logo-herba

antiD-header

ერიხ ფრომი. ბიოგრაფია

Erich-Frommერიხ ფრომიერიხ ფრომი ერიხ ფრომი – Erich Fromm (1900 – 1980) ფრომი, ერიხ (Erich Fromm) (*23 მარტი, 1900, ფრანკფურტი – 18 მარტი, 1980, ლოკარნო) – ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ფსიქოანალიტიკოსი, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი, ნეოფროიდიზმის ერთ – ერთი ფუძემდებელი.

ერიხ ფრომი პატრიარქალურ ებრაულ ოჯახში აღიზარდა. დედამისი, როზა კრაუზე, რუსეთიდან ემიგრირებული რაბინის ქალიშვილი იყო; საგვარეულოს სხვა წარმომადგენლები თალმუდის ღრმა ცოდნით გამოირჩევოდნენ, რის გამოც ებრაულ სათვისტომოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ნათესავების გავლენის ქვეშ მოქცეულმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომ იუდაიზმის შესწავლა და გავრცელება მისი მოწოდება იყო. ფრომის საყვარელ წიგნს ბავშვობაში ძველი აღთქმა წარმოადგენდა, რომელშიც მას განსაკუთრებით სამი ეპიზოდი ხიბლავდა: ადამ და ევას განდევნა სამოთხიდან, სოდომის ისტორია და იონა  წინასწარმეტყველის ამბავი.

მამამისი, ნაფტალი ფრომი, აგრეთვე რაბინების შთამომავალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი ვაჭრობას ეწეოდა, ის ორთოდოქსულ ტრადიციებს იცავდა, რაც უარყოფითად აისახებოდა მის კომერციულ საქმიანობაზე. ის გაცილებით უფრო დიდ დროს უთმობდა მრავალრიცხოვანი რიტუალების აღსრულებასა და რელიგიური ტექსტების გარჩევას, ვიდრე მყიდველების მომსახურებას. ამის გამო სიდუხჭირე ფრომთა ოჯახის მუდმივი თანმდევი იყო. ფრომი ხშირად აღნიშნავდა, რომ ის სუბკულტურული გარემო, რომელშიც იგი აღიზარდა, ანგარებისგან და პრაგმატიზმისგან შორს იყო, რომ კაპიტალისტური ფასეულობების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მას ბავშვობაში ჩამოუყალიბდა იუდაიზმის გავლენით (ეს უკანასკნელი კი ქადაგებს, რომ მატერიალური კეთილდღეობა არა თუ თვითმიზანია, არამედ სულიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებელი პირობაა). თუმცა ამ სკეპტიციზმმა ნიჰილიზმისაკენ და სულიერი ფასეულობების უარყოფისკენ ევოლუცია არ განიცადა. კაპიტალისტური ფასეულობების უარმყოფელი და სოციალური რეკონსტრუქციის მომხრე ფრომი არც ტრადიციულ კონსერვატიზმის იდეოლოგიას იზიარებდა.

