logo-herba

antiD-header

სოციუმის გავლენა მომხმარებელზე - როგორ ახდენს ჯგუფი გავლენას

როგორ ახდენს ჯგუფი გავლენას

მრავალ სიტუაციაში, არსებობს დაწერილი თუ დაუწერელი წესები, რომლებიც მიუთითებენ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. ესენი ცნობილია როგორც სოციალური ნორმები – და როგორც წესი ისინი ზუსტი და ნათელია. სახელმწიფო ფუნქციობს კონსტიტუციით, დაწერილი კანონებით და კოდექსებით. საზოგადოებრივი ინსტიტუტები მოქმედებენ გარკვეული დაწერილი ნორმებით, რომელიც არეგულირებს მათი წევრების ქცევებს.
ზოგიერთი ნორმები კი დაუწერელი და იმპლიციტურია. უმრავლესობა ჩვენთაგანი ასრულებს ასეთ დაუწერელ წესებს. სოციალური ნორმები, მიუხედავად იმისა არიან ისინი დაწერილი თუ დაუწერელი ექსპლიციტური თუ იმპლიციტური, იმორჩილებენ ადამიანთა უმრავლესობას. ეს ძლიერი ტენდენცია კონფორმულობისაკენ, იმოქმედოს საზოგადოების მოთხოვნის შესა¬ბამისად, თუ როგორ უნდა მოიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში, შეიძლება მოგვეჩვენოს ხშირად უხერხულად, მაგრამ ის ადამიანებს იცავს სოციალური ანარქიისაგან. ასეთი კონფორმულობის გარეშე საზოგადოება წარმოუდგენელია. ამრიგად, კონფორმულობა საკმაოდ სასარგებლო ფუნქციას ასრულებს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონფორმულობა ყოველთვის სასარგებლოა. ზოგჯერ ნორმებს, რომლებიც მართავენ ადამიანის ქცევას, არა არქვთ ნათელი მიზანი, ისინი როგორც ამბობენ უბრალოდ არსებობენ. და ასეთი ნორმები საკმაო რაოდენობით არსებობენ. ასეთ შემთხვევაში, როცა ნორმა მართავს ადამიანის ქცევას იმის მითითების გარეშე თუ რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მას, ინდივიდები მათ განიხილავენ როგორც არასასურველს.
მიუხედავად იმისა, რომ კონფორმულობისაკენ ძლიერი ტენდენცია გაცნობიერებული იყო როგორც სოციალური ფსიქოლოგიის ისე სხვა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლების მიერ 1950-იან წლებამდე ის არ გამხდარა სერიოზული შესწავლის ობიექტი, სანამ არ გამოჩნდა აშის საკმაოდ გონებამახვილური ექსპერიმენტები.

ფაქტორები , რომლებიც გავლენას ახდენენ კონფორმულობაზე

აშის კვლევები აჩვენებენ კონფორმულობის ტენდენციებს. თუმცა კვლევითი მონაცემები მიუთითებენ აგრეთვე რომ კონფორმულობა არ ვლინდება ერთიდაიგივე ხარისხით ყველა სიტუაციაში ან ყველა ჯგუფებსა და ინდივიდებში. ეს ფაქტი სვამს საკითხს, რა ფაქტორები განსსაზღვრავენ იმას, თუ რა ხარისხში ექვემდებარება ინდივიდი კონფორმულობას? მიუთითებენ ცვლადებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ტენდენციის ინტენსიობაზე, ესენია ჯგუფის შეჭიდულობა, ჯგუფის სიდიდე, სოციალური მხარდაჭერის არსებობა-არარსებობა და სქესი.
ჯგუფის შეჭიდულობა და კონფორმულობა. ჯგუფის შეჭიდულობაში იგულისხმება ე.წ. ჩვენ გრძნობა – თუ რამდენად თვლის ინდივიდი ჯგუფს მისთვის ღირებულად – ე.ი. ჯგუფის წევრებს შორის კავშირის ხარისხი – მაგ. ურთიერთ სიმპატიების ხარისხი. ჯგუფის შეჭიდულობა განიხილება როგორც ერთერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ახდენს ერთი ჯგუფი მეტ გავლენას თავის წევრებზე, ვიდრე მეორე ჯგუფი. რაც უფრო დიდია შეჭიდულობის ძალა მით უფრო კონფორმულები არიან ჯგუფის წევრები ჯგუფის ნორმების და მიზნების მიმართ.
