logo-herba

antiD-header

ოჯახის დაგეგმვა

?????? ????????თქვენ ალბათ ცდილობთ, უკეთესად დაგეგმოთ თქვენი მომავალი ცხოვრება, შექმნათ ოჯახი და რა თქმა უნდა, გყავდეთ შვილები. ამისათვის აირჩიეთ სწორი გზა და მიმართეთ ოჯახის დაგეგმვას. ოჯახის დაგეგმვა საშუალებას იძლევა: სწორად წარმართოთ ოჯახური ურთიერთობები, შეძლოთ ჯანმრთელი შვილების გაჩენა სასურველ დროს, შეგნებულად განსაზღვროთ ოჯახში ბავშვთა რაოდენობა და მშობიარობებს შორის შუალედები, აიცილოთ თავიდან არასასურველი ორსულობა და აბორტი, შეინარჩუნოთ თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ სექსუალურ ცხოვრებას, წარმატებით განახორციელოთ თქვენი გეგმები.

იმისათვის, რომ დაგეგმოთ სასურველი ორსულობა და თავიდან აიცილოთ არასასურველი, უნდა იცოდეთ:

  • ქალის რეპროდუქციულ ფუნქციას განაპირობებს განაყოფიერების უნარის მქონე კვერცხუჯრედი, რომელიც წარმოიქმნება საკვერცხის ფოლიკულებში. მწიფე კვერცხუჯრედის გადმოსვლა საკვერცხის ფოლიკულიდან – ოვულაცია – ხდება რითმულად ყოველ 21-35 დღეში. კვერცხუჯრედი ხვდება ე.წ. ფალოპის მილში, სადაც ხდება განაყოფიერება. განაყოფი-ერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილიდან გადადის საშვილოსნოს ღრუში, მიეკრობა საშვილოსნოს კედლის ლორწოვანს და იწყება ჩანასახის განვითარება - ორსულობა.
  • მენსტრუალური ციკლის “ნაყოფიერი"_როცა დაორსულების ალბათობა ყველაზე მაღალია და “არანაყოფიერი" დღეები დგინდება ოვულაციის პერიოდის განსაზღვრით: რეგულარული ციკლის დროს პირველი ათი (მენსტრუაციის დაწყებიდან) და ბოლო ათი დღე “არანაყოფიერი" დღეებია, შუა პერიოდში ხდება ოვულაცია.
  • მშობიარობისათვის საუკეთესო ასაკი 18-35 წელია. (ნაადრევი ან დაგვიანებული ორსულობისას, გართულებების განვითარების რისკი შედარებით მეტია);
  • მშობიარობებს შორის საუკეთესო შუალედი 2-2,5 წელიწადია. ეს ინტერვალი ხელს უწყობს ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ ქალის ბიოლოგიური ძალების აღდგენას, ბავშვის ძუძუთი კვების სრულფასოვნად განხორციელებას, ბავშვზე ზრუნვისათვის მეტი დროის გამოყოფას და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობას;
  • აბორტი არ წარმოადგენს არასასურველი ორსულობისაგან თავის დაღწევის უსაფრთხო და საუკეთესო მეთოდს. ორსულობის შეწყვეტა უარყოფითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე; განსაკუთრებით საშიშია განმეორებითი აბორტები. აბორტის თავიდან აცილება შესაძლებელია თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით, მაგრამ თუკი აბორტი მაინც გარდაუვალია, მაშინ, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს;
  • აბორტის ან მშობიარობის შემდგომ, მენსტრუაციის დაწყებამდეც შესაძლებელია დაორსულება, ამიტომ სქესობრივი აქტივობის დაწყებამდე საჭიროა შეარჩიოთ კონტრაცეპციის თქვენთვის მისაღები საიმედო მეთოდი;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ქალებსა და მამაკაცებში ხშირად უშვილობის მიზეზი ხდება;
  • კონტრაცეპცია ინტიმურ ცხოვრებას უფრო ჰარმონიულს ხდის, რადგან წყვილს დაუგეგმავი ორსულობის გამო არასასურველ ღელვას აცილებს თავიდან.