ფრანკფურტში ფრომი ებრაულ სკოლაში დადიოდა, რომელშიც რელიგიური ტრადიციების გარდა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებიც ისწავლებოდა. 1918 წელს ატესტატის მიღების შემდეგ ფრომმა სამართლის შესწავლა გადაწყვიტა, ხოლო რელიგიური განათლების მიღებაზე უარი განაცხადა. სამართალს ფრომი აღიქვამდა, როგორც რაიმე საზოგადოების ეთიკურ მინიმუმს, ეთიკის კავშირს რელიგიასთან კი ფრომი ყოველთვის ნათლად ხედავდა, ასე რომ, მის ამ გადაწყვეტილებაში რადიკალური არაფერი იყო. სამართლის ხიბლი მალე გაქარწყლდა, რის შემდეგ ფრომი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში გაემგზავრა. აქ ფრომი სწავლობდა ფილოსოფიას, სოციოლოგიას და ფსიქოლოგიას. იმხანად ჰაიდელბერგში კარლ იასპერსი, მაქს ვებერი და ალფრედ ვებერი მოღვაწეობდნენ. ეს უკანასკნელი ფრომის დისერტაციის ხელმძღვანელი იყო. 1922 წელს მას ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ამის შემდეგ ფრომმა სწავლა ფსიქოანალიზის ბერლინის ინსტიტუტში განაგრძო. აქ მან ორთოდოქსული ფროიდიზმი სრულფასოვნად შეისწავლა, და კლინიკურ პრაქტიკაში მისი გამოყენება დაიწყო. მისი ნაშრომები სერიოზულ ფსიქოანალიტიკურ ჟურნალებში იბეჭდებოდა (მაგალითად, “იმაგო” – ში). ზიგმუნდ ფროიდს ფრომი პირადად არ იცნობდა, თუმცა მისი მოძღვრებით მოხიბლული და გამსჭვალული იყო. ამის მიუხედავად, საკუთარი კონცეფციის ჩამოყალიბების შემდეგ ფროიდიზმის რადიკალური რევიზია სწორედ ფრომმა მოახდინა. ჰაიდელბერგში ფრომმა ფსიქოანალიტიკოსი ქალი ფრიდა რაიჰმანი გაიცნო, რომელიც მასზე 10 წლით უფროსი იყო. ფრიდა ჯერ ფრომის პაციენტი გახდა, შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. მათი კავშირი არამდგრადი აღმოჩნდა (4 წლის შემდეგ მეუღლეები ერთმანეთს გაშორდნენ).

1930 წელს ფრომი ფრანკფურტის სკოლის დამაარსებლებთან (მაქს ჰორკჰაიმერთან, თეოდორ ადორნოსთან და ჰერბერტ მარკუზესთან) იწყებს თანამშრომლობას. 1932 წელს ჩატარებული გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით ფრომმა ადოლფ ჰიტლერის ახლო მომავალში გამარჯვება იწინასწარმეტყველა. 1933 წელს მან გერმანია დატოვა და აშშ – ს შეაფარა თავი. 1941 წელს მისი პირველი წიგნი გამოქვეყნდა, ეს იყო აწ კლასიკად ქცეული ნაშრომი “თავისუფლებისგან გაქცევა”(“Escape from freedom”), რომელშიც მან ტოტალიტარიზმის სახეობები გამოააშკარავა და დაგმო. გერმანიაში ამ წიგნმა ფრომის მიმართ ბრმა სიძულვილის ტალღა გამოიწვია. 40 – იან წლებში ფრომი ფრანკფურტის სკოლას ემიჯნება, რადგან აღარ იზიარებს მარკუზეს და ადორნოს იდეებს. ის პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობით და პრაქტიკული ფსიქოანალიზითაა დაკავებული. კლინიკურმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ნევროზების უმრავლესობას არა მარტო ბიოლოგიური, არამედ სოციალური ფაქტორებიც იწვევენ. ასე ფრომი საბოლოოდ გაემიჯნა კლასიკურ ფროიდიზმს. ფრომი ომის შემდეგ გერმანიაში აღარ დაბრუნდა. 1949 – 1969 წწ. იგი მექსიკაში ცხოვრობდა. აქ ფრომი ხშირად კაპიტალისტური წყობის კრიტიკით გამოდიოდა. 1960 წელს ის აშშ – ს სოციალისტურ პარტიაში გაწევრიანდა, მან ამ პარტიის პროგრამაც კი შეიმუშავა, რომელიც არ იქნა მიღებული პარტიაში არსებული შიდა განხეთქილების გამო. ამ წარუმატებლობის მიუხედავად, ფრომი არ ტოვებს პოლიტიკურ ასპარეზს, განაგრძობს ლექციების კითხვას და მიტინგებში მონაწილეობას. 1969 წელს პირველი ინფარქტის შემდეგ, ფრომი შვეიცარიაში მიემგზავრება. აქ, ლოკარნოში, მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. 

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003