logo-herba

antiD-header

ნევროზი. შფოთვითი დარღვევები

neurosisნევროზი - კრებითი ტერმინია, რომელიც გამოიყენება მრავალი ფსიქოლოგიური დარღვევის აღსანიშნად. ყველაზე ხშირად იხმარება შფოთვითი სიმპტომების და შესაბამისად განპირობებული ქცევის ფსიქიური დაავადებებისგან განსასხვავებლად.

შფოთვითი დარღვევები ძალზე გავრცელებულია. მაგალითად, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 19 მლნ ადამიანია ამ სენით შეპყრობილი. შფოთვითი დარღვევების ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია მათი დროული ამოცნობით.

ბროშურის მიზანია დაგეხმაროთ შფოთვითი სიმპტომების ამოცნობაში და მისი შემდგომი გართულებების თავიდან აცილებაში.

რა არის შფოთვა ?

შფოთვა შეუცნობადის მოლოდინი, შიშის, წუხილის ერთობლივი განცდაა. შფოთვა ხშირად ბუნებრივი რეაქციაა, როცა გარკვეული მიზეზით სწუხარ მასზე ვინც ძალიან გიყვარს. შფოთვა შეიძლება განვითარდეს გარეგანი მიზეზის გარეშე და/ან იყოს შეუსაბამოდ მძაფრი რეალურად არსებულ მიზეზთან შედარებით. ასეთი შემთხვევები განიხილება როგორც დარღვევა. შფოთვით დარღვევებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს პიროვნების ცხოვრების ჩვეული რითმი.

გამომწვევი მიზეზები

შფოთვითი დარღვევების გამომწვევი გარეგანი მიზეზებია:

  • სირთულეები სამსახურში, ემოციური და ფიზიკური გადაღლა;
  • სტრესი სასწავლებელში;
  • სირთულეები პირად ურთიერთო-ბებში;
  • ფინანსური პრობლემები;
  • საცხოვრებელი ადგილის შეცვლით, ბავშვის დაბადებით განპირობებული ცხოვრების ახალი წესები;
  • ემოციური სტრესი (მაგალითად: საყვარელ ადამიანთან განშორება, ახლობლის სიკვდილი);
  • მედიკამენტების არასასურველი გვერდითი მოვლენები (ეფედრინისა და კოფეინის შემცველი პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, სტეროიდები და ა.შ.);
  • ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობა (მაგალითად: ორსულობა), ან დაავადება (მაგალითად: ფარისებური ჯირკვლის დაავადებები);

შფოთვითი დარღვევების სახეები, მათი დამახასიათებელი ნიშნები

შფოთვითი დარღვევები შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს:

  • პანიკის შეტევა (არაადექვატური შიშის, გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნება),
  • აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი (ობსესიურ-კომპულსიური ნევროზი),
  • საზოგადოებრივი და განსაკუთრებული შიშები (სპეციფიური ფობიები),
  • ფართო (გენერალიზებული) შფოთვითი დარღვევები,
  • ემოციური ან ფიზიკური ტრავმის შედეგად გამოწვეული ემოციები.

პანიკური შეტევები- მოკლევადიანი (დაახლოებით 10 წუთი) ძლიერი აუხსნელი შიშის და მოახლოებული სიკვდილის შეგრძნების ინტენსიური ეპიზოდებია. პანიკისათვის დამახასიათებელია ჩამონათვალიდან ყველაზე ცოტა 4 სიმპტომის თანაარსებობა:

  • გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება,
  • ოფლიანობა,
  • კანკალის შეგრძნება,
  • ქოშინი,
  • მოხრჩობის შეგრძნება,
  • ტკივილი გულ-მკერდის არეში,
  • წამოზიდვა,
  • თავბრუ,
  • გარემოსთან შეუსაბამობის შეგრძნება (დერეალიზაცია),
  • სიკვდილის შიში,
  • სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაბუჟების შეგრძნება,
  • შემცივნება ან შეხურება.