თქვენი გეგმების განხორციელება შესაძლებელია ოჯახის დაგეგმვის მიზნით ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების - კონტრაცეპციის გამოყენებით.

რა არის კონტრაცეპცია და რაში გვეხმარება?

>????????????კონტრაცეპცია - არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების საშუალებაა. კონტრა-ცეპტივების, ანუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების, გამოყენებას კაცობრიობა უხსოვარი დროიდან მიმართავდა. მე-20 საუკუნეში კონტრაცეპციის მეთოდები განსაკუთრებით განვითარდა და დაიხვეწა.

ოჯახის დაგეგმვა კონტრაცეპციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხელს უწყობს:

  • ჯანსაღი ბავშვების დაბადებას სასურველ დროს;
  • ქალის ჯანმრთელობის შენარჩუნებას;
  • ოჯახში სიმყუდროვისა და ჰარმონიული ურთიერთობების დამკვიდრებას;
  • ცხოვრების მომავალი გეგმების განხორციელებას;
  • რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.

მოარული მითები და მარტივი ჭეშმარიტება

საზოგადოებაში არსებობს მოარული მითები ჩასახვის საწინააღმდეგო სხვადასხვა `საიმედო მეთოდების" შესახებ, ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ამ მეთოდების უმეტესობა არ ამართლებს და ქალი შესაძლებელია დაორსულდეს:

  • მენსტრუაციის დროსაც;
  • პირველი და ერთადერთი სქესობრივი კონტაქტის შედეგად;
  • მიუხედავად იმისა, განიცდიან თუ არა პარტნიორები ორგაზმს/სიამოვნებას;
  • წყვეტს მამაკაცი სქესობრივ კონტაქტს სპერმის გამოყოფამდე თუ არა;
  • სქესობრივი აქტის შემდეგ საშოს გამორეცხვის ჩატარების მიუხედავად;
  • სქესობრივი აქტის პოზის და ხანგრძლივობის მიუხედავად.

მრავალი მითი არსებობს კონტრაცეპციის სხვადასხვა მეთოდის `არაეფექტურობის", ან `საშიშროების" შესახებ, ჭეშმარიტება კი ისაა, რომ თანამედროვე კონტრაცეპტივები ეფექტურად გამოიყენება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და ხელს უწყობენ ქალის ჯანმრთელობას.

როგორ ხდება კონტრაცეპციის მეთოდის შერჩევა?

კონტრაცეპციის უნივერსალური და იდეალური მეთოდი არ არსებობს; ამჟამად არსებული კონტრაცეპციული საშუალებების ფართო არჩევანი ხელს უწყობს წყვილს, შეარჩიოს მათთვის ყველაზე მისაღები და მოსახერხებელი მეთოდი.

მეთოდის არჩევისას უნდა იქნას გათვალისწინებული:

  • მეთოდის ეფექტურობა, გამოყენების წესი, ხელმისაწვდომობა, მისაღები ფასი;
  • ქალის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ცხოვრების წესი;
  • სქესობრივი კავშირის სიხშირე;
  • პარტნიორის დამოკიდებულება ამა თუ იმ მეთოდის მიმართ;
  • კონტრაცეპციის გამოყენების სასურველი სავარაუდო ხანგრძლივობა.

კონტრაცეპციის მეთოდები შეიძლება იყოს:

  • მამაკაცის და ქალის;
  • შექცევადი (მეთოდის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ დაორსულება შესაძლებელია) და შეუქცევადი (ორსულობა აღარ ვითარდება);
  • თანამედროვე და ტრადიციული;
  • მაღალი, საშუალო და დაბალი სასურველი შედეგით;
  • მეთოდები, რომლებიც მოითხოვს სამედიცინო მანიპულაციას;
  • დაკავშირებულია ან არ არის კავშირში სქესობრივ აქტთან.

ვის და როდის მივმართოთ რჩევისათვის?

