logo-herba

antiD-header

მელანქოლია - ბიბლიიდან მე-XX საუკუნემდე

ტერმინი დეპრესია (depressio _ დათრგუნვა) შედარებით ახალგაზრდაა, იგი გაჩნდა XIX საუკუნეში 2000 წლის განმავლობაში ეს მდგომარეობა ცნობილი იყო როგორც "მელანქოლია", რომელიც ბერძნული სიტყვაა (melainaehole) და ნიშნავს შავ ნაღველს.

Medicine in Ancient Egyptჯერ კიდევ 4000 წლის წინათ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში მკურნალობდნენ ადამიანებს, რომელთაც აღენიშნებოდათ დარდის პათოლოგიური მდგომარეობა. დეპრესიის ყველაზე ადრეული აღწერა მოცემულია ბიბლიაში, კერძოდ, იუდეველების მეფის საულის ისტორიაში. იგი ცხოვრობდა ძვ.წ. XI საუკუნეში, იყო მრისხანე პიროვნება და ჩავარდნილი იყო სასოწარკვეთილ მდგომარეობაში (ბიბლია, თავი XVI). აღნიშნულ ისტორიაში ნათლად არის გამოხატული დეპრესიისთვის დამახასიათებელი ნიშნები. გუნება-განწყობის დაქვეითება, აგრესია, შიში, სიძულვილი, შური და ღვთის წინაშე დანაშაულის შეგრძნება. მეფე საულის დეპრესია იმდენად გაღრმავდა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ფსალმუნთა წიგნი გვამცნობს, რომ თვით დავითი განიცდიდა მძიმე, დამთრგუნავ უიმედობას (ფსალმუნი 37.4.7.9). "დარდი ახლოსა არს და დამხმარე არ სჩანს" (ფსალმ. 21.12). იგი აღწერს თავის შფოთვით მდგომარეობას.

ძვ.წ. VIII-VII ს-ში ჰომეროსი თავის ცნობილ "ილიადაში" აღწერდა ერთ-ერთი პერსონაჟის ბელლეროფონტის დეპრესიულ მდგომარეობას.

ექიმი და ფილოსოფოსი პითაგორა (ძვ.წ. 570-500წწ.) ავადმყოფებს აძლევდა რეკომენდაციებს, რომ დარდისა და მრისხანების შემთხვევაში გარიდებოდნენ ხალხს და განმარტოებულიყვნენ. იგი პირველია ისტორიაში, ვინც დეპრესიის სამკურნალოდ რეკომენდაციას იძლეოდა გამოეყენებინათ მუსიკოთერაპია.

დემოკრიტე (ძვ.წ. 460-370წწ.) დარდის შემთხვევაში ავადმყოფებს რეკომენდაციას უწევდა დამტკბარიყვნენ ბუნებით და გაეანალიზებინათ საკუთარი ცხოვრება.

hippocratesჰიპოკრატე (ძვ.წ. 460-370წწ.) გამოყოფდა მელანქოლიის ორ სახეს. ტემპერამენტის მიხედვით იგი არჩევდა ადამიანთა 4 ტიპს და მათ შორის ერთ-ერთს უწოდებდა მელანქოლიკს, ვის "სხეულშიც ჭარბად არის შავი ნაღველი, ეშინია შუქის, გაურბის ხალხს და უჩივის ტკივილს მუცლის არეში"; მეორე გაგებით, მელანქოლია არის დაავადება: "თუკი შიშის შეგრძნება და სულმოკლეობა ხანგრძლივად გრძელდება, ეს მეტყველებს რომ იწყება მელანქოლია... შიში და დარდი, თუ ისინი დიდხანს გრძელდებიან, და არ არიან გამოწვეული ცხოვრებისეული მიზეზებით, წარმოიშობიან შავი ნაღველით."

ჰიპოკრატემ მეცნიერთა შორის პირველმა მიუთითა, რომ დაავადების მიზეზები უნდა ვეძებოთ ადამიანის ტვინში.

ჯერ კიდევ 2000 წლის წინათ არისტოტელემ (ძვ.წ.-ის 384-322წწ.) წერდა: "დიდი დეპრესია თუ დიდი ადამიანები დეპრესიაში"... მან პირველმა დასვა კითხვა: "ნიჭიერი, გამოჩენილი ფილოსოფოსები, სახელმწიფო მოღვაწეები, ხელოვანები რატომ იყვნენ მეტწილად მელანქოლიკები?"

პლატონის (ძვ.წ. 428-348წწ) აზრით, მელანქოლია ხშირად არის პოეტური შთაგონების წყარო.