ჯგუფის სიდიდე და კონფორმულობა. თითქოსდა ლოგიკური იყო დაშვება, რომ რაც უფრო მეტი რაოდენობა მოქმედებს ერთნაირად, ან ამტკიცებს გარკვეულ მოსაზრებას, მით უფრო დიდი იქნება ალბათობა ჩვენც ისე გავაკეთოთ. მაგრამ ჯგუფის სიდიდესა და კონფორმულობას შორის დამოკიდებულება უფრო რთული აღმოჩნდა. კვლევითი მონაცემები მიუთითებენ, რომ კონფორმულობისაკენ დაწოლა, დამორჩილების ტენდენცია, იზრდება 5 კაციან ჯგუფებამდე, და ამის შემდეგ ჯგუფის ზომის ზრდა ძალიან მცირე დამატებით ეფექტს იძლევა. ამის ერთერთ მიზეზად თვლიან იმას, რომ ჯგუფის სიდიდის ზრდა 5 წევრის ზემოთ, შეიძლება წარმოშობს საიდუმლო გარიგების არსებობის შესახებ ეჭვს. ე.ი. შეიძლება ჯგუფის წევრმა, რომელზეც გავლენას ახდენს ჯგუფი, დაასკვნას, რომ ჯგუფის წევრები არ გამოხატავენ ინდივიდუალურ თვალსაზრისს.
ამ ფენომენის განსხვავებული ახსნა შემოგვთავაზა ლატანემ (Bibb Latane, 1981). მისი აზრით სოციალური გავლენის ზრდა დამოკიდებულია ჯგუფის სიმჭიდროვეზე და ზომაზე. ჯგუფის ზომის ზრდასთან ერთად მცირდება თითოეულ წევრზე გავლენა. მაგ. ერთერთ კვლევაში უნივერსიტეტის სტუდენტებს სთხოვეს გაერჩიათ ერთი სასამართლო საქმე. სანამ გამოიტანდნენ თავიანთ განაჩენს სტუდენტებს უჩვენეს ამ საქმის ოთხი ცრუ სუბიექტის მიერ განხორციელებული გარჩევა. როდესაც ცრუ სუბიექტები წარმოდგენილი იყვნენ როგორც ორი დამოუკიდებელი ჯგუფი, მათი მოქმედებები ნამდვილ სუბიექტებში მეტ კონფორმულობას იწვევდა, ვიდრე როცა ოთხივე ერთად წარმოდგენილი იყო როგორც ერთი ჯგუფი. ასევე ორი ჯგუფი შემდგარი სამ-სამი ინდივიდისაგან იწვევდა მეტ კონფორმულობას ვიდრე ექვსი ინდივიდისაგან შემდგარი ერთი ჯგუფი. ხოლო სამი ჯგუფი ორ-ორი ინდივიდისაგან შემდგარი გაცილებით მეტ კონფორმიზმს იწვევდა.
საინტერესო ახსნა შემოგვთავაზა ამ ფაქტისა ტანფორდმა და პენროდმა (Tanford, Penrod, 1984). მათი აზრით, თავიდან ყოვე¬ლი ინდივიდი რომელიც ემატება ჯგუფს იძლევა უფრო დიდ წანაზარდს კონფორმულობისკენ დაწოლაზე, მაგრამ მერე ფუნქცია სწორდება ისე, რომ ყოველი დამატებითი წევრის სოციალური გავლენის ტოტალურ ოდენობას გაცილებით ნაკლებს უმატებს ვიდრე წანმასწრები. ავტორები გვთავაზობენ ე.წ. სოციალური გავლენის მოდელს – (Social influence Model – SiM) – მათი აზრით, ჯგუფის ზომასა და კონფორმულობას შორის კავშირი – თუ მათ x და y ღერძზე გამოვხატავთ, მიიღებს შ ფორმას. ე.ი. მრუდი თაავიდან მაღლა მიიწევს და შემდეგ სწორდება.
