, ის აბსოლუტურად დიფერენცირებულია”. ეგ როგორო, მკითხეს. მივუგე: ,,წადით რომელიმე კაფეში ან კაბარეში, ან სადმე, სადაც შანსონიებს და სკეტჩებს დგამენ, და პირდაპირ სასწაულის მომსწრე გახდებით. ჯერ აუარებელ გროტესკულ და ცინიკურ რაღაცეებს ნახავთ და გაიგონებთ, რასაც მერე უაცრად რაღაც სენტიმენტალური მოჰყვება, – დედა ბავშვს კარგავს, სიყვარული უბედურად მთავრდება, რაღაც საოცრად პატრიოტული იჩენს საიდანღაც თავს და… ხალხი ტირის. თქვენ შაქრისა და მარილის შეზავება გიყვართ. გერმანელს კი შეუძლია მთელი საღამო მარტო შაქარზე გაძლოს. ფრანგს შიგ ცოტაოდენი მარილიც უნდა, რომ ერიოს. ვინმეს რომ ეცნობათ, ხომ ეუბნებით: ,,Enchante de faire votre connaissance”.** სულაც არა ხართ enchante de faire sa connaissance;*** გუნებაში ფიქრობთ: ,,ეშმაკსაც წაუღიხარ!” მაგრამ ეს შეუსაბამობა არც თქვენ გაწუხებთ დიდად და არც იმას, ვისაც ეცნობით; მაგრამ გერმანელს ნურასოდეს ეტყვით, Enchante de faire votre connaissance-ო, თორემ ის მართლა დაგიჯერებთ. გერმანელი წყვილ წვივსაკრავს რომ მოგყიდით, მარტო იმას კი არ ელის, რომ ფასს გადაუხდით, – რაც ბუნებრივი იქნებოდა, – არამედ მოელის რომ თქვენ იგი ამისათვის გეყვარებით.

 გერმანელები იმით შეიძლება დავახასიათოთ, რომ მათი გრძნობითი ფუნქცია არასრულფასოვანია, ე.ი. არადიფერენცირებულია. მაგრამ ეს რომ გერმანელს უთხრათ, ეწყინება. მეც მეწყინებოდა. მისთვის სანუკვარია ის, რასაც თვითონ საამო ფამილიარობას ეძახის: ბოლით გავსებული ოთახი, სადაც ყველას ყველა, – ამ სიამოვნების ჩაშხამება როგორ იქნება! აბსოლუტური ერთმნიშვნელოვნება უნდა იყოს გამეფებული, არსებობდეს ერთი, მიღებული ტონი და არავითარი სხვა. ეს გახლავთ la claret germanique du senriment,**** და ის არასრულფასოვანია.

*ლათინური სიმარტივე, ლათინური გონის სიმარტივე (ფრანგ.).

**,,აღფრთოვანებული ვარ თქვენი გაცნობით” (ფრანგ.).

***აღფრთოვანებული მისი გაცნობით (ფრანგ.).

****გერმანელის გრძნობის სიმარტივე (ფრანგ.).

თავის მხრივ, ფრანგი სასტიკად გაგინაწყენდებათ, რამე პარადოქსული რომ აკადროთ, – მისთვის ხომ ის გაუგებარი იქნება. ერთ ინგლისელ ფილოსოფოსს უთქვამს, აღმატებული გონი* არასოდეს არის სავსებით დაწმენდილიო. ეს მართალია, და დახვეწილი გრძნობაც, ასევე, მთლად მარტივი არასოდესაა. გრძნობას მართლა მხოლოდ მაშინ ვატანთ გემოს, როცა იგი ცოტა საჭოჭმანოცაა, ხოლო აზრი, რომელიც ერთ ფარულ წინააღმდეგობასაც არ შეიცავს, დამარწმუნებელი არ არის.

 ამიერიდან ჩვენი ძირითადი თემა შემდეგი საკითხი იქნება: როგორ შეგვიძლია მივუდგეთ ადამიანის ბნელით მოცულ მხარეს? როგორც უკვე ვახსენე ადრე, ამისათვის სამგვარი ანალიზური მეთოდი არსებობს: ასოციაციას ექსპერიმენტი, სიზმრის ანალიზი და აქტიური წარმოსახვა. ჯერ მინდა მცირეოდენი რამ ასოციაციის ექსპერიმენტის12 შესახებ მოგითხროთ. მრავალ თქვენგანს ეს იქნებ მოძველებულადაც ეჩვენოს, მაგრამ რამდენადაც ასოციაციის ექსპერიმენტი ჯერაც ტარდება, ვალდებული ვარ განვიხილო. ჩემდათავად მე მას პაციენტებთან აღარ ვიყენებ, სამაგიეროდ, კრიმინალურ შემთხვევებში – კი.