ყველა ჩამოთვლილი ჩივილი გარკვეული დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი და ხშირად ექიმის სერიოზული ძალისხმევაა საჭირო, რათა დაადგინოს სიმპტომთა გამომწვევი მიზეზები. მაგალითად, ტკივილი გულ-მკერდის არეში შემთხვევათა 43%-ში გამოწვეულია პანიკური შეტევებით (შფოთვითი დარღვევების ყველაზე ხშირი ფორმა) და არა გულის დაავადებით, მაგრამ გულ-მკერდის არეში ნებისმიერი სახის ტკივილის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს ტკივილის მიზეზის დასადგენად!

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი - ახასიათებს აკვიატებული აზრები (ობსესიები) და მოქმედებები (კომპულსიები). თუმცა პიროვნება აკვიატებულ აზრებს და მოქმედებებს აღიქვამს როგორც ჭარბ რეაქციას გარემოზე და ყოველგვარ საჭიროებას მოკლებულს, ამავდროულად კრიტიკულად უდგება საკუთარ მდგომარეობას და სურს მისგან განთავისუფლება (განსხვავებით ფსიქიური პრობლემებისაგან, როცა ადამიანს ამის შეგრძნება უქრება და ჰგონია, რომ გარემო შეიცვალა და აკვიატებული ფიქრი, მოქმედება აღიქმება გარედან შთაგონებულად).

აკვიატებულ აზრებს (ობსესიას) ახასიათებს:

განმეორებითი, ან მუდმივი ფიქრი, შეგრძნება ან წარმოსახვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, მაგრამ შეუსაბამო დროს ჩნდება, აჩემების ფორმას იღებს და წარმოშობს შფოთვას (მაგალითად: გამორთულია თუ არა უთო, დაკეტილია ონკანი და ა.შ),

ფიქრი, შეგრძნება, ან წარმოსახვა რომელიც არ შეესაბამება რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებს (მაგალითად: აკვიატებული ფიქრი, რომ არ ავნოს საკუთარ შვილებს; ან რომ მათ სიცოცხლეს მუდმივად ემუქრება საფრთხე, თვითმკლელობის ან მკვლელობის ჩადენის შიში და ა.შ).

ძალზედ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ შესაძლებელია ამ მდგომარეობის საკუთარი ნებით დათრგუნვა, ან შემცირება. თუმცა, ამ კატეგორიის მძიმე წარმოსახვის პირველივე ეპიზოდის შემდეგ მიმართეთ ექიმს.

აკვიატებულ ქმედებას (კომპულსიას) ახასიათებს: განმეორებითი ქმედებები, მაგალითად ხშირი ხელისბანა, ტანსაცმლის დასუფთავება, ელექტროტექნიკის მუდმივი გადამოწმება და ა.შ. მოქმედება ხშირად ატარებს რიტუალურ ხასიათს და შვების მომგვრელია.

სტრესის/ტრავმის შემდგომი ემოციური დარღვევები- ვითარდება სხვადასხვა რთული სიტუაციების შემდეგ, მაგალითად: სამსახურის, საყვარელი ადამიანის დაკარგვის, სიცოცხლისთვის საშიში ეპიზოდების (მიწისძვრა, წყალდიდობა, ავტოავარია, ომი) ან ძალადობის, გაუპატიურების, გაძარცვის შემდეგ. ტრავმის მიღების სცენა და შესაბამისი ემოციები მეორდება ფიქრებში, კოშმარულ სიზმრებში და ახასიათებს:

  • თავის არიდება იმ მოქმედებისგან, ადგილისგან, ან ხალხისგან- ყველაფრისგან, რაც ასოცირდება ტრავმის მიღების განცდასთან, სიტუაციასთან;
  • კონცენტრირების შეუძლებლობა;
  • ძილის დარღვევები (უძილობა ან ჭარბი ძილიანობა);
  • გადაჭარბებული ეჭვიანობა (ზედმეტად აკვირდება ირგვლივ მყოფთ);
  • განურჩევლობა (ინდიფერენტულობა) ყოველდღიურ თუნდაც მნიშვნელოვან მოვლენებზე.