SIM მოდელი აგრეთვე გვთავაზობს, რომ როცა სოციალური გავლენის სამიზნეთა რაოდენობა იზრდება, ფუნქცია ჯგუფის სიდიდის კონფორმულობასთან მიმართებაში იქნება სწორი. ე.ი. როცა ჯგუფი რაოდენობაში იზრდება, მისი გავლენა რამოდენიმე წევრზე ნაკლები იქნება, ვიდრე მისი გავლენა ერთადერთ წევრზე. ავტორები თვლიან, რომ SIM მოდელი უზრუნველყოფს საუკეთესო აღწერას თუ როგორ იცვლება სოციალური გავლენა ჯგუფის სიდიდისა და გავლენის სამიზნეზე ინდივიდების რაოდენობასთან ერთად.
ჯგუფის ერთსულოვნების ეფექტი. აშის (და ბევრი სხვა) კვლევებში სუბიექტებზე დაწოლა ხდებოდა ერთსულოვანი ჯგუფის პოზიციებიდან. ასეთ პირობებში ძნელია წინააღმდეგობა გაუწიო სოციალურ ზეგავლენას. რა მოხდება როცა ასეთი დაწოლისას სუბიექტი აღმოაჩენს თუნდაც ერთ მოკავშირეს? ე.ი. არსებობს ინდივიდი, რომელიც მის აზრს იზიარებს. კვლევითი მონაცემები ადასტურებენ, რომ ასეთ შემთხვევაში კონფორმულობა მკვეთრად მცირდება.
დადასტურება ჯგუფის ერთსულოვნების ეფექტისა მიღებულ იქნა ორი დამატებითი ფაქტიდან. პირველი – კონფორმულობა შემცირდა მაშინაც კი როცა ის ერთი მოკავშირე რომელიც არღვევდა უმრავლესობის ერთსულოვნებას არ იყო კომპეტენტური მოცემულ სიტუაციაში. მაგ. ერთერთ კვლევაში რომელიც ეხებოდა ვიზუალურ შეფასებას, კონფორმულობა მცირდებოდა მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერი, რომელიც არღვევდა უმრავლესობის ერთსულოვნებას მოთავსებული იყო სქელი მინის ტიხარს მიღმა და არ ქონდა ნანახი ხელოვნური სტიმული. მეორე ფაქტი კი იყო ის, რომ კონფორმულობა მცირდებოდა მაშინაც კი, როცა იმ ერთი ინდივიდის შეფასება განსხვავდებოდა სუბიექტის შეფასებისაგან, მაგრამ განსხვავდებოდა უმრავლესობის შეფასებისგანაც. ე.ი. მნიშვნელობა ქონდა იმას, რომ ის არღვევდა უმრავლესობის ერთსულოვნებას.
ამრიგად, აღმოჩნდა, რომ სოციალური მხარდაჭერის ნებისმიერი ფორმა შეიძლება სასარგებლო იყოს სოციალური დაწოლისადმი წინააღმდეგობის თვალსაზრისით. ამასთან, შეიძლება დავიჭიროთ განსხვავება სოციალური მხარდაჭერის განსხვავებულ ფორმებს შორის. მაგ. აღმოჩნდა, რომ მხარდაჭერა მანამდე, სანამ კონფორმულობისაკენ დაწოლა გაიზრდება უფრო ეფექტურია, ვიდრე მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც დაწოლა უკვე ხორციელდება. იმის ცოდნა, რომ ვიღაცა ინაწილებს თქვენს თვალსაზრისს გეხმარებათ საკუთარი შეფასებისადმი ნდობის განმტკიცებაში და ამდენად ზრდის ჯგუფის დაწოლისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს. მხარდაჭერა ადამიანს სოციალურ სიმამაცეს მატებს. ამ ფაქტს მთელ რიგ ცხოვრებისეულ სოციალურ სიტუაციებში აქვს მნიშვნელოვანი ნაგულისხმევი აზრი. თუ თქვენ აღმოჩნდებით სიტუაციაში, რომელშიც კონფორმულობისაკენ დაწოლა იზრდება და გრძნობთ, რომ საჭიროა წინააღმდეგობის გაწევა, პირველ რიგში უნდა სცადოთ გულახდილად ილაპარაკოთ რამდენადაც შეიძლება სწრაფად. რაც უფრო მალე გააკეთებთ ამას, მით უფრო დიდია შანსი შემოიერთოთ რომელიმე სხვა და ამით მეტია შანსი წინააღმდეგობა გაუწიოთ დაწოლას.
