logo-herba

antiD-header

კარლ გუსტავ იუნგი. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები. პირველი ლექცია. კამათი

კამათი

დოქტ. ჯ.ა. ჰედფილდი:

რა აზრით ხმარობთ ცნებას ,,ემოცია”? გამოთქმით ,,გრძნობა” თქვენ ისეთი რაღაცეები დაახასიათეთ, რომელთაგან მრავალს ჩვენ ემოციად მოვნათლავდით. გამოთქმა ,,ემოციას” თქვენთვის რაიმე გარკვეული მნიშვნელობა აქვს?

კ.გ.იუნგი:

მადლობელი ვარ ამ შეკითხვისთვის, რადგან ჩვეულებრივ, დიდ გაუგებრობებსა და შეცდომებს ვაწყდებით ხოლმე ემოციის ცნების გამო. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია სიტყვები ისე იხმაროს, როგორც მოეპრიანება, მაგრამ სამეცნიერო ენაში განსხვავებები უნდა დავადგინოთ და შევინარჩუნოთ, რათა ყველამ გაოგოს, რაზეა ლაპარაკი. ალბათ გეხსომებათ, რომ გრძნობა მე განვსაზღვრე როგორც შეფასებითი ფუნქცია, ამასთან, მე ამ ფუნქციას არავითარ განსაკუთრებულ მნიშვენლობას არ ვანიჭებ. დიფერენცირებულ მდგომარეობაში, ჩემის აზრით, გრძნობა რაციონალურ ფუნქციას წარმოადგენს, და თუ დიფერენცირებული არ არის, მაშინ ჩვეულებრივად აღმოცენდება და ყველა იმ არქაულ თვისებას გამოავლენს, რომელნიც სიტყვა ,,არაკეთილგონივრულით” შეიძლება შევაჯამოთ. ცნობიერი გრძნობა კი რაციონალური, ღირებულებით კრიტერიუმებზე ორიენტირებული ფუნქციაა.

როდესაც ემოციების შესახებაა ლაპარაკი, ფაქტიურად ყოველთვის იმ მდგომარეობებს ვგულისხმობ, რომელთაც ფიზიოლოგიური ცვლილებები ახლავს. ამიტომ ემოციების გაზომვა გარკვეულ ფარგლებში შესაძლებელია, – მართალია, არა მათი ფსიქიკური, არამედ ფიზიოლოგიური მხარისა. თქვენთვის ცნობილია ჯემს-ლანგეს აფექტების თეორია. 14  ჩემთვის ემოციები აფექტებს წარმოადგენენ, რამდენადაც ამ დროს ადამიანი რაღაცით გაღიზიანებულია; რაღაცა მას ავადმყოფურად ცვლის, მთელ გეგმებს უშლის. ემოციის დროს კაცი წაშლილია, საკუთარი თავიდან გარეთაა გაგდებული, რა ქნას აღარ იცის, გეგონება, აფეთქებამ თავისი თავიდან ამოაგდო და განზე მოისროლაო. ასეთი განცდის თანმხლებ ფიზოლოგიურ მდგომარეობაზე შეგვიძლია ზუსტი დაკვირვება ვაწარმოოთ. ამრიგად, განსხვავება შემდეგშია: გრძნობა, ზემოთ აღწერილი აზრით, სხეულებრივი, ანდა თვალსაჩინო ფიზიოლოგიური გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობს, მაშინ როცა ემოცია შეცვლილი ფიზიოლოგიური მდგომარეობით ხასიათდება. როგორც ვიცით, ჯემს-ლანგეს თეორია ამტკიცებს, რომ ნამდვილი ემოცია მაშინ გვიჩნდება, როცა ჩვენს საერთო მდგომარეობაში მომხდარ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს ვაცნობიერებთ. მაგალითად, დავუშვათ, ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც მოველით, რომ გავბრაზდებით. ვიცით, რომ ვბრაზდებით, შემდეგ ვგრძნობთ, თუ როგორ გვივარდება სისხლი თავში და მხოლოდ მერე ვართ მართლა გახელებული, მანამდე კი – არა. თავიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ გავბრაზდებით, მაგრამ სისხლი თავში რომ გვივარდება, საკუთარი ბრაზის მონად ვიქცევით, განცდა სხეულსაც ჩაითრევს, და რაკი ვაცნობიერებთ, ვღელდებიო, ორჯერ უფრო მეტად ვბრაზდებით, ვიდრე საჭიროა. აი, როდის ვართ მართლა ემოციის ტყვეობაში. გრძნობის დროს კი, პირიქით, კონტროლი ფუნქციონირებს, სიტუაციის ბატონ-პატრონად ვგრძნობთ თავს და შეგვიძლია ვთქვათ: ,,მე ამისა და ამის მიმართ კარგი, ან ცუდი გრძნობა მაქვს”. ყველაფერი წყნარადაა და ისეთი არაფერი ხდება. შეიძლება ვინმეს სავსებით მშვიდად და თავაზიანად გავუზიაროთ ჩვენი გულისნადები: ,,მე შენ მძულხარ”. მაგრამ თუ ამას გამომწვევად შევყვირებთ, მაშინ ემოცია გვქონია. წყნარად თუ ვიტყვით, არავითარი ემოცია არ გაგვიჩნდება, არც ჩვენ და არც მას, ვისაც ველაპარაკებით. ემოციები ძალიან გადამდებია; ფაქტიურად ისინია ფსიქიკური ბაცილების გადამტანები. ამას ვგრძნობთ, მაგალითად, როდესაც ემოციურად აგზნებულ ბრბოში ვიმყოფებით: გვინდა თუ არა, ემოცია მაინც გვიტაცებს. სხვათა გრძნობებს კი, პირიქით, – ჩვენთან რა ხელი აქვთ. ამიტომ დიფერენცირებული გრძნობითი ტიპი გამაგრილებელ ზემოქმედებას უფრო ახდენს თავის გარემოცვაზე, მაშინ როცა ემოციური ტიპი სხვებს აღაგზნებს, რადგან განუწყვეტლივ ცეცხლოვან სხივებს აფრქვევს. მას სახეზე ადგას ემოციის ალი, რომელიც სხვებშიც იჭრება და მათ სიმპათიკურ ნერვულ სისტემას აღაგზნებს, ისე, რომ ცოტა ხნის შემდეგ მათაც იგივე სიმპტომები უჩნდებათ. ხოლო როცა საქმე გრძნობებთან გვაქვს, მსგავსი არაფერი ხდება. გასაგებად ვთქვი?