საზოგადოებრივი (სოციალური) და სპეციფიური შიშები (ფობიები):

სპეციფიური ფობიები - ეს არის ინტენსიური პანიკური შიში რაიმე ობიექტის ან მდგომარეობის მიმართ, რომელიც არ იწვევს რეალურ საფრთხეს ან საფრთხე მინიმალურია. მაგ. სიმაღლის, დახურული ან გახსნილი სივრცის, ქვეწარმავლის, ძაღლის, თაგვის და ა.შ. შიში.

საზოგადოებრივი ფობიები - ხასიათდება ხალხმრავლობის შიშით და სხვა ადამიანების თანდასწრებით ბუნებრივი, ჩვეულებრივი უნარ-ჩვევების შეფერხებით ან შეუძლებლობით (კვება, დალევა, აზრის გამოთქმა და ა.შ.). მას თან ახლავს გულისცემის გახშირება, წამოწითლება, ოფლიანობა, გულისრევის შეგრძნება, რაც თავის მხრივ ამძაფრებს მდგომარეობას.

მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ნიშნები როგორიც არის ტკივილი გულ-მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, "გულის წასვლა", გამოხატული საერთო სისუსტე _ არა მარტო ნევროზის, არამედ ხშირად ჯანმრთელობისთვის სახიფათო მდგომარების ან დაავადების მახასიათებელი ნიშანი შეიძლება იყოს და აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.

გენერალიზებული შფოთვითი დარღვევები- ამ დიაგნოზისთვის აუცილებელია ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან სულ ცოტა 3 ნიშნის არსებობა ხანგძლივი დროის განმავლობაში:

  • მოუსვენრობა,
  • ადვილად დაღლა,
  • კონცენტრირების გაძნელება,
  • ადვილად გაღიზიანება,
  • კუნთთა დაძაბვა,
  • ძილის დარღვევები.

როდის მივმართოთ ექიმს ?

ექიმის კონსულტაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ:

  • გაქვთ ზემოთ აღწერილი სიმპტომები და ვერ ახერხებთ მათ დათრგუნვას ან შემცირებას საკუთარი ნებით/ძალიხმევით;
  • თვლით, რომ აღწერილი სიმპტომები გავლენას ახდენს პირად ურთიერთობებზე, საზოგადოებრივ და პროფესიულ საქმიანობაზე;
  • გაქვთ მკვეთრად დაქვეითებული გუნებ-განწყობა, ან ერთხელ მაინც გიფიქრიათ თვითმკვლელობაზე;
  • გაქვთ ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი, გაძლიერებული გულისცემა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ~გულის წასვლა~, ან აუხსნელი საერთო სისუსტე.

როდესაც შფოთვის სიმპტომები წარმოდგენილია კვირაზე მეტ ხანს და მას არა აქვს მწვავე შეტევის ფორმა, გაქვთ დრო რომ მშვიდად დაგეგმოთ ექიმის კონსულტაცია, მაგრამ, თუ ეს სიმპტომები მკვეთრად გამოხატულია და უეცრად ვითარდება _ ის შეიძლება წარმოადგენდეს ჯანმრთელობისათვის სახიფათო მდგომარეობას და საჭიროებს ექიმის გადაუდებელ კონსულტაციას და დახმარებას.

შფოთვითი დარღვევების მკურნალობა როდის და როგორ შეიძლება თვითმკურნალობა?