სექს განსხვავებულობა და კონფორმიზმი. ადრინდელი გამოკვლევები აჩვენებდა, რომ ქალები უფრო კონფორმულები არიან ვიდრე მამაკაცები. ეს მონაცემები გარკვეულწილად ქალებისა და მამაკაცების მახასიათებლების შესახებ გაბატონებული თვალსაზრისის კონსისტენტური იყო (მაგ. რომ მამაკაცები უფრო მტკიცენი არიან და ქალები დამთმობები). 1970 წლებამდე თვალსაზრისი, რომ ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან სოციალური გავლენის მიმართ ვიდრე მამაკაცები ეჭვმიუტანელი ჩანდა. 70-იან წლებში იწყება ასეთი მიდგომის შემოწმება. ახალი კვლევები შეიძლება ითქვას რომ არ ადასტურებდა სქესს შორის რაიმე განსხვავებას კონფორმულობის ტენდენციებში. აღინიშნა, რომ ასეთი შედეგები მიღებული იქნა უფრო დახვეწილი და თანამედროვე დონეზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე. დადგა საკითხი, რატომ იყო ადრინდელ კვლევებში მიღებული განსხვავებული შედეგები? რატომ დასტურდებოდა რომ ქალები უფრო კონფორმულები არიან? როგორც ჩატარებული ექსპერიმენტების ანალიზმა აჩვენა, შედეგები არსებითად განსაზღვრა იმ მასალამ რომელიც კვლევისას იყო გამოყენებული. აღმოჩნდა, რომ დავალება ან ის მასალა, რომელსაც იყენებდნენ კვლევებში უფრო ნაცნობი იყო მამაკაცებისათვის, ვიდრე ქალებისათვის. რადგან ადამიანებს ტენდენცია აქვთ მიყვნენ სხვის გავლენას უფრო მაშინ, როცა ისინი გაურკვეველ სიტუაციაში არიან ვიდრე როცა სიტუაცია გარკვეულია, გასაგებია მონაცემების მიხედვით ქალები რატომ ავლენდნენ კონფორმიზმის უფრო მაღალ დონეს ვიდრე მამაკაცები. რომ ეს ფაქტორი მართლაც პასუხისმგებელია კონფორმულობაში სქესთა შორის განსხვავებულობაზე ადრეულ კვლევებში მიღებულ შედეგებზე, დაადასტურა კვლევებმა. ერთერთ კვლევაში დადგინდა, რომ როცა ქალებისათვის ნაკლებად იყო ცნობილი ის მასალა რომელსაც იყენებდნენ კვლევებში, ისინი მართლაც უფრო ავლენდნენ დამთმობლობას ჯგუფის დაწოლის მიმართ. მაგრამ როცა გამოყენებული მასალა ნაკლებად ნაცნობი იყო მამაკაცებისათვის ვიდრე ქალებისათვის, მაშინ მამაკაცები ავლენდნენ მეტ კონფორმულობას.