 ექსპერიმენტისათვის საჭიროა (მე იმას ვიმეორებ, რქაც თქვენც მშვენივრად მოგეხსენებათ) სია, შემდგარი, დავუშვათ, ასი სიტყვისაგან. ცდის პირს ეუბნებიან, რაც შეიძლება სწრაფად თქვას პირველივე სიტყვა, რომელიც თავში მოუვა, როგორც კი სიტყვა-გამღიზიანებელს გაიგონებს და გაიგებს. როდესაც დავრწმუნდებით, რომ ცდის პირმა ზუსტად გაიგო, რაც მოეთხოვება, შეგვიძლია საქმეს შევუდგეთ. რეაქციის დრო წამმზომით აღირიცხება. ასი სიტყვა რომ ჩათავდება, შემდეგი ნაბიჯის ჯერი დგება: სიტყვა-გამღიზიანებელს ვიმეორებთ და ცდის პირმა თავისი ადრინდელი პასუხები უნდა გაიმეოროს. ზოგჯერ მეხსიერება ღალატობს, და განმეორება მტკიცე არ არის ანდა მცდარია. ასეთი შეცდომები მნიშვნელოვანია.

 ეს ექსპერიმენტი თავდაპიველად სულ სხვა მიზნებისთვის იქნა დანერგილი; მისი საშუალებით იდეათა ასოცოაციები უნდა შეესწავლათ. რა თქმა უნდა, ეს წმინდა წყლის უტოპია იყო. ამგვარი პრიმიტიული საშუალებები ასეთი რამის საკვლევად რას გამოდგება. სამაგიეროდ, სხვა რამის შესწავლაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, და თანაც სწორედ მაშინ, როცა ექსპერიმენტი ,,გვიმტყუნებს”, ე.ი. როდესაც ცდის პირები შეცდომებს უშვებენ.

*Der Geist – ამ შემთხვევაში – გონი (მთარგმ.).

12 შდრ. C.G.JUNG, Experimentelle Untersuchungen (თხზ. ტ. II).

ასე, მაგალითად, მიაწვდი სულ უბრალო სიტყვას, რომელზედაც ბავშვსაც არ გაუჭირდებოდა პასუხის გაცემა, მაღალინტელექტუალური პიროვნება კი ვერ პასუხობს. რატომ?- ეს სიტყვა შეეხო იმას, რასაც მე კომპლექსს ვუწოდებ, – ფსიქიკური შინაარსების გროვას, რომლებიც უჩვეულო, უფრო, ალბათ, მტანჯველი გრძნობითი ღირებულებითაა დატვირთული, რაღაც ისეთით, რაც ნორმალურ პირობებში თვალს მოფარებულია. თითქოს პიროვნების13 სქელი ფენა საარტილერიო ყუმბარამ ბნელ შრემდე შეანგრიაო, ისე მოხვდება გულზე, ვისაც ვთქვათ, ფულის კომპლექსი აქვს, სიტყვები: ,,ყიდვა”, ,,გადახდა”, ან ,,ფული”. რეაქციები აქ დარღვეული იქნება.

 ასეთი დარღვევების თორმეტი თუ მეტი სახე არსებობს, და ზოგიერთ მათგანს გაგაცნობთ, რათ მათი პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ წარმოდგენა შეგექმნათ. ჯერ ერთი, რეაქციის დროის გაზრდას აქვს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა. იმის დასადგენად, თუ რომელ სიტყვა-გამღიზიანებლებზე იყო რეაქციის დრო მეტისმეტად დიდი, თითოეული ცდის პირის რეაქციის საშუალო დროს ანგარიშობენ. სხვა დამახასიათებელი დარღვევებია: ერთზე მეტ სიტყვიანი რეაქციები (მიუხედავად ინსტრუქციისა); შეცდომები პასუხების განმეორებისას; რეაქციები შეცვლილი სახის გამომეტყველებით, სიცილით, სხეულის მოძრაობით, ხელ-ფეხის ქნევით, ხველებით, ენის დაბმით და სხვა ამდაგვარით; არადამაკმაყოფილებელი რეაქციები, როგორიცაა: ,,კი” ან ,,არა”; რეაქციები, რომლებიც სიტყვა-გამღიზიანებლის ჭეშმარიტ აზრს გვერდს უვლიან; ერთი და იმავე პასუხის განმეორებითი ხმარება; ისეთი არაფერია, მაგრამ ჩვენში შეიძლება დიდი უსიამოვნებაც მოჰყვეს; შეცდომა გამეორებისას – როცა მეხსიერება ღალატობს; არავითარი რეაქცია.