    თუ თქვენ ახლახან:
  • იმშობიარეთ;
  • გაიკეთეთ აბორტი;
  • დაიწყეთ სქესობრივი ცხოვრება;
  • დაქორწინდით, მაგრამ შვილების ყოლა
  • ჯერჯერობით არ გსურთ;
  • გყავთ შვილები და აღარ გსურთ მეტი
  • შვილის გაჩენა;
  • არ იცით, გამოიყენოთ თუ არა კონტრაცეპცია თქვენს ასაკში, ან ეჭვობთ, თუ რამდენად მისაღები იქნება თქვენთვის ესა თუ ის მეთოდი, მაშინ,

კონტრაცეპციის მეთოდის შესარჩევად სასურველია მიმართოთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის კაბინეტს ან სპეციალისტს (გინეკოლოგს, ანდროლოგს), რომელიც მომზადებულია ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში. შესაძლოა, აგრეთვე, გაეცნოთ სპეციალურ საინფორმაციო სამედიცინო მასალებს.

კონტრაცეპციის მეთოდები

I. ბარიერული მეთოდები და სპერმიციდები. კონდომი ანუ პრეზერვატივი, ვაგინალური ანუ საშოს შიდა საშუალებები.

II. საშვილოსნოსშიგა საშუალებები (სპირალი):

III. ჰორმონული კონტრაცეპტივები: დაბალდოზიანი აბები, საინექციო საშუალებები; კანქვეშ ჩასანერგი საშუალებები (იმპლანტები);

IV. ბუნებრივი მეთოდები: ლაქტაციური ამენორეის მეთოდი; პერიოდული თავშეკავება (აბსტინენცია);

V. ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეპცია.

თანამედროვე კონტრაცეპციის ყველაზე გავრცელებული, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო მეთოდებია – კონდომი, კონტრაცეპტიული აბები, სპირალი და სპერმიციდები.

კონდომი

კონდომი - ჩასახვის საწინააღმდეგო ერთ-ერთ ყველაზე გავრცე-ლებულ, ეფექტურ და უვნებელ საშუალებას წარმოადგენს. კონდომის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ, როგორც წესი, ყველა მათგანი სპეციალური თხელი რეზინის - ლატექსისაგან მზადდება. კონდომი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან საცხით დაფარული; საცხი შესაძლოა სპერმიციდების (მამაკაცის სასქესო უჯრედების დამშლელი ნივთიერების) შემცველიც იყოს. კონდომები ზომით, ფორმით და ფერითაც კი შეიძლება განსხვავდებოდნენ, მაგრამ მათი ხარისხი თითქმის თანაბარია.

კონდომის მოქმედების მექანიზმი:

სქესობრივი აქტის დროს მამაკაცის სასქესო ასოდან გამოყოფილი სპერმა კონდომში გროვდება და საშოში ვეღარ შეაღწევს. თუ საშოში სპერმა არ მოხვდება, ორსულობა არ ვითარდება.

კონდომის უპირატესობები:

  • ხასიათდება მაღალი ეფექტურობით (98-99%);
  • იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან და აივ/შიდსისაგან;
  • მარტივია მოხმარებაში;
  • ხელმისაწვდომია;
  • უსაფრთხოა და პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები (ძალზე იშვიათად, განსაკუთრებული მგრძნობელობის პირებში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია);
  • ქალს თავიდან აცილებს ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების აუცილებლობას.

    ვის შეუძლია პრეზერვატივის გამოყენება?

  • ყველა წყვილს, ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით აუცილებელია მაშინ, თუ არსებობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადების რისკი;
  • სავსებით მისაღებია ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, როგორც კონტრაცეპციის ერთ-ერთი მეთოდი;
  • ეხმარება ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდის მომხმარებლებსაც დამატებითი კონტრაცეპტიული ეფექტის მისაღებად.