დოქტ. ჰენრი ვ. დიკსი:

ნება მიბოძეთ, კიდევ ჩავეძიო ამ საკითხს. რა მიმართებაა აფექტებსა და გრძნოებს შორის?

კ.გ. იუნგი:

აქ ხარისხობრივ განსხვავებასთან გვაქვს საქმე. თუ ღირებულებითი წარმოდგენა ძალზე გაძლიერდა, გარკვეულ მომენტში, კერძოდ, როგორც კი ფიზიოლოგიურ აგზნებით პროცესებს აღძრავს, ის ემოციად იქცევა. ალბათ, ჩვენს ყველა შინაგან პროცესს თან სდევს მსუბუქი ფიზიოლოგიური ცვლილებები, მაგრამ ეს დარღვევები იმდენად უმნიშვენლოა, რომ ვერ გავზომავთ; ემოციების გასაზომად კი, ე.ი. მათი ფიზიოლოგიური ასპექტების გასაზომად, არსებობს საკმაოდ მგრძნობიარე მეთოდი. ეს გახლავთ ფსიქოგალვანური ექსპერიმენტი. 15 მას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ კანის ელექტრული წინაღობა ემოციათა გავლენით მცირდება. გრძნობის გავლენით კი ასეთი რამ არ ხდება.

მოვიყვან მაგალითს. კლინიკაში ჩემს ადრინდელ პროფესორთან ერთხელ ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარე: ლაბორატორიაში მას ცდის პირად ვიყენებდი ფსიქოგალვანური ფენომენის სადემონსტრაციო აპარატთან. ვუთხარი, ისეთ რამეზე ეფიქრა, რაც მისთვის ძალზე არასასიამოვნო იყო, ოღონდ რის შესახებას მე წარმოდგენაც არ მქონდა, ე.ი. რაიმე ჩემთვის უცნობზე, მაგრამ მისთვის ცნობიერზე, და თანაც ისეთზე, რის შესახებ ფიქრსაც ძლიერი უსიამოვნების განცდა ახლდა. მაინც ასე მოიმოქმედა. ასეთი ექსპერიმენტები მისთვის უცხო არ იყო, და მშვენივრად ახერხებდა ხოლმე. კანის წინაღობა შესამჩნევად არ შეცვლილა. დენი არ გაძლიერებულა. ამ დროს როგორღაც თითქოსდა გულისხმას მოვედი. იმ დღეს ჯერ კიდევ დილით შევნიშნე, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, ჩემი უფროსისათვის სასტიკად არასასიამოვნო, ჰოდა თავში გამიელვა, ახლა კი ერთ რამეს ვცდი-მეთქი. ავდექი და ვუთხარი, ამა და ამ შემთხვევას ხომ არ ეხება საქმე-მეთქი; გვარიც დავუსახელე. მყისვე ემოციათა მთელი ნიაღვარი აღირიცხა. აი, ეს იყო ემოცია; პირველი რეაქცია კი გრძნობა გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ისტერიული ტკივილები გუგების შევიწროებას არ იწვევს. მათ ფიზიოლოგიური აგზნების პროცესები არ ახლავს, და მაინც ინტენსიურ ტკივილებს წარმოადგენენ. ფიზიკური ტკივილი კი გუგებს ავიწროებს. კაცს შეიძლება ინტენსიური გრძნობები ჰქონდეს ფიზიოლოგიური ცვლილებების გარეშე; მაგრამ როგორც კი ფიზიოლოგიური ცვლილებები იჩენენ თავს, ის ჭკუიდან იშლება, დისოცირებულია, გამოგდებულია თავისი შინაგანი კერიდან, რომელიც ამ დროს ყველა სულთა ბუდედ შეიზლება იქცეს.

დოქტ. ერიკ გრეემ ჰაუი:

შეიძლება თუ არა გავავლოთ დაპირისპირებებს შორის: ემოციასა და გრძნობას შორის, ერთი მხრივ, და შემეცნებასა და ნება-სურვილს შორის (cognition და conation), მეორე მხრივ? მაშინ გრძნობა ,,შემეცნებას” შეესატყვისება და ემოცია – ,,სურვილს”.