 ყველა ეს რეაქცია უნებლიეა. თუ ვინმე დათანხმდა ცდის პირის მოვალეობათა შესრულებაზე, მთლიანად ექსპერიმენტატორის ხელში აღმოჩნდება, და თუ არ დათანხმდა – მაინც იგივეა, რადგან ცხადია, რატომაა, რომ თვალში არ მოსდის ეს ექსპერიმენტი. დამნაშავეს შეუზლია ექსპერიმენტის ჩატარებაზე უარი განაცხადოს, მაგრამ მისთვისვე უარესია, – დღესავით ნათელი იქნება, რატომაც ჯიუტობს; დათანხმდება და – თვითონვე გაყოფს თავს ყულფში. ციურიხში მძიმე შემთხვევების დროს სასამართლო მიწევს ხოლმე; აი, მაშინ კი უკანასკნელი ხავსის როლში გამოვდივარ.

13 C.G.JUNG, Zwei Schriften uber Analysche Psychologie (თხზ. ტ. 7, 1964, პარაგრ. 245 და შემდგ., 304 და შემდგ.).

 ასოციაციის ექსპერიმენტის შედეგები მარტივ დიაგრამაზე შეიძლება წარმოვიდგინოთ (სურ. 5). სვეტების სიმაღლე ცდის პირის ეფექტურ რეაქციის გამოსახავს. წყვეტილი ჰორიზონტალი რეაქციის საშუალო დროის მაჩვენებელია. გაუფერადებელი სვეტები ის რექციებია, რომლებიც დარღვევის ნიშნებს არ ამჟღავნებენ; გამუქებული სვეტები დარღვეულ რეაქციებს აღნიშნავენ. მაგ., მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 რეაქციებზე დარღვევათა მთელ სერიას ვაწყდებით: მე-7 სიტყვა-გამღიზიანებელი კრიტიკული იყო, და ცდის პირს არც კი შეუმჩნევია, ისე გადიდდა შემდგომი სამი რეაქციის დრო, რადგანაც აქ ადგილი ჰქონდა სიტყვა-გამღიზიანებელზე მოცემული რეაქციის პერსპექტივას. ცდის პირს საერთოდ არ გაუცნობიერებია, რომ აქ ემოცია ჰქონდა.

სურ. 5: ასოციაციის ექსპერიმენტი

მე-13 რეაქცია იზოლირებული დარღვევაა, მე-16 – 20-ზე კი კვლავ დარღვევათა მთელი სერია აღმოცენდა. უძლიერესი დარღვევები მე-18-სა და მე-19-ზეა. ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. სენსიბილობის (მგრძნობიარობის) გაძლიერებასთან, ე.ი. არაცნობიერი ემოციის მასენსიბირებელი გავლენის შედეგთან: თუ კრიტიკულმა სიტყვა-გამღიზიანებელმა პერსევერირებადი ემოციური რეაქცია გამოიწვია და შემდეგი კრიტიკული სიტყვა-გამღიზიანებელი შემთხვევით ამ პერსევერაციის სფეროში მოხვდა, სავარაუდოა, რომ ის უფრო ძლიერად იმოქმედებს, ვიდრე მაშინ, ინდიფერენტულ ასოციაციათა სერიაში რომ გამორეულიყო. ამას პერსევერირებადი ემოციის მასენსიბილიზებელ გავლენას უწოდებენ.