    კონდომის გამოყენების წესი

    გამოიყენება ერთჯერადად. კონდომი ფრთხილად უნდა ამოიღოთ პაკეტიდან და წინასწარი გაშლის გარეშე ჩამოიცვათ გამაგრებულ ასოზე, ისე რომ ბოლოში დარჩეს თავისუფალი ადგილი სპერმის ჩაღვრისათვის, საიდანაც თითების მოჭერით ჰაერი წინასწარ უნდა გამოიდევნოს. სქესობრივი აქტის დასრულების და საშოდან გამოსვლის შემდეგ კონდომი უნდა მოიხსნას ჯერ კიდევ გამაგრებული ასოდან ფრთხილად, ისე რომ სპერმა არ გადმოიღვაროს, გაიხვიოს ქაღალდში და მოთავსდეს სანაგვეში.

    უმჯობესია კონდომის გამოყენება სპერმიციდებთან (სპერმატოზოიდების დამშლელი ნივთიერებები) ერთად, ამით თქვენ ორმაგად იქნებით დაცული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონდომი გაიხევა. არ შეიძლება ვადაგასული, დაზიანებული პაკეტიდან პრეზერვატივის მოხმარება და დამხმარე საცხის სახით ვაზელინის, ან სხვა ცხიმის გამოყენება.

    ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული მეთოდები

    კონტრაცეპტივიკონტრაცეპციის ჰორმონული მეთოდებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. მათ შემადგენლობაში ისეთივე ჰორმონები შედის, რომლებიც ქალის ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავდება. კონტრაცეპტივებში შემავალი ჰორმონები აფერხებენ ოვულაციას (კვერცხუჯრედის მომწიფებას და საკვერცხიდან მის გამოსვლას), რის გამოც ორსულობა აღარ ვითარდება.

    მიუხედავად აბების მრავალფეროვნებისა, ძირითადად არჩევენ 2 სახეობას: აბები, რომლებიც შეიცავენ ერთ ჰორმონს (პროგესტინს) - ე.წ. სუფთა პროგესტინული აბები, და აბები, რომელთა შემადგენლობაში ორი ჰორმონის (ესტროგენის და პროგესტინის) კომბინაცია შედის - ე.წ. კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები. ორივე ეს სახეობა ჰორმონის ძალზე მცირე დოზებს შეიცავს.

    კომბინირებული ორალური კონტრა-ცეპტივები (კოკ-ი)

    კოკ-ის უპირატესობები:

  • გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით (99%);
  • გარდა ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტისა, იგი არეგულირებს მენსტრუაციას, ამცირებს მენსტრუალურ სისხლდენას და ტკივილს;
  • მეთოდის გამოყენების შეწყვიტის შემდეგ ქალს შეუძლია მალევე დაორსულდეს.

    ვის შეუძლია კოკ-ის გამოყენება?

    ქალების უმეტესობას სპეციალისტთან კონსულტაციის გავლის შემდეგ შეუძლია კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები გამოიყენოს და მათი მრავალფეროვნებიდან მისთვის საუკეთესო შეარჩიოს.

    ვის არ შეუძლია კოკ-ის გამოყენება?

      • 35 წელზე მეტი ასაკის მწეველ ქალებს (35 წლის ქვემოთ მწეველებს, ან 35 წელზე მეტი ასაკის არამწეველ ქალებს ამ მეთოდის გამოყენება შეუძლიათ);
      • ქალებს, რომლებმაც 3 კვირაზე ნაკლები ხნის წინ იმშობიარეს;
      • მეძუძურ დედებს და ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ:
        • მაღალი არტერიული წნევა (180/110 მმ. ვწ.ს.);
        • დიაბეტის მძიმე ფორმა;
        • გულის იშემიური დაავადება;
        • ქოლესტერინის მაღალი შემცველობა;
        • სისხლის შედედების უნარის მომატება;
        • ქალებს, რომლებმაც გადაიტანეს გულის ინფარქტი ან ინსულტი;
        • სარძევე ჯირკვლის კიბო;
        • ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება;
        • ჰეპატიტის აქტიური ფორმა;
        • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა.