კ.გ. იუნგი:

დიახ, ფილოსოფიური ტერმინოლოგიით შეიძლება ასეც გამოვხატოთ. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

დოქტ. ჰაუი:

თუ შეიძლება, კიდევ ერთი რამ დამრჩა სათქმელი. თქვენს მიერ გამოყოფილი ოთხი ფუნქცია – შეგრძნება, აზროვნება, გრძნობა და ინტუიცია – ვგონებ, განზომილებათა ოთხ კლასს შეესატყვისება. თქვენ თავად იხმარეთ ადამიანის სხეულთან მიმართებაში გამოთქმა ,,სამგანზომილებიანი”, და ისიც ბრძანეთ, ინტუიცია დანარჩენი სამი ფუნქციისაგან განსხვავება, რამდენადაც ის დროის ელემენტებს შეიცავსო. მაშინ იქნებ ის მეოთხე განზომილებას შეესატყვისებოდეს? თუ ასეა, მაშინ ასეთ სისტემაში ,,შეგრძნება” პირველი განზომილების შესაბამისი იქნებოდა, ,,აღქმითი შემეცნება” – მეორის, ,,ცნებითი შემეცნება” (რომელიც ალბათ თქვენეულ ,,გრძნობას” შეესატყვისება) – მესამის და ,,ინტუიცია” – მეოთხისა.

კ.გ. იუნგი:

ასეც შეიძლება გამოვსახოთ. ვინაიდან ინტუიცია ხან ისე ფუნქციონირებს, გეგონება სივრცე არ არსებობდეს და ხან – ისე, თითქოს დრო არ არსებობდეს, მართლაც შეიძლება ითქვას, რომ მე აქ ერთგვარი მეოთხე განზომილება შემომაქვს. მაგრამ მეტისმეტად ნუ გაგვიტაცებს ამგვარი შედარებები. მეოთხე განზომილების იდეას ფაქტიურად ახალი არაფერი მოაქვს. ინტუიცია ჰ.გ. უელსისეულ დროის მანქანას წააგავს. ალბათ გახსოვთ ეს უცნაური მექანიზმი, თავის მგზავრს სივრცის ნაცვლად დროში რომ დაატარებს. ის ოთხი სვეტისაგან შედგება, რომელთაგან სამი მუდამ ხილულია, მეოთხე კი ბუნდოვნად ჩანს, – ის ხომ დროის ელემენტია. სამწუხაროა, მაგრამ რას იზამ, – ინტუიცია ამ მეოთხე სვეტისმაგვარი რამაა. არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა არაცნობიერი აღქმა, – აღქმა, რომელიც ჩვენთვის გაუგებარი გზებით ხორციელდება. ამ ფუნქციის არსებობის ემპირიული საბუთები სახეზეა. რა სამწუხაროა, რომ ასეთი რამეები არსებობს. ჩემი ინტელექტი მოხარული იქნებოდა, სამყარო რომ ნათლად ყოფილიყო მოხაზული ყოველგვარი ბნელი კუთხე-კუნჭულების გარეშე, მაგრამ კოსმოსში არსებულ ამ აბლაბუდებზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. და მაინც, მგონი, ინტუიციას მისტიკისა არაფერი სცხია. ვის შეუძლია, მაგალითად, ბოლომდე დამარწმუნებლად ახსნას, თუ რატომ მიფრინავენ ზოგი ჩიტები ასე უცნაურად შორს, ანდა რატომ მისდევენ მუხლუხოები, პეპლები, ჭიანჭველები თუ ტერმიტები თავ-თავიანთ სპეციფიკურ საქმიანობას? აქ უამრავი გადაუჭრელი საკითხია. ანდა, თუნდაც ის გარემოება ავიღოთ, რომ წყალი ოთხ გრადუს ცელსიუსზე უდიდესი სიმკვრივისაა. რატომ ხდება ასე? რატომაა ენერგიის რაოდენობა მუდმივი? ასეა და რას იზამ, თუმცა ეს რაღაც უხერხულობას ქმნის. კარგი იქნებოდა, ასეთი რამეები არ არსებობდნენ, მაგრამ რაკი არსებობენ, რა გაეწყობა. სწორედ ისევე, იმ ძველისძველ კითხვაში რომაა: ,,რატომ შექმნა ღმერთმა ბუზები?” – შექმნა და!..

დოქტ. ვილფრედ რ. ბაირონი:

რატომ სთხოვეთ თქვენი ექსპერიმენტის დროს იმაზე ეფიქრა, რაც თვით მისთვის უსიამოვნო, და თქვენთვის კი უცნობი იყო? თქვენი აზრით, მნიშვენელობა აქვს, რომ მეორე ექსპერიმენტის მსვლელობისას მან იცოდა, თქვენთვის რომ ცნობილი იყო მისი უსიამოვნება, და ამან გავლენა მოახდინა ემოციურ რეაქციაზე ამ ორ ექსპერიმენტში?