 კრიმინალური შემთხვევების დროს მასენსიბილიზებელი მოქმედება შეიძლება შეგნებულად გამოვიყენოთ: კრიტიკული სიტყვა-გამღიზიანებლები ისე უნდა ჩავურთოთ ხოლმე, რომ როგორმე პერსევერაციის სავარაუდო სფეროში მოხვდნენ, რათა კრიტიკულ სიტყვა-გამღიზიანებელთა მოქმედება გაძლიერდეს. სასამართლო საქმის გარჩევისას ისეთი კრიტიკული სიტყვა-გამღიზიანებლები უნდა შევარჩიოთ, რომლებიც პირდაპირ კავშირში იქნებიან მოცემულ დანაშაულთან.

 სურ. 5-ზე: ცდის პირი ასე, 35 წლისა იქნებოდა, წესიერი კაცი, ერთ-ერთი ჩემი ნორმალური ცდის პირთაგანი. რასაკვირველია, მრავალ ნორმალურზე მომიხდა ექსპერიმენტის ჩატარება, სანამ პათოლოგიური მასალიდან დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა მომცემოდა. თუ გსურთ გაიგოთ, რა აწუხებდა ამ კაცს, ამისათვის საჭიროა წაიკითხოთ, რა სიტყვებმა გამოიწვიეს დარღვევები, დააკავშიროთ ეს სიტყვები, და მთელი ეს ისტორია თქვენს ხელთ იქნება. ახლავე მოგიყვებით:

 თავდაპირველად სიტყვა დანა იყო, ოთხი დარღვეული რეაქცია რომ გამოწვია. შემდეგ ლახვარზე იყო დარღვევა, დარტყმაზე, წვეტიანზე, და ბოთლზე. ყველა ისინი 50 სიტყვა-გამღიზიანებლისგან შემდგარ მოკლე სერიაში გამოვლინდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის, ამ კაცისათვის მაშინვე მეთქვა, რაშიც იყო საქმე. და აი, ვეუბნები: ,,მართლი გითხრათ, არ ვიცოდი, თუ ასეთი უსიმოვნებას შეგემთხვათ”. ის მომაჩერდა და მომიგო, არ მესმის, რაზეა ლაპარაკიო. ნასვამი ყოფილხართ და ვიღაცისთვის სხეულში დანა გაგიყრიათ-მეთქი. საიდან იცითო, ერთი კი მკითხა და მერე მთელი ეს ამბავი აღიარა. კარგი ოჯახიშვილი გახლდათ – მისიანები უბრალო, მაგრამ რიგიანი ხალხი იყო. საზღვარგარეთ წასულა, ერთხელაც დამთვრალა და ჩხუბი მოსვლია, ჰოდა თურმე დანა იძრო და ვიღაცა დაჭრა, რისთვისაც ერთი წლით ციხეში ჩასვეს. ამას სასტიკ საიდუმლოდ ინახავდა, სიტყვასაც არავისთან დასცდენია, – ეს ხომ მის ცხოვრებას ჩრდილს მიაყენებდა. ქალაქში, ახლობელთა შორის არავისთვის არაფერი გაუმხელია და მე კი აი, ასე შემთხვევით გამოვჩხრიკე ეს ამბავი.

 ჩემს სემინარზე ციურიხში ასოციაციის ექსპერიმენტსაც ვატარებ ხოლმე. ვისაც ,,აღსარების თქმა” სურს, – რაღა თქმა უნდა, როგორ დავუშლი, მაგრამ სულ იმას ვითხოვ, ისეთი ხალხის მასალა მომიტანონ, რომელთაც ჩემი სტუდენტები იცნობენ, მე კი – არა, და ვუჩვენებ, თუ როგორაა შესაძლებელი ამა თუ იმ პირის წარსულის ამიკითხვა. ეს მართლაცდა საინტერესო სამუშაოა. ხანდახან ისეთი რამეები ირკვევა, თვალები შუბლზე აგივათ.