    კოკ-ის გამოყენების წესი:

    ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება ხდება ყოველდღიურად, ამიტომ ამ მეთოდის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ცხოვრების რეჟიმი და ხელსაყრელი ან ხელშემშლელი პირობები. აბების გამოტოვება არ შეიძლება, რადგან ამით მათი კონტრაცეპტიული საიმედობა ქვეითდება. სპეციალისტი გაგიწევთ კონსულტაციას, თუ როდის უნდა დაიწყოთ აბების მიღება, როგორ მოიქცეთ აბის გამოტოვების შემთხვევაში, ან შესაძლო გვერდითი მოვლენების გამოჩენისას და სხვა საკითხებში.

    სუფთა პროგესტინული დასალევი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (ორალური კონტრაცეპტივები - მინი-პილი)

    მინი-პილი-ს უპირატესობები:

    • გამოირჩევა ძალზე მაღალი ეფექტურობით (99% და მეტი);
    • უსაფრთხოა;
    • არ ახდენს გავლენას რძის გამომუშავებაზე (მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ);
    • მარტივია მოხმარებაში;
    • ხელს უწყობს ენდომეტრიუმის და საკვერცხის კიბოს პროფილაქტიკას.

    ვის შეუძლია სუფთა პროგესტინული აბების გამოყენება?

    თითქმის ყველა ქალს (მწეველების ჩათვლით), ნებისმიერ ასაკში; მეძუძურ დედებს, მშობიარობიდან 6 კვირის გავლის შემდეგ.

    ვის არ შეუძლია სუფთა პროგესტინული აბების გამოყენება?

    ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ: 

  • ღვიძლის დაავადებები;
  • სარძევე ჯირკვლის კიბო;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

    აგრეთვე:

  • მეძუძურ დედებს, მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაში;
  • ქალებს, რომლებიც იღებენ განსაკუთრებულ მედიკამენტებს (საჭიროა კონსულტაცია სპეციალისტთან).

    სუფთა პროგესტინული აბების ნაკლო-ვანი მხარეები.

    იწვევს:

    • მენსტრუალური ციკლის ცვლილებებს
    • წონაში უმნიშვნელოდ მატებას.

    მხოლოდ პროგესტინის შემცველი კონტრაცეპტივების გამოყენება შესაძლებელია ასევე ინექციებისა ან კანქვეშ ჩასანერგი საშუალებების - იმპლანტების სახით. პრეპარატის სახეობის მიხედვით, ინექცია 1 ან 3 თვეში ერთჯერ კეთდება. ინექციების შეწყვეტის ან იმპლანტის ამოღების შემდეგ შვილოსნობის უნარის აღდგენა, აბების მიღებასთან შედარებით, უფრო მოგვიანებით ხდება (საშუალოდ 6 თვის მანძილზე), რაც უნდა გაითვალისწინოთ სასურველი ორსულობის დაგეგმვისას.

    სპერმიციდები

    სპერმიციდები - ეს არის ნივთიერებები, რომლებიც, საშოში მოთავსებისას, სპერმატოზოიდების დაშლას იწვევენ მანამ, სანამ ისინი საშვი-ლოსნოში შეაღწევენ. სპერმიციდები იყიდება სანთლების, აბების, საცხების, ქაფების სახით. ყველა ამ საშუალების შეყვანა საშოში უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ ხდება. გულდასმით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამა თუ იმ საშუალების გამოყენების წინ!

    სპერმიციდების უპირატესობანი

  • გამოყენებისთანავე ეფექტურია (ქაფები და კრემები);
  • გავლენას არ ახდენს ძუძუთი კვებაზე;
  • შეიძლება მისი, როგორც დამატებითი მეთოდის გამოყენება;
  • უსაფრთხოა;
  • ხელმისაწვდომია და გამოსაყენებლად ადვილია.

    სპერმიციდების ნაკლოვანებები:

  • აქვს საშუალო დონის საიმედოობა;
  • საჭიროა საშოში სქესობრივ კავშირამდე 10-15 წუთით ადრე მოთავსება;
  • ერთი გამოყენება ეფექტურია მხოლოდ 1-2 საათის განმავლობაში;
  • ზოგჯერ შესაძლებელია ადგილობრივი გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია.