კ.გ. იუნგი:

დიახ, სწორედ რომ ასეა. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო საამოა გვჯეროდეს, სხვამ ამის შესახებ არაფერი იცისო. როდესაც გაიგებ, რომ იმასაც სცოდნია, მდგომარეობა სავსებით იცვლება და ძლიერ უსიამოვნო იერს იძენს. ყოველი ექიმის ცხოვრებაში მოიპოვება შემთხვევები, რომელთა შესახებ კოლეგის ინფორმირებულობა ძალზე მტკივნეულად განიცდება, და მე თითქმის ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ ის ნაღმივით იფეთქებდა, როდესაც მივახვედრე, ვიცი, საქმე რაშიცაა-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. ეს იყო ჩემი საქციელის მიზეზი.

დოქტ. ერიკ ბ. შტრაუსი:

შეიძლება, უფრო დაწვრილებით რომ განვმარტოთ, თუ რატომ თვლით გრძნობას რაციონალურ ფუნქციად? შემდეგ, მთლად კარგად ვერ გავიგე, რას გულისხმობთ გრძნობაში. უმრავლესობა ჩვენთაგანს ამ გამოთქმაში ესმის დაპირისპირებულობანი, როგორიცაა სიხარული, ტკივილი, დაძაბულობა და განტვირთვა. შემდგომ: თუკი გრძნობასა და ემოციას შორის მხოლოდ ხარისხობრივი განსხვავებაა, როგორც დოქტ. იუნგი ამტკიცებს, მაშინ რატომ ათავსებს ის მათ, ასე ვთქვათ, საზღვრის სხვადასხვა მხარეს? შემდეგ: დოქტ. იუნგი ბრძანებს, რომ კრიტერიუმი, ასე გასინჯეთ, ძირითადი კრიტერიუმიც კი, იმაში მდგომარეობს, რომ ემოციებს ფიზიოლოგიური ახლავს, გრძნობებს კი – არა. მაგრამ პროფესორ ფროიდლიხერის16 ექსპერიმენტებმა ბერლინში, ჩემის აზრით, ცხადად აჩვენა, რომ ჩვეულებრივი გრძნობებიც, იწვევენ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, მაგალითად, სისხლის წნევის ცვლილებებს, რომელნიც დღეს უზუსტესი აპარატურით აღირიცხება.

კ.გ. იუნგი:

მართალია, რომ გრძნობებს, როდესაც ისინი ემოციურ ბუნებას ავლენენ, ფიზიოლოგიური შედეგები მოჰყვება; მაგრამ უეჭველია, არსებობენ გრძნობები, რომლებიც ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე ზეგავლენას არ ახდენენ. ასეთი გრძნობები, გარკვეული აზრით, სულიერი (მენტალური) ხასიათისაა, ე.ი. ემოციური არაა. ესაა განსხვავება, იმთავითვე ცხადია, რომ აქ არაფერ ფიზიოლოგიურთან არა გვაქვს საქმე. გრძნობა შეიძლება ისევე აბსტრაქტული იყოს, როგორც აბსტრაქტული აზროვნება. ხომ არ ვიტყვით, აბსტრაქტული აზროვნება ფიზიოლოგიური რამააო. აბსტრაქტული აზროვნება სწორედ ისაა, რასაც ეს გამოთქმა აღნიშნავს. დიფერენცირებული აზროვნება რაციონალურია; ამიტომ გრძნობაც შეიძლება რაციონალური იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები ტერმინებს ურევენ.

საჭიროა ცნება, რომ ღირებულებებზე მითითება შევძლოთ. უნდა მოვახერხოთ და ამ სპეციფიკური ფუნქციის დახასიათებაში ჩავდოთ ის, რაც მას სხვა ფუნქციებისაგან განასხვავებს, და გრძნობა სწორედ სათანადო გამოთქმა ჩანს. მე სრულიად არაფერი მექნება საწინააღმდეგო, თუ მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობა იმ დასკვნამდე მივა, გრძნობა ამისათვის ყოვლად შეუსაბამო სიტყვააო. თუკი თქვენ მეტყვით, რომ სხვა სიტყვა გირჩევნიათ, მაშინ ეს სხვა უნდა შევარჩიოთ ღირებეულებათა მიწერის ფუნქციის აღსანიშნავად, რადგან ღირებულებები არსებობენ, ვერაფერს უზამ, და ამიტომაც მათთვის ცნება გვესაჭიროება. ჩვეულებრივ ღირებულებით განცდას ,,გრძნობას” უწოდებენ ხოლმე. მაგრამ მე მაინცდამაინც ამ ცნებას როდი ვებღაუჭები. განსაზღვრებათა მიმართ ძალიან ლიბერალური ვარ, და მხოლოდ იმიტომ მომყავს ხოლმე, რომ მინდა გასაგები გავხადო, რასაც ვგულისხმობ, როცა ამა თუ იმ გამოთქმას ვხმარობ. თუ ვინმე ამჯობინებს, რომ გრძნობა ემოცია იყოს, ან გრძნობა ისეთი რამ იყოს, რაც სისხლის მომატებულ წნევას იწვევს, – კი ბატონო, ნება თქვენია. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ მე გრძნობას ამ აზრით არ ვხმარობ. ადამიანები რომ შეთანხმებულიყვნენ, აიკრძალოსო გრძნობის ასეთი გაგებით ხმარება, – რაღა მეთქმოდა. გერმანულში არსებობს ცნებები შეგრძნება და გრძნობა. გოეთეს ან შილერს თუ გაეცნობით, დაადგენთ, რომ ამ ორ ფუნქციას მგოსნებიც კი ურევენ. გერმანელმა ფსიქოლოგებმა უკვე აირჩიეს, აღარ ვიხმაროთ გამოთქმა ,,შეგრძნება” ,,გრძნობის” ნაცვლად და შემოგვთავაზეს, ცნება გრძნობა (Gefuehl) ღირებულებით წარმოდგენებს მივაკუთვნოთ, ხოლო შეგრძნება (Empfindung) შეგრძნების ფიზიკურ ორგანოებთანაა (Sinnesorgane) დაკავშირებული. აბა, რომელი თანამედროვე ფსიქოლოგი იტყვის, გრძნობა მაქვსო თვალებში, ყურში ან კანზე. ყოველდღიურ მეტყველებაში, რასაკვირველია, ვამბობთ, მაგრამ სამეცნიერო ენაში ასეთი გამოთქმები უკვე დაუშვებელია. ამ ორ ცნებას ერთსა და იმავე მნიშვნელობას თუ მივანიჭებთ, ეს იგივე იქნება, ფრანგმა რომ ,,les sensations les plus nobles de l’ amour”-ს* შესახებ დაიწყოს ლაპარაკი. უბრალოდ, სასაცილო იქნებოდა, – ეს ხომ გაუგონარი რამაა, წარმოუდგენელია.