მელანქოლიის არსს ყველაზე ღრმად ჩასწვდა მარკუს ციცერონი (ძვ.წ. 106- 43წწ.) თავის წიგნში "საუბრები ტუსკულაპის შესახებ". რომაელი ორატორი, პოლიტიკოსი და მწერალი ისე ზუსტად აღწერს დეპრესიის სიმპტომებს, რომ მკვლევრები თვლიან, რომ მას თვითონ ჰქონდა განცდილი დეპრესიის შეტევა. მისი აზრით, შიშისა და დარდის მიზეზი ხშირად ბოროტებაზე ფიქრია. იგი მიიჩნევდა, რომ ღრმა დეპრესიიდან გამოსვლა საკუთარი ძალებით შეუძლებელია, ხოლო მკურნალობის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა ავადმყოფებთან საუბრები. მან პირველმა შემოგვთავაზა ფსიქოთერაპიული საუბრების გამოყენება დეპრესიიდან გამოსაყვანად.

პლუტარქე ჩვ.წ.აღ-ით 46-120 წლებში აღწერს მელანქოლიას, რომელიც თანამედროვე გაგებით შეიძლება დახასიათდეს, როგორც ფსიქოგენური დეპრესია. მან მოგვითხრო ახალგაზრდა მეფის ანტიოქეს ისტორია, რომელიც მძიმე დეპრესიაში იყო, განიცდიდა დანაშაულის გრძნობას და სიკვდილის პირას იყო. ექიმი ერაზისტატე დაეჭვდა, რომ დეპრესიის მიზეზი უნდა ყოფილიყო უიმედო სიყვარული. მან ავადმყოფს ხელი დაადო გულის არეში და გასცა განკარგულება ავადმყოფს მიახლოებოდა სასახლეში მცხოვრები ყველა ქალი. ახალგაზრდა დედინაცვლის, სტრატონიკას, მიახლოებისას ავადმყოფს გულისცემა აუჩქარდა. იგი აკანკალდა და სახეზე ოფლმა დაასხა.

ავლუს კორნელიუს ცელოსუსი მოღვაწეობდა რომში პირველ საუკუნეში. მან შეადგინა ენციკლოპედია, რომელშიც თავმოყრილი იყო ძველი რომის მთელი ცოდნა. მედიცინას ეთმობოდა 8 ტომი. იგი მელანქოლიას განმარტავს, როგორც "ჭკუიდან შეშლას, რომელიც იპყრობს ადამიანს ხანგრძლივი დროის განმავლობაში...იწყება ცხელების გარეშე...არის დაავადება, რომელიც იწყება დარდით და გამოწვეულია შავი ნაღველის გავრცელებით"

რომაელი ექიმი ასკლეპიადი (128-156) ურჩევდა მელანქოლიის მკურნალობას თბილი აბაზანებით, მასაჟით, ზომიერი ვარჯიშებით, უცხიმო საკვებითა და ღვინით. აფრთხილებდა, რომ მელანქოლიკი არ დაეტოვებინათ მარტო და გამომჯობინების შემდეგ გაეგზავნათ სამოგზაუროდ.

არეთეუს კაბადოკიელი (II საუკუნეში) თავის ტრაქტატებში ეთანხმებოდა რა ძველ მეცნიერებს, მელანქოლია არის შავი ნაღველი, რომელიც ეფინება დიაფრაგმას და აღწევს კუჭში, ამავდროულად იწვევს ფსიქიკურ აშლილობებს და შეიძლება გამოწვეული იყოს სუფთა Fაფსიქიკური გზითაც. ის წერდა, რომ რაიმე დამთრგუნველმა ან ნაღვლიანმა ფიქრმა შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი დარღვევები.

arabic medicineდიდი აღმოსავლელი ექიმი ავიცენა (980-1037წწ) წერდა, რომ მელანქოლია არის აზროვნების ბუნებრივი გზიდან გადახრა დარღვევისაკენ, შიშისაკენ, რაზეც მეტყველებს სახის გამომეტყველება და უძილობა.

XI ს-ში კონსტანტინე აფრიკელმა შექმნა ტრაქტატი მელანქოლიაზე, სადაც მან გააერთიანა ძველი არაბეთისა და რომის მოაზროვნეთა მონაცემები. ის დაავადების მიზეზს ასე აღწერდა: შავი ნაღველის ორთქლი მიემართება თავის ტვინისაკენ და იწვევს გონების დაბინდვას. ეს დარღვევები უვითარდებათ ისეთ პირებს, რომელთაც აქვთ მელანქოლია.