ამრიგად, ახალი მონაცემები არ ადასტურებენ მნიშვნელოვან განსხვავებას კონფორმულობაში მამაკაცებსა და ქალებს შორის. თუმცა მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ არსებობს რწმენა, რომ ქალები უფრო ადვილად ექვემდებარებიან გავლენას, ვიდრე მამაკაცები. გამოითქვა მოსაზრება თუ რა შეიძლება იყოს ასეთი რწმენის წყარო. ერთერთ შესაძლებელ წყაროდ ასახელებენ რწმენას სტატუსის შესახებ. გარკვეულად ერთმანეთს დაუკავშირდა სტატუსი, გავლენიანობა და სქესი. კერძოდ, არსებობს რწმენა (და აღმოჩნდა რომ სამართლიანად), რომ დაბალი სტატუსის ინდივიდზე ზეგავლენა უფრო ადვილად შეიძლება მოვახდინოთ, ვიდრე მაღალი სტატუსის ინდივიდზე. გარდა ამისა, მრავალს სწამს, რომ საშუალოდ ქალებს უფრო დაბალი სტატუსი აქვთ ვიდრე მამაკაცებს სამუშაო სიტუაციის ძალიან ფართე რანგებში. ამ ორ რწმენას მივყავართ დაშვებამდე, რომ ქალები უფრო კონფორმულები არიან ვიდრე მამაკაცები. ე.ი. კონფორმულობა ამ შემთხვევაში სტატუსის ფუნქციაა და არა სქესის. ეს მოსაზრება დადასტურდა ეგლისა და მისი კოლეგების კვლევებში. მაგ. ერთერთ კვლევაში (Eagly & Wood, 1982) სუბიექტებს (მამაკაცებს და ქალებს) სთხოვეს წაეკითხათ მოკლე მოთხრობა რომელშიც ბიზნესის ერთი დაქირავებული ცდილობდა გავლენა მოეხდინა მეორის, საწინააღმდეგო სქესის ინდივიდის თვალსაზრისზე. შემთხვევის ნახევარში ის ვისაც უნდა მოეხდინა ზეგავლენა იყო მამაკაცი, ხოლო მიმღები იყო ქალი. მეორე ნახევარში კი მიმართება საწინააღმდეგო იყო. მოთხრობის ნახევარში, ზუსტად იყო მითითებული სამუშაოს ტიტულები და ამდენად სუბიექტები ინფორმირებულნი იყვნენ ჩართული ინდივიდების სტატუსზე. მოთხრობის მეორე ნახევარში გამოტოვებული იყო ასეთი ტიპის ინფორმაცია. მოთხრობის წაკითხვის შემდეგ სუბიექტებს თხოვდნენ მიეთითებინათ თუ მიმღები რა ხარისხით იქნებოდა გავლენა მოხდენილი კომუნიკატორის მიერ. მკვლევარები წინასწარმეტყველებდნენ, რომ როცა მოთხრობაში გამოტოვებული იყო ინფორმაცია სტატუსის შესახებ, სუბიექტებს ექნებოდათ ტენდენცია ქალებისათვის მიეწერათ უფრო დაბალი სტატუსი, ვიდრე მამაკაცებისათვის. ამდენად მათი აზრით შეიძლებოდა გვეწინასწარმეტყველა რომ ქალი მიმღებები უფრო გამოავლენდა დამორჩილებას ვიდრე მამაკაცი მიმღებები. როცა მოთხრობაში მოცემული იყო როგორც მიმღების ისე კომუნიკატორის ზუსტი სტატუსი – ამ ფაქტორმა უნდა მოახდინოს მეტი გავლენა მათ შეფასებაზე ვიდრე სქესმა. შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ორივე წინასწარმეტყველება დადასტურდა.
თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები არ ადასტურებენ ქალის სტატუსის და დამთმობლობას შორის ზემოთ განხილულ მოსაზრებებს. შეიძლება ითქვას, რომ ახალი კვლევებით მიღებული შედეგები საწინააღმდეგოა ზემოთ განხილული კვლევებით მიღებული შედეგებისა. ნაცადია მონაცემების ამ განსხვავებების ახსნა. ერთის მხრივ ვარაუდობენ, რომ თვით ეგლისა და მისი კოლეგების მიერ გამოყენებული მასალა (მოთხრობა) იძლევა შედეგებს შორის განსხვავებას. ამასთან იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა შეიცვალა ქალების მიმართ სტერეოტიპები და უახლოესი გამოკვლევები ამიტომ იღებენ განსხვავებულ შედეგებს.

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003