    საშვილოსნოსშიგა საშუალებები 

    საშვილოსნოსშიგა საშუალებები უფრო მეტად `სპირალის" სახელწოდებითაა ცნობილი. თანამედროვე სპირალი მზადდება პლასტმასის მასალისგან, რომელზეც სპილენძის წვრილი ძაფია დახვეული, ზოგიერთი სპირალი ჰორმონის შემცველია. სპირალი მცირე ზომისაა (2,5 სმ), საშვილოსნოში მოთავსებისას იგი ხელს უშლის სპერმა-ტოზოიდების კვერცხუჯრედის მიმართულებით გადაადგილებას, რითაც ჩასახვის პროცესი ფერხდება.

    სპირალის უპირატესობები:

  • მაღალეფექტური საშუალებაა (98-99%);
  • ერთხელ შეყვანილი სპირალი 5-დან 10 წლამდე რჩება საშვილოსნოში და საიმედოდ მუშაობს;
  • უსაფრთხოა და მოსახერხებელი;
  • სპირალის ამოღების შემდეგ ნაყოფიერება მაშინვე აღდგება.

    სპირალის ნაკლოვანებები:

    არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან, ამიტომ არ არის ნაჩვენები იმ ქალებისათვის, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ სქესობრივი დაავადების მქონე მამაკაცთან ან ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ.

    სპირალის გამოყენების წესი:

    სპირალის შეყვანის და ამოღების პროცედურები მხოლოდ ექიმის მიერ წარმოებს. ნაჩვენებია მხოლოდ ნამშობიარები ქალებისათვის, ვისაც არ აქვთ სასქესო ორგანოების და სხვა პათოლოგიის ნიშნები.

    გადაუდებელი კონტრაცეპცია

    გადაუდებელი კონტრაცეპცია გულისხმობს კონტრაცეპტივების გამოყენებას უშუალოდ დაუგეგმავი და დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ, არასასურველი ორსულობისაგან თავის დაღწევის მიზნით.

    გადაუდებელი კონტრაცეპცია არ მიეკუთვნება ოჯახის დაგეგმვის რეგულარულ მეთოდებს, მისი ხშირი გამოყენება სახიფათოა ჯანმრთელო-ბისათვის!

    გადაუდებელი კონტრაცეპციის მიზნით გამოიყენება:

  • სპეციალური ჰორმონული (პოსტკოიტალური) აბები _ ამ პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ ერთჯერადად; დაუშვებელია მისი, როგორც ოჯახის დაგეგმვის რეგულარული მეთოდის გამოყენება;
  • დაბალდოზიანი კომბინირებული ორალური აბები – ეს აბები სპეციალური სქემით გამოიყენება დაუცველი სქესობრივი აქტიდან პირველი 72 საათის განმავლობაში.
  • საშვილოსნოსშიგა საშუალება - ორსულობის თავიდან აცილების მიზნით სპირალი შეიძლება შეყვანილ იქნას საშვილოსნოში დაუცველი სქესობრივი აქტიდან 5 დღის განმავლობაში.

    გადაუდებელი კონტრაცეპციის მოქმე-დების მექანიზმი:

    ჰორმონების მაღალი დოზა, ისევე როგორც სპირალის შეყვანა საშვილოსნოში, თრგუნავს კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოს კედელზე.

    ვის შეუძლია გადაუდებელი კონტრა-ცეპციის გამოყენება:

    მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ ადგილი ჰქონდა მოულოდნელ, შემთხვევით ან იძულებით სქესობრივ კავშირს, და შეიძლება განვითარდეს არასასურველი ორსულობა.

    ვის არ შეუძლია გადაუდებელი კონტრაცეპციის გამოყენება: ?