დოქტ. ე.ა. ბენეტი:

თვლით თუ არა, რომ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით დაავადებული ადამიანის ფუნქცია ფაზაში ცნობიერი რჩება?

კ.გ. იუნგი:

არა, ამას ვერ ვიტყოდი. მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის დროს ზოგჯერ ირკვევა, რომ მანიაკალურ ფაზაში ერთი ფუნქციაა გაბატონებული და დეპრესიულში – მეორე. ასე, ადამიანები, რომლებიც მანიაკალურ ფაზაში ხალისიანები, სანგვინიკურნი, სიმპათიურები და კეთილგანწყობილნი არიან და ბევრი ფიქრით თავს არ იწუხებენ, დეპრესიაში მოულოდნელად შეიძლება ძალზე დაფიქრებულნი გახდნენ; აკვიატებული აზრები უჩნდებათ, და პირიქით. მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით დაავადებულ რამდენ ინტელექტუალს ვიცნობ, მანიაკალურ ფაზაში თავისუფლად რომ აზროვნებენ, ძალიან ნათლად და ძალზე აბსტრაქტულად, პროდუქტიულნი არიან, დეპრესიის ფაზაში კი მტანჯველი გრძნობები არ ასვენებთ. საშინელი განწყობილებების ტყვეობაში ექცევიან – სწორედ რომ განწყობილების, და არა აზრების. რა თქმა უნდა, აქ საქმე პიროვნების ფსიქოლოგიის საკითხებთან გვაქვს. ეს ყველაზე უკეთ ჩანს ორმოციოდე წლის ანდა უფრო ხანდაზმულ ადამიანებზე, რომელთაც სრულიად გარკვეული ან ღირებულებითი ცხოვრებით უცხოვრიათ, და რომლებთანაც უეცრად ეს ასპექტი იძირება და საწინააღმდეგო ამოყვინთავს. ასეთი ძალიან საინტერესო შემთხვევები მოიძებნება;

ცნობილი ლიტერატურული მაგალითია ნიცშე. ეს უაღრესად შთამბეჭდავი შემთხვევაა ერთი ფსიქოლოგიური განწყობის (Einstellung) მეორეთი, მისი საპირისპირო შეცვლისა ცხოვრების შუა ხანებში. სიჭაბუკის წლებში ნიცშე ფრანგული სტილის მეტააფორიზმე იყო; მოგვიანებით, 38 წლისამ, ,,ასე ამბობდა ზარატუსტრა” რომ დაეწერა, მასში დიონისურმა განწყობამ ამოხეთქა, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი რამ ადრე ჰქონია დაწერილი.

დოქტ. ბენეტი:

მელანქოლია, ალბათ, ინტროვერტულია, არა?

კ.გ. იუნგი:

არა, ასე ვერ განვსჯით, მათი ასე შეთანადება არ შეიძლება. შეგვეძლო მალანქოლია დავგეხასიათებინა როგორც ინტროვერტული მდგომარეობა, მაგრამ ის ხომ ფაქტიურად განწყობა არაა. როდესაც ვინმეს ინტროვერტს უწოდებენ, ამით იმის თქმა სურთ ხოლმე, რომ ის ქცევის ინტროვერტულ ფორმებს ამჯობინებს. მაგრამ მას ხომ ექსტრავერტული მხარეც აქვს. ყველას გვაქვს ეს ორი მხარე, თორემ ორივე რომ არ გვქონოდა, შეგუება საერთოდ წარმოუდგენელი რამ იქნებოდა ჩვენთვის, არასდროს არავითარ ზეგავლენაში არ მოვექცეოდით, – ხომ შევიშლებოდით ჭკუიდან. დეპრესია ყოველთვის ინტროვერტული მდგომარეობაა. მელანქოლიის დროს კი ადამიანი ერთგვარ ემბრიონალურ მდგომარეობას უბრუნდება და ამიტომაცაა, ამდენი უცნაური ფიზიკური სიმპტომი რომ იჩენს ხოლმე თავს.