 კიდევ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. მრავალი წლის წინათ, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, კრიმინოლოგიის ერთმა მოხუცმა პროფესორმა ამ ექსპერიმენტის შესახებ გამომკითხა და განმიცხადა, მაგისი არაფერი მჯერაო. ასე მივმართე: ,,არა, ბატონო პროფესორო? იქნებ, ერთხელ მაინც გამოგეცადათ?” შინ მიმიპატიჟა, და საქმეს შევუდექით. 10 სიტყვის მერე დაიღალა და მითხრა: ,,აბა, ამან რა უნდა მოგცეთ?! არაფერიც არ გამოდის!” მე ვუთხარი, 10-12 სიტყვაში რას უნდა ელოდე, ასი რომ შესრულდება, მაშინ ვნახოთ-მეთქი. ამ ათი სიტყვით ვერას გააწყობთო? – მკითხა. მე მივუგე: ,,ფრიად მცირეს, მაგრამ შეწუხწებული ყოფილხარ, რადგან ფული არ გყოფნით. შემდეგ… თურმე გეშინიათ, გულის ავადმყოფობით არ გარდაიცვალოთ. თქვენ, ალბათ, საფრანგეთში სწავლობდით და იქ რაღაც სასიყვარულო თავგადასავალი გადაგხდენიათ, რომელიც ახლა ისევ გახსენდებათ, – სიკდილზე ფიქრისას წიაღიდან ამოტივტივდება”. საიდან გაიგეთო, მკითხა. ამის მიხვედრას რა უნდოდა! იგი 72 წლისა გახლდათ და სიტყვა გულზე ასოციაცია ტკივილი ჰქონდა; აქედან – შიში, გულის შეტევით არ მომკვდარიყო. სიკვდილზე მისი ასოციაცია გარდაცვალება იყო – ბუნებრივი რეაქცია, ხოლო ფულზე კი – ძალიან ცოტა, – ძალზე უჩვეულო რეაქცია. შემდეგ კი საქმე უცნაურად წარიმართა. გადახდაზე რეაქციის დრო დიდი იყო; შემდეგ თქვა: La Semeuse, თუმცაღა ჩვენ გერმანულად ვსაუბრობდით. ეს ფრანგულ მონეტებზე გამოსახული ცნობილი ფიგურაა. ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ მოხუცს რაღა მაინცადამაინც La Semeuse მოაგონდა? სიტყვა კოცნაზე რეაქციის დრო დიდი ჰქონდა, შემდეგ კი თვალები გაუბრწყინდა და წარმოთქვა: ,,ლამაზი”. მაშინ კი ყველაფერი ნათელი გახდა. ფრანგულად ლაპარაკს არასდიდებით არ დაიწყებდა, ეს ენა რომ მისთვის რაღაც განსაკუთრებულ გრძნობასთან არ ყოფილოიყო დაკავშირებული, მაგრამ რასთან – ეს გამოცანას წარმოადგენდა. იქნებ ზარალი ნახა ფრანგულ ფრანკთან დაკავშირებით? მაგრამ იმ დროს ინფლაციისა და დეფლაციის შესახებ არავინ ლაპარაკობდა. ასე რომ, ეს არაფერ შუაში იქნებოდა. მე ვყოყმანობდი, ვეღარ გამეგო, ფულში იყო საქმე თუ სიყვარულში, მაგრამ კოცნაზე რომ ლამაზი თქვა, მივხვდი, რომ სიყვარული იქნებოდა. ის იმის კაცი არ იყო, ამ სიბერეში რომ პარიზს წასულიყო, მაგრამ ადრე იურისპრუდენციას შეისწავლიდა პარიზში, მგონი, სორბონაში. მთელი ამ ამბის შეკავშირება არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს.