  • მეძუძურ დედებს;
  • ქალებს, ვისთვისაც უკუნაჩვენებია კომბინირებული ორალური კონტრაცეპ-ტივების გამოყენება (იხ. ზემოთ) შეგახსენებთ, რომ დაუშვებელია გადაუდებელი კონტრაცეპციის წინასწარ დაგეგმილი ფორმით და ხშირად გამოყენება!

    ლაქტაციური ამენორეის მეთოდი (ლამ-ი)

    ლაქტაციური ამენორეა არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ბუნებრივი მეთოდია, რომელსაც მეძუძური ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებები უდევს საფუძვლად. ძუძუთი კვების (ლაქტაციის) პერიოდში ქალი კარგავს ნაყოფიერების უნარს, რაც მენსტრუაციის დროებითი შეჩერებით (ამენორეით) ვლინდება.

    ძუძუთი კვებისას, მშობიარობიდან პირველი 6 თვის განმავლობაში, ქალის ორგანიზმში წყდება კვერცხუჯრედის მომწიფების გამომწვევი ჰორმონების გამომუშავება.

    როგორ მუშაობს ლაქტაციური ამენორეის მეთოდი?

    მეძუძური დედა ბუნებრივად არის დაცული ორსულობისაგან მხოლოდ მაშინ, თუ:

  • ბავშვი იმყოფება მხოლოდ ძუძუთი კვებაზე (ანუ არ იღებს სხვა დამატებით საკვებს) და კვებათა შორის საჭირო ინტერვალები დაცულია (3-4 საათი დღისით და 6 საათი ღამით);
  • ბავშვი 6 თვეზე ნაკლები ასაკისაა;
  • ქალს მშობიარობის შემდეგ მენსტრუალური ციკლი არ აქვს აღდგენილი.

    თუ სამივე პირობა დაცულია, მეთოდი ეფექტურად მუშაობს. თუ ერთ-ერთი პირობა მაინც დაირღვა, დაორსულების შანსი იზრდება და საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდის გამოყენება, ისეთის, რომელიც ხელს არ შეუშლის რძის გამომუშავებას.

    ლამ-ის მეთოდის უპირატესობანი:

  • მეთოდის ეფექტურობა 98%-ა;
  • ხელს უწყობს ბავშვის ძუძუთი კვებას;
  • სასარგებლოა როგორც დედის, ასევე ბავშვისათვის;
  • არ მოითხოვს მატერიალურ დანახარჯს;
  • არ არის დაკავშირებული სქესობრივ აქტთან.

    პერიოდული თავშეკავება - აბსტინენცია

    კონტრაცეპციის ეს მეთოდი ემყარება ქალის მენსტრუალური ციკლის `ნაყოფიერი" დღეების განსაზღვრას, რომლის დროსაც საჭიროა სქესობრივი კონტაქტისაგან თავშეკავება. ამისათვის მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს:

    1. ტემპერატურული მეთოდი:

    `ნაყოფიერი" დღეების განსაზღვრა მენსტრუალური ციკლის მანძილზე სხეულის ტემპერატურის მერყეობის საფუძველზე ხდება. მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან ყოველდღიურად ხდება სხეულის ტემპერატურის გაზომვა: ტემპერატურა იზომება დილით, საწოლიდან წამოდგომამდე, უზმოზე, უკანა ტანიდან, 7 წუთის განმავლობაში. პირველი ათი დღის მანძილზე ტემპერატურა 36,6-36,8ო-ია, მე-11 დღიდან ტემპერატურა იმატებს 37,0-37,2ო-მდე, რაც ოვულაციაზე (ფოლიკულის გასკდომაზე და მომწიფებული კვერცხუჯრედის განთავისუფლებაზე) მიუთითებს. მომატებული ტემპერატურის დაფიქსირებიდან 5_12 დღის განმავლობაში (დამოკიდებულია ციკლის ხანგრძლივობაზე) დაორსულების რისკი მაღალია. შემდეგ იწყება “არანაყოფიერი" პერიოდი.