დოქტ. მერი კ. ლუფი:

პროფესორმა იუნგმა ემოცია განსაზღვრა როგორც რაღაც მოძალადეობრივი, რომელიც ინდივიდზე სრული უფლებამოსილებით სარგებლობს. ჩემთვის მთლად ნათელი არაა, რაღა განსხვავებაა ,,შეჭრასა” და ,,აფექტს” შორის.

კ.გ. იუნგი:

ზოგჯერ კაცი ისეთ რამესაც გამოსცდის, როგორიცაა ,,პათოლოგიური” ემოცია, ამასთან, ძნელი არაა იმის დადგენა, რომ სასწაულებრივმა რაღაცეებმა შეიძლება იჩინოს თავი ემოციების სახით: აზრებმა, რომლებიც ამ კაცს მანამდე არასოდეს მოსვლია თავში; ხანდახან – ამაზრზენმა ფიქრებმა და ფანტაზიებმა. ასე, ადამიანებს ძლიერი გაჯავრების მდგომარეობაში შურისძიების და სხვა ამდაგვარ ჩვეულებრივ განცდათა ნაცვლად შემაძრწუნებელი ფანტაზიები შეიძლება გაუჩნდეთ, მაგალითად, მკვლელობის ჩადენა, მტრისთვის ხელ-ფეხის დაჭრა და მისთ. აქ საქმე არაცნობიერის ფრაგმენტებთან გვაქვს, რომლებიც ცნობიერებაში იჭრებიან, რასაც სრულად განვითარებული პათოლოგიური ემოციის შემთხვევაში ფაქტიურად ცნობიერების დაკარგვა მოჰყვება, – ადამიანები ზოგჯერ ველურებივით გარბიან ხოლმე სადღაც და სულ მთლად გიჟური საქციელი შეუძლიათ ჩაიდინონ. აი, რა არის შეჭრა. ეს-ესაა აღწერილ მდგომარეობას პათოლოგიურს ვუწოდებდით, ამ ჯურის ფანტაზიები ნორმის ფარგლებშიც რომ არ გვხვდებოდეს. გამიგონია, როგორც უთქვამთ სრულიად უმწიკვლო ადამიანებს ვაღაცაზე, ასო-ასო ავჩეხავდიო, და თქვენ რა გგონიათ, მართლა აქვთ ასეთი სისხლიანი ფანტაზიები: ანდა, თავს გავუტეხავთო, – ისინი ფანტაზიაში აკეთებენ იმას, რასაც წყნარ მდგომარეობაში მხოლოდ მეტაფორული აზრით ამბობენ. როდესაც ასეთი ფანტაზიები ფრთას ისხამს და ადამიანებს საკუთარი თავის წინაშე შიში უჩნდებათ, აი, მაშინ გვაქვს სქმე.

დოქტ. ლუფი:

ეს გონების დაბნელებაა, ფსიქოზია?

კ.გ. იუნგი:

სულაც არაა აუცილებელი ფსიქოზი იყოს, ან თუნდაც ,,პათოლოგიური”. ასეთი რამ შეიძლება სრულიად ნორმალურ ადამიანებსაც დაემართოთ, როდესაც ისინი რაღაც განსაკუთრებული ემოციების ტყვეობაში არიან. მახსოვს, ერთხელ მეტად ძლიერი მიწისძვრა იყო. ცხოვრებაში პირველად მაშინ შევიგრძენი მიწისძვრა. ერთიანად გამმსჭვალა იმ წარმოდგენამ, რომ დედამიწა მყარად კი არა დგას, არამედ უზარმაზარი ცხოველის ტყავია, რომელმაც ტანი ცხენივით შეიბეტყა. ამ წარმოდგენამ მთლიანად შემიპყრო რამდენიმე ხანს. მერე, როგორც იქნა, ამ ფანტაზიას დავეხსენი და გამახსენდა, თუ რას ამბობენ იაპონელები მიწისძვრის შესახებ: რომ დიდმა სალამანდრამ გვერდი იბრუნა, თუ პოზა შეიცვალა, იმ სალამანდრამ, რომელზედაც დედამიწა ძევს.17 ამ აზრმა დამაწყნარა, რადგან აქ ჩემს ცნობიერებაში არქაული წარმოდგენა შემოვიდა. ჩათვალე, რომ ღირსშესანიშნავი რამ გადამხდა; აზრადაც არ მომსვლია, პათოლოგიურ მოვლენად ჩამეთვალა.

დოქტ. ბ.დ. ჰენდი:

იტყოდით თუ არა, რომ აფექტს (თქვენეული გაგებით – აფექტს) რაღაც გარკვეული ფიზიოლოგიური მდგომარეობა იწვევს? თუ ფიზიოლოგიური ცვლილება შედეგია, ვთქვათ, შეჭრას?