 ხანდახან ნამდვილ ტრაგედიებს ვაწყდებით. სურ. 6-ზე ასე, ოცდაათიოდე წლის ქალის შემთხვევაა წარმოდგენილი. ის კლინიკაში იმყოფებოდა, და დიაგნოზად დასმული ჰქონდა დეპრესიული შიზოფრენია. პროგნოზი, შესაბამისად, ცუდი იყო. ავადმყოფი ჩემს განყოფილებაში იწვა, და იცით, საოცარი გრძნობა გამიჩნდა. ავისმომასწავებელ პროგნოზს ასე უბრალოდ ვერ შევურიგდებოდი, რადგან უკვე თავად შიზოფრენია ჩემთვის ფარდობითი რამაა; ჩემს თავს ვეუბნებოდი, მეტ-ნაკლებად ვინ არ ურევს-მეთქი; მაგრამ ეს ქალი რაღაც სხვანაირად ურევდა, და ამიტომ დიაგნოზს წავუყრუე. იმ დროისათვის ჯერ კიდევ ფრიად მცირე რამ იყო ცნობილი. რაღა თქმა უნდა, ანამნეზი შევკრიბე, მაგრამ ისეთი ვერაფერი ვნახე, რაც მის ავად გახდომას ახსნიდა. ამიტომ ასოციაციის ექსპერიმენტი ჩავუტარე და უცნაური რამ გამოვლინდა. პირველი დარღვევა სიტყვა ანგელოზზე აღმოცენდა, სიტყვაზე თავნება კი რეაქცია საერთოდ არ მოუცია. ამას მოჰყვა დარღვევები შემდეგ სიტყვებზე: ბოროტი, მდიდარი, ფული, სულელი, სიყვარული და ქორწინება. ეს ქალი კარგი თანამდებობის მქონე, შეძლებული კაცის მეუღლე გახლდათ, აშკარად რომ კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით. დავკითხე, მაგრამ მანაც, ისევე, როგორც ცოლმა, მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ დეპრესიამ მათი უფროსი შვილის, ოთხი წლის გოგონას გარდაცვალებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ იჩინა თავი. ავადმყოფობის მიზეზის შესახებ სხვა ვერაფერი გაირკვა. ასოციაციის ექსპერიმენტმა უაღრესად თავგზაამბნევი სერია გამოავლინა რეაქციებისა, რომელთაც ვერ ვაკავშირებდი. ასეთი ვითარება ხშირია, მეტადრე, თუ ჯერ არ ხარ გაწაფული. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია ცდის პირს ჯერ იმ რეაქციების შესახებ შევეკითხოთ, რომლებიც პირდაპირ მთავარს არ უმიზნებენ. თავიდანვე უძლიერეს დარღვებებზე თუ ვკითხეთ, ყალბ პასუხებს მივიღებთ. ამიტომ შედარებით უწყინარი სიტყვებით უნდა დავიწყოთ ხოლმე და მაშინ უფრო გულწრფელ პასუხებს მივიღებთ. ასე რომ, შევეკითხე: ,,რას იტყვით ანგელოზის შესახებ? თქვენთვის ეს სიტყვა რამეს ნიშნავს?” მან მიპასუხა: ,,რაღა თქმა უნდა, – ეს ჩემი შვილია, რომელიც დავკარგე”, და ცრემლთა ნიაღვარი წასკდა. როდესაც ქარიშხალი ჩაწყნარდა, ვკითხე: ,,რას ნიშნავს თქვენთვის თავნება?” მან მომიგო, ეს სიტყვა არაფერს მეუბნებაო. მე ჩემი არ დავიშალე, – ამ სიტყვაზე ძლიერი დარღვევა აღმოცენდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასთან რაღაც არის დაკავშირებული-მეთქი, მაგრამ ძალა აღარ დავატანე. შემდეგ სიტყვა ბოროტის რიგი დადგა, – რაც იმაზე მეტყველებდა, რომ პასუხის გაცემა არ სურდა. ჯერი ლურჯზე რომ მიდგა, განმიცხადა, ეს ჩემი გარდაცვლილი ბავშვის თვალებიაო: ,,რა თქმა უნდა. ეს ლაჟვარდისფერი თვალები, ბავშვი რომ დაიბადა…” შევნიშნე, რომ სახის გამომეტყველება შეეცვალა და რატომ აღელდით-მეთქი, ვკითხე. მან მომაგება: ,,იცით, მას ჩემი ქმრის თვალები არ ჰქონდა”. ბოლოს და ბოლოს გამოირკვა, რომ ბავშვს მისი ადრინდელი სატრფოს თვალები გამოჰყოლოდა. ვკითხე, იმ კაცთან დაკავშირებით რა გაწუხებთ-მეთქი და, როგორც იქნა, ჩემი გავიტანე და ეს ისტორია ამოვქაჩე:

 პარატა ქალაქში, სადაც ის იზრდებოდა, ერთი მდიდარი ახალგაზრდა ცხოვრობდა თურმე. თვითონ ეს გოგონა შეძლებული, მაგრამ დიდად არაფრით გამორჩეული ოჯახიდან იყო. ყმაწვილი კაცი კი მდიდარ ზედაფენას განეკუთვენებოდა, პატარა ქალაქის გმირი გახლდათ და ყველა ქალიშვილი მასზე ოცნებობდა. ეს გოგონა ლამაზი იყო და ეგონა, რაღაც შანსი მაქვსო. შემდეგ დარწმუნდა, რომ სულ ტყუილად იმედოვნებდა, და ოჯახში ურჩიეს: ,,რას გადაყევი მაგაზე ფიქრს?! ეგ მდიდარია და შენ რაში ენაღვლები! აგერ, ესა და ეს კაცი რა სიმპათიურია! ვითომ რა გიშლის, მაგას რომ მისთხოვდე?” ამ კაცს გაჰყვა კიდევაც ცოლად და თავს სავსებით ბედნიერად გრძნობდა ქორწინების მეხუთ წლამდე, როდესაც მშობლიური ქალაქიდან ძველმა მეგობარმა მოინახულა. ქმარი ოთახიდან რომ გავიდა, სტუმარმა უთხრა, ერთ ვინმეს (იგი იმ ,,გმირს” გულისხმობდა) გული დიდად დაუმძიმეო. ,,რაო? მე დავუმძიმე?” – შეიცხადა ქალმა. მეგობარმა კი განაგრძო: ,,განა არ იცოდი, რომ შენ უყვარდი?! კინაღამ გაგიჟდა, შენ რომ ვიღაც სხვას გაჰყევი!” ახლა კი იფეთქა მის გულში გამძვინვარებულმა ცეცხლის ალმა, მაგრამ როგორღაც ჩაახშო. ამის მერე, თოთხმეტი დღის შემდეგ ის თავის ორი წლის ბიჭს და ოთხი წლის გოგონას აბანავებდა. წყალი ქალაქში (ეს ამბავი შვეიცარიაში არ ხდებოდა) მთლად სანდო არ იყო, სახელდობრ, ტიფის ბაცილებით იყო ინფიცირებული. დედამ შეამცნია, რომ გოგონა საბანაო ღრუბელს წოვდა, მაგრამ არ დაუშლია, და როდესაც ბიჭუნამაც თქვა, წყალი მინდაო, მასაც ეს საეჭვო წყალი მიაწოდა. გოგონას ტიფი დაემართა და დაიღუპა, ბიჭი კი გადარჩა. ასე რომ, ქალმა მიაღწია იმას, რაც სურდა (თუ რაც მასში მყოფ ეშმაკს სურდა) – ქორწინების გაუქმებას, რათა სხვაზე გათხოვების უფლება ჰქონოდა. ამ მიზნით მან მკვლელობა ჩაიდინა. თვითონ არაფერი იცოდა ამის შესახებ, – მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს მიყვებოდა; ის დასკვნა არ გამოუტანია, რომ თავად ეკისრებოდა საკუთარი ბავშვის სიკდილზე პასუხისმგებლობა: მან ხომ იცოდა, რომ წყალი ინფიცირებული იყო და სიფრთხილე მართებდა. ჩემს წინაშე ასეთი საკითხი დადგა: მეთქვა, რომ მკვლელი იყო თუ ენაზე კბილი დამეჭირა (საქმე მხოლოდ მისთვის თქმას ეხებოდა, ეს ხომ სასამართლო პროცესი არ ყოფილა). ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, რომ მისი მდგომარეობა ძლიერ გაუარესდებოდა, თუკი ვეტყოდი. მაგრამ პროგნოზი მაინც, ისედაც კარგს არაფერს უქადდა, და მეორე მხრივ, პრინციპში, ვითარების დანახვა საქმეში გაარკვევდა, შეიძლებოდა კიდეც გამოჯანმრთელებულიყო. ამრიგად, გადავწყვიტე პირში მეთქვა: ,,თქვენ მოკალით თქვენი შვილი”. თავიდან სასტიკად აღელდა, მაგრამ მერე ფაქტებს მიუბრუნდა. სამი კვირის შემდეგ გავწერეთ, და მას მერე აღარ დაბრუნებულა. მის მდგომარეობას კიდევ 15 წლის განმავლობაში ვადევნებდი თვალყურს, – მდგომარეობა აღარ გამეორებულა. ის დეპრესია ფსიქოლოგიურად შეესატყვისებოდა მის სიტუაციას: იგი იმსახურებდა; კატორღის ნაცვლად კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. სულიერი ავადმყოფობის სასჯელისგან მე იმით ვიხსენი, რომ მის სინდისს აუტანელი სიმძიმე ავკიდე: როდესაც შენს ცოდვებს საკუთარ კისერზე იღებ, მათთან ერთად ცხოვრება კიდევ ასატანია, – გაიძლება. მაგრამ თუკი თვალს ვერ უსწორებ, მაშინ გარდუვალ შედეგებს ვერსად გაექცევი.

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003