    2. საშოდან ლორწოვანი გამონადენის აღნუსხვის მეთოდი:

    განაყოფიერებისათვის ხელსაყრელი დღეების განსაზღვრა ხდება მენსტრუალური ციკლის მანძილზე ლორწოვანი გამონადენის მოცულობის და წებოვნების ცვლილებების საფუძველზე. ციკლის შუა დღეები, როცა ლორწოვანი გამონადენი თეთრი ფერის ნაცვლად გამჭირვალე ფერს მიიღებს და უფრო გათხელდება, ნაყოფიერებისათვის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია;

    3.კალენდარული მეთოდი:

    დაორსულებისათვის არახელსაყრელია მენსტრუაციის დაწყებიდან დაახლოებით პირველი ათი და ციკლის ბოლო ათი დღე (როცა ქალს აქვს რეგულარული ციკლი), დანარჩენი დღეები "ნაყოფიერია". მაგალითისათვის, 28 დღიანი ციკლის შემთხვევაში “ნაყოფიერია" ციკლის შუა 8 დღე, 25 დღიანი ციკლისათვის - შუა 5 დღე.

    თუმცა ეს მეთოდები ორსულობისაგან თავის დაცვის სრულ გარანტიას არ იძლევა, მაგრამ ფიზიოლოგიურია და გამოსადეგია მათთვის, ვისთვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო კონტრაცეპტივების გამოყენება შესაძლებელი არ არის.

    კონტრაცეპციის ქირურგიული მეთოდები

    გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალს ან მამაკაცს მტკიცედ აღარ სურთ მეტი ბავშვის ყოლა.

    ქალების ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეპციის მეთოდი- სტერილიზაცია

    მეთოდი წარმოადგენს მცირე ქირურგიულ ჩარევას, ხშირად ადგილობრივი ანესთეზიით, რომლის დროს ხდება საშვილოსნოს მილების ორმხრივი გადაკვანძვა, რის გამოც კვერცხუჯრედი ვეღარ აღწევს საშვილოსნომდე და ორსულობა არ დგება. კონტრაცეპციის ეს მეთოდი შეუქცევადია. იგი არ უნდა ჩატარდეს, თუ ქალი მყარად არ არის დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში ნაყოფიერების შეწყვეტის შესახებ. არსებობს დამტკიცებული მარეგუ-ლირებელი პროცედურა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში კრძალავს ოპერაციის ჩატარებას, ხოლო სპეციალისტთან წინასწარ კონსულტაციას სავალდებულოს და აუცილებელს ხდის.

    მამაკაცთა ნებაყოფლობითი ქირურ-გიული კონტრაცეპციის მეთოდი- ვაზექტომია

    გულისხმობს სათესლე სადინრების ორმხრივ გადაკვანძვას, რის გამოც სპერმატოზოიდების გადმოდინება წყდება. ვაზექტომია არ ნიშნავს კასტრაციას. ვაზექტომიის შემდეგ მამაკაცი სრულად ინარჩუნებს პოტენციას, ანუ ერექციის და ეაკულაციის (სპერმის დაღვრის) უნარს, მაგრამ მისი სპერმა აღარ შეიცავს სპერმატოზოიდებს, ამიტომ ქალის ორგანიზმში მოხვედრისას განაყოფიერება არ ხდება და ორსულობა არ ვითარდება.

    ვაზექტომია ასევე წარმოადგენს კონტრაცეპციის მუდმივ, შეუქცევად მეთოდს. იგი არ უნდა ჩატარდეს, თუ მამაკაცი მყარად არ არის დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში, რომ აღარ უნდა ჰყავდეს შვილები. მილების გამავლობის აღდგენა (რეკანალიზაცია) შესაძლებელია, მაგრამ ოპერაცია ხშირად უშედეგოდ მთავრდება.

    აირჩიეთ სწორი გზა - ჯანმრთელი ბავშვები და ოჯახური ბედნიერება!

    დაგეგმეთ თქვენი მომავალი ცხოვრება!

    წყარო. მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» მხარდაჭერით.

ცხელი ხაზი contact593 649003