კ.გ. იუნგი:

სხეულისა და სამშვინველის ურთიერთმიმართების პრობლემა უაღრესად რთულია. თქვენ იცნობთ ჯემს-ლანგეს თეორიას, რომლის მიხედვით აფექტი ფიზიოლოგიურ ცვლილებათა შედეგია. თუ რომელია გადამწყვეტი ფაქტორი, სხეული თუ სული, ამ საკითხს ვინ – როგორ წყვეტს, ხასიათისა და გუნება-განწყობილებისდა მიხედვით. ვინც სხეულის პრივილეგირებულობას თეორიისკენ იხრება, იტყვის, შინაგანი პროცესები ფიზიოლოგიური ქიმიის ეპიფენომენებიაო, ხოლო ვისაც უფრო სულიერი მხარისა სწამს, ის ამის საპირისპირო აზრს გამოთქვამს; მისთვის სხეული მხოლოდ და მხოლოდ დამანატი იქნება სულისა, რომელიც ყოველთვის თავი და თავია. ეს ფილოსოფიური საკითხია, და რაკიღა მე ფილოსოფოსი არ გახლავართ, ამიტომ გადამჭრელ სიტყვასაც ვერ ვიტყვი. ემპირიული თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ სხეულებრივი და სულიერ-მშვინვიერი მოვლენები ერთად მიმდინარეობენ, მაგრამ რა გზით მიიღწევა ეს – ჩვენთვის საიდუმლოა. ჩვენი ყოვლად უბადრუკი სულის წყალობით ჩვენ არ შეგვიძლია სხეული და სული წარმოვიდგინოთ როგორც ერთი და იგივე რამ; ალბათ, ისინი ერთი და იგივე რამ არიან, მაგრამ ამის მოაზრება ჩვენს შასაძლებლობებს აღემატება. თანამედროვე ფიზიკა ამგვარივე სიძნელის წინაშე დგას: გაიხსენეთ სავალალო ამბები, სინათლის თაობაზე რომ დატრიალდა: თითქოსდა ტალღებისაგან უნდა შედგებოდეს სინათლე, არადა კორპუსკულებადაც ავლენს თავს.

საჭირო გახდა დე ბროილის ურთულესი მათემატიკური ფორმულა, რათა ადამიანის სულს როგორმე დაეშვა იმის შესაძლებლობა, რომ ტალღები და კორპუსკულები ერთი და იმავე რეალობის ორი ფენომენია, რომლებიც, უბრალოდ, სხვადასხვაგვარ პირობებში იჩენენ თავს.18 ამის მოაზრება ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ მეტი რა ჩარაა, – იძულებული ვართ, პოსტულატად მივიღოთ.

სწორედ ასევე, ე.წ. ფსიქოფიზიკური პარალელიზმიც გადაუჭრელი პრობლემაა. მაგალითისათვის ავიღოთ თუნდაც ტიფოიდური ციებ-ცხელება თანმხლები ფსიქოლოგიური მოვლენებითურთ. ფსიქიკური ფაქტორი რომ მივიჩნიოთ მის გამომწვევ მიზეზად, გარდა იმისა, რომ ზოგი ფიზიოლოგიური მდგომარეობა ერთმნიშვნელოვნადაა განპირობებული ფსიქიკური დარღვევებით, სხვებისთვის კი ასეთი დარღვევები მარტოოდენ თანმხლები მოვლენებია. სხეული და სული – ეს ადამიანის ორი ასპექტია, – სულ ესაა, რაც ვიცით. ამიტომაც ჯობს ვთქვათ, რომ ეს ორი რამ ურთიერთდაკავშირებულია, თუმცა რანაირად – იდუმალებითაა მოცული, და გვირჩევნია, ამით დავკმაყოფილდეთ, რადგანაც ვერას გავხდებით, რაც უნდა ვეცადოთ, წარმოვიდგინოთ, რომ ეს ორი ერთი და იგივე რამაა. მე, ჩემდათავად, საკუთარი მიზნებისათვის ჩამოვაყალიბე ცნება, რომელიც ამ ,,ერთად”-ს თვალსაჩინოდ გამოხატავს: ვამბობ, რომ სამყაროში მოქმედებს სინქრონულობის19 უცნაური პრინციპი, რომლის მიხედვითაც რაღაც-რაღაცეები როგორაც ურთიერთშეთანხმებულად მიმდინარეობენ და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს ერთი და იგივე რამეს წარმოადგენენ; თუმცა ჩვენ მაინც ვერ ვეგუებით ამ აზრს. იქნებ ოდესმე კიდევ რამე მათემატიკური მეთოდი გამოიგონონ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება იმის დამტკიცება, რომ ეს ასეც ხდებოდეს, მაგრამ ამჟამად მე ვერაფერს გეტყვით იმის შესახებ, სხეულთ წამყვანი პრინციპი თუ სული, თუ ორივენი უბრალოდ ერთიმეორის გვერდით არსებობენ.

დოქტ. ლ.ჯ. ბენდიტი:

ჩემთვის ჯერ არაა მთლად ნათელი, როდის ხდება ,,შეჭრა” პათოლოგიური. მოხსენების დასაწყისში თქვენ ბრძანეთ, რომ შეჭრა პათოლოგიაში მაშინ გადადის, როდესაც ,,ჩვეულებად” იქცევაო. რა განსხვავებაა პათოლოგიურ შეჭრასა და ხელოვნებისეულ ინსპირაციას, ზეშთაგონებას შორის?