ნაგრი პონტიაკი (346-399წწ.) და იოანე კასიანე (360-435წწ.) აღწერენ "სუფთა", უმიზეზო მელანქოლიებს, რომლებიც უვითარდებოდათ უდაბნოში მცხოვრებ განდეგილებს, ამიტომ ამ მოვლენას უწოდეს "дневнои бес", ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო acidia -ს (შუა საუკუნეებში მელანქოლიას უწოდებდნენ acidia-ს) მთავარი მიზეზი.

Jean Francois Fernel-ი (1497-1558წწ.), აღორძინების ეპოქის ექიმი, მელანქოლიას უწოდებდა უცხელებო შეშლილობას, რომელიც გამოწვეული იყო ტვინის გამოფიტვით. მისი აზრით, მელანქოლია არის მდგომარეობა, როდესაც "ავადმყოფები ფიქრობენ, საუბრობენ და იქცევიან აბსურდულად; იგი მიმდინარეობს შიშისა და დათრგუნვის ფონზე, ავადმყოფები გაურბიან ხალხს და მარტოობას პოულობენ სასაფლაოსა და მიუდგომელ გამოქვაბულებში".

T. Breit-მა (1550-1615წწ.), პირველმა ინგლისელმა პროტოფსიქიატრმა, 1586წ. ინგლისში გამოსცა ფსიქიატრიის პირველი სახელმძღვანელო, რომელიც შედგებოდა 41 თავისაგან და ერქვა "ტრაქტატი მელანქოლიის შესახებ".

Benjaminინგლისში მელანქოლიას უწოდებდნენ "ელისაბედის დაავადებას", რომელიც აღწერილი იყო რობერტ ბიორტონის ტრაქტატში "მელანქოლიის ანატომია" (1621წ.). ის მელანქოლიას აღწერდა როგორც სულიერ დაავადებას, რომელსაც ავსებდა სოციალურ- ფსიქოლოგიური ელემენტები და ხაზს უსვამდა ისეთი Fფაქტების არსებობას, როგორიც არის მარტოობა, შიში, სიღარიბე, უპასუხო სიყვარული, ზედმეტი რელიგიურობა.

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში დეპრესიას სერიოზული ყურადღება მიაქცია S. Freud-მა. 1884წ. მან დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენა კოკაინი; გამოვიდა მისი შრომა კოკაინის შესახებ, ხოლო 1917 წელს კი გამოქვეყნდა მისი სტატია "დარდი და მელანქოლია", რომელშიც აღწერს, რომ მელანქოლიკი დაკარგული სიყვარულის ობიექტს აიგივებს საკუთარ თავთან და ლანძღავს საკუთარ თავს, რომ საყვარელმა მიატოვა.

1923 წელს გამოცემულ ნაშრომში "ნევროზი და ფსიქოზი" S. Freud-ი აღწერს სულიერ დაავადებათა სამ ტიპს: I. ტრანსფერენტულ ნევროზს (ფაქტობრივად ისტერია, ობსესია, ფობია); II. ნარცისულ ნევროზს (მელანქოლია); III. ფსიქოზს.

S. Freud-ი განმარტავს, რომ I ტრანსფერენტული ნევროზი არის "კონფლიქტი "მე"-სა და "მას" შორის; II, ნარცისული ნევროზი, კონფლიქტია მესა და აღმატებულ მე-ს შორის; III. ფსიქოზი - კონფლიქტი მესა და გარე სამყაროს შორის (1981წ გვ. 138).

აღნიშნულ განმარტებაში მოცემულია S. Freud-ის თეორია დეპრესიის შესახებ, სადაც "ზე-მე" თრგუნავს "მე"-ს. ვიდრე "მე" ეწინააღმდეგება და თავს იცავს, დეპრესია მიმდინარეობს ნევროტული რეგისტრით, ხოლო თუ "ზე-მე" გაიმარჯვებს "მე"-ზე, ვითარდება ფსიქოზი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 1917 წლის გამოკვლევებში S. Freud-ი აღნიშნავს, რომ ნარცისული ნევროზის შემთხვევები მას ძალიან იშვიათად ხვდებოდა პრაქტიკაში, ე.ი. დეპრესია თანამედროვე გაგებით, რომელიც დღეს ძალიან გავრცელებულია, მე-20 საუკუნის დასაწყისში საკმაოდ იშვიათად გვხვდებოდა. როგორც ჩანს, ნევროზული დეპრესია ან "ასთენოდეპრესიული სინდრომი" მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო არატიპური, იმ პერიოდში უფრო გავრცელებული იყო ისტერია და ობსესია.

მომზადებულია მ. კორკელიას საკანდიდატო დისერტაციაზე დაყრდნობით

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით
ვის ეყრდნობით ყველაზე მეტად მძიმე წუთებში?

ცხელი ხაზი contact593 649003