გარკვეულ შემთხვევებში შეგიძლიათ თავად გაუმკლავდეთ შფოთვით სიმპტომებს ექიმის გარეშე. ეს შესაძლებელია, როდესაც შფოთვის ეპიზოდი ხანმოკლეა, მისი მიზეზი ცნობილია, და შეგიძლიათ გამომწვევი მიზეზის გაუვნებელყოფა. მაგალითად შფოთვა რაიმე მნივშვნელოვანი მოვლენის წინ (გამოცდა, საჯარო გამოსვლა და ა.შ.). მსგავს სიტუაციაში სცადეთ:

  • საუბარი ახლობელთან/მხარდამჭერთან;
  • საინტერესო და სასრგებლო საქმით (თუნდაც არაანაზღაურებადი) დაკავება, სასურველია თანამოაზრეებთან ერთად;
  • დაძაბული ან კრიტიკული სიტუაციის შემდეგ დასვენება მყუდრო ოთახში, საყვარელი, ან სასიამოვნო ტელეგადაცემის ნახვა, ან მელოდიის მოსმენა, გასეირნება ბუნებაში.

შფოთვის მკურნალობა

მკურნალობის წარმატება ხშირად დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე:

  • როდესაც შფოთვითი დარღვევები გამოწვეულია სხვა დაავადებით (მაგალითად: ჩიყვი), მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადების მართვაზე.
  • თუ გამომწვევი მიზეზი ფსიქოლოგიური კონფლიქტია (ოჯახში, სამსახურში) აუცილებელია მისგან გარიდება, ან კონფლიქტის მიზეზების, მასთან გამკლავების და მართვის უნარის მოძიება.
  • ზოგჯერ ვერ ხერხდება შფოთვის გამომწვევის დადგენა. ამ შემთხვევაში ხდება მხოლოდ მისი გამოვლინების ნიშნების მკურნალობა.

პრევენცია ანუ როგორ ავიცილოთ თავიდან შფოთვითი დარღვევები?

ჩვენს დაძაბულ და მშფოთვარე ყოფაში შფოთვითი დარღვევების თავიდან აცილება იოლი არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია უნარზე, თუ რამდენად შევძლებთ შფოთვის გამომწვევი მიზეზების წინასწარ განჭვრეტას (პროგნოზირებას) და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მათთან დროულად გამკლავებას. ყველა შემთხვევაში, თქვენს ემოციურ მდგრადობას გააუმჯობესებს:

  • გამამხნევებელი ფიზიკური აქტივობა (სიარული, ვარჯიში, ცეკვა),
  • დამამშვიდებელი ვარჯიშები და პროგრამები (მედიტაცია),
  • თქვენთვის რთულ ადამიანებთან ურთიერთობის ისეთი ფორმის გამოძებნა, რომელიც ემოციურად ნაკლებად დაგაზარალებთ,
  • დროული, სრულყოფილი ძილი და დასვენება

გახსოვდეთ: კოფეინის შემცველი სასმელების (ყავა, მაგარი ჩაი, კოკა-კოლა) და სხვა აღმგზნები ნივთიერებების ჭარბი მიღება, არასრული დასვენება, დაბალი ან ძალიან ჭარბი ფიზიკური თუ გონებრივი აქტივობა თავისთავად იწვევს შფოთვით დარღვევებს.

როდესაც ცნობილია შფოთვითი დარღვევების გამომწვევი მიზეზი და ის მართვადია, შესაძლებელია სრული განკურნება. თუ მიზეზი უცნობია შფოთვა შეიძლება ცხოვრების ნაწილი გახდეს. ასეთ შემთხვევებში სწორად შერჩეული მკურნალობა შვების და ხშირად სასურველი შედეგის მომტანია.

შფოთვითი დარღვევების მკურნალობა მხოლოდ ექიმის მიერ უნდა იქნეს დანიშნული.

ხელმისაწვდომობის შემთხვევაში სასურველია ნევროზის მკურნალობა ნევროპათოლოგის, ან ფსიქოთერაპევტის მიერ განხორციელდეს. სხვა შემთხვევაში შფოთვითი მდგომარეობის მკურნალობა ოჯახის ექიმის, ან თერაპევტის საქმეა.

ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით
ვის ეყრდნობით ყველაზე მეტად მძიმე წუთებში?

ცხელი ხაზი contact593 649003