კ.გ. იუნგი:

ხელოვნებისეულ ინპირაციასა და შეჭრას შორის არავითარი განსხვავება არაა, – ზუსტად ერთი და იგივეა; ამიტომ ვერიდები სიტყვა ,,პათოლოგიურის”-ს ხმარებას. ხომ ვერ ვიტყვი, ხელოვნებისეული ინსპირაცია პათოლოგიურია-მეთქი, და შეჭრასაც იგივე ეხება, – ინსპირაცია ხომ მე სავსებით ნორმალურ მდგომარეობად მიმაჩნია. ნეგატიური მასში არაფერია. ის არც ერთ შემთხვევაში არ სცილდება მისაღების ჩარჩოებს. საბედნიეროდ, ადამიანის ბუნებისათვის დამახასიათებელია, რომ ხანდახან ინსპირაციები იჩენენ ხოლმე თავს, – მართალია, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც. მაგრამ პათოლოგიური მოვლენებიც ხომ თითქმის ამგვარადვე აღმოცენდებიან, და ამიტომ სადღაც ხომ უნდა გავავლოთ საზღვარი. თქვენ ყველანი ფსიქიატრები რომ ბძანდებოდეთ, და მე რომ, ვთქვათ, ვინმე, პაციენტი წარმოგიდგინოთ, თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ის სულით ავადმყოფია, მე კი ვიტყოდი, რომ სანამ მას შეეძლება რამენაირად გამაგებინოს თავისი, რათა მასთან კონტაქტი ვიქონიოთ, მანამდე მას სულით ავადმყოფი არ ეთქმის. ,,არანორმალური” ძალზე ფარდობითი ცნებაა. ზანგი, მაგალითად, თავისებურ ყაიდაზე რომ იქცევა, ეს გასაგებია, – ის ხომ ზანგია. მაგრამ თეთრკანიანი ამნაირად რომ მოიქცეს, ვიტყვით, გაგიჟდაო, – თეთრკანიანს ხომ არ შეიძლება ასე ეჭიროს თავი. ზანგისაგან სხვას არც არაფერს მოელი, მაგრამ თეთრკანიანი ასეთებს როდი სჩადის. ,,გაგიჟება” სოციალური წარმოდგენაა; ჩვენ სოციალურ შეზღუდვებსა და დოგმებს ვიყენებთ სულიერ-მშვინვიერ დარღვევებზე მისათითებლად. შეიძლება ვინმეზე თქვან, რომ უცნაური კაცია, რომ სხვანაირად იქცევა, ვიდრე მისგან მოელიან და რომ განსაცვიფრებელი იდეების პატრონია, და თუ ის საფრანგეთის ან შვეიცარიის რომელიმე პატარა ქალაქში ცხოვრობს, ალბათ, მასზე ასე იტყვიან: ,,ძალზე არაორდინალური ადამიანია, ამ პატარა მიდამოს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური მოსახელეა”. მაგრამ იმავე ადამიანის შუა Harley Street-ზე* თუ მოვათავსებთ, აღმოჩნდება, რომ, უბრალოდ, გიჟია. ანდა, ვთქვათ, ვინმე მხატვარს იქნებ ძალიანაც თვითმყოფად ხელოვნად თვლიდეთ, მაგრამ აბა ერთი რომელიმე დიდი ბანკის მოლარედ დააყენეთ, – აი, მაშინ ნახავთ ბანკის სეირს! იქ მყოფები ნაღდად დაასკვნიან, გიჟია ვიღაცაო. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ და მხოლოდ სოციალური მსჯავრია და სხვა არაფერი. იგივე სურათია ფსიქიატრიულ საავადმყოფოებშიც. ამ შემზარავ დაწესებულებათა ქსელის გაფართოების მიზეზი სულიერ ავადმყოფობათა აბსოლუტური რიცხვის ზრდაში კი არ უნდა ვეძიოთ, არამეს იმაში, რომ ჩვენ თვითონ ვეღარ ვიტანთ ვერანაირ გადახრას ნორმიდან, და შორიდან ისე ჩანს, თითქოს სულით ავადმყოფები ძველ დროსთან შედარებით გაცილებით მეტია. მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში გარს ისეთი ხალხი გვეხვია, რომლებიც შემდგომშია შიზოფრენიით დაავადებულებად შევიცანი და რომელთა შესახებაც ასე ვფიქრობდით: ,,ოო, ესა და ეს ბიძია ძალიან ორიგინალური კაცია”. ჩემს სამშობლოში მოიძევებოდნენ ჭკუასუსტებიც; მაგრამ მათზე არავინ იტყოდა, რა საშინელი რეგვენიაო, ან რაიმე ამგვარს, არამედ ამბობდნენ, რა ზრდილი და სიმპათიური ადამიანიაო. ასევე, იყვნენ იდიოტები, რომელთაგან ,,კრეტინებს: (,,Cretins“) უწოდებდნენ, რაც შემდეგი გამოთქმიდან წარმოდგება: ,,ის კეთილი ქრისტიანია” (Er ist ein gutter Christ”). სხვას მათზე ბევრს ვერაფერს იტყოდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ,,კეთილი ქრისტიანები” კი უეჭველად ეთქმოდათ.

თავმჯდომარე:

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ვფიქრობ, დღეისათვის უნდა გავათავისუფლოთ ბატონი პროფესორი იუნგი და გულითადი მადლობა გადავუხადოთ.

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003